asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"რუსეთის ხელისუფლება სინამდვილეში სიცილით კვდება ასეთი უსუსური მცდელობების გამო"
პარლამენტის მიმართვამ ჩრდილოკავკასია გააღიზიანა
"რუსეთის ხელისუფლება სინამდვილეში სიცილით კვდება ასეთი უსუსური მცდელობების გამო"

2010-03-02 14:24:15



საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, უფრო სწორად, კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფმა, ჩრდილოკავკასიელ კოლეგებს საკუთარი არსებობის შესახებ აცნობა და მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია: კავკასიის ისტორიაში ახალი რეალობაა, ამის გამო კავკასიის ქვეყნების პარლამენტები უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ და, რუსეთ–საქართველოს შორის არსებული დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, მოდით, ისტორიული და მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ, რომელიც კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი იქნება; ჩვენი ისტორიული წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და საერთო ძალისხმევით ვეცადოთ, ვიპოვოთ მშვიდობიანი და ოპტიმალური გამოსავალი მსოფლიო პოლიტიკის ლაბირინთში; ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ მიზანს, რამეთუ კავკასიის მშვიდობა და აყვავების პერსპექტივა ძმურ ერთობაშიაო.

ამ მიმართვაში თითქოს ისეთი არაფერია, მაგრამ რუსეთი რისი რუსეთი იქნებოდა, ტექსტებშუა ქვეტექსტები არ წაეკითხა. მაშინვე გამოვიდნენ რუსული პოლიტიკის მამები, საქართველო ცდილობს, ჩრდილოკავკასიაში დესტაბილიზაცია მოგვიწყოსო და დაიმუქრნენ, ეს ამბავი ასე არ ჩაივლისო.

რუსეთიდან რომ ასეთი აგრესია იქნებოდა, ძნელი გამოსაცნობი არ იყო, მაგრამ არც ჩრდილოკავკასიაში გამოუწვევია ჩვენი პატივცემული დეპუტატების მიმართვას დიდი აღფრთოვანება. ექსპერტი ზაალ კასრელიშვილი ამბობს, რომ მიმართვა ერთიანად გააღიზიანებს ჩრდილოკავკასიაში როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და სვამს კითხვას – საერთოდ რატომ გაკეთდა ასეთი მიმართვა და რას ემსახურებოდა ის? შეიძლება ჩვენმა პრეზიდენტმა დაიბარა ეს ჩვენი ბედოვლათი დეპუტატები, რომლებსაც მიკროფონებთან კი არა, ჟურნალისტებთან ლაპარაკიც ეზარებათ და უთხრა, რაღაც მოიფიქრეთ და გააკეთეთ, თორემ მე ვიციო. იმათაც ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, მამუკა წიკლაურის დახმარებით, ჩრდილოკავკასიელი კოლეგებისადმი მიმართვა გამოაცხვეს და დიდი ზარ–ზეიმით გააგზავნეს.

ზაალ კასრელიშვილი, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე:

– ეს განცხადება ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ვერც იმას ვიტყვით, რომ მისაღებია და ვერც იმას, რომ მიუღებელია, იმიტომ რომ გაუგებარია, ვის მიმართა პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ამ განცხადებით. ოპოზიციონერების მიმართ არაა ეს განცხადება გაკეთებული. ის გაკეთებულია ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების ხელისუფლებებისადმი, რომლებიც პრორუსულები არიან. ამდენად, ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების პარლამენტები ამ მიმართვას არ აღიქვამენ სერიოზულად. მეტიც, მათგან აგრესია წამოვა, ჩათვლიან, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების უსუსური მცდელობა, როგორმე ჩრდილოკავკასიაში გამოიწვიოს ანტირუსული განწყობა და იქ საპროტესტო აქციები დაიწყოს.

რაც შეეხება ოპოზიციას ჩრდილოკავკასიაში და უცხოეთში მყოფ ჩრდილოკავკასიურ დიასპორებს, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობა რუსული ორიენტაციის ხელისუფლებებთან ჩრდილოკავკასიაში. ასე რომ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ამ განცხადებით. ეს მიმართვა რომ კავკასიელი ხალხისადმი ყოფილიყო, გამართლებას ყველა მოუნახავდა, მაგრამ რადგან მიმართვა პრორუსული ორიენტაციის პარლამენტებისადმია, კიდევ ვიმეორებ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩრდილოკავკასიელებისათვის ის აბსოლუტურად მიუღებელია.

– მაშინ რისთვის გაკეთდა ეს მიმართვა??

– ვერ გეტყვით. ვფიქრობ, ინტერფრაქციულმა ჯგუფმა რომ გაამართლოს თავისი ყოფნა პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტსაც და მის გარემოცვასაც კარგად ესმით, რომ ასეთი მიმართვა შედეგს არ მოიტანს. ამ ჯგუფმა აქამდეც რამდენიმე ინიციატივა გამოიჩინა ამ მიმართულებით და ყველა უშედეგოდ დამთავრდა, უფრო სწორად, გაურკვევლობაში გადაიზარდა. ახლაც ვკითხულობ თქვენი ჟურნალის მეშვეობით – ვის მიმართეთ და რა გინდათ?

– ხომ არ იყო ეს რუსეთის ხელისუფლების ერთგვარი გაფრთხილება, რომ კავკასიაში რაღაც პროცესების წარმართვა შეგვიძლია? ყოველ შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლება თქვა, რომ საქართველო ჩრდილოკავკასიის არევას ცდილობს.

– რუსეთის ხელისუფლებამ ეს ოფიციალურად განაცხადა. სინამდვილეში სიცილით კვდებიან ასეთი უსუსური მცდელობების გამო – ჩრდილოკავკასიელების შესაძლებლობები დაუპირისპირონ რუსებს. როგორც ჩანს, ამ ხალხს არც კავშირები აქვთ, არც გავლენა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აზრზე არ არიან, რეალურად რა ხდება ჩრდილოკავკასიაში, კავკასიურ დიასპორებში კავკასიის ფარგლებგარეთ.

– რა ხდება?

– მაგალითისთვის გეტყვით. დღეს მთელი კავკასიური დიასპორები მობილიზებული არიან ჩერქეზ ხალხთა კონგრესთან ერთად 2014 წელს საუდის არაბეთში ჩაატარონ ჩერქეზი ხალხის ოლიმპიადა, რაც სოჭის ოლიმპიადის ალტერნატივა იქნება და იქნება მიძღვნილი ჩერქეზი ხალხის გენოციდისადმი. კავკასიელი ლიდერების მთელი ძალისხმევა დღეს აქეთკენაა მიმართული. საქართველოს პარლამენტის ეს განცხადება ამ პროცესს არანაირად ეხმიანება. კავკასიური პოლიტიკის მეორე მიმართულებაა წინააღმდეგობის ფრონტი. არც ამ პროცესს ეხმაურება ეს მიმართვა. მესამე მიმართულებაა კავკასიის ფარგლებგარეთ მცხოვრები დიასპორები, რომლებიც იბრძვიან თავიანთი დამოუკიდებლობისთვის და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. არც მათ ინტერესებს ემსახურება ჩვენი საპარლამენტო ჯგუფის ეს განცხადება. მაშ რას ემსახურება? რა მიზანი ჰქონდათ, როცა ასეთ სასაცილო განცხადებას აკეთებდნენ?

– მიზნის გარეშე არაფერი კეთდება. რუსეთმა ადრეც განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს მეშვეობით ცდილობს ჩრდილოკავკასიაში სიტუაციის არევას.

– კატეგორიულად გამოვრიცხავ ამერიკელების და ევროპელების ჩარევას ამ საქმეში. არ უნდათ და იმიტომ. 1990 წელს რუსეთი ფაქტობრივად დაშლილი იყო. მხოლოდ იურიდიული გაფორმება უნდოდა. დასავლეთმა ფაქტობრივად დაშლილი რუსეთი იურიდიულად არ გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ მათ რუსეთის დაშლა არ უნდათ. მას შემდეგ მუსლიმანურ სამყაროში პრობლემებმა იმატა. ამერიკელებს, რუსებს და ევროპელებს ახლა ერთი სატკივარი აქვთ – ფუნდამენტური ისლამი. ფუნდამენტურ ისლამთან ბრძოლის დამთავრებამდე დაშლილი რუსეთი არავის აწყობს. ამდენად, გამოვრიცხავ, რომ ამ განცხადების უკან ამერიკელების ან ევროპელების ინტერესი იდოს.

– ფუნდამენტურ ისლამზე ავღანეთი და ჩვენი პრეზიდენტის ამერიკელებისადმი შეთავაზება გამახსენდა, ჩვენს პორტებს და აეროპორტებს დაგითმობთო. პენტაგონი კი შეხვდა ამ შეთავაზებას თავშეკავებით, მაგრამ ასე რომ მოხდეს, რაიმე საშიშროება გვემუქრება?

– არ ვიცი, რა აზრი აქვთ ფუნდამენტური ისლამის მიმდევრებს კავკასიის ფარგლებგარეთ სააკაშვილის ამ განცხადებაზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ კავკასიელი მუსლიმები ამ წინადადებას არ გაუღიზიანებია. წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლები კავკასიაში მაინც ფიქრობენ, რომ ევროკავშირი და ნატოა მათი ხსნა და გადარჩენის შანსი. ასე რომ, განსაკუთრებულ საშიშროებებს ასეთ შემთხვევაში მე არ ველი. ავღანეთში ფუნდამენტალისტები არ არიან ხელისუფლებაში. თუ ირანის ფუნდამენტალისტი მმართველები გადაწყვეტენ, შური იძიონ ყველაზე, ვინც მათ წინააღმდეგ გამოვა, რა მოხდება, ღმერთმა უწყის.

– ჩრდილოკავკასიაში ფუნდამენტალისტები არ არიან?

– წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლები მოიაზრებიან ფუნდამენტალისტებთან კავშირში. მათი კავშირი ფუნდამენტურ ისლამთან მოხდა მას შემდეგ, რაც დასავლეთმა მხარი აღარ დაუჭირა ჩრდილოკავკასიელებს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. უფრო მწვავედ რუსეთს აქვს საქმე. თუ რუსეთი ამერიკას და ევროპას ამ საშიშროებასთან ბრძოლაში გვერდით დაუდგება, რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის 37 პროცენტი მუსლიმია. შუა აზიისრესპუბლიკები მუსლიმები არიან. ასე რომ, შეიძლება რუსეთი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. არ გამოვრიცხავ, რომ თათრეთის ჭრილობაც გაიხსნას.

– როგორ ატყობთ, რუსეთი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად შემოდის?

– პოსტსაბჭოურ სივრცეში, მათ შორის საქართველოში, ამ ეტაპზე ყველა მაჩვენებლით ჩანს, რომ ევროპული პოლიტიკა შემოდის პოსტსაბჭოთა სივრცეში. მათ რუსეთიც და ამერიკაც ტაიმ აუტის დონეზე გააჩერეს. ამას გამართლება აქვს, რამდენადაც პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარი ნებისმიერი კატაკლიზმი, მათ შორის ლტოლვილების დიდი ნაკადები, ევროპელებს დააწვათ კისერზე, რომ ევროპულ ქვეყნებში სოციალური პროექტებიც კი დაანგრია ლტოლვილთა განუსაზღვრელმა ნაკადებმა. ასე რომ, პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტიკის მესაჭე, მომრიგებელი და დიალოგების ინიციატორიც ევროპული პოლიტიკაა.

– რა გითხრათ, სარკოზის დოკუმენტი კი დაიკიდეს ფეხებზე რუსებმა და...

– თუ ევროპელები ვერ გაართმევენ თავს და ვერ შექმნიან სამართლიანი სახელმწიფოების შექმნის საფუძვლებს, მათ შორის რუსეთშიც, ამერიკა და რუსეთი პირისპირ დარჩებიან. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს. სანამ რაიმე განცხადებას გააკეთებთ, ურიგო არ იქნება, კონსულტაციებს თუ გაივლით იმ ექსპერტებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც წლების მანძილზე ამ პრობლემებით არიან დაკავებული. კავშირებიც აქვთ, გავლენებიც და კავკასიის რეგიონში სიტუაციასაც ფლობენ. ერთმა უმნიშვნელო შეცდომამ შეიძლება საბედისწერო შედეგამდე მიგვიყვანოს არა რუსეთთან, არამედ კავკასიელებთან. ჩრდილოკავკასიაში პარლამენტები პრორუსულია. თავისუფლებისთვის მებრძოლმა კავკასიელებმა ეს მიმართვა აღიქვეს, როგორც ქართველი ხელისუფლების მცდელობა, კავკასიელები გამოიყენონ შუამავლად რუსეთთან დიალოგისთვის, რამაც ცუდი რეაქცია გამოიწვია.

– ანუ?

– რუსებთან პირდაპირ არ ჯდებიან და მათი მეშვეობით ცდილობენ რუსეთთან დიალოგში შესვლას და ურთიერთობის გარკვევას.

ნინო მეტრეველი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online