asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მესუთ იოზილს პოპულარობა ძალიან მოსწონს
მესუთ იოზილს პოპულარობა ძალიან მოსწონს
მესუთ იოზილს პოპულარობა ძალიან მოსწონს

2010-11-09 17:29:52



მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი მესუთ იოზილი ამავე დროს გერმანიის ნაკრების ერთ–ერთი წამყვანი მოთამაშეცაა. მან უკვე მოასწრო თავის ახალ კლუბში თავის გამოჩენა და მისი ქომაგებისთვის თავის შეყვარება. ამიტომ საინტერესოა, როდესაც ისეთი ფეხბურთელი, როგორიც იოზილია, მკითხველს წარუდგება პირველ რიგში როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, საკუთარი გატაცებებით, ეჭვებით, ჩვევებით, პრინციპებით და ცხოვრებაზე შეხედულებებით.

მესუთ იოზილმა თვითმფრინავი ბოლომ დატოვა. კისერზე დიდი ყურსაცვამები ჰკიდია, რომლიდანაც თურქული პოპი ისმის. ფეხბურთელს მეგობარი გოგონა ანა–მარია და შვილი, შვიდი წლის მონტი დახვდნენ, რომელიც გახარებულია მესუთის მოგების გამო. მონტის არგენტინის ნაკრების თეთრ–ცისფერი მაისური აცვია წარწერით "მესი", მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არავის აგდებს უხერხულ მდგომარეობაში. მონტი და მესუთი ერთმანეთს თავებს ახლიან და ორივე იცინის. ჩვეულებრივი ცხოვრება, ჩვეულებრივი ადამიანის სამყრო, რომლისკენაც ბოლო დროს მილიონობით ადამიანის მზერაა მიპყრობილი და რომლის გარშემოც მსხვილი თამაში იწყება.

მესუთ იოზილის ისტორია რთულია, თუმცა უკვე ჩვეულებრივია დღევანდელ დღეს. ის დაიბადა და გაიზარდა გელზენკირხენში, თურქულ ოჯახში, მრავალრიცხოვანი თურქი ნათესავების გარემოცვაში. იოზილების კლანი 100–ზე მეტ ადამიანს ითვლის. ბავშვობიდან შეისისხლხორცა წინაპრების კულტურა, მაგრამ 2007 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ბევრმა არაერთმნიშვნელოვნად აღიქვა. მესუთ იოზილმა გერმანიის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. სამი წლის შემდეგ კი მასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა და იქ ერის გმირად იქცა.

– მსოფლიოს ჩემპიონატამდე გერმანიაში უკვე გიცნობდნენ. ახლა უკვე მთელი მსოფლიოსთვის გახდით ცნობილი. არ გაშინებთ თქვენს მიმართ ასეთი ყურადღება?

– ასეთი რამისთვის წინასწარ ვერ მოემზადები, თუმცა შინაგანად მზად ვიყავი ერთი კატეგორიიდან მეორე, უფრო მაღალში გადასვლის გამო პრობლემები არ მექმნება. თუ ვინმეს სურს ჩემთან ფოტოს გადაღება ან ავტოგრაფის მიღება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ეს ხომ პროფესიონალი ფეხბურთელის მუშაობის შემადგენელი ნაწილია. ხოლო რაც შეეხება ჩემს მიმართ ყურადღების გაზრდას, ამას შეჩვეული ვარ. ეს მოედანზე ჩემს პოზიციას უკავშირდება. შემტევი ფეხბურთელების მიმართ ყურადღება ყოველთვის დიდია. მე ნახევარმცველი ვარ, მოედნის ცენტრის კრეატიული მოთამაშე. სწორედ ეს პოზიციია უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ფეხბურთში და სწორედ ამ პოზიციაზე შემიძლია საკუთარი შესაძლებლობების 100 პროცენტით რეალიზება. აშკარაა, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე მოთამაშე ადამიანი ავტომატურად ხვდება განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი.

– ბევრ გაზეთებში თქვენ "ოქროს ბურთის მფლობელს გადარებენ და "გერმანელ მესის" გიწოდებენ.

– საკუთარ თავს ასე ვერ ვუწოდებდი. ის მსოფლიო კლასის მოთამაშეა, მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს და მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, უკვე ძალიან ბევრს მიაღწია. მე კი რაიმე მსგავსის მისაღწევად კიდევ ბევრი მუშაობა მჭირდება. განსაკუთრებით იმ მხრივ, რასაც საგოლე აქტიურობა ეწოდება. რა თქმა უნდა, ამავე დროს ასეთი შედარება ჩემთვის უდიდესი პატივია და შემიძლია ამით ვიამაყო და მაქვს სრულიად გარკვეული მიზანი – შევიდე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შევიდე. როგორც ხედავთ, პატივმოყვარეობა არ მაკლია.

– და მაინც, ამ ზაფხულს მილიარდობით ადამიანი გადევნებდათ თვალს, ეს ხომ სრულიად ახალი, დაუვიწყარი გამოცდილებაა, ნუთუ ამის გამო გარკვეულ ზეწოლას ვერ გრძნობდით?

– ზეწოლას ნამდვილად არ განვიცდიდი. აბსოლუტურად. როდესაც მოედანზე გავდივარ ყველაფერი მავიწყდება. უბრალოდ თავიდან ამომდის. ასეთ მომენტში მხოლოდ თამაშს აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ სიამოვნებას, რომელსაც ბურთთან ყოველი შეხებისგან ვიღებ. ასეთ მომენტში ჩემთვის არ არსებობს განსხვავება ბავშვთა სათამაშო მოედანსა და სტადიონს შორის, თუნდაც მასზე მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი იმართებოდეს. რა თქმა უნდა, მესმის, რომ დღეს მე ათასობით ადამიანი მადევნებს თვალს სტადიონის ტრიბუნებიდან და კიდევ მილიონობით მაყურებელი ტელევიზორის ეკრანითან, მაგრამ როგორც კი მსაჯის სასტვენის ხმა გაისმება, ყველაფერი მავიწყდება. ზოგჯერ, როდესაც კუთხურის ალამთან აღმოჩნდები, უცბად აცნობიერებ, რომ ტრიბუნებზე უამრავი ადამიანი ზის. ერთადერთი განსხვავება იმ მოედნებს შორის რომლებზეც ამჟამად მიწევს თამაში და რომლებზეც ბავშვობაში ვთამაშობდი, იმაში მდგომარეობს, რომ იქ ისეთი შესანიშნავი გაზონი არ ყოფილა, უბრალო ქვიანი მიწა, რომელზეც ხშირად გადამიტყავებია მუხლები.

– მაინც, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ გასული მსოფლიოს ჩემპიონატიდან? გული დაგწყდათ, რომ ვერ მოახერხეთ ტიტულის მოგება, თუ გეამაყებათ, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე გერმანიის საუკეთესო ნაკრების ნაწილი იყავით?

– დღემდე გულდაწყვეტილი ვარ. ძალიან მინდოდა ტიტულის მოგება. მეორე მხრივ, ესპანეთის ნაკრებთან დამარცხება შეიძლება შეფასდეს როგორც შანსი, რომ ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაიზრდება, განვითარდება, გაძლიერდება. მე მჯერა გერმანიის ნაკრების, კრეატიულის, ძლიერის, დისციპლინირებულის, მებრძოლი ხასიათის.

– 21 წლის ყმაწვილის თაობაზე საკმაოდ თავდაჯერებით საუბრობთ.

– ჩვენი დიდი გზის დასაწყისში ვიმყოფებით. ბევრი ჩვენგანისთვის ეს პირველი დიდი ტურნირი იყო. ჩვენ ახალგაზრდები ვართ, პატივმოყვარენი, გვსურს განვვითარდეთ და ჩვენი პოტენციალი სრულად გამოვავლინოთ. საინტერესო იყო იმის ყურება, როგორ შეიცვალა უცბად დანარჩენმა მსოფლიომ ჩვენს მიმართ დამოკიდებულება, უფრო სერიოზულად და პატივისცემით გვეკიდებოდნენ. ჩვენ ყველაზე კრეატიული და ძლიერი გუნდი ვიყავით ამ ტურნირის სათამაშო კომპონენტში. იმედი მაქვს, რომ 4 წლის შემდეგ ბრაზილიაში შევძლებთ მთავარი მიზნის მიღწევას – მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას. გერმანია ამას იმსახურებს.

– მთელი თქვენი კრეატიულობისა და ტალანტის მიუხედავად შეიძლება, რომ თქვენ მშრომელი გიწოდოთ?

– ყოველ შემთხვევაში, მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები, რომლებიც წარმატებისგან თავს კარგავენ. ვიცი, რომ წარმატების მისაღწევად ბევრი უნდა ვიშრომო. პატარაობიდან მსურდა, რომ სხვებზე უკეთესი ვყოფილიყავი, არასდროს ვკმაყოფილდებოდი მიღწეულით. ისევე, როგორც ამჟამად. თავდაპირველად ჩემ მეგობრებზე უკეთესი გავხდი, შემდეგ ძმაზე უკეთესი. როდესაც ტელევიზორში ზიდანის ფინტებს უჩვენებდნენ, მაშინვე ეზოში გავრბოდი და მანამდე არ ვჩერდებოდი, სანამ მისი მსგავსი არ გამომივიდოდა.

– ვის ჰგავხართ ასეთი პატივმოყვარე?

– მამას. იმ დროს როდესაც ბავშვობაში ყველა მანებივრებდა და მაქებდა, მამა ყოველთვის მხოლოდ სიმართლეს მეუბნებოდა, რაც სინამდვილეში იყო. ეს მნიშვნელოვანია. თუმცა თავადაც ვხვდებოდი, თუ რამე ისე არ გამომდიოდა, როგორც საჭირო იყო.

– მსოფლიოს ჩემპიონატამდე გერმანული ფეხბურთი პერ მერტეზაკერივით გამოიყურებოდა: დიდი, ძლიერი, მკვეთრი. ახლა ბევრი რამ შეიცვალა და სწორედ თქვენ წარმოადგენთ გერმანელი მოთამაშის ახალ ტიპს – ელეგანტურს, დახვეწილს. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი ამბობს, რომ თქვენი პოზიცია უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ფეხბურთში.

– ჩემთვის ფეხბურთი ჭეშმარიტი სიამოვნებაა, ტკბობაა. როდესაც ბურთს ვხედავ, თავს ვერ ვიკავებ, რათა არ შევეხო და ტრიუკების კეთება არ დავიწყო. მეორე მხრივ, გუნდის გარეშე ვერაფერს მივაღწევ. და იმისგან, რომ თავისუფალ სივრცეს დავინახავ, საითაც შემიძლია ბურთის გაგზავნა, სარგებლობის მომტანი არ იქნება, თუ იქ არავინ დახვდება მას, ფეხბურთი ხომ სპორტის გუნდური სახეობაა. გერმანიის ნაკრებში ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ, ყველას თანაგუნდელისთვის მხოლოდ კარგი უნდა, ყველა მხარში უდგას მეგობარს. როგორც ნათქვამია, ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ნაკრებში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. ჩვენ ერთმანეთისგან საიდუმლოებები არ გვქონდა, ბევრს ვხუმრობდით და არავის სწყინდა. მაგალითად, კარში დარტყმებზე მუშაობის დროს ნიძლავს ვდებდით, ვინ გაიტანდა ყველაზე ნაკლებ გოლს, რომელსაც საღამოთი სადილობის დროს ყველასთვის საჭმელი უნდა მიეტანა.

– რამდენად ხშირად აგებდით?

– ძალიან იშვიათად. ჩვეულებრივ სხვას მოჰქონდა ჩემთვის სადილი.

– მაინც ვის?

– სახელს არ ვიტყვი, შეიძლება ბიჭებს ეწყინოთ, კარგით, ტიმ ვიზეს. ერთხელ დავენიძლავე, რომ იმაზე მეტ გოლს გავიტანდი, ვიდრე ის საერთოდ კარში დაარტყამდა, და იმ საღამოს ჩემს ოფიციანტად მოუხდა მუშაობა.

– გერმანიის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში იგივე გზა გაიარა, რაც ოთხი წლით ადრე: შთამბეჭდავი ფეხბურთი, ნახევარფინალში დამარცხება და საბოლოოდ მესამე ადგილი. მაშინ თქვენ 17 წლის იყავით, ახლა კი თქვენ ტურინირის ერთ–ერთი გმირი გახდით. წარმოიდგენდით, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდებოდა?

– არა. ოთხი წლის წინ ბუნდესლიგაში ერთი თამაშიც კი არ მქონდა ჩატარებული. იმ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებიდან ორ თვეში ახალგაზრდულ ნაკრებში გამომიძახეს, ხოლო 2009 წელს ნაკრების ამჟამინდელ ზოგიერთ მოთამაშესთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ. ვერც ერთი ჩვენგანი წარმოიდგენდა მაშინ, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდებოდა. თითქოს ოცნება ცხადად იქცა. ამჯერად ბევრი ფიქრობდა, რომ ჩვენ ადრე გამოვეთიშებოდით ტურნირს, ვინაიდან ძალიან ახალგაზრდული გუნდი ვიყავით. სინამდვილეში კი ჩვენ გამარჯვებებს მოწყურებულები ვიყავით. ადრე ითვლებოდა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მამოძრავებელი ბრძოლა იყო, ჩვენ კი გვსურდა დაგვემტკიცებინა, რომ შეგვეძლო საკუთარი თამაშით გაგვებრწყინა. სხვათა შორის, ამ თვისებას ტიპიურ გერმანულად მივიჩნევ და ამით ძალიან ვამაყობ.

– დღევანდელ გერმანიის ნაკრებში უამრავი კულტურაა ერთმანეთს შერწყმული. თავად თუ მიიჩნევთ თქვენს გუნდს საზოგადოების ერთგვარ სახედ?

– რა თქმა უნდა. უფრო მეტიც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კარგი და აბსოლუტურად ნორმალურია. ჩვენ ხომ ასეთ საზოგადოებაში გავიზარდეთ, მასში სხვადასხვა კულტურული ტრადიციებია შერწყმული. საკუთარ თავზე ვიტყვი: მე გერმანიისთვის ვთამაშობ, ვინაიდან თავს გერმანელად მივიჩნევ, მაგრამ ასევე არ მავიწყდება, რომ ჩემს ძარღვებში თურქული სისხლი ჩქეფს და ჩემი თურქული ფესვებითაც ასევე ვამაყობ. მერწმუნეთ, რომ გუნდში ყველას ეამაყება, მკერდზე არწივის გამოსახულებიან ემბლემას რომ ატარებენ, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ამავე დროს ერთმანეთთან საკუთარ ფესვებზე ვსაუბრობთ, ჩვენი წინაპრების კულტურულ ტრადიციებზე. ჩემთვის საინტერესოა ის, რასაც ბოატენგი განაზე ყვება, დენის აოგო – ნიგერიაზე, ან კაკაუ ბრაზილიაზე.

– ბავშვობაში დიდ დროს ატარებდით ეზოში, ფეხბურთის თამაშში. მაშინ ვინ იყვნენ თქვენი მეგობრები გუნდში?

– ლიბანელები, თურქები, ტუნისელები, გერმანელები და ყველასგან რაღაცას ვსწავლობდი. საფრანგეთში ასეთი რამ უკვე დიდი ხანია არსებობს, იქ ეროვნულ გუნდში საუკეთესო მოთამაშეები იყრიან თავს, რომლებიც სხვადასხვა კულტურას წარმოადგენენ. ახლა ეს ჩვენთვისაც ნორმა ხდება. პრინციპში ასეთია დღევანდელი სამყარო. უბრალოდ, ის უნდა მივიღოთ, როგორიც არის.

– პოლიტიკოსებს თქვენ მაგალითად მოჰყავხართ, როგორც წარმატებული ინტეგრაციის მაგალითი. გსიამოვნებთ ასეთი ყურადღება თუ ფიქრობთ: "თავი დამანებეთ, უბრალოდ ფეხბურთის თამაში მაცალეთ!"

– თავს შესანიშნავად ვგრძნობ კარგი მაგალითის როლში. საერთოდ, აზრის თავისუფლების, თანამშრომლობის მომხრე ვარ. შესანიშნავია, თუ ქუჩაში მოთამაშე ბიჭები მაგალითს ჩემგან აიღებენ. ბევრს ხომ დიდხანს არ ესმოდა, რატომ ვთამაშობ გერმანიის სახელით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები თურქები არიან. მაგრამ მე ხომ დავიბადე და გავიზარდე გერმანიაში, აქ დავიწყე მუშაობა, აქ ცხოვრობენ ჩემი მეგობრები და მინდა, რომ ჩემი მაგალითით ვაჩვენო სხვადასხვა წარმომავლობის ახალგაზრდებს, რომ მათაც შეუძლიათ ამის მიღწევა. თქვენ გერმანიაში ცხოვრობთ, ეს თქვენი ქვეყანაა. თქვენ შეგიძლიათ მისთვის ბევრი რამის გაკეთება.

– პოლიტიკაში ხომ არ ცდიდით მუშაობის დაწყებას?

– არა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის.

– და მაინც, მზად ხართ აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა საკუთარი სიტყვებისთვის. ლოზუნგი "შენც შეგიძლია მიაღწიო იმას, რასაც მიაღწია მესუთ იოზილმა!" ურიგო დევიზი არ იქნება პიარ კამპანიისთვის.

– მზად ვარ ის კეთილი საქმისთვის გამოვიყენო. მაგალითად, ყურადღება მივიზიდო ფონდისთვის, რომლის მიზანს სხვადასხვა სოციალური პროგრამების მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენ ვისურვებდით სასკოლო გაცვლების განხორციელებას გერმანიის შიგნით გერმანულ და ემიგრანტთა ოჯახებს შორის. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. ჩვენ ყველანი ერთად ვცხოვრობთ ერთ მიწაზე, მოდით, უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი და გონივრულად თანაცხოვრებას ვესწრაფვოთ.

– გერმანიის ნაკრებში 2009 წლის თებერვალში თქვენი დებიუტის შემდეგ, თქვენი ოფიციალური ვებ–გვერდზე იმდენი არასასურველი კომენტარი გამოჩნდა, რომ იძულებული გახდით დაგეხურათ. ფეისბუქში თქვენს გვერდზე ბევრი გულშემატკივარი ემიგრანტთა ოჯახებიდან გამოთქვამდა აზრს, რომ მათ თქვენგან განსხვავებით შანსები არ ჰქონდათ. მაგრამ თავად თქვენც დიდი შრომის ფასად შეძელით ამ ყოველივეს მიღწევა?

– რა თქმა უნდა. დღევანდელ გერმანიაში ყველა საკუთარ გამოცდილებას იძენს. და ის, რომ მე ფეხბურთს ვთამაშობ, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა ავტომატურად გვარდება. შემიძლია ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ თავისთავად არაფერი მოდის, გაინძერით, მიზანი დაისახეთ და მისკენ ნაბიჯ–ნაბიჯ იარეთ.

– პირადად თუ მოგიხდათ ადრე ბრძოლა ასეთ ცრურწმენებთან ან რასიზმის გამოვლინებასთან?

– არა. საბედნიეროდ, ამ მხრივ მხოლოდ დადებითი გამოცდილება მაქვს. როდესაც ვთქვი, რომ გერმანიის ნაკრებში ვითამაშებდი, ბევრმა მომილოცა და მუშტშემართული მიცავდა. მათ შორის ბევრი თურქი ამბობდა, ჩვენ გვეამაყება, რომ გერმანელი თურქული ფესვებით თამაშობს გერმანიის ნაკრებში. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამ დროს მოედანზე ჩვენი ნაწილიც იმყოფებაო.

– თქვენი აზრით, რა უნდა იცოდეს გერმანელმა თურქულ კულტურაზე?

– ჩვენი ერთობა, ჩვენი ერთ მუშტად შეკვრა, მეგობრობის ხელოვნება, ჩვენი დამოკიდებულება ოჯახური ფასეულობების მიმართ, რა არის მნივშნელოვანი და რისი სწავლაა საჭირო. რა პრობლემებიც უნდა წარმოიშვას ჩემს წინაშე, ოჯახი და მეგობრები ყოველთვის მხარში მიდგანან. ადამიანები არა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, ისინი სხვებზეც ზრუნავენ, ასევე იმაზე, რაც ხვალინდელ ბედნიერ დღეს მოგვიტანს.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online