asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რას ნანობს ჰენრიკ ლარსონი
რას ნანობს ჰენრიკ ლარსონი
რას ნანობს ჰენრიკ ლარსონი

2010-10-21 11:49:25



ხანგრძლივი და გამორჩეული საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჰენრიკ ლარსონმა მწვრთნელობას მიჰყო ხელი. შვედმა გოლეადორმა დაბალდივიზიონური "ლანდსკრონას" დამრიგებლობით დაიწყო რთულ პროფესიაში მუშაობა. მის წარსულსა და სამომავლო გეგმებზე კი ლარსონის მიერ შვედი ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ჰენრიკ, ფეხბურთელობისას ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდით, რომ მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი არ გახდებოდით. რატომ შეიცვალეთ თავდაპირველი გადაწყვეტილება?

– გავიზარდე და დავბრძენდი (იცინის). სერიოზულად რომ გითხათ, ადრე დამრიგებლის ამპლუაში თავი ვერ წარმომედგინა, მაგრამ თანდათან ცხოვრებას სხვა კუთხით უყურებ და ბევრი რამეც უკეთ გესმის.

მივხვდი, მწვრთნელობა ძალიან საინტერესო პროფესია რომ არის, ამასთან, ფეხბურთი უზომოდ მიყვარს, ამიტომაც ამ სფეროში დარჩენა განვიზრახე და ამ შემთხვევაში დამრიგებლობაზე უკეთეს საქმიანობას ვერ მიაგნებ.

გადაწყვეტილება იოლად მივიღე. მოთამაშეობისას რთული პერიოდებიც მქონდა, რომლებიც ძალიან მაღიზიანებდა. მწვრთნელის პროფესია ფეხბურთელისაზე კიდევ უფრო ძნელია და ყოველმხრივ შევეცდები, სირთულეები მაქსიმალურად ავიცილო თავიდან.

– თავის დროზე თქვენი მწვრთნელები მარტინ ო ნილი, სერ ალექს ფერგიუსონი, ფრანკ რაიკაარდი იყვნენ. გლაზგოს "სელტიკის" და "ბარსელონას" ყოფილი დამრიგებლები, "მანჩესტერის" უბერებელი წინამძღოლი სხვადასხვა სტილის ფეხბურთს ემსახურებიან. თქვენი მუშაობის მანერა რომელიმეს მიბაძვას ხომ არ გულისხმობს?

– ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. როდესაც მუშაობას დავიწყებ, უფრო გამოჩნდება. ისე კი, ძალიან გამიმართლა, ასეთ კორიფეებთან რომ მომიხდა თამაში. ნებისმიერი მათგანისგან ბევრი რამის სწავლა და ათვისებაა შესაძლებელი.

ჩემი ყოფილი დამრიგებლებისგან საუკეთესოს გადავიღებ. ეს სასირცხვილო სულაც არ არის. ფეხბურთს ლამის საუკუნენახევრიანი ისტორია აქვს და უამრავ უნიჭიერეს ადამიანს მისი განვითარებისთვის ბევრი რამ გაუკეთებია.

ამიტომაც, ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნებოდა იმის განცხადება, რომ ტაქტიკაში ან რომელიმე სხვა მიმართულებით რევოლუციურ ცვლილებებს დავნერგავ. "საფეხბურთო ველოსიპედს" ვერ გამოვიგონებ და საჭიროც არ არის. მთავარია, საკუთარ პრინციპებს არ ვუღალატო, თორემ ძალიანაც რომ მოვინდომო, ახალი ფერგიუსონი, ო ნილი და რაიკაარდი ვერ გავხდები. ერთი რამ შემიძლია დაგპირდეთ, რომ სამწვრთნელო მუშაობისას უფრო მკაცრი და შეუვალი ვიქნები, ვიდრე ადრე.

ფეხბურთელობისას რბილი ხასიათი მქონდა, თანდათან ხასიათი გამიფუჭდა. ადრე, მაგალითად, მსაჯთან შეკამათებას ვერც კი გავბედავდი, კარიერის მიწურულს კი მათთან დიალოგსაც კი ვმართავდი.

– არანაკლებ გაოცებული დატოვეთ გულშემატკივრები სადამრიგებლო მუშაობის "ლანდსკრონაში" დაწყებით. ეს გუნდი ხომ ლამის თქვენი მშობლიური კლუბის, "ჰელსინგბორგის" პრინციპული მოწინააღმდეგეა...

– "ლანდსკრონასა" და "ჰელსინგბორგის" ნებისმიერი დაპირისპირება დაძაბულ ხასიათს კი ატარებს, მაგრამ ეს გუნდები ერთმანეთის ისეთი "მოსისხლე მტრები" ნამდვილად არ არიან, როგორც გლაზგოს გრანდები "სელტიკი" და "რეინჯერსი".

ჩემი ამჟამინდელი და ყოფილი გუნდების მტრობა კი შვედური პრესის მიერაა ზედმეტად გაბუქული. "ლანდსკრონამ" მწვრთნელის პოსტის დაკავება შემომთავაზა და რადგან დამრიგებლობა გადაწყვეტილი მაქვს, კლუბის წინადადებას დავთანხმდი.

– "ლანდსკრონა" შვედეთის მეორე დივიზიონის მოწინავე |–|| ადგილების დაკავებისთვის იბრძვის, რაც გაზაფხულიდან გუნდს უძლიერესთა რიგებში ასპარეზობის უფლებას გაუნაღდებს, მაგრამ ბოლო ორ ტურში თქვენმა გუნდმა ზედიზედ წააგო. ამის გამო დასაწინაურებლად "ლანდსკრონა" უკვე საკუთარ თავზე დამოკიდებული არ არის და უშუალო კონკურენტების წაფორხილებასაც უნდა დაელოდოს. რას გვეტყოდით თქვენს მიერ გაწეულ სადამრიგებლო სამსახურზე?

– ძალიან დამწყვიტა გული ბოლოდროინდელმა წარუმატებლობებმა. ამის მიუხედავად, "ლანდსკრონა" მაინც პროგრესის გზაზეა. ფინიშამდე დარჩენილი ბოლო ორი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

ამ შემთხვევაშიც უძლიერესთა შორის გადასვლა გარანტირებული არ გვექნება, თუმცა, სეზონის დასრულების შემდეგ მაინც კმაყოფილი დავრჩები. "ლანდსკრონამ" რამდენიმე შეხვედრა ბრწყინვალე სტილში ჩაატარა და სატურნირო ცხრილშიც, შარშანდელთან შედარებით, პროგრესი თვალნათელია. გასულ ჩემპიონატში გუნდმა მერვე ადგილი დაიკავა, წელს ამ მაჩვენებელს აუცილებლად გავაუმჯობესებთ.

– 14 წლის განმავლობაში "ფეიენოორდის", "სელტიკის", "ბარსელონას", "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდით. ამჯერად მწვრთნელის რანგში ხომ არ მოევლინებით ევროპას?

– სამშობლოში ყოფნით ბედნიერი ვარ. აქ უამრავი მეგობარი მყავს, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ოჯახის წევრებთან. შვედეთი და შვედებიც ჩემ გულთან გაცილებით უფრო ახლოს არიან, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნები და ხალხები.

ამის მიუხედავად, ვადასტურებ, ჰოლანდიაში, შოტლანდიაში, ესპანეთსა და ინგლისშიც თავს მშვენივრად რომ ვგრძნობდი. საზღვარგარეთ მუშაობას რაც შეეხება, "ლანდსკრონაში" პროფესიული ზრდის კარგი პირობები მაქვს შექმნილი, შვედეთიდან კი მაშინ წავალ, როცა საამისო დრო დადგება. გარწმუნებთ, სამშობლოდან მხოლოდ მაღალი დონის ჩემპიონატსა და კლუბში წავალ.

– გლაზგოში "სელტიკის" გულშემატკივრების კერპი იყავით, კათოლიკებთან ერთად უამრავი საშინაო ტიტული მოიგეთ, "ბარსელონაში" პრიმერა დივიზიონის მხოლოდ 40 მატჩი ჩაატარეთ, სამაგიეროდ, კამპნოუელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი მოიპოვეთ. შეგიძლიათ შეადაროთ ამ კლუბებში თამაშის პერიოდი ერთმანეთს?

– ძნელი შესადარებელია, თუმცა, "სელტიკი" ჩემთვის მაინც განსაკუთრებული კლუბია, გლაზგო კი განსაკუთრებული ქალაქი. "სელტიკში" ავტორიტეტი მოვიპოვე და პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო არენაზეც გამოვიჩინე თავი – უეფას თასის ფინალში ვითამაშე. გლაზგოში ფანტასტიკური 7 წელი გავატარე და მოხარული ვარ, ასეთი დიდი კლუბის წევრი რომ ვიყავი.

– "სელტიკიდან" წასვლის დროს 33 წლის იყავით. უფრო ადრე ხომ არ უნდა გადასულიყავით რომელიმე ევროგრანდში? ამ შემთხვევაში საერთაშორისო ასპარეზზე მეტ წარმატებას მიაღწევდით...

– გლაზგოში გატარებულ პერიოდზე გული იოტისოდენადაც არასდროს დამწყდომია. ერთადერთი, რაც ვერ მომინელებია ისაა, რომ თავის დროზე სერ ალექს ფერგიუსონს არ დავუჯერე, "მანჩესტერ იუნაიტედში" არ დავრჩი და შვედეთში დავბრუნდი. ამის მიუხედავად, არანაირი საბაბი მაქვს, საკუთარი საფეხბურთო კარიერით უკმაყოფილო ვიყო.

– "ბარსელონაში" იმ პერიოდში მოგიწიათ თამაშმა, როცა "კამპ ნოუზე" "ბლაუგრანას" შემადგენლობაში ლეო მესი დგამდა პირველ ნაბიჯებს. ეთანხმებით გულშემატკივართა უმრავლესობის თვალსაზრისს, არგენტინელი სადღეისოდ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი რომ არის?

– არასდროს ვყოფილვარ იმის მომხრე, რომელიმე ფეხბურთელისთვის პლანეტის საუკეთესო მოთამაშე დაგვეძახა. ფეხბურთელი მხოლოდ ცალკეული ამპლუით უნდა გამოვარჩიოთ. მესი ფანტასტიკური მოთამაშეა, თავის ამპლუაში საუკეთესო. ასევე უძლერესები არიან თავთავიანთ პოზიციებზე ხავი და ანდრეს ინიესტა.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ინიესტა
კავშირი ტეგთან: ინიესტა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online