asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

შოთა მალაშხია: "რუსეთს კონტრიბუციას გადავახდევინებთ"
"რუსეთს კონტრიბუციას გადავახდევინებთ"
შოთა მალაშხია: "რუსეთს კონტრიბუციას გადავახდევინებთ"

2010-10-06 13:46:08



საქართველომ სოხუმის დაცემიდან 17 წელი ისევ დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის პირობებში აღნიშნა. 27 სექტემბერი არის ტრაგიკული სიმბოლო იმისა, თუ როგორ ვერ შეძლო მაშინდელმა ქართულმა სახელმწიფომ თავიდან აეცილებინა ძმათამკვლელი ომი და რა როლი მიუძღვის რუსეთს ამ ყველაფერში. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, 1993 წლის 27 სექტემბერი ადასტურებს, რომ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული ტრაგედია 2008 წლის აგვისტოში არ დაწყებულა. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია მთელი ქვეყნის 1/4–ს შეადგენს და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ ქვეყანა საომარ მდგომარეობაში ცხოვრობს, ლოგიკურად ჟღერს.

"გუმბათს" ესაუბრება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, შოთა მალაშხია.

– ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კვლავ უპირველეს პრობლემას წარმოადგენს და ამ ფონზე ხელისუფლება მიღწეულ წარმატებებზე მაინც საუბრობს. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში დაასრულა პროცესი, რომელიც აფხაზეთის ომით დაიწყო. რა შეიცვალა ისეთი, რომ დღეს წარმატებებზე საუბრის საფუძველი გვქონდეს?

– ქვეყნის ტერიტორიულ პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხს აფხაზეთად და სამაჩაბლოდ ვერ დავყოფ, რადგან ორივე კონფლიქტურ რეგიონში ერთი და იგივე პროცესი მიმდინარეობს. კიდევ დავამატებ, რომ 2008 წლის აგვისტოში დასრულდა ასევე ის 17–20–წლიანი პროცესი, რომელსაც 1992–93 წლებში შეფასება არ მისცემია. ხშირად ლაპარაკობენ, რომ რუსეთს მეტი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ნაწილის გადარჩენა შეიძლებოდა. აფხაზეთის მაგალითზე ვისაუბროთ და ვთქვათ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე, რუსები აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში 24–კილომეტრიან უსაფრთხოების ზონად გამოცხადებულ ტერიტორიაზე ფიზიკურად იდგნენ, რისი უფლებაც მათ დსთ–ს მასშტაბით მოქმედი ხელშეკრულებით ჰქონდათ. მათ "სამშვიდობოები" ერქვათ და ენგურის საზღვრიდან 12 კმ–ით შიგნით, ფაქტიურად ზუგდიდში, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ განლაგებულნი. ისინი ასევე 12 კმ–იან უსაფრთხოების ზონაში იდგნენ ენგურის მეორე მხარეს. დსთ–ს ჯარი კონფლიქტურ რეგიონში მოქმედებდა და ატარებდა "სამშვიდობო" სტატუსს და ეს ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე ხდებოდა. მათ ლამის ხობამდე შეეძლოთ ეკონტროლებინათ ნებისმიერი გადაადგილება. დღეს კი ეს ჯარები არიან ენგურს იქით და საოკუპაციო ჯარები ჰქვიათ.

– მხოლოდ მათი სტატუსის შეცვლა რას ნიშნავს?

– ეს ნიშნავს, რომ დღეს სამართლებრივადაც და რეალურადაც განსხვავებული მდგომარეობაა. ყველა ხელშეკრულება მკვდარია და გვაქვს ერთადერთი სარკოზი–მედვედევი–სააკაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ რუსული ჯარები საწყის მდგომარეობას უნდა დაუბრუნდნენ. დსთ–ს ფორმატი აფხაზეთის ტერიტორიაზე გაუქმებულია, ჩვენ გავაუქმეთ, რუსებიც დაგვეთანხმნენ და მათაც გააუქმეს. ეს ნიშნავს, რომ, თავისივე ხელმოწერილი დოკუმენტის შესრულების შემთხვევაში, აფხაზეთის ტერიტორიაზე სამართლებრივად ისინი ვერ დადგებიან. ამასთან, 2008 წლის 8 აგვისტოს წინა პერიოდის მდგომარეობით, მთელი მსოფლიო საზოგადოება ლაპარაკობდა, ვინ დაიწყო ომი, მერე იყო საუბარი, რომ არათანაზომადი ძალა იქნა გამოყენებული, ორი წლის შემდეგ, ანუ დღეს მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია. ეს ნიშნავს, რომ სამართლებრივი სტატუსი ორივე კონფლიქტური რეგიონის მიმართ მკაცრად ჩამოყალიბებულია. მასში წერია, რომ რუსეთმა საქართველოს ამ ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული და ოკუპაცია მოახდინა. გაეროს ბოლო რეზოლუციაში უკვე გარკვეულია, რომ კონფლიქტის ზონებში მდგომარეობა ძალადობრივად არის შეცვლილი. ამგვარი რეზოლუცია ადრე აფხაზეთთან დაკავშირებით გვქონდა, ახლა ორივე რეგიონზე გვაქვს. ადრე გაერო ცხინვალზე გადაწყვეტილებებს არ იღებდა, ახლა უკვე იღებს. სოხუმის დაცემის 17 წლისთავზე სამართლებრივად ასე შეცვლილი მდგომარეობა გვაქვს.

– ეს საკმარისია და მეტი არაფერია გასაკეთებელი?

– რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. წაღებული გვაქვს საქმეები საერთაშორისო სასამართლოებში და უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, სადაც რუსეთს ეთნოწმენდას და, საკუთარ ქვეყანაში ადამიანები რომ ვერ გადაადგილდებიან, ამას ვედავებით. ამ მიმართულებითაც სერიოზული სამუშაოები ტარდება. მაგალითად, ჩვენი კომისია, შსს და პროკურატურა იწერენ ეთნოწმენდის ფაქტებს, რაც დამატებითი სასამართლოებისთვის გამოგვადგება. ჩვენ უკვე 200 ფაქტი გვაქვს ჩაწერილი, ანალოგიურად აქვს პროკურატურას და კუდ–ს. ეს ყველა ჩანაწერი, როგორც მტკიცებულებები, საერთაშორისო სასამართლოებში წავა. ამის გარდა, დავიწყეთ მუშაობა დოკუმენტური ფილმების სერიის მომზადებაზე, რომ საბჭოთა ოკუპაცია, ჰიტლერის ოკუპაცია და დღევანდელი რუსეთის ოკუპაცია ერთი და იგივეა და უფრო მეტიც: ჰიტლერსა და საბჭოთა ოკუპაციას არ გაუკეთებია ის, რასაც რუსული ოკუპაცია ამჟამად აკეთებს.

– პროპაგანდისტული ომის კუთხით თუ შევხედავთ, საკმაოდ საინტერესო რეზონანსი უნდა ჰქონდეს ასეთი თემატიკის დოკუმენტურ სერიას. ვის ეკუთვნის ეს ინიციატივა და როდის მოხდება მისი რეალიზება?

– იდეისა და პროექტის ავტორი თავად გახლავართ. პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდება, პროცესში ჩართული არიან საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროები. ერთი თემატიკის დოკუმენტური ფილმი 15 ქვეყნის მაგალითზე მომზადდება: ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა, ფინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ავღანეთი. ფაქტობრივად იქნება თავმოყრილი, თუ რა ხდებოდა ამ ქვეყნებში, რა ხდება საქართველოში და მათ შორის როგორი პარალელები არსებობს. ფილმები საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გამოვა მომავალი წლის დასაწყისში და გვჭირდება იმისთვის, რომ იმ სახელმწიფოების პარლამენტებმა, სადაც ეს ფილმები გავა, საქართველოს მხარდამჭერი, ანუ ობექტური რეზოლუციები მიიღონ. ეს არის ეთნოწმენდა, ოკუპაცია და ტერიტორიების ანექსია. საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში: გაეროში, ეუთოში, ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი წინადადება გაგვაქვს. მივმართავთ სპეციფიკურ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. მაგალითად, "იკაოს" მეშვეობით, სოხუმში ფრენები და მასთან დაკავშირებული ოპერაციები, ასეთი მიდგომით, შევაჩერეთ. ანალოგიური მიდგომა საზღვაო, სარკინიგზო, ფიჭური კავშირგაბმულობისა და საბანკო სისტემის მიმართულებითაც არსებობს. ყველაფერი ერთობლივად შექმნის აზრს, რითაც მთელი მსოფლიოს მხრიდან რუსეთზე ზეწოლის ფაქტორი სერიოზულად გაიზრდება და მას მოუწევს არამარტო დეოკუპაციის დაწყება, არამედ ჩადენილი დანაშაულებებისთვის კონტრიბუციის გადახდა.

– კონტრიბუციის რეალურად შესრულების რა ბერკეტი არსებობს და როგორ არის შესაძლებელი ამის გაკეთება?

– იგივე სასამართლოებითა და კონკრეტული პიროვნებების მიმართ აღძრული საქმეებით. ეს პრეცედენტული საქმეებიც შესწავლილი გვაქვს, რა ხდებოდა კვიპროსში, მოლდავეთში. საქართველოს საქმეებს ძალიან ჰგავს.

ხათუნა ხატიაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: შოთა მალაშხია
კავშირი ტეგთან: შოთა მალაშხია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online