| ქალი და მამაკაცი |

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ახალი პროექტის "ფორმაში" ჩვენება დაიწყო. პროექტის გმირები ყველასთვის კარგად არიან ცნობილნი, თუმცა, მაყურებელი მათ პირველად ნახავს სამხედრო ბაზაზე.
"გუმბათი" პროექტის ერთ-ერთ მონაწილეს, მსახიობ როლანდ ოქროპირიძეს ესაუბრა. იმის შესახებ, თუ რა არის პროექტის მიზანი, რა დავალების შესრულება გაუჭირდა მსახიობს ყველაზე მეტად, რა შეცვალა ჯარისკაცად ყოფნის 20-მა დღემ მათ ცხოვრებაში და მიიღებს თუ არა ფინალში გასული ჯილდოს, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- როლანდ, როგორ მოხვდით პროექტში?
- ფასანაურში ოჯახთან ერთად ვისვენებდი, როცა დამირეკეს და პროექტის შესახებ მითხრეს. მართალია, მაშინ მიახლოებით ამიხსნეს, პროექტის პირობები, მითხრეს, რომ 22 დღის განმავლობაში ჯარში უნდა ვყოფილიყავით, საველე პირობებში და მკითხეს, მზად ვიყავი თუ არა ამისთვის და მქონდა თუ არა წასვლის სურვილი. სხვათა შორის, მაშინვე დავთანხმდი, მით უმეტეს, რომ ზუსტად არ ვიცოდი, რა დავალებების შესრულება მომიწევდა. ფასანაურიდან დაბრუნების მეორე დღეს თვითონ მომაკითხეს სახლში და წავედი პროექტში.
- ჯარში ყოფილხართ?
- არა, ზუსტად არ ვიცი, რატომ. შესაძლოა, იმიტომ, რომ დედისერთა ვარ. თან, მე სკოლა კახეთში დავამთავრე და შესაძლოა, იქ უნდა მომსვლოდა ჯარში გაწვევის საბუთი. სიმართლე გითხრათ, არასდროს მქონია ჯარში წასვლის სურვილი, იქედან გამომდინარე, რომ ჯერ ვსწავლობდი, სწავლის დამთავრებისთანავე კი, თეატრში მოვედი. ვფიქრობ, მთელი წელიწად-ნახევარი-ორი წლით ჯარში წასვლა ჩემი პროფესიისთვის კარგი არ იქნებოდა, რადგან, როგორც მსახიობი, დროს დავკარგავდი.
- პროექტში მონაწილე გმირებს იცნობდით?
- არა, მხოლოდ სალომეს ვიცნობდი. ისიც თეატრალურში სწავლობდა. ადრე, საახალწლო შოუებზე ერთად ვცეკვავდით ხოლმე, მაშინ სალომე ძალიან პატარა იყო და იქედანაც მახსოვდა.
- პირველივე დღიდან დაიწყეთ დავალებების შესრულება?
- კი და პირველი დღე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, რადგან მე ფიზიკურად არასდროს მივარჯიშია და ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, მის ხიბლს ვერ ვგრძნობ. ჩემთვის ერთადერთი ვარჯიში ცურვაა. თუმცა, კარგად კი ვცურავ, მაგრამ იმის გამო, რომ ბავშვობიდან მწეველი ვარ, ბევრს ვერ ვცურავ. ცხენით ჯირითი და ფარიკაობაც მიყვარს, მაგრამ მათგან ვარჯიშად არც ერთი ჩაითვლება. რომ მითხრეს, სამი კოლომეტრი და ორასი მეტრი უნდა ირბინო და აზიდვები აკეთოო, ტელევიზიით რაც ნახა მაყურებელმა, იმის მესამედია, რაც სინამდვილეში დამემართა - კინაღამ გზაში წავიქეცი, ყველაფერი არანორმალურად მტკიოდა, რადგან ჩემი ორგანიზმი აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა ცხოვრების ასეთი რიტმისთვის. თან სიგარეტი ძალიან ვნებს ადამიანს, რომელიც ასეთი სტილით ცხოვრობს.
- ამ 20 დღის განმავლობაშიც არ თქვით უარი სიგარეტზე?
- ექვსი დღე არ მოვწიე, მაგრამ მერე უშბაზე რომ ავედით, იქ იმდენად სასიამოვნო გარემო იყო, რომ ერთი ღერი სიგარეტი მოვწიე. დასვენების დრო არ გვქონდა. ფაქტობრივად, არაფრის დრო არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ დავალებები და ბრძანებები შეგვესრულებინა. ადამიანს კი მაშინ გინდა სიამოვნების მიღება, როცა დრო გაქვს. ერთი სიტყვით, უშბაზე ამის დრო მომეცა და მოვწიე, ამ დღიდან ვერაფრით დავანებე თავი.
- ფიზიკურად მოუმზადებელი ვიყავიო, ამბობთ. ეკრანზე ჩანს, რომ სპორტსმენებისთვისაც არ იყო ადვილი ასეთი დატვირთვით ვარჯიში, არა?
- კი, ლადოსა და დათოსთვისაც, თუგინდ სალომესთვისაც რთული აღმოჩნდა ის დატვირთვა, რასაც ვიღებდით. ეს ხალხი მთელი ცხოვრება ვარჯიშობს და ასე ვთქვათ, სულ ფორმაში არიან, მაგრამ გარდა ფიზიკური დატვირთვისა, პროექტში სხვა ფაქტორებიც იყო. აქ იყო უამრავი გონების სავარჯიშო - გონებაზე უფრო მეტი დატვირთვა მოდიოდა, ვიდრე ფიზიკურზე. გვასწავლიდნენ ორიენტირებას, კომპასით როგორ უნდა მიხვიდე დანიშნულების ადგილამდე, თან გზაზე უამრავი წინააღმდეგობა გხვდება. გარდა ამისა, ავტომატის შესაძლებლობები და ა.შ. უამრავი რამ, რაც გონებამ ისე უნდა დაიმახსოვროს, ძილშიც რომ გაგაღვიძონ, უნდა უთხრა, ვთქვათ, 4 წუთში 905 პატრონას ისვრის. თუ ამას ვერ ეტყვი, იარაღსაც არ მოგცემენ. იყო ფსიქოლოგიური მომენტიც. ჩვეულებრივ, კომფორტულ ცხოვრებას მიჩვეული ადამიანისთვის ძალიან ძნელია ასეთი სტილით ცხოვრება. მით უმეტეს, რომ თეატრში ვიყავი, აბსოლუტურად სხვა გარემოში. თუმცა, აქაც მასწავლიდნენ და მწვრთნიდნენ, მაგრამ პროექტში სხვა წესები მოქმედებდა. მეთაურს ჯარისკაცის გახედვნის უამრავი ხერხი აქვს და ასეცაა საჭირო. მისი ბრძანება პირნათლად უნდა შეასრულო, მოგწონს ეს თუ არა. ამას რომ მიაღწიოს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას იყენებს. თავისთავად, პროტესტის გრძნობა გიჩნდება, მაგრამ თუ ამას გამოხატავ, ისევ შენთვის სასიკეთოდ, მაინც ისჯები. ჩვენს შემთხვევაში ასე არ იყო, მაგრამ როცა ჯარში ხარ, მსახურობ და მეთაურს არ დაემორჩილები, შესაძლოა, ხელფასი მოგიხსნან ან შვებულებაში არ გაგიშვან.
- შეღავათები არ გქონდათ, როგორც არაპროფესიონალებს?
- არა. დავალების ინსტრუქციას, როგორც წესი, დილით გვაძლევდნენ, როგორც წესი, დავალებას წინასწარ არ გვიმხელდნენ, მაგრამ ისეთ რაღაცებს გვასწავლიდნენ დღის მანძილზე, რაც საღამოს, დავალების შესრულებისთვის აუცილებელი იყო. ხან საღამოობითაც გვაძლევდნენ რაღაც მითითებებს შემდეგი დღის დავალებისთვის. თუ ამას ვერ შეასრულებდი, ისჯებოდი. სასჯელს ერქვა "ქალბატონი მორი" - მაიორი მალხაზ მერლანი ასე ეძახდა ამ სასჯელს. "ქალბატონი მორი" იყო მუხის დიდი მორი, რომელიც უნდა მოგეკიდებინა ფაქიზად და ბრძანებისამებრ გეთრია. ზურგს ატყავებდა და ძალიან მძიმე იყო, მაგრამ კარგი გაგებით ვამბობ, ეს იქ არავის აინტერესებდა, რადგან როცა საშიშროებაა, ამაზე მძიმე საქმეც უნდა შეასრულო.
- მოგიწიათ "ქალბატონი მორის" ტარება?
- ერთხელ და ისიც ძალიან ცოტა ხნით. თუმცა, სასჯელის გამო არა. ტელეფონები ჩამორთმეული გვქონდა, როგორც წესია და ვთხოვეთ, რომ 5 წუთით დაგვარეკინეთო, ოღონდ იქ 5 წუთი 5 წუთია, არც ერთი წამით მეტი და არც ერთი წამით ნაკლები. დარეკვაზე, გარკვევით გვითხრეს, რომ არ შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან რომ ვთხოვეთ, გვითხრეს "ქალბატონ მორს" მოიკიდებთ, ამ მანძილზე ატარებთო და მერე 7 წუთი დრო გექნებათ სალაპარაკოდო. მეც ძალიან მინდოდა დარეკვა, მაგრამ მორის მოკიდება, ვიცოდი, რომ ძალიან ცუდი იყო, რადგან ამ ხერხით დაისაჯნენ ვიღაც-ვიღაცები წინა დღით. ერთი სიტყვით, მაინც მოვიკიდე მორი, ალბათ ასე 10 მერტი გავიარე და მორის დაგდება მოვინდომე, მაგრამ მეთაურისგან მივიღე ბრძანება, რომ მორი იმიტომ არის ქალბატონი, რომ უნდა დააბრძანოო. იმ დღეს ტელეფონით საუბარზე უარი ვთქვი.
- დავალებებიდან ყველაზე მეტად რომლის შესრულება გაგიჭირდათ?
- ყველა დავალება საკმაოდ რთული იყო. ჩემთვის ყველაზე ძნელი ღამის თენება აღმოჩნდა. კიდევ კარგი, ეს ოთხ დღეზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა. ამ დროს უკვე გონიოს ბაზაზე ვიყავით, ღამე გარეთ ცეცხლი ინთებოდა და ორ-ორი კაცი მთელი ღამის განმავლობაში ვმორიგეობდით. თან, დილით ექვს საათზე უკვე ფეხზე ვიყავით და სავარჯიშოდ გავდიოდით. დილით ადრე ადგომა ჩემთვის ყველაზე დიდი საშინელებაა - ძალიან ცუდად ვარ ხოლმე. ფაქტობრივად, სამ-ოთხ საათს გვეძინა. ეს ძალიან ძნელი იყო და კონფლიქტიც მომიხდა ამის გამო. მაგრამ რას იზამ, ასეთი წესია ასეთი და ვერაფერს შეცვლი.
- ეს პირველი პროექტი იყო თქვენთვის. კიდევ გაქვთ რამე პროექტში მონაწილეობის სურვილი?
- პროექტს გააჩნია. თავიდან ცოტა რისიც მეშინოდა, იყო ადამიანებთან ურთიერთობა. ბევრი პროექტი ყოფილა ისეთი, სადაც შეჯიბრიც არის, მაგრამ ერთმანეთის ჩაძირვასა და მალულად ძირის გამოთხრაზე მუშაობს ხალხი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ცხოვრებაშიც ასეთი "მაგარი" უნდა იყო კაცი. მე მსგავს ადგილას არ წავალ, რადგან კარგად ვიცნობ საკუთარ თავს და ვიცი, რომ ჩემი იქ წასვლა არ შეიძლება. ვიცი, რომ ამის სურვილიც არ მექნება. "ფორმაში", პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. იყო შემთხვევა, როცა ჯგუფში ოდნავ დაძაბულობაც იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი. ასე ვთქვათ, ჩუმად ვინმეს წინააღმდეგ არავინ ვმოქმედებდით და სხვის ჩაძირვაზეც არ ვმუშაობდით. პირიქით, ერთმანეთის გვერდით დგომისთვის ვიყავით იქ და ვინც ამას ვერ მოახერხებდა, მის ქულებზეც აისახებოდა და საყვედურსაც იმსახურებდა.
- პროექტის მიზანზე რას გვეტყვით, რას ემსახურება ეს პროექტი?
- ჩემს აზრს გეტყვით. ვიცით, რაც იყო რუსეთის ჯარი, მერე ჩვენი, დამოუკიდებელი საქართველოს ჯარი - მათზე ხალხს საკმაოდ უარყოფითი შეხედულება აქვს. იქედან გამომდინარე, რომ რუსული ჯარი ცემა-ტყეპაზე იყო აწყობილი და ქართული ჯარი კი ერთი სიტყვით შეიძლება აიხსნას - მარაზმი იყო, რადგან არც საჭმელი იყო, არც ფორმა, არც ბრძანების შესრულება. მთავარი ჯარში "პალაჟენიის" დაყენება იყო და კიდევ ის, ვინ ვის დააგვევინებდა, წინდებს გაარეცხინებდა, დაჩაგრავდა და გააფუჭებდა, როგორც კაცს. საბედნიეროდ, დღევანდელ ჯარში მე მსგავსი რამ ვერ დავინახე და პროექტის მიზანიც, ალბათ, ეს არის, რომ მაყურებელმა დაინახოს რეალური მდგომარეობა. საკმარისია ვინმემ ლიდერობა, სხვისი დაჩაგვრა, შეურაცხყოფა მოინდომოს, დაუსჯელი არ დარჩება. პროექტით უნდათ, მოსახლეობას გააგებინონ, რა არის, როგორია XXI საუკუნის ჯარი და რა ხდება ჩვენს ჯარში. საზოგადოებაში (არა სამხედრო პიროვნებებში) არსებობდა აზრი, რომ ჯარისკაცობა დიდი არაფერია. პროექტის მიზანი იყო, ხალხს გაეცნობიერებინა, რომ ჯარისკაცობას ძალიან კარგი განათლებაც სჭირდება და კარგად, სწორად აზროვნების უნარიც, ფიზიკურ შესაძლებლობებზე რომ არაფერი ვთქვათ.
- ფინალში გასული მონაწილე რას იღებს საჩუქრად?
- ეგ, მე მგონი, ჩვენთვისაც საიდუმლოა, რადგან რაღაც ინფორმაცია კი გვაქვს, მაგრამ რამდენად მართალია, არ ვიცით. თუ ეს ყველაფერი გამართლდება, თავისთავად ყველა გაიგებს, რით დაგვაჯილდოვებენ და თუ არ დაგვაჯილდოვეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მონაწილეს გული ძალიან დაგვწყდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი რამ გვასწავლეს. მით უმეტეს, ამ ქვეყანაში რომ ცხოვრობ, ბიჭი რომ ხარ და არ იცი, როდის რა მოგიწევს, მე მგონი, მზად უნდა იყო, იცოდე, როგორ მოიქცე.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



სოხუმის რაიონში სამი რუსი სამხედრო მოკლეს
აფხაზურ არმიაში სწავლება მიმდინარეობს
თურქებმა სამხედრო ტექნიკა გვაჩუქეს
საწვრთნელი გაწვევის დროს რეზერვისტი გარდაიცვალა












რუსებმა აფხაზეთში დაჯავშნული სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს
გიორგი ანწუხელიძე _ 23 წლის ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მტრებმა ვერ დააჩოქეს
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა 

ბარაქ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა გაიზარდა
რუსეთში ავიაგამანადგურებელი "სუ-30" ჩამოვარდა
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება
რატომ ასაიდუმლოებენ ქართველი ჯარისკაცების მდგომარეობას ავღანეთში
ახალაიას დეტალებზე საუბარი არ სურს _ რას გვპირდებიან ამერიკელები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო 
































