asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორც იქნა, პრიმერა დივიზიონში ვთამაშობ
დავიდ ტრეზეგე ბედს შეეგუა
როგორც იქნა, პრიმერა დივიზიონში ვთამაშობ

2010-10-26 15:13:48



ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მოკრძალებულ კლუბში დევიდ ტრეზეგეს გადასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა. 33 წლის ფორვარდისგან, რომელიც საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გამხდარა, ალბათ, ასეთ ნაბიჯს არავინ ელოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ "იუვენტუსის" ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერ ბომბარდირს ალიკანტურ გუნდზე გაცილებით სახელოვანი კლუბები სიამოვნებით მიიღებდნენ.

თუმცა, ფრანგმა გოლეადორმა არჩევანი "ჰერკულესის" სასარგებლოდ გააკეთა და არგენტინელი მარიო კემპესის შემდეგ, მეორე მსოფლიოს ჩემპიონი აღმოჩნდა, რომელსაც ამ კლუბში უთამაშია.

ტრეზეგემ, რომელმაც პრიმერა დივიზიონში ჩატარებულ 4 მატჩში უკვე 3 გოლი გაიტანა, მისი გადაწყვეტილების მიზეზებზე ესპანურ გამოცემა დონ ბალონთან ისაუბრა.

– ბოლოს და ბოლოს პრიმერა დივიზიონში თქვენი ხილვის საშუალება მოგვეცა...

– ამ ფაქტით თავადაც კმაყოფილი ვარ. მოვლენები ისე განვითარდა, რომ აქამდე ესპანეთში თამაშის საშუალება არ მომეცა, მით უმეტეს, ტოპ–კლუბში.

– მაგალითად, "ბარსელონაში"?

– ან "ვალენსიაში", ან მადრიდის "რეალში".

– თუმცა, "ბარსელონას" ვარიანტი ყველაზე მისაღები ჩანდა, არა?

– საერთო ჯამში, ასეა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი სათამაშო სტილის მქონე გუნდში გადასვლა, მაგრამ კლუბებს შორის კონკრეტული საუბარი არ ყოფილა და "იუვენტუსში" თამაშს ვაგრძელებდი.

– იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები კიდევ გამოიჩენდნენ თქვენდამი ინტერესს, "ბარსელონაში" გადასვლას დათანხმდებოდით?

– ამ ნაბიჯს იოლად გადავდგამდი კლუბის ისტორიისა და განსაკუთრებული სათამაშო სტილის გამო... "ბარსას" კარგი თამაში ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი გახდებოდა. თუმცა, ამას ახდენა არ ეწერა, მაგრამ, არ ვნანობ იმ პერიოდის განმავლობაში "იუვენტუსში" რომ დავრჩი.

– რამდენიმე კვირის წინ, "ბარსას" კარგი თამაში "ჰერკულესთან" დაიმსხვრა...

– დიახ, მაგრამ "ბარსელონა" თავის განსაკუთრებულ ფეხბურთს აჩვენებს, რადგან უკვე არაერთი წელია მათ თამაშში უპირატესი შეტევაა.

– პეპ გვარდიოლა 4–3–3 სქემის ერთგულია...

– იტალიაში ამ სქემით არავინ თამაშობს. იტალიური ფეხბურთი გაცილებით დახურულია, ვიდრე ესპანური. უპირველეს ყოვლისა, ეს პატარა გუნდებს ეხებათ, რომელთა ერთადერთი მიზანი საკუთარი კარის დაცვაა. ამიტომ, იტალიაში გოლეადორობა ძალიან ძნელია. სწორედ ამიტომ ვარ კმაყოფილი, როდესაც "იუვენტუსში" საკუთარმიღწევებს ვიხსენებ.

– ჟოზე მოურინიუს სუსტი ადგილები არ აქვს?

– მოურინიუ სულით გამარჯვებულია. მან ეს ყველა გუნდში აჩვენა, სადაც იმუშავა. ის ქარიზმატული ფიგურაა და მისი იმიჯი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

იგი პრესასთან ურთიერთობაში დახელოვნებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგები მის სასარგებლოდ მეტყველებს. მან იტალიაში "ინტერთან" ერთად ყველა ტიტული მოიგო, რაც შეუძლებელი ჩანდა. ახლა მის წინაშე იგივე ამოცანა "რეალში" დგას.

– ფიქრობთ, რომ ის ამას შეძლებს?

– ნათელია, რომ მას ყველაფერი აქვს, რათა ეს წარმატება გაიმეოროს, თუმცა მის უკან ფეხბურთელები დგანან. აუცილებელია, მათ მოურინიუს თამაშის კონცეფცია შეითვისონ.

– მაინც ასეთი რა კონცეფციაა?

– მოურინიუ მწვრთნელია, რომელიც უპირატესობას დაცვით ტაქტიკას ანიჭებს, მაგრამ მას სხვაგვარად თამაში მოუწევს, რადგან ესპანეთში ასეთ ფეხბურთს მიჩვეული არ არიან. ჯერჯერობით მას ამის გაკეთება გამოსდის.

– ფეხბურთელებმა კი წარმატებას უნდა მიაღწიონ. მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუმ...

– უდავოა, მოურინიუს შეგნებული აქვს, რომ ნიჭიერ გუნდს ავარჯიშებს, სადაც უმაღლესი დონის ფეხბურთელები გამოდიან. კრიშტიანუ კი ერთ–ერთი მათგანია. მისი თამაშის სანახავად მაყურებელი სტადიონზე სიამოვნებით მიდის, ისევე, როგორც ლეო მესის.

– რადგან "ბარსელონას" ფეხბურთელი ახსენეთ, თქვენი აზრით, რონალდუსა და მესის შორის საუკეთესო რომელია?

– ორივე განსხვავებულია. კრიშიტიანუ თავის ფიზიკურ მომზადებასა და სისწრაფეს ეყრდნობა, მაშინ, როცა მესი გაცილებით ტექნიკურია, თუმცა, ორივე მაღალი სათამაშო დონის დემონსტრირებას ახდენს.

– თავის დროზე "რეალში" ფაბიო კაპელო მუშაობდა, რომელსაც კარგად იცნობთ. მასსა და მოურინიუს შორის რამე მსგავსებას ხედავთ?

– მსგავსება ნამდვილად არის. კაპელო გამარჯვებული მწვრთნელია, რადგან სადაც მისულა, ყველგან იმარჯვებდა. ისეთი მწვრთნელია, რომელიც მომწონს, ტყუილად არ ლაპარაკობს და ყოველთვის საჭირო სიტყვებს პოულობს.

მომწონს, როდესაც მწვრთნელი ცოტას, მაგრამ საქმიანად საუბრობს და არა პირიქით, როდესაც გაუთავებლად ლაქლაქებს, თუმცა, უსაგნოდ. კაპელოსა და მოურინიუს ერთი მთავარი მსგავსება აქვთ – მათი უპირველესი ამოცანა ტიტულების მოგებაა. დარწმუნებული ვარ, კაპელო მოურინიუთი აღფრთოვანებულია, ხოლო მოურინიუ კაპელოთი.

– "იუვენტუსიდან" თქვენს წასვლასა და რაულის "შალკეში" გადასვლას შორის პარალელს არ ავლებთ?

– თითოეულს საკუთარი მიზეზი გვქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ თამაშის გაგრძელების სურვილმა გაგვაერთიანა. ყოფილ კლუბებში ისტორია შევქმენით, მაგრამ ჩანს, ჩვენი ციკლი იქ დასრულდა.

ჩემთვის და ვფიქრობ, მისთვისაც, ასეთი გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო. რაული მადრიდის "რეალის" სიმბოლო გახლდათ და მადრიდელებში ასეთად რჩება. ამ კლუბში მისი მიღწევების გაუმჯობესება იოლი არ იქნება.

– რაულის არჩევანი გარკვეულწილად უჩვეულო იყო, ისევე, როგორც თქვენი. "ჰერკულესთან" კონტრაქტი რატომ გააფორმეთ?

– მსურდა მეპოვნა გუნდი, სადაც თამაშის გაგრძელების საშუალებას მომცემდნენ. ამ დროს კი წინადადებით "ჰერკულესმა" მომმართა. კლუბი არცთუ ცნობილია და მიზნები, რომელსაც ხელმძღვანელობა ისახავს, ჩემთვის განსხვავებულია იმასთან შედარებით, რაც ადრე მქონდა.

– ამ კლუბში ტიტულებისთვის ბრძოლა არ გიწევთ...

– მართალია, სხვა მიზნები გვაქვს, მაგრამ ჩვენ თამაშში უპირატესი შეტევა უნდა იყოს. საჭიროა მწვავედ ვითამაშოთ და სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

– ჩანს, თქვენ ამისკენ მიისწრაფით...

– "ჰერკულესში" გამარჯვებულის მენტალიტეტით მოვედი, რომელიც "იუვენტუსში" ჩამომიყალიბდა.

– "ჰერკულესის" გარდა, სხვა წინადადებები გქონდათ?

– დიახ, მქონდა. არ ვიცი, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ისინი უფრო პრესტიჟული იყო, მაგრამ ფაქტია, გადასვლას ევროპულ არენაზე გაცილებით ცნობილი კლუბები მთავაზობდნენ.

გამიმართლა, კარიერის განმავლობაში საფრანგეთისა და იტალიის წამყვან კლუბებთან სარფიანი კონტრაქტები რომ მქონდა. ასე რომ, "ჰერკულესის" სასარგებლოდ არჩევანი ფულის გამო ნამდვილად არ გამიკეთებია.

– თქვენს კარიერას თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ უმაღლეს მწვერვალებს მიაღწიეთ. ეს "ჰერკულესის" გასახდელში თუ იგრძნობა?

– არ ვგრძნობ, რომ გუნდში განსაკუთრებული პრივილეგიებით ვსარგებლობ და იმედია, ჩემი პარტნიორებიც ასე ფიქრობენ. მინდა ხალხმა დაინახოს, რომ "ჰერკულესში" იმისთვის მივედი, რათა თანაგუნდელებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო და გუნდს წინსვლაში ხელი შევუწყო.

– რთულია იმის უარყოფა, რომ "ჰერკულესში" გადასვლა თქვენთვის უკანგადადგმული ნაბიჯია...

– ამას მე სხვა კუთხით ვუყურებ. ალიკანტეში მუშაობის უდიდესი სურვილით ჩამოვედი და გაცნობიერებული მქონდა, რას ვაკეთებდი. მიუხედავად იმ პირობებისა, რომელშიც "ჰერკულესის" ფეხბურთელებს ვარჯიში უხდებოდათ.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ დიდი ხნის განმავლობაში 80 კილომეტრის დაფარვა გვიწევდა, რათა გვევარჯიშა. ან კიდევ იმ ფაქტს, რომ წვრთნა გვიწევდა სტადიონზე, რომელიც პრიმერა დივიზიონის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

– თქვენთვის ეს მიუღებელია?

– ვერ გეტყვით, რომ ახალ რეალობას ძნელად შევეგუე.

– პრიმერა დივიზიონთან შეგუებაც არ გაგჭირვებიათ და რამდენიმე კარგი შეხვედრა ჩაატარეთ. ჩემპიონატის დასრულებას რამდენი გოლით გეგმავთ?

– მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ჩემი მიზანი გოლეადორის თვისებების გამოჩენაა. პრიმერა დივიზიონში ცუდი სტარტი არ მაქვს და გამოჩნდება, საბოლოოდ რამდენ გოლს გავიტან.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა
კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online