asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გია ხუხაშვილი: "ამერიკული დიპლომატია კეთროვანის პოზაში აღმოჩნდა, მას აღარავინ ენდობა"
"ვიკილიქსის" სკანდალები რუსეთმა შეფუთა?!
გია ხუხაშვილი: "ამერიკული დიპლომატია კეთროვანის პოზაში აღმოჩნდა, მას აღარავინ ენდობა"

2010-12-08 14:05:05



ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან საიდუმლო მასალების გაჟონვასა და ეუთო–ს სამიტის წინ მის საჯაროდ გამოტანაში პოლიტიკურ მიზეზებს ხედავს ექსპერტი გია ხუხაშვილი. მისი აზრით, "ვიკილიქსის" უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგას. მათ კარგად იმუშავეს იმისთვის, რომ მსოფლიოს თვალში ამერიკულ დიპლომატიას სახელი გატეხოდა. ექსპერტის აზრით, რუსეთმა მიზანს მიაღწია და შესაძლოა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მსოფლიო პოლიტიკაში მთავარი მოთამაშე გახდეს.

გია ხუხაშვილი:

– ეს არ არის ინფორმაციის უბრალო გაჟონვა, როგორც ვიღაცას სურს წარმოადგინოს. სერიოზული გეგმაა, რომელიც სპეცსამსახურების მიერაა ორგანიზებული. ბევრი სკანდალური მასალა მოვისმინეთ და წავიკითხეთ, მაგრამ სენსაციური თემების გამოქვეყნება მთავარი არაა, ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ მსოფლიოში ამერიკული დიპლომატიის მიმართ ნდობა დაიკარგოს. გლობალური პოლიტიკა კეთდება არა საჯაროდ, არამედ კულისებში და მისი ერთ–ერთი ფუნდამენტური პრინციპი კულისებში მუშაობის საუბრების კონფიდენციალურობაა. მსოფლიოში გაჩნდა აზრი, რომ ამერიკელ დიპლომატებთან ნალაპარაკევი დღეს თუ არა ხვალ, შეიძლება საჯარო გახდეს.

– ვის აწყობდა ამ მეთოდით ამერიკის ასეთ არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაყენება?

– დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად ეს რუსეთს აწყობს და ამ ყველაფრის უკან რუსული სპეცსამსახურები დგას, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ თემებზე და დღეს დაუშვეს ე.წ. სლივის გაკეთება. შემთხვევითი არაა, რომ ეს გაკეთდა ეუთო–ს სამიტის წინ, როცა რუსები აქტიურად მუშაობენ მსოფლიოში ახალი უსაფრთხოების სისტემების შესაქმნელად. ცდილობენ, ევროპული უსაფრთხოების ფორმირებას ნაწილობრივ მაინც ჩამოაშორონ ამერიკა ან მაქსიმალურად დაასუსტონ მისი გავლენა. რუსეთი აყენებს ახალი ევრაზიური უსაფრთხოების მოდელის შექმნის საკითხს, რისი წინააღმდეგიც არის შეერთებული შტატები და შესაძლოა, რუსებმა ასეთი ინფორმაციული დარტყმა ამიტომაც განახორციელეს. ეს ოპერაცია კარგადაა შეფუთული. ყველა საუბრობს მხოლოდ ერთ ადამიანზე, "ვიკილიქსის" შემქმნელზე, რომელმაც თითქოს თავისი ინიციატივით ამხელა ოპერაცია წამოიწყო და დღემდე საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს.

– რუსეთის სპეცსამსახურებმა ამერიკის საიდუმლო დოკუმენტაციაში შეღწევა შეძლეს?

– ისინი არც ისეთი სულელები არიან, როგორც ამას ამერიკელი და ქართველი ექსპერტები წარმოაჩენენ. რუსულ სპეცსამსახურებს ერთი პერიოდი ჩავარდნა ჰქონდათ. ახლა მათ ძველი პროფესიონალიზმიც აქვთ, იდეაც და ფულიც. მთელი ფინანსური ნაკადები მათ ხელშია და დღეს ისეთი ძლიერები არიან, როგორც არასდროს. ამის დასტურია, თუნდაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენს ხელისუფლებას დაუგეს ხაფანგი და ამათაც თავი გაჰყვეს შიგ. საკამათოდ დატოვეს თემა, ვისგან წამოვიდა პირველი აგრესია. მეტიც, ქართულ საზოგადოებაშიც შექმნეს განწყობა, რომ ჩვენი არმია თუ მოინდომებდა, მოსკოვამდე ჩავიდოდა. რუსულ დიპლომატიას ყოველთვის ახასიათებდა "თავის გასულელება". ჯაშუშური ქსელი რომ დააკავეს საქართველოში, არა მგონია, ისინი იყვნენ რუსული სპეცსამსახურების მთავარი ფიგურები. ეჭვი მაქვს, რომ მნიშვნელოვანი ფიგურები ხელისუფლებასთან ბევრად ახლოს არიან, ვიდრე ის ჯაშუშები. რუსეთს ყველაზე მეტად შეუძლია გამოიყენოს "ვიკილიქსის" მიერ აგორებული სკანდალი.

– რაში გამოიყენებს?

– რომ გააღვივოს უნდობლობა ამერიკელების მიმართ მთელ მსოფლიოში. არასდროსაა სასიამოვნო, როცა ერთი სახელმწიფოს ლიდერს მეორე ქვეყნის მეორე რანგის დიპლომატი რაღაც ეპითეტებით მოიხსენიებს. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, მთელ მსოფლიოში გაჩნდა კომპლექსი, რომ ამერიკული დიპლომატიური ფოსტა ცუდადაა დაცული და მათთან საუბარი არ შეიძლება. მთელი ამერიკული დიპლომატიური ელიტა კეთროვანის პოზაში აღმოჩნდა. ამის შემდეგ რომელიმე ამერიკელ ელჩს სერიოზულ თემებზე ვიღა დაელაპარაკება?!

– "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული აგვისტოს ომის ნიუანსებს და ნინო ბურჯანაძეზე ჩინეთის ელჩის მოსაზრებას რომ კითხულობ, ასე გგონია, ჩვენი ხელისუფლების დაწერილია.

– ტეფტის სიტყვები, რაც "ვიკილიქსმა" გამოაქვეყნა, ფაქტობრივად ის არის, რაც "რუსთავი 2"–დან გვესმოდა. აქ მისი ანალიზი არ ჩანს. გამოდის, რომ ის "რუსთავი 2"–ის ფოსტალიონი იყო. ეს უკვე ამერიკელების პრობლემაა, რამდენად სანდო წყარო იყო ის ამერიკელებისთვის. რაც შეეხება ბურჯანაძეს, ეს ჩინეთის ელჩის მოსაზრებებია და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ალბათ მისი ფანტაზიის ნაყოფია, რაშიც გარკვეულ ლოგიკას ხედავს. იმ მასალებიდან გამომდინარე, რასაც ვეცნობი, ამერიკული დიპლომატიის პროფესიული დონე ეჭვქვეშ დგება. ეს მიმოწერა ძალიან მსუბუქ სტილში მიდის. გაუგებარია, ოფიციალურ წერილებში ეპითეტები, მეტსახელები რატომ უნდა ეწეროს. ღრმა ანალიზი არ ჩანს. "ვიკილიქსი" მსოფლიო ბესტსელერად იქცა, მას ბევრი ეცნობა და პროფესიული თვალით დანახული ამერიკული დიპლომატია ძალიან დილეტანტურად გამოიყურება.

– ჰილარი კლინტონის მიერ თავისი ჩინოსნებისთვის დავალების მიცემა, ეთვალთვალათ გაერო–ს თანამშრომლებისათვის, რითი აიხსნება?

– დიპლომატების ანგარიშის, ტელეფონის, საფოსტო ნომრების გაგების მცდელობა დიდი სკანდალია. იყო კომენტარები, რომ ეს მათი დაცვის თვალსაზრისით კეთდებოდა, მაგრამ საკრედიტო ბარათების ნომრების და მობილურების ცოდნა უსაფრთხოებას არ სჭირდება. ეუთო–ს სამიტზე კლინტონი საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურებოდა. შეერთებულმა შტატებმა ამ სკანდალით ამერიკის დასუსტებას და მსოფლიოს ორპოლუსიანად გახდომას შეუწყო ხელი. ამერიკას უამრავი პრობლემა აქვს – ერაყი, ავღანეთი, ალბანეთი, ჩრდილო კორეა და ამ ფონზე მათი ძირითადი პარტნიორი ქვეყნების – საფრანგეთის, გერმანიის პირველ პირებს ამერიკელი დიპლომატები აგდებულად მოიხსენიებენ. ამას ემატება შიდა პრობლემები.

– ლატვიაში საქართველოს ელჩის ნათქვამზე რას იტყვით?

– მის განცხადებაშიც რაიმე ახალი არ არის. ჩვენი ელჩების პროფესიონალიზმზე მაღალი აზრის არ ვარ და პატარა ბიჭუნას, რომელსაც ელჩის მანდატი უდევს ჯიბეში, რაღაც რომ ეტლიკინა, ამაში განსაკუთრებული არაფერია. უყურა, 9 და 10 აგვისტოს როგორ ამაყად აკეთებდა განცხადებებს თავდაცვის სამინისტრო, თუ როგორ აკონტროლებდა სამხრეთ ოსეთს და ვიღაცას უთხრა, ოკუპირებული გვაქვსო. არაპროფესიონალის ტლიკინი იყო და მეტი არაფერი. ეჭვი მაქვს, რომ ჩვენს ხელისუფლებაში ასეთი შეცდომების რაოდენობა ძალიან ბევრია და მომდევნო დოკუმენტებში მეტი სიურპრიზი გველის.



ნინო მეტრეველი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: გია ხუხაშვილი
კავშირი ტეგთან: გია ხუხაშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online