asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო

2012-01-23 16:31:34



ტარანი ტყემლით

მასალა: 1 კგ ტარანი, 200 გრამი ტყემალი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი, ომბალო გემოვნებით.

მომზადება: გასუფთავებულ-გარეცხილი ტარანი წყალში ჩავალაგოთ რამდენიმე საათი, მერე შევწვათ მთელ-მთელი (ან მოვხარშოთ), მზა ტარანი დავჭრათ და მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელში.

ჩავყაროთ ქვაბში ტყემალი, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ნაყოფს ფარავდეს და შევდგათ ცეცხლზე მოსახარშად. მოხარშული ტყემალი თუშფალანგზე გადავიტანოთ და გავხეხოთ. მიღებული საწებელი შევაზავოთ დანაყილი ქინძით, ნივრით, წიწაკით, მარილით და ომბალოთი. ასე გამზადებული საწებელი დავასხათ ჭურჭელზე მოთავსებულ ტარანს.

ტარტალეტკა ყველით

მასალა: 200 გრამი კარაქი, 200 გრამი არაჟანი, 3 ჩაის ჭიქა ფქვილი, 300 გრამი ხაჭო, 250 გრამი გახეხილი ყველი, 3 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული.

მომზადება: კარაქი და ფქვილი კარგად დავკეპოთ, შევურიოთ არაჟანი, 1 ჩაის კოვზი მარილი, მოვზილოთ ცომი და შევდგათ მაცივარში 10-15 წუთით. მაცივრიდან გამოღებული ცომი გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ რგოლები და ჩავაწყოთ ცხიმმოსმულ ფორმებში. ცომზე მოვათავსოთ ფარში (ფარში გამოცხობის დროს იმატებს, ამიტომ ფარშმა უნდა დაიკავოს ფორმის 3/4 ნაწილი). შევდგათ ცხელ ჰაერღუმელში და ვაცხოთ საშუალო ცეცხლზე შეწითლებამდე.

ფარშის მომზადება: კვერცხის გულები, ხაჭო და ყველი ავსრისოთ, დავუმატოთ მანანის ბურღული, კარგად ავთქვიფოთ ცილა და ფრთხილად მოვურიოთ. თუ საჭიროა, დავუმატოთ მარილი.

თუ გაგიძნელდათ ნამცხვრის ამოღება ფორმიდან, რამდენიმე წუთით ფორმა ჩადგით ცივ წყალში ან ორთქლზე დაიჭირეთ.

ღვეზელი ტარხუნით

მასალა ცომისათვის: 200 გრამი კარაქი, 1 ქილა მაწონი, 2 კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი სოდა, 0,5 ჩაის კოვზი მარილი.

მასალა გულისათვის: 100-120 გრამი კარაქი, 1 ხახვი, 3 კვერცხი, 3 კონა ტარხუნა, მარილი, შავი პილპილი.

მომზადება: მომინანქრებულ თასზე მოვათავსოთ შერბილებული კარაქი, ცილა, მარილი და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ სოდიანი მაწონი, ავურიოთ ერთმანეთში და შევაზილოთ იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ ზომიერად რბილი ცომი და გავაჩეროთ ასაფუებლად. მოვამზადოთ ღვეზელის სატენი. კარაქში მოვშუშოთ ხახვი, შევურიოთ მოხარშული და წვრილად დაჭრილი კვერცხი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა, მარილი, შავი პილპილი და 1-2 წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. ამოსული ცომი გავყოთ ორ ნაწილად (ღვეზელის ქვედა ფენისთვის ცომის ერთი ნაწილი ოდნავ მეტი იყოს). გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფქვილმოყრილ თუნუქის ფირფიტაზე. ზედ თანაბრად გავანაწილოთ სატენი, გავაბრტყელოთ მეორე გუნდა, გადავაფაროთ ზემოდან და წავუსვათ ცომიდან მორჩენილი 2 კვერცხის გული. ცხვება საშუალო სიმხურვალის გაზქურაში.

ქამა სოკო არაჟანში

მასალა: 1 კგ ნედლი ქამა სოკო, 1 თავი ხახვი, 150 გრამი კარაქი, 1 სუფრის კოვზი ფქვილი, 300 გრამი არაჟანი, 3/4 ჩაის ჭიქა ბულიონი, მარილი და წიწაკა გემოვნებით, ოხრახუში.

მომზადება: სოკო კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში, დავახუროთ თავსახური, შემოვდგათ ცეცხლზე. როცა სოკო გამოუშვებს წვენს, გადავწუროთ, სოკოში ჩავყაროთ ცალკე მოშუშული ხახვი, 2 სუფრის კოვზი კარაქი, მარილი და წიწაკა გემოვნებით და შევწვათ ყველაფერი ერთად. გამზადებულ სოკოში ჩავასხათ ფქვილში არეული, ბულიონში გახსნილი არაჟანი და ვშუშოთ მანამ, სანამ სოუსი არ გასქელდება. მოვათავსოთ სასურველ ღრმა ჭურჭელში და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.



იმერული ხაჭაპური საფუარიანი ცომით

მასალა: 1 კგ ფქვილი, 700 გრამი ყველი, 2-3 სუფრის კოვზი საფუარი.

მომზადება: მოვზილოთ საფუარიანი ცომი, დავდგათ თბილ ადგილას, ცომი რომ გაფუვდება, დავჭრათ 6-7 ნაწილად, ამოვაგუნდაოთ, გავაბრტყელოთ, თითოეულზე მოვათავსოთ დავშვნილი ჭყინტი ყველი და გავაბრტყელოთ, გამოვაცხოთ ჰაერღუმელში (ჯობს კეებზე). მზა ხაჭაპურს ზემოდან წავუსვათ კარაქი.

კარტოფილის რულეტი

მასალა: 1 კგ კარტოფილი, 3 კვერცხი, 0,5 კგ საქონლის ხორცის ფარში, 2 თავი ხახვი, 0,5 კგ სოკო, 3 სუფრის კოვზი ერბო.

მომზადება: კარტოფილი გავფცქვნათ, მოვხარშოთ და მოვამზადოთ სქელი პიურე. შევურიოთ კვერცხის გულები. პიურე მოვათავსოთ ჩაის ტილოზე და გავაბრტყელოთ 3-4 სმ სისქეზე. გულსართისათვის ხორცის ფარში მოვშუშოთ ხახვთან ერთად. დავამატოთ ცალკე მოშუშული სოკო და კარგად ავურიოთ. ფარში მოვათავსოთ ტილოზე გაშლილ კარტოფილის პიურეზე. ტილოს საშუალებით შევუკრათ ბოლოები, მივცეთ რულეტის ფორმა, წავუსვათ ათქვეფილი ცილა და შევდგათ ქურაში, სანამ არ დაიბრაწება.

სოკოს სალათი

მასალა: 500 გრამი ნედლი სოკო, 500 გრამი კარტოფილი, 2 კიტრი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 1 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, მარილი გემოვნებით, 100-150 გრამი ზეთი, ძმარი გემოვნებით, 2 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანე ხახვი, 1 ჭიქა არაჟანი.

მომზადება: სოკო მოვხარშოთ მარილწყალში, გადმოვიღოთ ფუშფალანგზე, გადავავლოთ ცივი წყალი. რომ გაშრება, დავჭრათ სქელ ნაჭრებად. კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, გავფცქვნათ, დავჭრათ წვრილ კვადრატებად. მაგრად მოხარშული კვერცხის ცილა დავჭრათ წვრილ, გრძელ ნაჭრებად, გული შევინახოთ სოუსისთვის. კიტრი გავფცქვნათ, დავჭრათ წვრილ კვადრატებად. დაჭრილი პროდუქტები კარგად ავურიოთ ერთმანეთში, მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.

სოუსის მომზადება: მოხარშული კვერცხის გული, შაქრის ფხვნილი, მარილი, მდოგვი ავსრისოთ, ნელ-ნელა შევურიოთ ზეთი და ვურიოთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასად არ გადაიქცევა, შევურიოთ ძმარი ან ლიმონის წვენი გემოვნებით, ჩავამატოთ არაჟანი და კარგად მოვურიოთ.

თურქული ყავა კვერცხის გულით

ერთ ფინჯან თურქულად დამზადებულ ყავას დავუმატოთ ათქვეფილი ნახევარი კვერცხის გული. ეს ნოყიერი და არომატული სასმელია. მივირთვათ ცივი ან ცხელი.

ერბოკვერცხი - "თვალი" ("გლაზუნია") ბოსტნეულით

მასალა: 2 პომიდორი, 1 წითელი ბულგარული წიწაკა, 100 გრამი ნივრიანი ძეხვი, 70 გრამი შებოლილი ლორი, 3 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 დაფნის ფოთოლი, მარილი, პილპილი, 100 გრამი ბარდა (დაკონსერვებული), 1 ქილა სატაცური (400 გრამი), 4 კვერცხი, 30 გრამი ღვინო, 1 სუფრის კოვზი ოხრახუში.

მომზადება: პომიდორს მოვაცილოთ კანი, დავჭრათ კუბიკებად. კუბიკებად დავჭრათ ბულგარული წიწაკა, ძეხვი და ლორი. ხახვი და ნიორი დავჭრათ და მოვშუშოთ ცხიმში. დავამატოთ დაფნა, პილპილი, პომიდორი, ძეხვი, ლორი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავასხათ 125 გრამი წყალი. ვადუღოთ 5 წუთი. ამოვიღოთ დაფნა. გადავიტანოთ ნარევი ცეცხლგამძლე ფორმაში. მოვაყაროთ ზემოდან ბარდა და სატაცური. ჩავახალოთ კვერცხები, მოვასხათ ღვინო. დავაფაროთ ფორმას ფოლგა და გამოვაცხოთ 20 წუთი 200 გრადუსზე. მოვაყაროთ ოხრახუში და მივიტანოთ სუფრაზე.



ინდაურის სქელი, სანელებლიანი სუპი

მასალა: 1 თავი ხახვი, 500 გრამი სტაფილო, 500 გრამი კარტოფილი, 1 კგ ინდაურის ბარკალი, მარილი, დაფქული შავი პილპილი, 2 სუფრის კოვზი ერბო, 400 გრამი ქათმის ბულიონი, 5 მარცვალი შავი პილპილი, 1 დაფნის ფოთოლი, 1 კონა მწვანე ხახვი, 1-2 სუფრის კოვზი მდოგვი, 1 კონა მწვანილი.

მომზადება: დავჭრათ თავი ხახვი წვრილად, კარტოფილი და სტაფილო კუბიკებად. ხორცს მოვაყაროთ მარილი და პილპილი, შევწვათ ერბოში და ამოვიღოთ ტაფიდან. ხახვი, კარტოფილი, სტაფილო შევწვათ იმავე ტაფაზე, დარჩენილ ცხიმში. დავამატოთ ინდაურის ბარკალი, ბულიონი, პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და 60-70 წუთი ვხარშოთ. დაჭრილი მწვანე ხახვი სუპს ხარშვიდან 50 წუთში დავამატოთ. ამოვიღოთ ხორცი, მოვაცილოთ ძვლები, დავჭრათ კუბიკებად და ისევ ჩავყაროთ სუპში. შევანელოთ მარილით, დაფქული შავი პილპილით და მდოგვით. ჩავყაროთ მწვანილის ფოთლები.

ქათამი ზეთისხილით

მასალა: 1 ხახვი, 2 კბილი ნიორი, ცოტაოდენი დარიჩინი, 2 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი, 250 გრამი კარტოფილი, ნახევარი ლიმონი, ორი კონა ოხრახუში, მარილი, დაფქული შავი პილპილი, მშრალი პიტნა (დანის წვერით), ქათმის ფილე, 1 სუფრის კოვზი ზეთისხილი (კურკაგამოცლილი).

მომზადება: ხახვი, ნიორი და დარიჩინი უნდა მომზადდეს ერთად. ჯერ დავჭრათ ხახვი და ნიორი, მოვშუშოთ 1 ჩაის კოვზ ცხიმში და ჩავაყაროთ დარიჩინი. გავახუროთ ჰაერღუმელი 200 გრადუსამდე. კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ კუბიკებად. დავჭრათ ლიმონი და ოხრახუში. ეს ყველაფერი ავურიოთ ზეთთან, მარილთან და პილპილთან ერთად. ყველაფერი მოვათავსოთ ფორმაში. ხორცი გავრეცხოთ, ოდნავ შევაშროთ, წავუსვათ სუნელები და მოვათავსოთ ფორმაში. შევწვათ ჰაერღუმელში 45 წუთის განმავლობაში. პირველი ოცი წუთის შემდეგ გამოვიღოთ და ზემოდან გადავუსვათ ხახვის, ნივრისა და დარიჩინის ნარევი, მოვულაგოთ ზეთისხილი.

მინი-პიცა მწყრის კვერცხებით

მასალა: 125 გრ ხაჭო, 1 ჩაის კოვზი სოდა, 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხის გული, 1 კვერცხი, 1 კბილი ნიორი, 250 გრამი ფქვილი, 300 გრამი ისპანახი, 1 თავი ხახვი, კარაქი, 70 გრამი რბილი ყველი, პილპილი, 200 გრამი პამიდორი, ჯავზი (მუსკატის კაკალი), 100 გრამი კარაქი, 3 სუფრის კოვზი გატარაებული რეჰანი, 4 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ზეთის ხილი, 4 მწყრის კვერცხი.

მომზადება: ავურიოთ ხაჭო, 1 მწიკვი მარილი, ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული, ფქვილი და სოდა. გავაცივოთ 30 წუთი. ისპანახი მოვთუთქოთ, გავაცივოთ, გავწუროთ და დავჭრათ. ხახვი და ნიორი დავჭრათ და მოვხრაკოთ კარაქში, დავამატოთ ისპანახი, რბილი ყველი და კარგად ვურიოთ. დავჭრათ პამიდორი და ყველი კუბიკებად, ავურიოთ რეჰანი, ზეთის ხილი. ცომი დავყოთ 8 ნაწილად. გავაკეთოთ ლავაშები და დავალაგოთ ტაფაზე. 4 ლავაშზე მოვათავსოთ პამიდვრები, დანარჩენ 4-ზე - ისპანახი. ისპანაზიან ლავაშებზე მოვასხათ თითო კვერცხი და ვაცხოთ 25 წუთი.

ელარჯი

მოვხარშოთ ღომი შემდეგი წესით. გავრეცხოთ ღერღილი. 2 ჩაის ჭიქა სიმინდის ღერღილი ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ 8 ჩაის ჭიქა წყალი და ვხარშოთ, სანამ კარგად არ მოიხარშება, შემდეგ ჩავუმატოთ სიმინდის გაცრილი ფქვილი და დავზილოთ, დავდგათ ნელ ცეცხლზე, ნახევრად დავახუროთ თავსახური და ვშუშოთ, სანამ ფქვილის სუნი არ მოშორდება. ღომი ორჯერ უნდა ჩაზილოთ.

მზა ღომი გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ჩავყაროთ შიგ თხელ ნაჭრებად დაჭრილი სულგუნი, სუთით კარგად ავურიოთ, ისევ ცეცხლზე შევდგათ და ვურიოთ, სანამ ყველა კარგად არ ჩაიზილება.



მაკარონი ტომატში

მასალა: 400 გრამი მაკარონი. 4 სუფრის კოვზი ტომა-პიურე, 3 სუფრის კოვზი მარგარინი, მწვანილი გემოვნებით.

მომზადება: ტომატ-პიურეს დავუმატოთ ცხიმი, ავადუღოთ და შემდეგ მივუმატოთ მოხარშული მაკარონი, კარგად ავურიოთ. თავზე მოვაყაროთ მწვანილი.

მწვანილის სალათი პამიდვრითა და ნიგვზით

მასალა: 1/2 კონა მწვანე სალათის ფოთლები, 150 გრამი მინდვრის ფხალი, 1 კონა დანდური, 1 კონა სხვადასხვა მწვანილი, 3 სუფრის კოვზი ნიგოზი, 200 გრამი პატარა პამიდორი, 2 სუფრის კოვზი ძმარი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, მარილი, პილპილი, 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

მომზადება: ფხალს მოვაცილოთ ფოთლები. გავარჩიოთ, გავრეცხოთ დანდური და დავჭრათ მხვილად, მწვანილი კი - წვრილად. მოვხალოთ ნიგოზი, პამიდვრები გავჭრათ შუაზე. დავასხათ ძმარი, ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ავთქვიფოთ. შემდეგ ყველაფერი მოვათავსოთ სასალათეში. მოვასხათ მდოგვის მასა და კარგად ავურიოთ. გადმოვიღოთ თეფშებზე და მოვაყაროთ მოხალული ნიგოზი.

შოკოლადის ტორტი "ლუქსი"

მასალა: 250 გრამი კარაქი, 70 გრამი კაკაო, 100 გრამი შოკოლადი, 400 გრამი შაქრის ფხვნილი, 300 გრამი დანაყილი ნიგოზი და მცირე რაოდენობით კონიაკი.

მომზადება: შაქართან ერთად კარგად ავთქვიფოთ კარაქი, დავუმატოთ მცირე ულუფებად კაკაო და კონიაკი, კარგად ავურიოთ, მიღებული მასიდან მცირე ნაწილი მოვათავსოთ ცალკე. დარჩენილ მასას დავუმატოთ დანაყილი ნიგოზი, ჩავასხათ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში. გამოცხობის შემდეგ კარგად გავაცივოთ და ფრთხილად ამოვიღოთ ფორმიდან. მოვათავსოთ ლამბაქზე და მოვრთოთ წინასწარ დამზადებული კრემით და გახეხილი შოკოლადით.

დღე და ღამე

მასალა: 3 კვერცხი, 2 ჩაის ჭიქა შაქარი, 2 ჩაის ჭიქა მაწონი, 150 გრამი ცხიმი, 1 ჩაის კოვზი სოდა, კაკაო, ფქვილი.

მასალა კრემისთვის: 1 კვერცხი, 1,5 ჩაის ჭიქა შაქარი, 1 ლიტრი რძე, 200 გრამი კარაქი.

მომზადება: გავაკეთოთ გოგლი-მოგლი კვერცხისა და შაქრისაგან, ჩავასხათ მაწონი სოდით, გამდნარი კარაქი, ფქვილი იმდენი, რომ მივიღოთ საშუალო სისქის ცომი. გავყოთ ორ ნაწილად. გამოვაცხოთ ცალ-ცალკე. მეორე ნაწილის გამოცხობამდე შევურიოთ კაკაო. ფირფიტებს შუაში, გვერდებზე და ზედაპირზე წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ნაფხვენები. კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:

გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, შევაზილოთ ფქვილი, ნელ-ნელა ჩავასხათ თბილი რძე და დავდგათ ცეცხლზე. ვურიოთ განუწყვეტლივ, როდესაც შესქელდება და დაიწყებს დუღილს, გადმოვდგათ, გავაცივოთ და შევურიოთ კარაქი და ვანილი.

ნამცხვარი "ქალის კაპრიზი"

მასალა: 500 გრამი კარაქი, 1 ჩაის ჭიქა შაქარი, 4 კვერცხის გული, ვანილი, 1 ჩაის კოვზი სოდა, ძმარი, 1 ქილა (200 გრამი) არაჟანი ან მაწონი, ფქვილი.

მასალა კრემისათვის: 4 კვერცხის ცილა, 1 ჩაის ჭიქა შაქარი, 1 ჩაის ჭიქა თხილი ან კაკალი.

მომზადება: კარაქი ავზილოთ შაქართან ერთად, დავამატოთ კვერცხის გულები და კარგად ავზილოთ. დავამატოთ ცოტა ვანილი, ფქვილი, რასაც შეიზელს. ცომი უნდა იყოს რბილი. ცომი გავაბრტყელოთ თბილ ცხიმიან თუნუქის ფურცელზე, ზემოდან წავუსვათ რომელიმე ჯემი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

კვერცხის ცილები ავთქვიფოთ კარგად. დავამატოთ შაქრის ფხვნილი, ცოტა ვანილი და გატარებული ნიგოზი ან თხილი. ავურიოთ ფრთხილად და წავუსვათ მზა ნამცხვარს. შევდგათ ღუმელში 5-10 წუთით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online