asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნაკრებიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია
რა აჩუქა ხავიმ მიშელ პლატინის
ნაკრებიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია

2010-11-09 17:29:54



გასულ სეზონში, "ნოუ კამპზე" გასამართ კლასიკომდე 2 დღით ადრე ხავი "სან ჟოან დესპიში", "ბარსელონას" ბაზაზე სავარძელში იყო მოკალათებული და ინგლისელ ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა. ჟურნალისტმა ხავის ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს "ბარსასთან" ერთად ექვსი ტიტულის მოგების შემდეგ, რაზეც ხავიმ უპასუხა, ახლა "ბარსელონას" ფეხბურთელები უნდა დარჩნენ მოკრძალებულები და არ დაკარგონ თავიო.

შეკითხვაზე, არის თუ არა ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტი, მან მიუგო:

– ესპანეთი არ არის ფავორიტი. საჭიროა ყველაფერი მოედანზე დავამტკიცოთ. მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ჩემი უდიდესი ოცნებაა. რადგან თქვენ ინგლისიდან ხართ, ერთ რამეს გეტყვით. მე ყოველთვის მომწონდა მეტ ლე ტესიეს თამაშის ყურება. მან მთელი ცხოვრება "საუთჰემპტონში" ითამაშა. პატარა კლუბში, პატარა სტადიონით. ლე ტესიე ძალიან ჭკვიანი მოთამაშე იყო. მას წამყვანი ჩემპიონატების გრანდები ეძახდნენ, მაგრამ დარჩა იქ, სადაც მისი გული იყო. მე არასდროს მსურდა სხვა გუნდში თამაში. ჩემი სურვილი იყო, მეთამაშა "ბარსელონაში" რაც შეიძლება დიდი ხანი. სერიოზული წინადადებით მომმართეს "მანჩესტერმა" და "მილანმა". ფული ჩემთვის მთავარი არ არის. მე ხომ "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ ბავშვობიდან. მახსოვს, როგორ მომწონდა ბერნდ შუსტერის თამაში. ის იყო მაღალი, გრძელი ქერა თმებით. ჩემს მშობლიურ ტერასაში ადამიანი ასეთი შეხედულებით ნანახი არ მყავდა. ჩემს მეორე კერპად დიეგო მარადონა იქცა, ხოლო მესამედ – გვარდიოლა. თავიდან პეპი მომწონდა როგორც მაყურებელს, შემდეგ ის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ადამიანად იქცა ჩემს ცხოვრებაში.

ხავი გვარდიოლას მემკვიდრედ იქცა. სწორედ ტერასას მკვიდრმა შეცვალა ტრავმირებული გვარდიოლა 1999–2000 წლის სეზონში. ეს არ იყო ადვილი. ეს იყო გულის გადანერგვის მსგავსი რამ. ხავი გაუმკლავდა თითქოს შეუსრულებელ მისიას. მან აჯობა გვარდიოლას თითქმის ყველაფერში. ხავიმ მოიგო მეტი ტიტული, ითამაშა პეპზე მეტი მატჩი და კლუბის ისტორიაში ნათამაშები მატჩების რაოდენობით მეორე ადგილზე იმყოფება.

– ხავი ღირსია, რომ ითვლებოდეს საუკეთესო ნახევარმცველად "ბარსელონას" ისტორიაში, – განაცხადა გვარდიოლამ 2010 წლის მაისში. ხავიმ მონაწილეობა მიიღო "ვილიარეალთან" მატჩში ტრავმირებული ფეხით და რეციდივის შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვების საფრთხის წინაშე დგებოდა. ამ მატჩში ხავიმ შესანიშნავად ითამაშა და "ბარსას" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

სტატისტიკის მიხედვით, ხავი გვარდიოლას პრიმერა დივიზიონის ტიტულების რაოდენობით ჩამორჩება. ხავის პრიმერა დივიზიონი 5–ჯერ აქვს მოგებული. მას ერთი ტიტულით მხოლოდ გვარდიოლა და რამალიესტე უსწრებენ. გვარდიოლას ხელმძღვანელობით ხავი გეგმავს პეპს ამ მაჩვენებელშიც დაეწიოს:

– წინ კიდევ ბევრი მიზანი მაქვს, ერთ–ერთი მათგანი მიგელის რეკორდისდამხობა და კლუბის ისტორიაში ნათამაშები მატჩების რაოდენობით საუკეთესოდ გახდომაა. მაგრამ მთავარი არა პირადი, არამედ კლუბის ინტერესებია. ყველაფერი მოვიგე, თუმცა ამ ტიტულების მოგება კვლავ მსურს. მოგება ნარკოტიკივითაა. როცა ტიტულს იგებ, მისი მოგება შემდეგ უფრო მეტად გსურს. მოგებები არ გადუნებს, ისინი ძალას გმატებენ.

"ბარსელონაში" ვერავის გააკვირვებ კლუბისადმი სიყვარულით. ხავი მაინც გამოსარჩევია. ამ გაზაფხულს "ნოუ კამპის" "პარიზულ დარბაზში" უნისეფი მესის ელჩად ირჩევდა. ამ ცერემონიაზე "ბარსას" ფეხბურთელებიდან მხოლოდ ხავი მივიდა. ყველა სავარძელი დაკავებული იყო. ხავი მთელი საათი კართან მიყუდებული იდგა და ისე უკრავდა მესის ტაშს.

და კიდევ, ხავი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მოდური უბნების მიღმა ცხოვრობს. ხავი მშობლიურ ტერასაში ცხოვრობს, რომელიც ბარსელონადან 30 კილომეტრშია.

– ბარსელონა ძალიან მიყვარს, მაგრამ ტერასაში ჩემი გულია. ჩემს სახლთან ახლოს ცხოვრობენ მშობლები, ჩემი და, ბავშვობის მეგობრები. მე აქ ბედნიერი ვარ და მეტი არაფერი მსურს, – ამბობს ხავი.

დანი ალვეში ("ბარსელონას" მცველი):

– ჩვენ ყველა ახლა ვცხოვრობთ, ხოლო ხავი – მომავალშია. ეს ერთადერთი ახსნაა იმის, რას აკეთებს ის მოედანზე. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ფეხბურთი მხოლოდ ათლეტი ფეხბურთელების თამაში არ იყო. ეს არის ისეთი პატარა ფეხბურთელების თამაში, როგორებიც ხავი, ინიესტა და პედრო არიან.

იკერ კასილასი (მადრიდის "რეალის" მეკარე):

– ხავი "ბარსელონაში" მთავარი ფიგურაა. მას გუნდის თამაში მიჰყავს, ხედავს მთელ მოედანს. როცა ხავი შენს წინააღმდეგ თამაშობს, ერთი წამითაც არ უნდა მოდუნდე. ხავი შესანიშნავი ადამიანია და მიხარია, რომ უკვე 13 წელია, ვმეგობრობთ.

ჟოან ლაპორტა ("ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი):

– ხავის მხოლოდ "ბარსელონა" აინტერესებს. ჩვენ ვიცით, რომ ხავი მხოლოდ "ბარსაში" ითამაშებს. მან კი იცის, რომ კლუბი მის გამო თავს არ დაზოგავს. ის გუნდის წამყვანი ფეხბურთელია და მაგალითია ახალგაზრდებისთვის. მისი კარიერით ხავი შესანიშნავ მაგალითს იძლევა, როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას მონდომების და მიზანდასახულობის შედეგად.

ხავიმ ჟურნალისტებთან ბოლო დროს გავრცელებული ხმები უარყო, რომელთა თანახმად ის ქვეყნის ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულებას აპირებს. კატალონიელს ჟურნალისტმა ტრავმასა და მოახლოებულ კლასიკოზეც ჰკითხა.

– ნაკრებს მართლა ემშვიდობებით?

– არ დაიჯეროთ, ეს სიცრუეა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ მივრცელებს ასეთ ხმებს.

– მალე პორტუგალიასთან ამხანაგური მატჩია...

– ლისაბონში თამაში ძალიან მინდა. ვნახოთ, როგორ წარიმართება ტრავმის შემდგომი აღდგენითი პროცესი. რაც მეტ მატჩს ჩავატარებ, ჩემთვის უკეთესია.

– თქვენი სიტყვები ეწინააღმდეგება "კოპენჰაგენთან" თამაშის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად მყესის ტკივილმა ისევ შეგაწუხათ...

– სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიღალე, რაც ძირითადად გაზონის მდგომარეობის ბრალია. სირბილი მიჭირდა და უსიამოვნო შეგრძნებები ამის გამო მქონდა. ფეხის ტკივილი თავს სულ უფრო ნაკლებად მახსენებს და ვფიქრობ, ჯობს არ გავჩერდე და ყველა მატჩში ვითამაშო, რომელშიც კი შესაძლებლობა მომეცემა.

– იქმნება შთაბეჭდილება, რომ "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან უძნელდება.

– მე კი ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს ინტენსიური გრაფიკით ვაჩვენებთ. თუ თამაშს ასეთივე შემართებით გავაგრძელებთ, ძალიან კარგი სეზონი გამოგვივა.

– მოურინიოზე რას ფიქრობთ?

– მას დიდი ხანია ვიცნობ.

– ვიცით და ამიტომაც გეკითხებით. რას იტყვით მის ხასიათსა და პროვოკაციულ გამონათქვამებზე?

– მოურინიუს ასეთი მანერა აქვს და ვალდებულნი ვართ, ყველამ პატივი ვცეთ მას. მოურინიუს ხელში "რეალს" ყველა შესაძლებელი ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია. ვფიქრობ, ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის გასახარია, "სამეფო კლუბში" ყველაფერი რიგზე რომ არის.

– ისევ თქვენს ტრავმას მივუბრუნდეთ. ამბობდნენ, რომ საქმე ოპერაციამდე მივიდოდა.

– რას ამბობთ, რა ოპერაცია, მე ხომ მხოლოდ ტენდინიტი მაქვს?! ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა ვარ, ამდენ ჭორს რომ მიგონებენ.

– "ხეტაფეს" წინააღმდეგ ითამაშებთ?

– გუნდთან ერთად მოვემზადები და თუ მწვრთნელი გადაწყვეტს, რომ მინდორზე გასვლა შემეძლება, სიამოვნებით ვითამაშებ.

– არ ფიქრობთ, რომ გვარდიოლას იმიჯი ნელ–ნელა ირყევა?

– ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ გვარდიოლა როგორც გუნდისთვის, ისე მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის სამაგალითოა. ის, რაც სამშაბათის მატჩის შემდეგ მოხდა, სპორტის ამ სახეობისთვის დამახასიათებელია.

– კლასიკოზე უკვე ფიქრობთ?

– დიახ, სამი კვირაღა დარჩა.

– რას ფიქრობთ?

– ვფიქრობ, რომ "ბარსელონა" ფავორიტია!

– რას იტყვით იმაზე, რომ თქვენ დაგასახელეს "ოქროს ბურთის" მოპოვების ერთ–ერთ მთავარ პრეტენდენტად?

– ყოველთვის ვიმეორებდი, რომ მთავარია ეს ჯილდო რომელიმე იმ ესპანელ ფეხბურთელს გადასცენ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეძლო, მაგრამ ეს ასე თუ არ მოხდება, ძალიანაც არ დამწყება გული, რადგანაც ამ პრიზის მიღების კიდევ ერთი მთავარი პრეტენდენტი არგენტინელი ლეო მესია.

– მესი ამდენად კარგია?

– ასეთი ფეხბურთელები 50 წელიწადში ერთხელ თუ იბადებიან. თუ ახლა რომელიმე ესპანელი ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" მიღების ერთ–ერთ მთავარი პრეტენდენტია ეს იმიტომ, რომ არგენტინამ მეოთხედფინალის გადალახვა ვერ შეძლო.

სიმართლე რომ ვთქვა, ლეო ჩემთვის მარადონაზე უკეთესია. ვფიქრობ, რომ კიდევ ძალიან დიდი ხნის მანძლზე მისნაირი ფეხბურთელის ხილვას ფეხბურთის გულშემატკივარი ვერ შეძლებს.

– როგორ ფიქრობთ, სამხრეთ აფრიკაში რატომ ვერ შეძლო მან საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენა?

– მე ასეთ შეკითხვებს არ ვპასუხობ. ვფიქრობ, რომ მესიმ ძალიან კარგად ითამაშა, ისევე, როგორც დანარჩენმა არგენტინელმა ფეხბურთელებმა. მატჩი გერმანიასთან უბრალო ჩავარდნა იყო.

ეს ერთი ჩავარდნა რომ არა, ვფიქრობ, ისინი ჩვენთვის ძალიან სახიფათო და ძლიერი კონკურენტები იქნებოდნენ. მე მომწონს მარადონას მიდგომა გუნდისადმი, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ იგი ისეთივე მწვრთნელი არ აღმოჩნდა, როგორი გენიოსი ფეხბურთელიც იყო.

– ორი წლის წინ კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ესპანეთს მოგება არ შეეძლო. ახლა, როდესაც ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძელით, ყველაფერი შეიცვალა?

– რა თქმა უნდა, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ძალიან სასიამოვნო იყო ფიფას პრეზიდენტის, ზეპ ბლატერისგან იმის მოსმენა, რომ როგორც იქნა, მსოფლიოს ჩემპიონმა მართლაც რომ ჩემპიონებისთვის დამახასიათებელი ფეხბურთი აჩვენა. სიმართლე რომ ვთქვა, ჩვენ ამ მოგებებით ჯერ არ დავკმაყოფილებულვართ. ჩვენ ვრჩებით თაობად, რომელიც ჯერ პენსიაზე გასვლას არ აპირებს.

– ფინალის ფორმა ალბათ, თქვენს კოლექციაში საპატიო ადგილს იკავებს...

– სიმართლე რომ ვთქვა, იგი უკვე გავაჩუქე.

– ვის აჩუქეთ?

– ადამიანს, რომელმაც ჩემთვის და საერთოდ, მთელი მსოფლიო ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ჩვენი მოგება მას მივუძღვენი.

– ნუ მაწვალებთ...

– მე მიშელ პლატინიზე ვსაუბრობ. ფინალის შემდეგ მან მაისური მთხოვა და მეც უყოყმანოდ დავთანხმდი. მამა მიყვებოდა, რას აკეთებდა იგი მოედანზე. მე კი ჩემი მხრივ მინდა დავამტკიცო ის ფაქტი, რომ წარსულში დიდი მოთამაშე დარჩა დიდ ადამიანად.

– ვთქვათ, "ოქროს ბურთს" მწვრთნელებს აძლევდნენ...

– მე მას დაუფიქრებლად გადავცემდი პეპ გვარდიოლას.

– არ არის გასაკვირი...

– არა, არა, ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ იგი ჩემი მწვრთნელია. იგი მწვრთნელზე მეტია, ფეხბურთის რევოლუციონერია. მისი ტიტულებიც რომ არ მივიღოთ მხედველობაში, მან ფეხბურთში ისეთი სტილი დაამკვიდრა, როგორი სტილითაც თავის დროზე არიგო საკი და იოჰან კრუიფი თამაშობდნენ. პეპი ფეხბურთში ნოვატორია. არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც მზა სქემებით ათამაშებენ თავის ფეხბურთელებს და არიან ისეთი მწვრთნელებიც, რომლებიც თავიანთი მოფიქრებული ტაქტიკით ამჯობინებენ გუნდის მართვას. გვარდიოლა სწორედ ასეთია.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა
კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online