asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ტომაშ როსიცკი – პატარა მოცარტი
ტომაშ როსიცკი – პატარა მოცარტი
ტომაშ როსიცკი – პატარა მოცარტი

2010-10-12 17:12:31



თავის დროზე ტომაშ როსიცკი ჩეხეთის ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა. 1990–იანი წლების ბოლოსა და 2000–იანი წლების დასაწყისში ფეხბურთი ამ ქვეყანაში აღმავლობას განიცდიდა და არც ძლიერი და ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკლებობას უჩიოდა. ერთ–ერთი მათგანი იყო ტომაშ როსიცკი. ყველა დიდ ტურნირზე ჩეხეთის ნაკრები ფავორიტის რანგში თუ არა, გამარჯვების ერთ–ერთ მთავარ პრეტენდენტად მაინც მიემგზავრებოდა, მაგრამ რაიმე სერიოზული წარმატების მიღწევა ჩეხებმა მაინც ვერ მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ იმ თაობის ზოგიერთმა ფეხბურთელმა, ისეთებმა, როგორებიც არიან მილან ბაროში, ზდენეკ გრიგერა და ტომაშ როსიცკი, საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება ვერ მოახერხა. პირველი ორი ფეხბურთელის ბიოგრაფიაში ჩაღრმავებას არ ვაპირებთ, ხოლო როსიცკის პრობლემებზე კი ვიმსჯელებთ...

ტომაშ როსიცკი უიღბლო ფეხბურთელების კოჰორტის წარმომადგენელია. გამუდმებულმა ტრავმებმა, რომელიც მას მთელი მისი კარიერის მანძილზე სტანჯავს, არ მისცა ჩეხ ნახევარმცველს ერთ–ერთი საუკეთესო გამხდარიყო თავის საქმეში და ეს იმ დროს, როდესაც ახალგაზრდობაში მას თავად პაველ ნედვედზე დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებდნენ, რომელიც დღეისთვის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება ჩეხეთის ისტორიაში.

როსიცკი პრაღაში დაიბადა და უკვე პატარა ასაკში ადგილობრივ გუნდ "კომპრესორში" დაიწყო თამაში. რვა წლის ასაკში "სპარტაში" გადავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ტომაში ფაქტიურად თავისი უფროსი ძმის, ირჟის "დამატებად" აიყვანეს, რომლის შეძენითაც კლუბი იყო დაინტერესებული. ტომაშის უფროსი ძმა მაშინ ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში. ძმების მამა ჭკვიანურად მოიქცა, როდესაც საზოგადოებას განუცხადა, რომ ირჟი კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერდა ხელს, თუ "სპარტა" მისი ძმის აყვანასაც დათანხმდებოდა. უფროსმა როსიცკიმ იცოდა, რომ ქვეყნის სახელოვანი კლუბი საკითხის ასეთი დაყენების გამო უკან არ დაიხევდა და უკვე გარკვეული დროის შემდეგ ორივე ძმა "სპარტას" შემადგენლობაში ირიცხებოდა.

პრაღაში როსიცკიმ სამჯერ მოიგო ჩეხეთის ჩემპიონატი და "რკინის სპარტაში" გატარებული ორწლინახევრის შემდეგ ევროპის დასაპყრობად გაემართა. დორტმუნდის "ბორუსიაში" გადასვლა ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო. ახალგაზრდა და გამოუცდელ მკითხველს უნდა განვუმარტოთ, რომ იმ წლებში "ბორუსია" გერმანიის ერთ–ერთი უძლიერესი კლუბი იყო. მან ახალგაზრდა ფეხბურთელში 15 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ფეხბურთის გენიოსი შევიძინეთო.

დორტმუნდს როსიცკი მალე შეეთვისა და მარსიო ამოროზოსა და იან კოლერთან ერთად თავისი ახალი კლუბის ლიდერი გახდა. სწორედ "ბორუსიაში" გაიხსნა ტომაში, როგორც თავის დროის ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი ნახევარმცველი. გერმანიაში მას პატარა მოცარტიც კი შეარქვეს იმის გამო, როგორ დირიჟორობდა იგი თავისი გუნდის თამაშს. ის გუნდის თამაშის წარმართვით მართლაც ავსტრიელ კომპოზიტორის მიერ ორკესტრის ხელმძღვანელობას მოგაგონებდათ.

მართლაც, გერმანიაში ჩეხ ფეხბურთელს თამაშის წარმართვის მხრივ ძნელად თუ ვინმე შეედრებოდა. უკვე თავისი პირველი სეზონის პირველ ნახევარში ტომაშის ანგარიშზე 11 შედეგიანი გადაცემა იყო. აი, რას ამბობდა როსიცკიზე "ბორუსიას" საუკეთესო ბომბარდირი მარსიო ამოროზო:

– ისეთ პარტნიორთან ერთად თამაში, როგორიც როსიცკია, იგივეს ნიშნავს, რომ გოლების გატანის ლიცენზია გქონდეს მიღებული.

– მას ეხერხება ბურთის რაღაც ამოუცნობი მანერით დამალვა, – იხსენებს ტომას ლინკე, რომელიც იმ დროს "ბაიერნში" თამაშობდა, – მისთვის ბურთის წართმევა თამაშის წესების დარღვევის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

გერმანელებმა, რომელთაც ძალიან უყვართ ყოველგვარი სტატისტიკის შედგენა გამოთვალეს, რომ ყველაზე მეტად თამაშის წესებს როსიცკიზე არღვევდნენ ქვეყნის ჩემპიონატში, თითოეულ მატჩში მინიმუმ ათჯერ მაინც. ყველასთვის ნათელია, რომ ამ არითმეტიკის უკან იმალება უამრავი ტრავმა.

"ბორუსიაში" როსიცკიმ შესანიშნავი ხუთწელიწადნახევარი გაატარა. ამ ხნის მანძილზე მიაღწია გერმანიის ჩემპიონატში გამარჯვებას და უეფას თასის ფინალში გასვლასაც კი, სადაც დორტმუნდელები ჰოლანდიურ კლუბ "ფეიენოორდთან" დამარცხდნენ. მაგრამ 2000 წლების შუა პერიოდში "ბორუსიას" ფინანსური გართულებები შეექმნა და კლუბი იძულებული გახდა თავისი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები გაეყიდა. მათ შორის აღმოჩნდნენ ჩეხი ლეგიონერებიც: როსიცკი და კოლერი, სხვათა შორის, ძალიან კარგი მეგობრები ცხოვრებაში.

აქვე იმის აღნიშვნაც შეიძლება, რომ დორტმუნდი როსიცკიმ არცთუ ძალიან ლამაზი ფორმით დატოვა. კლუბის გულშემატკივრებთან ურთიერთობა მას შემდეგ გაუფუჭდა, რაც ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე განაცხადა, რომ ევრო 2004–ზე გერმანიის ნაკრები ჯგუფიდან გასვლის ღირსი არ იყო. გერმანელებმა ეს სიტყვები უპატივცემულობად აღიქვეს და თვით დორტმუნდშიც კი პატარა მოცარტს მაყურებელი სტვენით ხვდებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ კლუბის მენეჯერმა, წარსულში "ბორუსიას" მოთამაშემ შტეფან როიტერმა განაცხადა, ტომაში ფეხებს უფრთხილდება და ორთაბრძოლებს თავს არიდებსო.

2006 წელს ტომაშ როსიცკი ლონდონის "არსენალში" გადავიდა. მეთოფეთა მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს, რომელიც ჩეხ ფეხბურთელს გუნდიდან წასული რობერ პირესის შემცვლელად განიხილავდა, ტომაშის ტრანსფერი 10 მილიონ ევროდ დაუჯდა. თანამედროვე ფეხბურთისთვის არცთუ დიდი თანხაა. "მეთოფეებს" როსიცკის შეძენა ერთი წლით ადრეც სურდათ, ვინაიდან ჩეხი ფეხბურთელი კარგად მიესადაგებოდა ფრანგი სპეციალისტის სათამაშო ფილოსოფიას, რომელსაც საფუძვლად უდევს ზუსტი მოკლე გადაცემები.

"არსენალში" როსიცკი ზედმეტი არ გამხდარა, მაგრამ ვერც დიდ წარმატებებს მიაღწია (ისევე, როგორც მთელმა გუნდმა). ტომაშის წარუმატებლობები გამუდმებულ ტრავმებს უკავშირდება, რომლებიც ჩეხ ნახევარმცველს გამუდმებით თან სდევს ბოლო წლების განმავლობაში. 2008 წლის 26 იანვარს "ნიუკასლთან" მატჩში როსიცკიმ მუხლის მყესები დაიზიანა. ტომაშმა სეზონნახევრის განმავლობაში ვერ მოახერხა მოედანზე გამოსვლა. მუხლისქვეშა მყესის პრობლემას საზარდულის ტრავმაც დაემატა. 2009 წლის ზაფხულში ჩეხი ნახევარმცველი მძიმე ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე აგვისტოში თეძოს კუნთი დაუზიანდა და კიდევ ექვსი კვირა მოუწია ლაზარეთში გატარება.

ამდენი ხნის უფეხბურთოდ ყოფნის შემდეგ ტომაშისთვის ადრინდელი ფორმის აღდგენა და ძველ დონეზე თამაში გადაუჭრელ ამოცანად დარჩა. 2009–10 წლების სეზონი მან დამაჯერებლად ჩაატარა, თუმცა უკვე ვეღარ ბრწყინავდა. შეიძლება ითქვას, რომ გამუდმებულმა ტრავმებმა დაასამარა ოდესღაც პერსპექტიული ნახევარმცველის კარიერა ის კვლავაც საკმაოდ მაღალი დონის თამაშს აჩვენებს, აკეთებს გადაცემებს და გააქვს გოლები, მაგრამ ეს უკვე ის როსიცკი აღარ არის, რომელიც ტრავმებამდე იყო.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online