asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლეიბორისტების ღატაკ აქტივისტებს სოციალური დახმარებები მოუხსნეს
ლეიბორისტების აქტივისტებს დახმარებები მოუხსნეს
ლეიბორისტების ღატაკ აქტივისტებს სოციალური დახმარებები მოუხსნეს

2010-04-26 17:28:39



ლეიბორისტებმა ოპოზიციურ სპექტრს კიდევ ერთხელ მოუწოდეს ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტისკენ. ამჯერად კონკრეტული თარიღიც დაუსახელეს – 26 მაისს ყველამ ბოიკოტი გამოვაცხადოთ და ეს სააკაშვილის ხელისუფლების დამარხვა იქნებაო. პირდაპირი მოწოდება გიორგი გუგავამ ტელეეთერში გააკეთა.

რას გეგმავენ ლეიბორისტები 26 მაისს და სად დამალეს ფული, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელმა მათ საარჩევნო კომისიებში კვოტის დათმობაში გადაუხადა? "სარკემ" ამ კითხვებით ლეიბორისტული პარტიის ერთ–ერთ ლიდერს, პაატა ჯიბლაძეს მიმართა.

– ბატონო პაატა, რატომ მიმართეთ ოპოზიციას სრული ბოიკოტისკენ?

– ამაზე ჩვენი მოსაზრება ცნობილია. ადგილობრივი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. ჩვენ მოვითხოვთ ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. თუ ადგილობრივ არჩევნებს მთლიანი ოპოზიციური სპექტრი გამოუცხადებს ბოიკოტს, მაშინ ხელისუფლება გაშიშვლებული დარჩება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში და სხვა გამოსავალი სააკაშვილს და მის პატრონებს არ დარჩებათ, გარდა იმისა, რომ ჩატარდეს ქვეყანაში თავისუფალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.

– 26 მაისს რაიმე აქციას ან თავყრილობას ხომ არ გეგმავთ?

– არა. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა და სიმბოლური იქნება, თუ ოპოზიციური ძალები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, ბოიკოტს გამოაცხადებდნენ. ეს იქნებოდა კიდევ ერთი ნაბიჯი დიქტატურის დამხობის და ქვეყნის განვითარებისკენ.

– პოლიტიკური პარტიები უკვე საარჩევნო კამპანიებს აწარმოებენ. რა აზრი აქვს მიმართვას?

– ბოიკოტი რომ შედგეს, ამისთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ. რამდენად გამოეხმაურებიან ამას ჩვენი კოლეგები, მათი გადასაწყვეტია.

– ადგილობრივი არჩევნების ნორმალურად ჩატარების შემთხვევაში რამდენად წარმოგიდგენიათ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა?

– მოგეხსენებათ, რომ ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით, 30 დეკემბერს ხელი მოეწერა დოკუმენტს, ყველა ძირითად ოპოზიციურ პარტიასთან ერთად და გაკეთდა მიმართვა გაერო–სადმი, რომ მათი პატრონაჟის ქვეშ ჩატარდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, მით უმეტეს, რომ მსოფლიოში არის ამის მაგალითი. მაგალითად, ავღანეთი, სადაც გაერო–ს მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა არჩევნები. თუ ჩვენს ამომრჩეველს არ მივეცით გარანტია, რომ მათი ხმები დაცული იქნება, არაფერი გამოვა. მთელმა საქართველომ იცის, რომ რამდენიმე რეგიონში, როგორებიცაა მესხეთ–ჯავახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელოს რაიონები, არჩევნები პრაქტიკულად არ ტარდება. ხელისუფლება წერს იმ ციფრს, რაც თვითონ აწყობს. ამის ფაქტები როგორც ჩვენს პარტიას, ისე სხვებსაც ჰქონდათ დადებული. ასე იყო შევარდნაძის დროს და ასეა სააკაშვილის დროსაც. ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. ისეა, როგორც 1995 წელს იყო, როცა "მოქალაქეთა კავშირი" მოვიდა ხელისუფლებაში. მათ მიერ დაწყებული ქვეყნის ნგრევა დღემდე გრძელდება მათი განაყოფი ნაცმოძრაობის და შევარდნაძის გაზრდილი სააკაშვილის ხელით.

– საარჩევნო კომისიებში არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს თქვენი კვოტები რატომ შესთავაზეთ?

– ჩვენ არჩევნებში არ ვმონაწილეობთ. იმ მძიმე რეგიონებში, სადაც მასობრივად ყალიბდება არჩევნები და ხელისუფლება 100 პროცენტზე მეტს იღებს, შევთავაზეთ ეროვნულ საბჭოს, ალიანსს და მრეწველებს, ვითანამშრომლოთ და მზად ვართ, უბნებში მათ კომისიის წევრების კვოტები დავუთმოთ.

– ამაში ზურაბ ნოღაიდელმა ფული გადაგიხადათ?

– დასახელებული იყო ციფრიც, ნახევარი მილიონი. ნოღაიდელისგან 50 მლნ ავიღეთ, მრეწველებისგან – 10, ახლებისგან – 5... ეს არის ხელისუფლებისგან აგორებული სისულელე. ეტყობა, სხვა აღარაფერი დარჩენიათ, ასეთი სასაცილო შავი პიარის გარდა. აგერ, ბაღში, გვაქვს ამოთხრილი დიდი ორმო, დიდი ჭური გვაქვს ჩაგდებული და იქ გვაქვს შენახული ეს თანხა. მოვიდნენ და ამოიღონ!

– საუბრობთ, თქვენი პარტიის წევრებზე ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე. არჩევნებში არ მონაწილეობთ. რაში სჭირდება ხელისუფლებას დღეს თქვენი პარტიის წევრებზე ასეთი ქმედებების განხორციელება?

– ეს ზეწოლები გუშინ არ დაწყებულა. უკვე თხუთმეტი წელია მიმდინარეობს. დღეს ბევრად ძლიერია, ვიდრე შევარდნაძის დროს იყო. ამიტომაც მოვუწოდებთ ბოიკოტისკენ ოპოზიციურ პარტიებს. ხელისუფლება მის ხელთ არსებული ყველა რესურსით, ეს იქნება პოლიცია, გამგებელი თუ საკრებულო, ახშობს განსხვავებულ აზრს. თუ ვინმე მოინდომებს მათი "კარგი კაცობის" და საქმიანობის გამომზეურებას, მაშინვე გადადიან მუქარასა და ტერორზე.

– რა ტერორსა და მუქარაზე საუბრობთ?

– ახმეტის რაიონის ჩვენმა კოორდინატორმა, თემურ ბოდაველმა ამხილა პეტრე ცისკარიშვილი და ვანო მერაბიშვილი მილიონობით ლარის მითვისებაში ახმეტის რაიონში. ამის შემდეგ დაიწყო მასზე ცისკარიშვილის მხრიდან მუქარა, რომელიც ამ რაიონის მაჟორიტარია. მუქარა საკრებულოს თავმჯდომარის პირით გაჟღერდა, რომ, თუ ჭკვიანად არ მოიქცეოდა, საკუთარი თავისთვის დაებრალებინა, რაც მოუვიდოდა. მინდა, ხმამაღლა განვაცხადო – ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს ბატონ ბოდაველს, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ სააკაშვილს, მერაბიშვილს და ცისკარიშვილს, მაფიოზური კლანების მეთაურებს საქართველოში!

– რა მილიონ ლარზეა საუბარი?

– 2009 წელს ახმეტის რაიონში სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი იყო მილიონ 200 ათასი ლარი. შემდეგ, როგორც ხდება, ფორმალური ტენდერების მეშვეობით, ამ თანხის განკარგვის უფლება მოიპოვეს კომპანიებმა "ნიუ ენერჯმა" და "სერვისმა", რომლებიც მერაბიშვილის და ცისკარიშვილის კომპანიებია. შემდეგ მოხდა ისე, რომ რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ეს თანხა მთლიანად გაიხარჯა, მაგრამ შედეგი მოსახლოებას არ უნახავს. ყოველი წვიმის შემდეგ ონკანებში ტალახიანი წყალი მოდის. სპეციალისტების დათვლით, ამ რეაბილიტაციაზე, მაქსიმუმი, ნახევარი მილიონი ლარი შეიძლებოდა დახარჯულიყო, სინამდვილეში მილიონ 200 ათასი დაიხარჯა. მარტო ამ თანხაზე არაა ლაპარაკი. საერთო ჯამში, ახმეტისთვის 3 მილინ 300 ათასი ლარი იყო გამოყოფილი და ეს თანხები პირდაპირ მერაბიშვილის და ცისკარიშვილის ჯიბეებისთვის იყო განკუთვნილი. ახმეტის ბიუჯეტი 4 მილიონ 100 ათასი ლარითაა განსაზღვრული და აქედან მილიონ 115 ათასი, ანუ თითქმის 30 პროცენტი, გამგეობის და საკრებულოს წევრების ხელფასებზეა გამოყოფილი, სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის, სადაც ადვილია თანხების ჩამოწერა და ჯიბეში 900 ათასი ლარი იდება, ეს მაშინ, როცა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის მხოლოდ 214 ათასი გაითვალისწინეს. ეს მოსახლეობის მასხრად აგდებაა!

ხორციელდება ზეწოლა ჩვენს აქტივისტებზე. ახმეტის საარჩევნო ოლქებში დანიშნულ ჩვენს წევრებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარმიღმა იმყოფებიან, სოციალური დახმარებები მოუხსნეს. პირდაპირ ეუბნებიან, რომ, რადგან ლეიბორისტული პარტიის წევრები არიან, არანაირი დახმარება არ გაეწევათ. ერთი გაჭირვებული მოქალაქის ბინაში სოციალური აგენტი შევიდა და კედელზე შალვა ნათელაშვილის სურათი დაინახა, მოტრიალდა და წამოვიდა. ახლა ინტენსიურად დაიწყო ბიუჯეტიდან 100 ლარიანი დახმარებების გაცემა და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებზე გაიცემა. ეს ახმეტაზე გითხარით, თორემ ანალოგიური მდგომარეობაა მთელ საქართველოში. ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე. ჩვენ ხომ ფასადური სახელმწიფო გვაქვს.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online