asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რიო ფერდინანადი: ნაკრებს მანკუნიანური სული აკლია
ნაკრებს მანკუნიანური სული აკლია
რიო ფერდინანადი: ნაკრებს მანკუნიანური სული აკლია

2010-11-23 13:00:32



ინგლისის ნაკრებმა მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა, საკუთარ მოედანზე ამხანაგურ მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა. ეს შედეგი ბევრი ფეხბურთის მოყვარულისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. თავისი ნაკრების წარუმატებლობაზე, ასევე ავადმოსაგონარ ტრავმაზე საუბრობს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების მცველი რიო ფერდინანდი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელი წარუმატებლობების მიზეზი გუნდში შესაბამისი განწყობის არქონაა და შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის საკუთარ გზას გვთავაზობს. მისი თქმით, ეროვნულ ნაკრებს ახლა ისე, როგორც არასდროს სჭირდება სახელგანთქმული მანკუნიანური სული.

– ეს განწყობა, რომლითაც გაჟღენთილია "მანჩესტერ იუნაიტედი", იბადება წარმატების რწმენიდან. ამასთან, უნდა შევნიშნო, რომ თავად გამარჯვებები არანაკლებ როლს თამაშობენ. თავდაპირველად საჭიროა თუნდაც ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება, ხოლო დანარჩენი უკვე თავისთავად მოვა. ჯერჯერობით ამის გაკეთებას ვერ ვახერხებთ.

– მაინც, რაში მდგომარეობს ეროვნული ნაკრების ყველა უსიამოვნებები, ვინ არის დამნაშავე – მოთამაშეები თუ მწვრთნელი?

– მწვრთნელის უმთავრეს ამოცანას წარმატების ფორმულის მიგნება წარმოადგენს. ჩემს კლუბში მთავარმა მწვრთნელმა ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს. თუნდაც ჩვენი გუნდის "ასტონ ვილასთან" თამაში ავიღოთ. ჩვენ თამაშს ვაგებდით, რის შემდეგაც მან თამაშში ორი შემტევი მოთამაშე ჩართო. მათ სრულად შეცვალეს თამაშის რიტმი და მთელი გუნდი აიყოლიეს. არავის სურს გუნდის გასახდელში ისე შევიდეს, რომ მოედანზე ბოლომდე არ დაიხარჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ უნდა შეხედოს მწვრთნელს თვალებში? აქ საქმე მხოლოდ მწვრთნელის შესაძლებლობებში არ არის. ჩვენ, როგორც ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, დღემდე ვერ შევძელით მთელი ჩვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენა. ამ ფაქტს ვერსად დავემალებით.

– თქვენი აზრით, როგორ შეიძლება შექმნილი ვითარების გამოსწორება, უნდა შევქმნათ ასე ვთქვათ "ენგლანდ იუნაიტედი"?

– მე რომ ამის პასუხი ვიცოდე, აქ არ ვიჯდებოდი და რეპორტიორების კითხვებს არ ვუპასუხებდი. უკვე დიდი ხნის წინ ვიჯდებოდი ფაბიო კაპელოს ადგილზე. ეს არის კითხვა, რომლის პასუხის პოვნაც ყველა ჩვენგანს სურს.

– თქვენ ხშირად ჩადიხართ ელტემში, რათა მოინახულოთ გუნდი, რომელშიც დაიწყო თქვენი საფეხბურთო კარიერა. კლუბში თქვენს სამუშაოში ხელს ხომ არ გიშლით სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა?

– ელტემში ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვთამაშობდი, წელიწადში 25 გოლი გამქონდა. ეჰ, რა დრო იყო... რაც შეეხება ქველმოქმედებას, ბევრი ამბობს, რომ მე დროს სხვა რაღაცეებზე ვხარჯავ და ამის გამო თამაშზე კონცენტრაციას ვკარგავ, მაგრამ მთელი ჩემი საქმიანობა "მანჩესტერ იუნაიტედთანაა" კოორდინირებული. ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, მათი მეთვალყურეობით მიმდინარეობს. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მე მუდმივად ისეთი რაღაცეებით ვარ დაკავებული, რაც ფეხბურთს საერთოდ არ უკავშირდება, მაგრამ შეიძლება გაგიკვირდეთ, როდესაც ვიტყვი, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ელექტრო ფოსტის გამოყენებით.

– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ქველმოქმედება?

– ის, რომ ფეხბურთის გარდა მაქვს სხვა ინტერესებიც, მეხმარება გავიზარდო როგორც სპორტსმენი. ბევრმა სპორტსმენმა უბრალოდ არ იცის, რითი დაკავდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მე კი ვცდილობ რაციონალურად გამოვიყენო ჩემი თავისუფალი დრო, მაგრამ ამასთან, არასდროს მავიწყდება, რომ ფეხბურთი ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა. გარწმუნებთ, რომ ვარჯიშებზე გაცილებით მეტ დროს ვხარჯავ, ვიდრე სხვა რამეებზე. ორი წლის მანძილზე ტრავმები მოსვენებას არ მაძლევდა და ვიცი, რომ კიდევ უფრო თავგამოდებით უნდა ვიშრომო იმისთვის, რათა იდეალური ფორმა დავიბრუნო.

– თქვენ გეშინოდათ, რომ თქვენი დრო ნაკრებში ამოიწურა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ტრავმა მიიღეთ? თქვენ ფიქრობდით, რომ დადგა დრო გზა უფრო ახალგაზრდებს დაუთმოთ?

– პირველი 48 საათის განმავლობაში უბრალოდ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. შეუძლებელია იმის გადმოცემა, როგორი ემოციით ვიყავი შეპყრობილი. მთელი ეს "ასე რომ არა", "მაგრამ" და "რატომ" ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა. იმ მომენტში მე ვფიქრობდი: მორჩა, დასრულდა ყველაფერი. ორი დღის შემდე გადავწყვიტე, რომ უნდა ვიბრძოლო. სპორტდარბაზში დავბრუნდი და მუშაობას შევუდექი. ახლა ისევ იმ სურვილით ვარ შეპყრობილი, რომ ჩემი გუნდი დიდ ტურნირზე გამაჯვებამდე მივიყვანო. ახლა ეს ისე მსურს, როგორც არასდროს. გამარჯვებები მწყურია.

– ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ბრიტანელმა ფეხბურთელებმა დაკარგეს ის ცნობილი ლტოლვა ფეხბურთის მიმართ, ხომ არ გაქრა გამარჯვებებისკენ სწრაფვა?

– თქვენ თუ მოისმინეთ, როგორი ყვირილის ხმა გაისმა მეზობელი ოთახიდან, როდესაც გაიგეს, რომ "ჩელსი" "სანდერლენდთან" დამარცხდა? ეს უბრალოდ სასაცილოა. თქვენ ამბობთ, რომ ინგლისელმა ფეხბურთელებმა ფეხბურთის მიმართ ადრინდელი ლტოლვა დაკარგეს. მატჩის წინ არავინ ფიქრობდა, რომ იგი ფრედ დასრულდებოდა, მით უმეტეს, რომ "ჩელსი" დამარცხდებოდა. არავის მოუვა თავში აზრად უთხრას თავის მოთამაშეებს, იცით, რა ბიჭებო, დღეს რაღაც ხასიათზე არ ვარ, მოდით, ფრედ ვითამაშოთო. უბრალოდ, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვსურს. ასეთია ფეხბურთი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთის არაფერი გაგეგება. ჩვენ ყველანი ვესწრაფვით გამარჯვებას, პირადად ჩვენთვის, გუნდისთვის, გულშემატკივრებისთვის.

– თქვენი თაობის ბევრმა მოთამაშემ ნაკრების შემადგენლობაში ვერ მიაღწია დიდ წარმატებებს. შეიძლება იმის თქმა, რომ ამის მიზეზი დაბალი კონკურენცია იყო?

– მე არასდროს მოვდუნებულვარ. ეს დაუშვებელია, როდესაც ზურგში ჯეიმი კარაგერის, ლედლი კინგის და ჯონათან ვუდგეიტის სუნთქვას გრძნობ. არასდროს ვყოფილვარ დარწმუნებული საკუთარ სტატუსში, მაგრამ წესით, ასეც უნდა იყოს. სხვათა შორის, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც ეხებათ. ჯეკ უილშირი, დენი უელბეკი, ტომ კლევერლი, ენდი კეროლი, ჯეკ როდუელი – ყველა მათგანი საკმაოდ ნიჭიერია, ამაში ეჭვი არ მეპარება. რა თქმა უნდა არსებობს განსხვავება კლუბში თამაშსა და ნაკრებში თამაშს შორის. შეძლებენ ისინი წინ წასვლას? თეორიულად – რა თქმა უნდა. ჩემი სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ მათ საკუთარი ნიჭის წარმოჩენაში დავეხმარო.

– რას ფიქრობდით იმ სკანდალური ინციდენტის შემდეგ, როდესაც ფაბიო კაპელომ ჯონ ტერის კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა?

– მას მედიაში ამ ინციდენტის ასეთი ფართო გაშუქების შემდეგ სენიორ კაპელოც კი მიხვდა, რას ნიშნავს ღირსება ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც კაპიტნის თანამდებობა მანდეს, მივხვდი, რომ საქმისადმი სულ სხვა მიდგომა იყო საჭირო. კაპიტნისთვის აუცილებელი არ არის გამუდმებით ყვირილი. რა თქმა უნდა ექსპრესიისთვის ყოველთვის მოიძებნება ადგილი, მაგრამ მე უფრო მეტად მომწონს კოლეგების გამხნევება, მათი საუკეთესო თვისებების წინა პლანზე წარმოჩენა. ჩემი აზრით, დიდებული კაპიტნები უფრო მეტად ზრუნავენ სხვების თამაშზე ვიდრე საკუთარზე.

– კაპიტანი ფეხბურთის გარეთაც წმინდანი უნდა იყოს?

– უნდა ხვდებოდე, თუ როგორი პასუხისმგებლობა გეკისრება. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, რამდენიმე წელი დამჭირდა იმის მისახვედრად, რაში მდგომარეობს პროფესიონალი ფეხბურთელის მოვალეობა. რაც მთავარია, ეს მოვალეობა უნდა გაითავისო.საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობდი. კაპიტანი სამაგალითო უნდა იყოს, როგორც მოედანზე ისე მის გარეთ. არ შეიძლება ისეთივე გულუბრყვილო და შეზღუდული იყო, როგორიც მანამდე იყავი. ორი შვილი მყავს და მიმაჩნია, რომ მათი დაბადების შემდეგ პასუხისმგებლობის გრძნობა უფრო მომემატა. ღამის კლუბები ჩემთვის უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, მაგრამ სამუშაო უფრო მეტად პატივია, ვიდრე ტვირთი.

– მთელი ეს პასუხისმგებლობა თქვენზე დამღლელად ხომ არ მოქმედებს?

– არასდროს. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ თამაში მომბეზრდეს. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ყოველ დილით კარინგტონში ვარჯიშზე გამგზავრება. ჩემი ცხოვრება ფეხბურთის მიმართ სიყვარულითაა აღსავსე. როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, ხშირად ვეუბნებოდი მეგობრებს, რომ მოედანზე ერთი წუთიც რომ გამეტარებინა პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში, ბედნიერებისგან მოვკვდებოდი. ვიცი, რომ ოდესმე ჩემი კარიერა დასრულდება და ამიტომ ყოველ დღე თავდაუზოგავად ვვარჯიშობ, რათა ამ მომენტის დადგომამ რაც შეიძლება შორს გადაიწიოს.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online