asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დიმა ტატიშვილი: "შეიძლება სასულიერო პირი გავხდე"
"შეიძლება სასულიერო პირი გავხდე"
დიმა ტატიშვილი: "შეიძლება სასულიერო პირი გავხდე"

2010-11-03 11:08:52



მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი დიმა ტატიშვილი ძალიან მრაფალფეროვანი ადამიანია, რაშიც ინტერვიუს წაკითხვის დროს თავად დარწმუნდებით. მანამდე კი გეტყვით, რომ ბატონ დიმას უყვარს სპორტი, განსაკუთრებით კალათბურთი. სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობდა, მაგრამ რატომღაც თავი დაანება. ჩათვალა, რომ 185 სანტიმეტრი სიმაღლე კალათბურთისთვის საკმარისი არ იყო. "გუმბათთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნადირობა ძალიან უყვარს, მაგრამ ერთი შემთხვევის გამო, სანადიროდ აღარ დადის. ჩვენს შეკითხვაზე, რომ არა მსახიობი, ვინ შეიძლებოდა გამოსულიყო, საკმაოდ საინტერესო პასუხი მივიღეთ.



– ბატონო დიმა, ახალ სერიალზე "დეტექტივები", რომელშიც ერთ–ერთ მთავარ როლს ასრულებთ, რას გვეტყვით?

– ბევრი ჩემი ახლობელი მეუბნება, კარგია, რომ ასეთი სერიალი გადაიღეთო, მაქებენ. ეს ძალიან მსიამოვნებს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემს სამსახიობო კარიერაში განსაკუთრებული როლი იყო, უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. თუკი, სერიალი ხალხს მოსწონს, ჩემთვის სასიამოვნოა. როდესაც სერიალს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ზოგი რამის გაკეთება უფრო კარგადაც შემეძლო. თუმცა, კინოსა და ზოგადად, ტელევიზიის სპეციფიკაც ეგ არის, რომ რასაც გადაიღებ, ვერ გამოასწორებ. საერთო ჯამში, ყველაფრით კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, ბევრ მეგობართან მომიწია მუშაობა, ვისთან ერთადაც ბევრჯერ მიმუშავია. სამუშაო ადვილი არ ყოფილა, ბევრი მომზადება გვჭირდებოდა.

– თქვენი პერსონაჟი რამდენად საინტერესოა თქვენთვის?

– ძალიან საინტერესოა. საერთოდ, სერიალის სპეციფიკა ფილმისგან იმით განსხვავდება, რომ შეიძლება სცენარში ცვლილებები შევიდეს, რადგან, როდესაც ამა თუ იმ როლზე გარკვეული მსახიობი მტკიცდება, შესაძლოა, სცენარში ამ მსახიობიდან გამომდინარე, რაღაც კორექტივების შეტანა მოხდეს. მე რომ როლზე დამამტკიცეს, პირველ გადაღებებზე სცენარისტები მიხვდნენ, რომ ჩემებური ვერსიაც მისაღები იყო, ეს ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე მოხდა. მე გარკვეული სიტუაციები შევთავაზე. გადაღებების მომენტში ვგრძნობდი, რომ სცენარისტები ჩემზე ზრუნავდნენ. ასე რომ, ჩემი გმირი ერთობლივი ძალებით გამოიკვეთა. რაც მთავარია, კარგი პარტნიორები მყავდა და ერთმანეთს ხელს ვუწყობდით.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ მეგობრებს ახალი სერიალი და თქვენი გმირი მოსწონთ, რას იტყვით ოჯახის წევრებზე?

– კი, მეგობრებს, ახლობლებსა და ასევე ჩემი ოჯახის წევრებს მოსწონთ. იმასაც ვხვდები, რომ მათი შეფასება ბოლომდე ობიექტური არაა. თუმცა ფაქტია, რომ გარკვეულწილად მოსწონთ. ვერ ვიტყვი იმას, რომ ამ სერიალში ვარსკვლავებს ვწყვეტ, ან საქმე თავში ასავარდნად მაქვს, მაგრამ ალბათ, მართლაც კარგია. ყოველ შემთხვევაში, კრიტიკული არაფერი უთქვამთ. ალბათ მიფრთხილდებიან.

– ანუ კრიტიკა არავისგან მიგიღიათ?

– კი, ოღონდ ეს უფრო პროფესიული შენიშვნებია. ზოგადად, რჩევები მივიღე ამ საქმის პროფესიონალებისგან. ეს მხოლოდ ჩემ მიმართ კი არა, სხვა პერსონაჟების მიმართაც იყო. რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ ეს სერიალი უმაღლესი ხარისხის იყოს. ძირითადად, მეუბნებიან, ეს უფრო კარგად შეიძლებოდა გაკეთებულიყოო. ამას მეც ვეთანხმები, მაგრამ საშუალება არ იყო, რომ ასე გაკეთებულიყო.

– სერიალის მეორე სეზონის გადაღებასაც აპირებთ?

– კი, აუცილებლად გადავიღებთ. ალბათ, გადაღებები დეკემბრიდან დაიწყება. მასში უფრო მეტი კორექტივების შეტანა დაგვჭირდება და, სავარაუდოდ, უფრო კარგიც გამოვა. სცენები გაცილებით უფრო მასშტაბური და მძაფრი იქნება. გვპირდებიან, რომ დეტექტიური ჟანრისთვის დამახასიათებელი სცენები მრავლად იქნება. უფრო მდიდრულად გადავიღებთ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მდიდრულ სახლებში გადავიღებთ. საერთოდ, ხომ იცით, ყველაზე მეტი ფული აფეთქებებში იხარჯება და, შესაბამისად, მეორე სეზონიც მდიდრული ამ მხრივ იქნება. ისევე, როგორც პირველი სეზონი, მეორეც რეალურ ფაქტებზე აგებული იქნება.

– როგორც მივხვდი, თქვენ მსახიობების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც თავიანთ ფილმებს უყურებენ, რადგან ბევრ მსახიობს არ უყვარს მისი ფილმის ყურება.

– კი, მე სულ ვუყურებ, იმიტომ, რომ კრიტიკულად შევხედო. განებივრებული არ ვარ იმით, რომ ყოველდღე ჩემს ფილმებს აჩვენებდნენ, მაგრამ რა ფილმსა და სერიალშიც მიმიღია მონაწილეობა, შემდეგ ყველა მინახავს. ხომ უნდა ვიცოდე, რასაც ვაკეთებ. გადასაღებ მოედანზე შეიძლება მეგონოს, რომ კარგად ვაკეთებ საქმეს, მაგრამ როდესაც ვნახავ, შესაძლოა, რაიმე დეფექტი აღმოვაჩინო. ბევრი დიდი მსახიობი უყურებს ფილმებს თავისი მონაწილეობით და მეც რომ ვუყურო, რა მოხდება?

– რეალურ ცხოვრებაში თუ გიფიქრიათ, რომ გამომძიებელი გამხდარიყავით?

– არა, რადგან ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ძალიან რთულია. ამაში განსაკუთრებით მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც ამ სერიალზე მუშაობა დავიწყეთ. მომზადებების დროს ბევრი ისეთი ნიუანსი გავიგე, რაც ძალიან რთულად მომეჩვენა. გადაღებების დაწყებამდე მსახიობები პოლიციის აკადემიაში დავდიოდით და საპროცესო დეტალებს ვსწავლობდით. ბევრი ასპექტი მანამდე ჩემთვის უცნობი იყო. ვთვლი, რომ გამოძიება ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან ამ დროს დაზარალებულზე ფიქრობ, რომელსაც ერთი სული აქვს დანაშაული გაიხსნას. უდიდესი დანაშაულია, როდესაც ვიღაცას კლავენ, მაგრამ არანაკლებია, როდესაც ვიღაც უდანაშაულოს დაიჭერ. ასე რომ, ამ პროფესიაზე არასდროს მიოცნებია.

– და რომ არა მსახიობი, სხვა რომელ პროფესიაში წარმოგიდგენიათ თქვენი თავი?

– მსახიობი რომ არ გავმხდარიყავი, ან სამხედრო, ანდა სასულიერო პირი ვიქნებოდი. სხვაგან საკუთარ თავს ვერ ვხედავ. სამხედროობა იმიტომ მინდოდა, რომ ეს კაცის საქმეა და ალბათ ყველა მამაკაცს უფიქრია ამაზე.

– სავალდებულო ჯარის გარდა, ამ საქმესთან სხვა მხრივ შეხება გქონიათ?

– არა, მაგრამ სავალდებულო ჯარში ორი წელი ვიყავი და ეს ცოტა დრო ნამდვილად არაა. ერთი წელი რომ გავიდა, შემომთავაზეს, სამხედრო სასწავლებელში უგამოცდოდ ჩააბარე და მერე უკვე ლეიტენანტი გახდებიო. ამ დროს თეატრალური ინსტიტუტი უკვე დამთავრებული მქონდა. დიდად არ მიყოყმანია, ამ შემოთავაზებას დავთანხმებულიყავი თუ არა, მაგრამ კი გავიფიქრე, რომ უარი არ უნდა მეთქვა. უბრალოდ ეს ისეთი პერიოდი იყო, როდესაც იმის პერსპექტივა ნაკლები იყო, რომ შემდგომში სამშობლოს გამოვადგებოდი. ჯარი 1987 წელს მოვიხადე. მაშინ მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირის ხელში იყო. ამდენად, რეალურად არ მეჩვენებოდა ის ფაქტი, რომ მე, როგორც სამხედრო პირი, საქართველოს დავჭირდებოდი. საქმე ასე რომ არ ყოფილიყო, დღეს ალბათ სამხედრო ვიქნებოდი.

– რაც შეეხება სასულიერო პირს, ამისი სურვილი რისგან გამომდინარე გქონდათ?

– ამაზე პერმანენტულად ვფიქრობ ხოლმე და მომავალშიც არ გამოვრიცხავ, რომ ამ კუთხით წავიდე. მე უმაღლეს სასულიერო პირობაზე არ ვფიქრობ, უბრალოდ მინდა საკუთარი სულის გადარჩენასა და ამაღლებაზე ვიზრუნო. ბევრი ახლო მეგობარი მყავს, რომელიც სასულიერო პირია და ალბათ ამ საქმეში ჩახედული რომ ვარ, მეც იმიტომ მაქვს ამისი სურვილი.

– "ქაღალდის ტყვიაში" მღვდლის როლი შეასრულეთ. არ გაგიჭირდათ, მით უმეტეს, რომ შესაძლოა, ასეთი რამ რეალურადაც მოხდეს თქვენს ცხოვრებაში?

– ნაკლებად გამიჭირდა და ალბათ ამაში ჩემი განწყობაც დამეხმარა. ასევე ძალიან დამეხმარა უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა–კურთხევა. როდესაც ამ როლზე დამამტკიცეს, რეჟისორს ვუთხარი, რომ კურთხევის გარეშე ამას ვერ გავაკეთებდი, ისიც დამთანხმდა. შემდეგ ჩემს მეგობარს, მამა დემეტრეს მივმართე და ვინაიდან მე მოძღვარი არ მყავს, ვუთხარი, მირჩიე, ვინ დამლოცოს–თქო. მანაც მითხრა, პატრიარქს შეგახვედრებ და თავად დაგლოცავსო. მართლაც, უწმინდესმა ილია || დამლოცა და ალბათ ჩემი ამ სერიალში მონაწილეობა მხოლოდ ამიტომაც ღირდა. უბედნიერესი ვიყავი, რომ პატრიარქისგან პირადად მივიღე ლოცვა–კურთხევა.

– თეატრისა და კინოს მსახიობი ხართ, სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?

– ამაზე მიფიქრია და ერთ დასკვნამდე ვერ მივსულვარ. ყოფილა შემთხვევა, რომ თეატრში ყველაზე კომფორტულად მიგრძვნია თავი და ისეც ყოფილა, რომ იგივე გრძნობა კინოში თამაშის დროსაც დამუფლებია. კინო და თეატრი ერთმანეთისგან განსხვავდება, ზოგჯერ რაღაც გაგიადვილდება, ზოგჯერ – არა. მაგრამ, ჩემი აზრით, ამაზე დაწვრილებით საუბარი არ ღირს. მაყურებელს ხომ მხოლოდ ამ ყველაფრიდან შედეგი აინტერესებს. კარგი შედეგის მისაღწევად კი ჩვენ, მსახიობებმა, უნდა ვიმტვრიოთ თავი.

– დამღლელი სამუშაოს შემდეგ, განტვირთვას როგორ ახერხებთ?

– ვერ გეტყვით, რომ ამ საქმეში ორიგინალური ვარ. ზოგიერთ ადამიანს, სამსახურის შემდეგ, მეგობრებთან ერთად ქეიფი ურჩევნია. მე კი ისეთი ტიპი ვარ, რომელსაც სახლში, ოჯახთან ყოფნა ურჩევნია. თუმცა, ხანდახან, მეგობრების წრეში ყოფნაც კარგია და მაგასაც ვაკეთებ ხოლმე. ქეიფის დროს, ბუნებრივია, უნდა დალიო და არა მგონია, რომ ამ დროს სულიერად ისვენებდე. ანუ ამ სიტუაციას თავისებური განტვირთვა ახასიათებს. მე სახლში ყოფნა მირჩევნია, სადაც ჩემი მეუღლე და ორი ქალიშვილი არიან. მათთან ერთად თავს მშვიდად ვგრძნობ. ჩემთვის ეს საუკეთესო განტვირთვაა. არ ვიცი, მეტი რა უნდა ვაკეთო საღამოობით. კაზინოსა და მსგავს ადგილებში სიარული არ მიზიდავს.

– აზარტული არ ხართ?

– კი, ვარ, მაგრამ აზარტს სხვა სფეროში გამოვხატავ. სპორტი ძალიან მიყვარს და ხშირად, როდესაც სახლში ვარ, სპორტულ თამაშებს თვალს ვადევნებ. ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ სახლში ორი ტელევიზორი მქონოდა, რადგან მე რისი ყურებაც მინდა, ჩემებს არ უნდათ ხოლმე. ამიტომაც მეორე ტელევიზორთან ვჯდები და სპორტს ვუყურებ. სპორტულ ღონისძიებებს უშუალოდ რომ დავესწრო, ამის საშუალება ყოველთვის არ მაქვს, თუმცა, ტელევიზორში მაინც ვუყურებ. მხოლოდ ფეხბურთი და კალათბურთი კი არა, ჰოკეი და ჩოგბურთიც მიყვარს. ჩვენი სპორტსმენების წარმატებები კალათბურთში, რაგბიში და ჭიდაობაში ძალიან მიხარია. ფეხბურთში პატარების იმედი მაქვს. ჩემთვის, შეიძლება ითქვას, რომ სპორტი განტვირთვაა. ამაში აზარტიც არის და ხელოვნებაც. ორჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის თამაშს რომ ვუყურებ, ვგრძნობ, რომ ჩოგბურთი ნამდვილად მათი საქმეა. მათ გარდა, კიდევ ბევრი კარგი ჩოგბურთელია, მაგრამ ისინი ყოველთვის შედეგს ვერ აღწევენ. ფეხბურთზე უკვე აღარაფერს ვიტყვი, რადგან განსაკუთრებით მიყვარს.

– სპორტის რომელიმე სახეობაში გივარჯიშიათ?

– კალათბურთზე დავდიოდი. სხვათა შორის, ეს ბევრმა არ იცის. დაახლოებით ათი სანტიმეტრით მაღალი რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა, ამ სპორტს ბოლომდე გავყოლოდი. ჩემი სიმაღლე სცენისთვის კარგია, მაგრამ კალათბურთისთვის – არა. მართალია, სიმაღლეში 185 სანტიმეტრი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვთვლიდი, რომ კალათბურთს უფრო მეტი სჭირდება, მით უმეტეს, თანამედროვეობაში. თუმცა, გამონაკლისებიც არის და ზოგი, მაგალითად, 180 სანტიმეტრია. უბრალოდ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არა იყო და როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი, ისეთი ვერ გამოვიდოდი. ალბათ ასე იყო საჭირო და არა მგონია, რომ ქართულმა კალათბურთმა ჩემი სახით ვარსკვლავი დაკარგა.

– ნადირობა და თევზაობა თუ გიტაცებთ?

– ადრე ძალიან გატაცებული ვიყავი და სანადიროდაც ხშირად დავდიოდი. თუმცა, კარგა ხანია, არც სანადიროდ და არც სათევზაოდ აღარ ვყოფილვარ. ერთხელ ისეთი რამ შემემთხვა, რომ მას მერე სანადიროდ მხოლოდ ერთხელ წავედი, მაგრამ ვეღარ ვისროლე.

– ასეთი რა შეგემთხვათ?

– მელია მოვკალი, რომელიც არაფერში მჭირდებოდა. არც მისი ფიტულის და არც მისი ქურქის გამკეთებელი არ ვიყავი. ცოტა ბრაკონიერულად მოვიქეცი. ამ მელიას მანქანით მივყვებოდით, ერთხელ ვესროლეთ და გაიქცა. ისევ გავეკიდეთ. მოკლედ, ბევრი დევნის შემდეგ, გაჩერდა და შემომხედა. იმ დროს ვიგრძენი, რომ ცოცხალი არსების სიკვდილს თვალებში ვუყურებდი. ჩახმახს მაინც გამოვკარი და მელია მოვკალი, მაგრამ ამ ფაქტმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებოდი, საქმე რაში იყო. ამის მერე, სანადიროდ რომ წავედი, მივხვდი, რომ ვეღარაფერს მოვკლავდი, ამიტომაც დაღლილობა მოვიმიზეზე და არ ვინადირე. მას შემდეგ, სანადიროდ არ მივდივარ. ბუნება ძალიან მიყვარს, იქ ყოფნა, ნადირობა, თევზაობა ისევე, როგორც ყველა მამაკაცს, მეც მომწონს, მაგრამ იმ შემთხვევის მერე აღარ დავდივარ. ახლა შეიძლება ჩემზე ვინმემ თქვას, რომ კარგად ვერ არისო. თუმცა, ამას თუ ადამიანური კუთხით შევხედავთ, მართალი ვარ. თეორიულად ვიცი, რომ მელიას არანაირი ინტელექტი არ აქვს, მაგრამ მისმა შემოხედვამ სხვანაირად დამაფიქრა.

– ისე, გადიხართ ხოლმე ქალაქგარეთ, თუნდაც დასვენების მიზნით?

– ძალიან იშვიათად. ბუნება იმ დონემდე მიყვარს, რომ იქ ყოფნა ხშირად მენატრება. ზღვა, მთა, ყველაფერი მიყვარს. მხოლოდ "დისქოვერისა" და "ნაციონალ გეოგრაფის" საშუალებით ვმოგზაურობ. რატომღაც ქალქგარეთ წასვლას ვერ ვახერხებ, თანაც მარტო ხომ არ წავალ, გიჟივით?

– თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ბუნებაში მარტო იმიტომ მიდის, რომ განმარტოვდეს.

– განმარტოვება მეც მიყვარს, ოღონდ ბუნებაში – არა. მირჩევნია სახლში განვმარტოვდე. ჯერჯერობით, ტყეში მარტო სიარული არ დამიწყია. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. პრინციპში, ბუნებაში წასვლის დრო არც მაქვს, ამ ეტაპზე ძალიან დაკავებული ვარ. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" იღებს ფილმებს, რომელთა გადაღებაც საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში ხდება. მე, უბრალოდ, ტექსტს ვკითხულობ. უკვე რამდენიმე ქვეყანაში ვიყავით და ახლა დანარჩენებში უნდა გავემგზავროთ.

– ალკოჰოლურ სასმელთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– ჩვეულებრივი. შეიძლება ერთი თვე გავიდეს და არ დავლიო. საერთოდ, როდესაც საღამო თავისუფალი მაქვს, დალევისაგნ მაინც თავს ვიკავებ, რადგან მეორე დღეს ან გადაღება მაქვს, ან რეპეტიცია, ანდა გახმოვანება. ნაბახუსევზე კი, საქმის კეთება მეზარება და თუ მაინც გავაკეთე, ისეთი არ გამოვა, მე როგორიც მინდა. თუმცა, როდესაც საშუალება არის, როგორც ყველა ქართველს, დალევა მეც მიყვარს. უპირატესობას ტრადიციულ ღვინოს ვანიჭებ. ასევე ჩემთვის დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვისთან ერთად დავლევ. ახლობლების წრეში დალევა მირჩევნია. ხალხმრავლობა და ვიღაცის დაკრული მუსიკა არ მომწონს. თანაც ხშირად ისეთ მუსიკას არ უკრავენ, რაც მე მომწონს. ძირითადად, მეგობრები ვიკრიბებით, სადაც მაქსიმუმ ათი კაცი ვართ ხოლმე და თუკი სიტუაცია მოიტანს, ვმღერით კიდეც. ასე რომ, სასმელთან ჩვეულებრივად ვარ. მასზე დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ და იმედი მაქვს, რომ ამის საფრთხე არც მომავალში მემუქრება. ნასვამ მდგომარეობაში სისულელეების კეთება არ მჩვევია და ვინაიდან, მსგავსი რაღაცეები აქამდე არ გამიკეთებია, არც გავაკეთებ.

თეონა კენჭიაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online