asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ტონი ადამსი: "არ მინდა ჩემი სახელით შანტაჟირება"
"არ მინდა ჩემი სახელით შანტაჟირება"
ტონი ადამსი: "არ მინდა ჩემი სახელით შანტაჟირება"

2010-10-18 16:00:50



რამდენიმე დღის წინ ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ტიტულოვანმა სპონსორმა ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც 260.000 გულშემატკივარი მონაწილეობდა. გამოკითხვის მიზანი იყო, შეედგინათ პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრები მისი ისტორიის 20 წლის მანძილზე.



სიმბოლური ნაკრების მცველებს შორის მოხვდა ტონი ადამსი. აღსანიშნავია, რომ ჯონ ტერის, გარი ჰევილისა და პატრის ევრას გვერდით, ადამსი ერთადერთია, რომელსაც საფეხბურთო კარიერა დასრულებული აქვს. თუ გავითვალისწინებთ ადამიანების მეხსიერებას, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება და ხშირია კუმირების შეცვლა, ადამსის ეს პატარა მიღწევა მნიშვნელოვნად გამოიყურება.

თუმცა, ადამსმა თავისი ყველაზე დიდი გამარჯვება ცხოვრებაში რამდენიმე წლის წინ ნახა. ეს არც ინგლისის ოთხგზის ჩემპიონობაა და არც თასების მფლობელთა თასის მოგება – ადამსი ყველაზე მნიშვნელოვნად ალკოჰოლთან გამარჯვებას თვლის.

– სიმართლე გითხრათ, ახლა, არც კი მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ როდესაც მეკითხებიან, უარს ვერ ვამბობ. ეს იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომ ამ საშინელებით წვალობს და მათ ჩემი გამოცდილება განკურნებაში დაეხმარება. ჩემი მაგალითი აჩვენებთ, რომ ალკოჰოლისგან თავის დაღწევა შესაძლებელია. ამისათვის კი საჭიროა, შენს თავს შთააგონო, რომ ამ მავნე ჩვევას მოწყდე, – ამბობს ადამსი.

საერთოდ, ალკოჰოლი და ფეხბურთი ინგლისში დიდი ხნის მანძილზე სინონიმებად ითვლებოდა. ახალგაზრდობაში ალკოჰოლთან პრობლემები ჰქონდათ სტივენ ჯერარდსა და ჯონ ტერის, მაგრამ ახლა უკვე ახლოსაც აღარ ეკარებიან. თუმცა, ადამსის პერიოდი ამ მხრივ განსაკუთრებული იყო – ლონდონის "არსენალის" უკანა ხაზს, რომელსაც ადამსი, ლი დიქსონი, მარტინ კიოუნი და სტივენ ბოულდი შეადგენდა, ინგლისში "ლოთების დაცვას" ეძახდნენ. ერთია, ეს მათი შეურაცხყოფა არ ყოფილა. თუ საღამოს მთელი ლონდონი ხედავდა, როგორ ილეშებოდნენ ეს ფეხბურთელები პაბებში, მეორე დღეს ისინი კლდეებივით იდგნენ დაცვაში და იმავე მაყურებელს ოვაციებს წყვეტდნენ.

მას შემდეგ ინგლისში ყოველთვის ხუმრობენ – ალკოჰოლიკები გაქრნენ, მაგრამ ფეხბურთელებიც გადაშენდნენ.

ალკოჰოლის თემას იმით დავასრულებთ, რომ 1996 წელს ადამსმა გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება – ადამიანი სულელური თვისებებით. ადამსი წიგნში ღრმად აღწერს თავის პრობლემებისა და იმ 7–კვირიან პერიოდზე, როცა კლინიკაში იწვა. ეს წიგნი ძალიან დიდხანს ყველაზე კითხვადი იყო მთელ ინგლისში.

რაც შეეხება საფეხბურთო კარიერას, ადამსს 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი "არსენალში" და 20 წლის განმავლობაში შეუცვლელ ფიგურად ითვლებოდა. კლუბის ისტორიაში მეორე ფეხბურთელია ჩატარებული მატჩების რაოდენობით, შეყვანილია ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში და დაჯილდოებულია ბრიტანეთის იმპერიის ორდენით.

თუმცა, ყველაფერი ასე კარგად არ დაწყებულა. 1988 წელს ადამსი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო ინგლისის ნაკრებში ევრო–88–ის მიმდინარეობისას. ამ დროს, ფორმის პიკზე მყოფმა მარკო ვან ბასტენმა საქმე დასაცინად გაუხადა და სამშობლოში დაბრუნებულ ადამსს დიდი ხნის მანძილზე ვირსაც უწოდებდნენ. სხვათა შორის, იმ ჩემპიონატზე ინგლისელებმა ყველა მატჩი წააგეს, მაგრამ ადამსმა მაინც გაიტანა ერთი გოლი და ეს რინატ დასაევის კარში მოახერხა.

სანაკრებო კარიერა, როგორც ყველა ინგლისელ ფეხბურთელს (არ ვთვლით 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს), არ აეწყო. სამაგიეროდ, "არსენალში" ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაშინაც კი, როდესაც ლონდონურ კლუბში არსენ ვენგერი მივიდა და გუნდის წმენდა დაიწყო, დაცვის ხაზს არ შეხებია და ისინიც, მეკარე დევიდ სიმენთან ერთად, მშრალი სერიების რეკორდს–რეკორდზე ამყარებდნენ.

ადამსის მდიდარი ბიოგრაფიიდან გამოსარჩევია ისიც, რომ კარიერა თავდამსხმელად დაიწყო, შემდეგ ნახევარდაცვაში გადაინაცვლა და ბოლოს დაცვის ცენტრში დადგა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მასში გოლის ალღოც იდო და გატანა შეეძლო.

თამაშის სტილით კი, კლასიკური ბრიტანელი იყო, ნამდვილი მებრძოლი. მიუხედავად რეგულარული ტრავმებისა, ტონიმ მაღალ დონეზე 36–წლამდე ითამაშა და როდესაც მიხვდა, რომ "არსენალში" ახალი თაობა მოდიოდა, არ გაიფუჭა კარიერა, სათამაშოდ თბილ ქვეყნებში გაემგზავრა და თავის კარიერას უბრალოდ დაუსვა წერტილი.

– არ მინდა ჩემი სახელით შანტაჟირება და "არსენალის" ხელმძღვანელობას სამუშაო ადგილი იმიტომ მოვთხოვო, რომ ადამსი ვარ. ჯერ ბევრი რამ მაქვს სასწავლი და სამწვრთნელო დიპლომი უნდა მივიღო, შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება. სავსებით სერიოზულად გეუბნებით – ერთ დღეს თქვენ ინგლისის ნაკრების მწვრთნელად მიხილავთ, – განაცხადა რამდენიმე წლის წინ ადამსმა.

ტონიმ სამწვრთნელო დიპლომი მართლაც აიღო, მაგრამ რთულმა სამუშაომ ჯერ აზერბაიჯანში გადაისროლა.

მიხეილ ჟორჟოლიანი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online