asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ევროკავშირში სიტყვა ქართულად წარმოვთქვი"
"ევროკავშირში სიტყვა ქართულად წარმოვთქვი"
"ევროკავშირში სიტყვა ქართულად წარმოვთქვი"

2010-05-12 17:11:14



"გუმბათი" აგრძელებს ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრ თენგიზ სიგუასთან.
– საქართველოს გარშემო როგორი საერთაშორისო ვითარება იყო 1991 წლის გაზაფხულზე?
– დავიწყოთ აღმოსავლეთ ევროპით. აღმოსავლეთ ევროპამ მეტნაკლებად დიდი ქარტეხილების გარეშე შეძლო კომუნისტური უღლის გადაგდება და დემოკრატიული ქვეყნების რიგში ჩადგომა. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც იყო უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და ა.შ. სერიოზული ნაბიჯები გადადგეს ევროპის თანამეგობრობაში გასაერთიანებლად. იმ პერიოდში ზუსტდება საბჭოთა კავშირთან ახალი ფორმის ურთიერთობების დამყარების საკითხი. ასეთ ვითარებაში საკმაოდ მოულოდნელი იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირის, იური კვიცინსკის მიერ პრაღაში გაკეთებული განცხადება, რომ საბჭოთა კავშირს ისტორიული ინტერესები აქვს აღმოსავლეთ ევროპაში და ეს ბუნებრივიც არისო. რადგან სლავებს გენეტიკური კავშირი აქვთ ერთმანეთთან და მათი ინტერესები სათანადო ხელშეკრულებით დაცული უნდა იყოსო. მას მხედველობაში ჰქონდა მოსკოვში გორბაჩოვისა და რუმინეთის პრეზიდენტის, ილიესკუს მიერ ხელმოწერილი საბჭოთა კავშირ–რუმინეთის შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც ერთ–ერთ მხარეს უკრძალავს ისეთ სამხედრო, ან ეკონომიკურ გაერთიანებში შესვლას, რომელიც მეორე მხარის ინტერესებს არ შეესაბამება. ამან აღმოსავლეთ ევროპის დედაქალაქებში დიდი შეშფოთება გამოიწვია. რადგან მათაც წინ ჰქონდათ საბჭოთა კავშირთან ახალი ხელშეკრულებების დადების პერსპექტივები.
ადრე მოსკოვის კოლონიალურ პოლიტიკას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ ჟურნალისტები "ბრეჟნევის დოქტრინად" ნათლავდნენ. ხოლო ახლანდელ, ოდნავ შერბილებულ ნეოკოლონიურს, ფაქტობრივად კი ახალ სლავოფილურ პოლიტიკას კი "კვიცინსკის დოქტრინა" უწოდეს და ღიად იმპერიალისტურ აზროვნებად მონათლეს. ამან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საკმაოდ დიდი დაძაბულობა გამოიწვია. ეს ქვეყნები წინააღმდეგობას უწევდნენ საბჭოთა კავშირის ამ გეოპოლიტიკურ ამბიციებს. ამ პროცესს დიპლომატიურ ურთიერთობაზე ზეწოლად აღიქვამდნენ. ასეთი განცხადებები ღიად გააკეთეს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ჰაველმა და ბულგარეთის ლიდერმა პოპოვმა.
– რა პოზიცია ეკავა მაშინ პოლონეთს?
– განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პოლონეთმა ენერგიული საგარეო–პოლიტიკური მანევრები განახორციელა. რითაც საგრძნობლად გაიუმჯობესა საერთაშორისო მდგომარეობა. პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ ძალზედ ეფექტური ვიზიტები მოაწყო შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და ბენელუქსის ქვეყნებში. რომლის დროსაც საგრძნობლად შეამცირა ქვეყნის საგარეო დავალიანება. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ქმნიან იმის წინაპირობებს, რომ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ ევროპის ეკონომიკურ კავშირთან. ეს ქვეყნები შიშობენ, რომ მოსკოვის დიქტატი ხელს შეუშლის მათ თავისუფალი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში.
– საბჭოური რეაქციები როგორი იყო?
– საბჭოთა ხელისუფლება უკვე ნათლად ხედავდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საბოლოოდ წამოსვლა მოუწევდა. ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევდა და ამიტომ ყველანაირად ცდილობდა ამ პროცესის შეჩერებას. კვიცინსკის დოქტრინის რეალიზაციისთვის ბრძოლა საბჭოთა კავშირის ერთ–ერთი ბოლო ცდა იყო, რომ იმპერიული გავლენა შეენარჩუნებინა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს კი ვითარების დაძაბვას იწვევდა. ის რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდებოდა, მოსალოდნელი იყო რომ მოხდებოდა იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებიც სსრკ–ს დაშლის შემდეგ წარმოიქმნებოდნენ. ამიტომ ჩვენც იმ პერიოდში ზედმიწევნით ყურადღებით ვაკვირდებოდით პროცესებს, რაც აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარეობდა.
– რა პოზიცია ეკავა ამ ვითარებისას შეერთებულ შტატებს?
– აშშ–ში აქტიურად მიმდინარეობდა საკითხების დამუშავება, თუ როგორ შეიძლებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოურ სამხრეთში (იგულისხმება კავკასია და ცენტრალური აზია) შეღწევა. ამ რეგიონებში შეღწევის პროცესის გაძლიერება. საბჭოთა ჩრდილოეთში, ბალტიისპირეთში შეღწევის საკითხი პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ შეერთებულ შტატებში.
– რატომ იყო დაინტერესებული შეერთებული შტატები ამ რეგიონებით?
– პირველი – მათ ეძლეოდათ საშუალება მშვიდობიანი გზით, ან სამხედრო ძალების მინიმალური გამოყენებით მიეღწიათ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული წარმატებისთვის. გაავრცელებდნენ რა გავლენას პოსტსაბჭოურ სამხრეთში, ისინი გადიან მთელი რიგი ისეთი სახელმწიფოების ზურგში, რომელთა მიმართაც აშშ–ს აქვს, ან შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სახის პრეტენზიები. ასეთი სახელმწიფოებია – ირანი, ერაყი, ავღანეთი, ჩინეთი, პაკისტანი და რა თქმა უნდა თავად რუსეთი.
მეორე – ცენტრალური აზიის რეგიონში განლაგებული იყო საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გამოსაცდელი პოლიგონები. ყაზახეთში და უზბეკეთში. ეს იყო თერმოატომგულური, ქიმიური, ბაქტეოროლოგიური და სარაკეტო–კოსმოსური ცენტრები. იმ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ცნობილ ანტიატომურ მოძრაობას – "ნევადა–სემიპალატინსკი", რომელიც განიხილებოდა, როგორც გამოსაცდელი პოლიგონების მარშრუტის შეცვლა. მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ სამხედრო–პოლიტიკური თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარი ის იყო, რომ გამოერიცხათ ბაიკონურის კომპლექსის გამოყენება რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალების მიერ სამხედრო მიზნებისთვის. სამშვიდობო მიზნებისთვის კი ბატონო, მაგრამ სამხედრო მიზნებისთვის ბაიკონური რომ გამოყენებული არ ყოფილიყო.
მესამე – პოსტსაბჭოური სამხრეთის ნედლეულის კონტროლი და რუსეთის შესაძლო მოკვეთა ამ ნედლეულით სარგებლობისგან. ერთ–ერთი უმთავრესი იყო ენერგომატარებლების უზარმაზარი საბადოები. იგულისხმება, ცხადია, ნავთობი და ბუნებრივი აირი. მხედველობაში მაქვს კასპიისპირეთის მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი საბადოები, რომლებიც განლაგებული იყო ირანში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში და თურქმენეთში. გარდა ამისა, ეს გახლდათ ისეთი ძალიან იშვიათი ქიმიური ელემენტების საბადოები, როგორიც გახლდათ ურანი, სტრონციუმი, ქრომი, გერმანიუმი და სპილენძპორფირიტების საბადოები.
და მეოთხე – აშშ–ს ინტერესებშია ასევე კონტროლი გაუწიოს ნედლეულის და სხვა რესურსების ტრანსპორტირების გზებს ორივე მიმართულებით. პირველი მიმართულებაა "ცენტრალური აზია–კავკასია–ევროპა", მეორე – "ცენტრალური აზია–ინდოეთის ოკეანე". ამ მიზნების განსახორციელებლად შეერთებული შტატების ინტერესშია ისეთი სტაბილიზაცია ამ რეგიონებში, რომელიც შეესაბამება ამერიკულ კრიტერიუმებს. პირველ რიგში ამ კრიტერიუმებს პასუხობს ლიბერალურ–დემოკრატიული რეჟიმები.
რა რეაქცია იყო მოსალოდნელი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე დამოუკიდებელი რუსეთიდან, აღნიშნული პოლიტიკის ფორსირებულად გატარების პირობებში. რუსეთი რასაკვირველია არ დაიკავებდა კლასიკური დამკვირვებლის პოზიციას ამ, მისთვის საშიში პროცესების მიმართ.
1991 წლის გაზაფხულის ბოლოსთვის ეს ორი პოზიცია ეკავა საბჭოთა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას. ეს არც იმალებოდა. იმდროინდელი პრესა, როგორც საბჭოური, ისე დასავლური თითქმის ღიად წერდა იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ.
აქვე აღსანიშნავია ერთი საინტერესო მომენტი, რომ საბჭოთა კავშირი უკვე ძალიან ძლიერ ეკონომიკურ, ფინანსურ კრიზისს განიცდის. ამიტომ მომზადებული იყო თხოვნა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, უფრო სწორად დიდი შვიდეულის მიმართ, რომ ასი მილიარდი ამერიკული დოლარის კრედიტი მიეცათ საბჭოთა კავშირისთვის. მაგრამ იმჟამინდელი დასავლეთის პრესის ანალიზის საფუძველზე თვალნათლივ ჩანდა, რომ საბჭოთა კავშირს გადამწყვეტი მომენტი დაუდგა. იგი ან განახლდება, ან დაიშლება. ან კარდინალურად სხვა ეკონომიკა ექნება, ან ქვეყანა სრულ ქაოსში ჩაეფლობა. ან პლურალიზმი გაიმარჯვებს, ან პოლიტიკური დამბლა მოხდება. გარდაქმნა და საჯაროობა მთელ საბჭოთა კავშირში აუცილებლად განსახორციელებელი იყო. მაგრამ ამის გარანტია დასავლეთს ჯერ არ ჰქონდა.
ამიტომ კარგად მახსოვს პრეზიდენტმა ბუშმა იმ პერიოდში განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი არ იმსახურებს ახალი კრედიტის გარანტიებს, მილიარდნახევრიანი დოლარის ღირებულების ამერიკული კვების პროდუქტების შესასყიდადო. აშშ–ს პრეზიდენტის აზრით, საბჭოთა კავშირში არსებული სერიოზული ეკონომიკური პრობლემები საეჭვოს ხდის, რომ მოსკოვი ოდესმე შეძლებს სესხების გადახდას.
1991 წლის ივლისში ლონდონში შვიდი ყველაზე განვითარებული ქვეყნის ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა. სწორედ ამ შეხვედრაზე მოხვედრას ცდილობდა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი, რომლის მიზანი იყო დასავლეთისგან ასი მილიარდი დოლარის სესხის მიღება, საბჭოთა იმპერიის მოდერნიზაციისთვის. ასეთი იყო ოფიციალური განაცხადი.
გორბაჩოვის მიწვევის წინააღმდეგ გამოვიდა იაპონიის პრეზიდენტი ტოსიკი კაიფუ, ამიტომ ბატონი გორბაჩოვი ამ შეხვედრაზე მიწვეული არ იყო. აი ასეთი სიტუაცია იყო 91 წლის გაზაფხულის დამლევს და ჩვენი ხელისუფლება რასაკვირველია, ძალიან დიდი ყურადღებით თვალყურს ადევნებდა ამ პროცესებს, რომ შემდეგ არჩევანში შეცდომა არ დაგვეშვა. თუ რა მიმართულებით უნდა გაგვეტარებინა ჩვენი საგარეო–პოლიტიკური კურსი.
– სად იდგა რეალურად ამ დროს საქართველო, ან საითკენ მიისწრაფვოდა?
– ამაზე შემდეგში გეტყვით, როდესაც ივნისში მე პირველად მომეცა საშუალება, რომ ევროკავშირში ჩავსულიყავი, როგორც საქართველოს პრემიერ–მინისტრი და სიტყვით გამოვსულიყავი. მოვითხოვე, რომ იქ ქართულ ენაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება მომცემოდა. ამაზე შემდეგ საუბრებში მოვყვები. მაგრამ ჩვენ რასაკვირველია პრეტენზიას ვაცხადებდით, რომ ლიბერალურ–დემოკრატიულ პრინციპებზე ვაგებთ ჩვენს სახელმწიფოს. თუმცა შემდეგ ეს ჩვენი მისწრაფებები და განცხადებები, სამწუხაროდ, თავდაყირა დადგა.
სტრასბურში, ევროპარლამენტის სხდომაზე ჩემი პირველი გამოსვლა სწორედ ამ იდეალებზე იყო აგებული და ჩვენ ვთხოვდით დასავლეთის ასწლიანი დემოკრატიული გამოცდილების ქვეყნებს, რომ დაგვხმარებოდნენ, რაც შეიძლება სწრაფად გაგვევლო ეს გზა, რომ სწრაფად აგვეშენებინა დემოკრატიული ინსტიტუტები. მაგრამ საუბედუროდ, მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა...
გერა მამულაშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მიხეილ გორბაჩოვი
კავშირი ტეგთან: მიხეილ გორბაჩოვი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online