asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ფული წარმატების მიღწევის საშუალებაა
ნიკა ქავთარაძეს ყიდვა-გაყიდვის პროცესი სიამოვნებს
ფული წარმატების მიღწევის საშუალებაა

2012-01-04 16:19:54



შოუმენმა ნიკა ქავთარაძემ ფინანსურად დამოუკიდებლად ცხოვრებას გემო თხუთმეტი-თექვსმეტი წლის ასაკიდან გაუგო. პირველი ხელფასი ორმოცდაათი ლარიც კარგად ახსოვს, თუმცა, რაში დახარჯა ამას ვერ იხსენებს. დღესდღეობით, თვლის, რომ მისი შემოსავალი არასტაბილურია და იმედი აქვს, ეს მდგომარეობა სულ მალე გამოსწორდება. რამდენიმე ხნის წინ, თურმე, ფინანსურად რთული პერიოდიც ჰქონდა, მაგრამ უკვე გადალახა. როგორც თავად ნიკა ამბობს, თვიდან თვემდე უფულოდ ხშირად რჩება და ამიტომ ფულის სესხება უწევს. უფულოდ დარჩენის შემთხვევაში, ნერვიულობს, რადგან თვლის, რომ, როდესაც ფული არ აქვს, მაშინ თავისი თავი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მიღმა ჰგონია. შესაბამისი თანხები რომ ჰქონდეს, შეიძენდა ბინას, რომელსაც აუცილებლად ექნებოდა კარგი საძინებელი და სამზარეულო. მისი აზრით, სახლის სიკარგე მხოლოდ ამ ორი ოთახით განისაზღვრება. თუ რატომ თვლის ნიკა ქავთარაძე წარუმატებლად თავს, როცა ჯიბეში ფული არ უდევს, როგორ ურთიერთობს ბანკებთან და რატომ დადის ფეხით და არა ტრანსპორტით, ამ ყველაფერზე პასუხს ჩვენს ინტერვიუში შემოგთავაზებთ.



- ამჟამად ფინანსურად როგორი პერიოდი გიდგათ?

- პერსპექტიული ფინანსური პერიოდი მაქვს. სტაბილური ფინანსური გარემო არ მაქვს, თუმცა, რაღაც-რაღაც საქმეების წამოწყებას ვიწყებ. ეს კი იმის იმედს მაძლევს, რომ სულ მალე ადეკვატური შემოსავალი გამიჩნდება. არ გეგონოთ, რომ ვწუწუნებ. პირიქით, ეს ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ადამიანის მონდომების ხარისხი განსაზღვრავს მის წარმატებულ შემოსავალს. მეც ეტყობა სათანადოდ არ ვინდომებ, თორემ შეიძლება მეტი ფული მქონდეს.

- ფინანსურად ყველაზე ცუდი პერიოდი როდის გქონიათ?

- ამას წინათ მქონდა ასეთი პერიოდი. ეს რამდენიმე თვის წინ იყო და ახლა ყველაფერმა ჩაიარა. უკეთესობისკენ მივდივარ, რაც ძალიან მსიამოვნებს. მაქვს ენერგია, რომლითაც მინდა ახალი საქმეები ვაკეთო, ჩემს გარშემო არის ისეთი გარემო, რომელიც ამაში ხელს მიწყობს. ამიტომაც ყველანაირი საქმიანი თუ შემოქმედებითი განწყობა ამაღლებული მაქვს. ბევრი ისეთი საქმეა ჩემ ირგვლივ, რომელშიც ჩართული ვარ და ძალიან მსიამოვნებს. ახალი წლების მერე, ჩემი ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება.

- რა ასაკიდან გახდით ფინანსურად დამოუკიდებელი?

- დაახლოებით, 15-16 წლიდან გავხდი ნაწილობრივ დამოუკიდებელი. პირველად მუშაობა დავიწყე "დილის გაზეთში", სადაც ტექნიკურ სამუშაოებს ვაკეთებდი. ჩემი ხელფასი 50 ლარს შეადგენდა. პირველი ხელფასი რაში დავხარჯე კარგად არ მახსოვს. ალბათ, ვიყიდე ისეთი რაღაცები, რაც სჭირდება იმ ასაკის ბიჭს, რა ასაკისაც მაშინ ვიყავი. ეს იყო პირველი სამსახური და სამი-ოთხი წლის შემდეგ უფრო სერიოზული სამუშაო გამომიჩნდა. ჩემი აზრით, ფული არის წარმატების მიღწევის საშუალება და ამავდროულად, წარმატების შედეგი. ფული პირდაპირი საფასურია შენ მიერ გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეებისა. როცა ჯიბეში ერთი ლარი გიდევს, კარგი არ არის.

- დღეს ოჯახს მთლიანად თქვენი შემოსავლით ინახავთ?

- არა. მე და ჩემი მეუღლე ოჯახში ერთად არ ვართ. ამიტომ ისიც ინახავს ოჯახს და მეც, ოღონდ ცალ-ცალკე.

- ზოგადად როგორი მხარჯველი ხართ?

- არარაციონალური. სპონტანურად შემიძლია მივიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მთლად ლოგიკური და გამართლებული არ არის. როდესაც ზოგადად ცხოვრება და შემოსავლები სტაბილური არ არის, აქედან გამომდინარე, ხარჯებიც არ მაქვს ხოლმე სტაბილური. როდესაც ფული მეტი მაქვს, ვცდილობ, ისეთი რაღაცების გაკეთება მოვასწრო, რაც საჭიროა იმ მომენტში. ფულის კარგი მხარჯველი არ ვარ. ეს რაც ჩემს პირად ფულს შეეხება, თორემ როდესაც საქმე ეხება კომპანიის ფულს, ამ დროს ხარჯვაში უფრო მობილიზებული ვარ. ვცდილობ, საქმიან ფულთან დაკავშირებით ბავშვური დამოკიდებულება არ მქონდეს და სწორი ეკონომიკური გათვლები გავაკეთო.

- ალბათ, ისეთი შემთხვევებიც გაქვთ, როდესაც ჰონორარი თვიდან თვემდე არ გყოფნით.

- ასეთი შემთხვევები რამდენიც გინდათ, იმდენია. ხშირად ხდება, რომ ხელფასი თვიდან თვემდე არ მყოფნის და უფულოდ ვრჩები.

- ამ დროს როგორ იქცევით?

- ვნერვიულობ. ძირითადად, ხდება ისე, რომ ფულს ავანსის სახით ვიღებ ან ვსესხულობ. განსაკუთრებული ხარჯები ისედაც არ მაქვს, ჩემი ძირითადი ხარჯები არის კომუნალური გადასახადები, ჭამა და ბანკები. დარჩენილი ფული კი, ვცდილობ, რომ ბავშვებს მოვახმარო.

- დეპრესიაში ხომ არ ვარდებით ასეთ დროს?

- მთლად დეპრესიაში არ ვვარდები, მაგრამ ძალიან ცუდ განწყობაზე ვარ ხოლმე. ასეთ დროს მგონია, რომ ყველა ის პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება, ჩემს მიღმა ხდება და მასში მონაწილეობას ვერ ვიღებ. ეს ყოველივე არ მსიამოვნებს. განწყობა არასახარბიელო მაქვს უფულობის პერიოდში, თუმცა, დეპრესიის გართულებული ფორმები არ აღმენიშნება. მიყვარს, როდესაც ჯიბეში ფული მიდევს. რამდენი ფულიც მაქვს, ისეთი წარმატებულია ის დღე ჩემთვის. თუ ჯიბეში ფული არ მიდევს, ჩემი საქმეებიც ცუდად მიდის.

- ფული ადამიანს ცვლისო, ამბობენ, ეთანხმებით ამ გამოთქმას?

- ფულიც ცვლის ადამიანს და უფულობაც. ადამიანის ცხოვრება ცვლილებების გარეშე წარმოუდგენელია, რადგანაც ვისი ცხოვრებაც არ იცვლება, ის უინტერესოა. როდესაც ბევრი ფული გაქვს, შესაბამისად, სამყაროსადმი დამოკიდებულება და მიზნები გეცვლება. ავტომატურად ყოველდღიური ცხოვრების წესიც იცვლება და შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ შენი ხასიათიც შეიცვალა. მთავარ ღირებულებებს ფული ალბათ ვერ ცვლის. თუ ადამიანი შეიცვალა რაღაც მხრივ, ესე იგი, ეს თვისება მასში ადრეც იყო, თუმცა, ეს ყველასთვის ცნობილი არ ყოფილა. მილიონერი იქნები თუ მილიარდერი, არ მგონია, რომ განსაკუთრებით გაბოროტდე ან გაკეთილშობილდე. ისეთ ადამიანებთან ვერ ვმეგობრობ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო ხდებიან კარგები ან ცუდები. მე და ჩემს მეგობრებს ერთნაირი ცხოვრების წესით გვიცხოვრია და ვიცით ერთმანეთის ხასიათი. გამორიცხულია, რომ გამდიდრების შემთხვევაში რომელიმე ჩემ მიმართ შეიცვალოს. მაგალითად, მიშა მშვილდაძემ რამდენი მილიონიც უნდა იშოვოს, მასთან მეგობრობა მაინც არ გამიჭირდება. საერთოდ, შენს მეგობარს კარგად უნდა იცნობდე, სხვანაირად ის მეგობარი ვერ იქნება. მეგობრობა კიდევ უფრო ღრმა რამეა, ვიდრე ფინანსური ურთიერთობები.

- წეღან ახსენეთ საბანკო გადასახადები. რა სახის ურთიერთობა გაქვთ ბანკებთან?

- მაქვს სხვადასხვა საკრედიტო ბარათები და სესხები. ბანკებთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ვერ გეტყვით, რომ ძალიან კარგი გადამხდელი ვარ-თქო. ზოგჯერ პატარ-პატარა დაგვიანებები მაქვს იმიტომ, რომ ჩემი შემოსავლები პირდაპირ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ისეთი სამსახური არ მაქვს, რომ ხელფასი ყოველი თვის ერთსა და იმავე დღეს მერიცხებოდეს.

- რთული არ არის არასტაბილური შემოსავლით ცხოვრება?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ამისგან გამოწვეული ყველა პრობლემა ჩემი ბრალია და არა ჩემი დამკვეთების. ვისაც რაღაც ფინანსური ვალდებულებები აქვს, ის უფრო მობილიზებული უნდა იყოს. ახლა ყველაფერი მორჩა და სულ სხვა განწყობითა და შემართებით ვიწყებ ურთიერთობას დამკვეთებთან.

- ფულის სესეხება-გასესხება რამდენად ხშირად გიწევთ?

- ჩემგან ფულს სესხულობენ, თუმცა, მე უფრო ხშირად ვიღებ ვალს. ზოგადად, კარგი თვისება არ არის ის, რომ კრედიტთან მუდმივ რეჟიმში ხარ. მაგრამ როდესაც სხვა გზა არა გაქვს, ამიტომაც იღებ კრედიტს თუ ვალს. მაქვს ჩემი მეგობრების ვალები, ისევე, როგორც ჩემს მეგობრებს აქვთ ჩემი ვალები. კაპიტალიზმი გამორიცხავს იმას, რომ ვინმეს ვალი არ გქონდეს. მსოფლიო ფინანსური კრიზისიც სწორედ მაგან გამოიწვია, რომ ადამიანებსა და დიდ კომპანიებს ერთმანეთის ვალები აქვთ.

- ფული მოუპარავთ ან თუ დაგიკარგავთ?

- ორივე შემთხვევა მქონია, დაკარგვისაც და მოპარვისაც. ასეთ შემთხვევებში გული ძალიან დამწყვეტია, იმიტომ, რომ ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა ფულს კარგავ და იცი, რომ ის არასდროს დაგიბრუნდება. მოპარვა კიდევ უფრო ცუდი მომენტია. ერთხელ, საფულე დამრჩა ტაქსიში. ერთხელ კი, ძალიან გაურკვეველ ვითარებაში დავკარგე ფული და რთული იყო ვინმეს დადანაშაულება. ამ დროს საკმაოდ იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან ადამიანები, ვისთანაც რაღაც დროს ვატარებდი, შესაძლოა ეჭვმიტანილნი აღმოჩენილიყვნენ ჩემს გაქურდვაში.

- დღეს რამდენად ხშირად ხარჯავთ ფულს ალკოჰოლურ სასმელებში?

- ქეიფსა და დროსტარებაში ფულს ძალიან ცოტას ვხარჯავ. იმიტომ არა, რომ სხვები იხდიან ფულს ჩემ ნაცვლად, უბრალოდ, ხშირად არ ვსვამ და არც ვქეიფობ. სპორტულ ცხოვრებას მივყვები, ვვარჯიშობ და სიგარეტს არ ვეწევი.

- არის ისეთი რაღაც, რაშიც ფულის დახარჯვა არასდროს დაგენანებათ?

- ძალიან ეგოისტური პასუხია, მაგრამ ეს არის ჩემთვის რაღაცების ყიდვა, მაგალითად, ტანსაცმლის. ეს იშვიათად ხდება, რომ ჩემს თავს ბევრი ფული დავახარჯო, უბრალოდ, როდესაც საკმარისად მაქვს თანხა, ჩემი თავისთვის არ დამენანება. კიდევ საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთება მიყვარს. მიყვარს, როდესაც ჩემი საჩუქრებით საყვარელ ადამიანებს ვასიამოვნებ და გავახარებ. გარკვეულწილად, ესეც ეგოისტურია, რომ სხვას ვჩუქნი რაღაცას, რომ ამით მე კარგად ვიყო.

- თუ გაქვთ განსაზღვრული, რაში ხარჯავთ ყველაზე მეტ თანხას მთელი დღის განმავლობაში?

- მგზავრობასა და კვებაში დაახლოებით ერთსა და იმავე თანხას ვხარჯავ, ანუ ავტობუსით დავდივარ და ცოტას ვხარჯავ კვებაში. ახლა, დიეტაზე ვარ, ვვარჯიშობ, ფეხით დავდივარ და ამიტომ მგზავრობასა და ჭამაში ბევრი ფული არ მეხარჯება. ყველაზე მეტი ფული მაინც კომუნალურ გადასახადებში მეხარჯება.

- ამჟამად რის ყიდვაზე ოცნებობთ, სასურველი თანხები რომ გქონდეთ?

- შესაბამისი თანხები თუ მექნებოდა, ბევრ რამეს გავაკეთებდი. პირველ რიგში, მინდა ყველანაირი ვალდებულება გავაბათილო. ამის მერე კი ისეთ რამეს ვიყიდიდი, რასაც შემდეგ უფრო ძვირად გავყიდდი. ყიდვა-გაყიდვის პროცესი ზოგადად ძალიან მსიამოვნებს. აუცილებლად ვიყიდიდი ბინას, იმიტომ, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი სახლი მქონდეს. არც ძალიან დიდი ბინა მინდა და არც პატარა, დაახლოებით, ოროთახნახევრიანი ბინა მინდა ქალაქის ცენტრში. კარგი იქნება, თუ სოლოლაკის ტერიტორიაზე ვიყიდი. ჩემი ამ სურვილის ასრულებას რამდენიმე ათასი დოლარი სჭირდება. თანაც, მინდა, რომ ბინა იყოს კარგად მოწყობილი თავისი ავეჯით, დიდი ტელევიზორით, კარგი კომპიუტერით, გათბობის ცენტრალური სისტემით და რაც მთავარია, კარგი სამზარეულოთი. სამზარეულოს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც იქ ფუსფუსი მიყვარს. რეალურად სახლი განისაზღვრება იმით, რომ კარგი საძინებელი და სამზარეულო ჰქონდეს. სასტუმრო ოთახი არ არის აუცილებელი, კარგი რომ იყოს. როდესაც სტუმარი მოდის, ის იმისთვის ხომ არ მოდის, რომ კარგ ოთახში დაჯდეს. სტუმარი ჩემთან მოდის და შესაბამისად, სასტუმრო ოთახის მთავარი ღირსშესანიშნაობა მე ვიქნები.

თეონა კენჭიაშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online