asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნანი: მიხარია, რომ ფერგიუსონს ჩემი სჯერა
მიხარია, რომ ფერგიუსონს ჩემი სჯერა
ნანი: მიხარია, რომ ფერგიუსონს ჩემი სჯერა

2010-10-06 13:46:12



ვალენსიას ტრავმა, რუნის უფერული თამაში და გუნდის ნახევარდაცვის ხაზის მოთამაშეთა მაღალი საშუალო ასაკი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბევრ გულშემატკივარს სკეპტიკურად განაწყობს მიმდინარე სეზონში კლუბის პერსპექტივებთან დაკავშირებით. თუმცა, გუნდში არის ლუიშ ნანი, რომელმაც მიმდინარე წელს, როგორც იქნა, თავი შინაურად იგრძნო "ოლდ ტრაფორდზე" და საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩენა დაიწყო.

თუ "მანჩესტერის" ფანებს კითხავთ, ვისგან მოელიან ამ სეზონში საუკეთესო თამაშს, უეჭველად ერთ სახელს დაგისახელებენ – ნანი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს პორტუგალიელი ყმაწვილი მალე მიაღწევს თავის საფეხბურთო სრულყოფას და დიდი წარმატებების ზღურბლთან დგას. ამ შეხედულებას იზიარებს თავად ფეხბურთელიც: "იუნაიტედი" ჩემი სახლი გახდა, – აცხადებს ნანი. ეჭვგარეშეა, რომ ყმაწვილი კაბო–ვერდედან კამაყოფილია იმით, როგორ აეწყო ამ მომენტისთვის მისი კარიერა. ის ამჟამად საკმაოდ მხიარულად, დაუძაბავად იქცევა, თუმცა, მაინც იგრძნობა, რომ 2007 წელს მისი ინგლისურ კლუბში მოსვლის დღიდან მას რთული გზის გავლა მოუხდა.

მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი გოლები მის "მანჩესტერულ" კარიერაში ერთგვარ გამყოფ ზოლად ითვლება, წარმატების ისეთ უეჭველ საბუთებთან ერთად, როგორებიცაა ინგლისის ჩემპიონის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულები. თუმცა, მიმდინარე სეზონის დასაწყისამდე 23 წლის ფეხბურთელს დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა იმისთვის, რათა ბოლომდე გამოევლინა საკუთარი დიდი პოტენციალი. "მანჩესტერში" გატარებული სამი წლის მანძილზე მან ბევრი სასარგებლო გაკვეთილი მიიღო და ამჟამად იგი "იუნაიტედის" შეტევის ხაზის ერთ–ერთ ლიდერად ითვლება.

– თუ იყო პირადად თქვენთვის გასული სეზონი საუკეთესო, მიუხედავად გუნდისთვის არცთუ წარმატებული სეზონისა?

– ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს სეზონი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გამიძლიერდა. კმაყოფილი ვარ იმით, როგორ ვითამაშე სეზონის მეორე ნახევარი და მინდა, საკუთარი ოსტატობის სრულყოფა შემდგომშიც გავაგრძელო. წლიდან წლამდე.

– იანვრის ტრავმის შემდეგ მოულდონელად სწრაფად შეხვედით საკუთარი სათამაშო ფორმის პიკში. რა მოხდა განსაკუთრებული თქვენ პირად ცხოვრებაში ან მოედანზე, იქნებ, ვინმემ რამე გირჩიათ, ან ეს უბრალოდ მოვლენათა წარმატებული დამთხვევაა?

– საუბარი მქონდა მწვრთნელთან, ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ და მე მივხვდი, რომ როდესაც ტრავმისგან განვიკურნებოდი, რაღაც უნდა შემეცვალა, მე ხომ საკუთარი თამაშის სრულყოფა მსურდა და ასევე ყველასთვის მეჩვენებინა, რა შემეძლო. როგორც კი გამოვჯანმრთელდი, მაშინვე ვარჯიშს შევუდექი, ვვარჯიშობდი თავდაუზოგავად და ეს მწვრთნელმა შენიშნა. იგი მესაუბრა და მითხრა, რომ მალე ჩემი შანსიც დადგებოდა და როდესაც ფერგიუსონმა ასეთი შანსი მომცა, მე იგი სრულად გამოვიყენე. სწორედ ამით დაიწყო ყველაფერი.

– თუ გრძნობდით, როგორ იგრძნობოდა მხარდაჭერა გულშემატკივრების მხრიდან, როგორც კი ბრწყინვალედ ათამაშდით?

– ყოველთვის სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ გულშემატკივრები მხარს გიჭერენ. ისინი ამომიდგნენ მხარში, რისთვისაც მათი დიდი მადლიერი ვარ. ეს ყოველივე უფრო მეტად გმატებს საკუთარი თავის რწმენას, გიბიძგებს, რათა მოედანზე გახვიდე და ყოველ თამაშში ბოლომდე დაიხარჯო.

– სერ ალექსმა განაცხადა, რომ ამ სეზონში თქვენ კიდევ უფრო უკეთესად უნდა ითამაშოთ. ასეთი მოლოდინი დამატებით მძიმე ტვირთად ხომ არ გაწვებათ მხრებზე, თუ პირიქით, მოვლენების ასეთი განვითარებისგან სიამოვნებას იღებთ?

– მწვრთნელი პირველ რიგში ამას იმიტომ ამბობს, რომ სჯერა, რომ კიდევ უფრო მეტი შემიძლია. ეს მეც მმატებს თავდაჯერებულობას. მან იცის, რომ უფრო უკეთესად შემიძლია თამაში და ამაში ჩვენი შეხედულებები ემთხვევა. საკუთარი თავისგან მეტს მოველი და ისიც კარგად ვიცი, რომ მაღალი მწვერვალების დასაპყრობად ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. საკუთართ თავს მეტოქისთვის სახიფათოდ ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ ჩემი პირადი წარმატებები საბოლოო ჯამში გუნდის წარმატებებადაც იქცევა.

– თუ შეიძლება შეადარეთ დღევანდელი და ის ნანი, რომელიც 2007 წელს კლუბში მოვიდა?

– ოდნავ უფრო მოზრდილი გავხდი, უფრო გამოცდილი და უფრო თავდაჯერებული. ეს ჩემი მეოთხე სეზონია კლუბში და ახლა უკვე აქ მართლაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.

– თქვენ არც ისე დიდი ხნის წინ განაცხადეთ, რომ როდესაც "მანჩესტერში" მოხვედით, აღელვებული იყავით იმ ფაქტით, რომ ბრწყინვალე ვარსკვლავების გვერდით მოგიწევდათ თამაში. ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამან იქონია კეთილისმყოფელი გავლენა თქვენი პროგრესის ასეთი ტემპით განვითარებაზე?

– მაშინ ჩემთვის ეს სიახლე იყო. რა თქმა უნდა, აღელვებული ვიყავი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ყველაფერს როგორმე უნდა შევწყობოდი. მე ჯერ კიდევ არ ვფლობდი ინგლისურ ენას, აქ სულ სხვაგვარი სამზარეულოა, იმაზეც კი, რომ ქუჩაში მარჯვენა მხარეს მოძრაობას შევჩვეოდი, უამრავი დრო დამჭირდა! ამასთან, მე აქ მარტო ვიყავი, მთელი ჩემი ოჯახი პორტუგალიაში დარჩა, მაგრამ მახარებდა ის ფაქტი, რომ კლუბში იყვნენ ანდერსონი, კრიშტიანუ და კარლუშ კეირუში. მათთან შემეძლო მშობლიურ ენაზე მესაუბრა, ხოლო რონალდუ და კეირუში ინგლისურის სწავლაში მეხმარებოდნენ, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.

– ყველაზე მეტად რა მოგწონთ "იუნაიტედში"?

– ყველაფერი მომწონს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ საშუალება მეძლევა დავიცვა ამ დიდებული კლუბის ღირსება და ყოველ წელს ტიტულებისთვის ვიბრძვით.

– თავს ისევ ერთ–ერთ ახალგაზრდა მოთამაშედ თვლი, თუ უკვე სხვებს აძლევთ რჩევებს?

– ვფიქრობ, ასაკი ჯერ ისევ მაძლევს იმის უფლებას, რომ საკუთარ თავს ახალგაზრდა ვუწოდო, თუმცა უკვე ვგრძნობ, რომ უფრო მოზრდილივით ვაზროვნებ. აქ ბევრი რამ ვისწავლე და როდესაც ვგრძნობ, რომ შემიძლია რამით დავეხმარო ახალგაზრდებს, ყოველთვის ვცდილობ მათთვის კარგი რჩევის მიცემას.

– შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ იწყებდით ფეხბურთის თამაშს პორტუგალიაში, ამადორას ქუჩებში?

– ბავშვობაში მთელი ჩემი ფიქრები მხოლოდ ფეხბურთს უკავშირდებოდა. ადრე ვიღვიძებდი, მოედანზე გავრბოდი და სახლში მხოლოდ დაბნელების შემდეგ ვბრუნდებოდი. სახლში საჭმელადაც კი არ შევირბენდი, მთელი დღე ბურთს დავდევდი. კარგი დრო იყო, თუმცა ზოგჯერ სირთულეებსაც ჰქონდა ადგილი, ვინაიდან რაიონი, სადაც მე ვცხოვრობდი, უბრალო ადგილი არ იყო. იქ მუდმივად რაღაც ხდებოდა. დიდი ძალისხმევა იყო საჭირო იმისთვის, რომ მთელი კონცენტრაცია ფეხბურთზე მოგეხდინა და დარწმუნებული ყოფილიყავი, რომ ვერაფერი აგაღებინებდა ხელს ფეხბურთის თამაშზე და ვერ გაიძულებდა სხვა გზით წასულიყავი. საერთოდ გამიმართლა, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ფეხბურთი.

– ყოველთვის იყავით იმაში დარწმუნებული, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდებოდით?

– ყოველთვის ამაზე ვოცნებობდი. მყავს ძმა, პაულუ რობერტუ, ის ჩემზე ხუთი წლით დიდია და სწორედ მან ჩამინერგა ბავშვობაში ფეხბურთის სიყვარული. მაშინ ის შესანიშნავი მოთამაშე იყო, საუკეთესოც კი ჩვენს რაიონში, სწორედ მან მასწავლა ყველაფერი, რაც თავად იცოდა. იმ დროს მამაჩემი კაბო–ვერდეში იმყოფებოდა და ვერ ახერხებდა პორტუგალიაში დაბრუნებას, ასე რომ, ჩემი ძმა ჩემთვის მეორე მამა იყო.

– თქვენ ცნობილი ხართ ბურთთან ბრწყინვალე მუშაობით. ბავშვობაში ალბათ ბევრ დროს უთმობდით სხვადასხვა ფინტებისა და ილეთების შესწავლას?

– დიახ, მე და ჩემი მეგობრები საათობით ვვარჯიშობდით ქუჩაში. ჩვენ გვიყვარდა ტელევიზორში დიდებული ფეხბურთელების თამაშის ყურება. მახსოვს, როგორ ვადევნებდი თვალს რონალდოსა და ლუიშ ფიგუს თამაშს, როდესაც ისინი ერთად თამაშობდნენ "ბარსელონაში" და მათი ფინტების გადაღებას ვცდილობდი. ეს ყოველივე დამატებით თავდაჯერებას მმატებს მოედანზე, მაგრამ სხვა ყველაფერი გულდასმით უნდა შეისწავლო კლუბში. ძალიან გამიმართლა, "სპორტინგში" რომ მოვხვდი, სწორედ იქ გავეცანი და შევითვისე თამაშის წესების ყველა ნიუანსი.

– როგორი იყო თქვენი კარიერის დასაწყისი "სპორტინგში" და თუ იყო ეს კლუბი ფეხბურთის შესწავლისთვის კარგი ადგილი?

– იქ ბევრი რამ ვისწავლე. იქ ყოველთვის იყო ვინმე, რომელსაც შეეძლო ჩემი დახმარება, რაშიც დარწმუნებულიც ვიყავი და ვისაც შეეძლო ჩემთვის სასარგებლო რჩევის მოცემა. ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ჩემი ყურადღება სხვა არაფერზე გადამეტანა. გუნდის პერსონალმა მასწავლა, როგორ მოვქცეულიყავი მოედანზე და ყოველთვის მადლიერი ვიქნები "სპორტინგის" აკადემიის მწვრთნელების, იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს ჩემს მიმართ.

– თქვენ ერთხელ "ოლდ ტრაფორდზე" "სპორტინგის" მოთამაშის როლშიც გამოხვედით. თუ შეგეძლოთ იმის წარმოდგენა, რომ თავად მოგიწევდათ "მანჩესტერის" წითელი ფორმის ჩაცმა?

– (იცინის) დიახ, მახსოვს ის დღე. მაშინ მეგობართან ერთად მოვედი, ჩვენ მოვინახულეთ მუზეუმი და სტადიონი. მახსოვს, როგორ ვისხედით "იუნაიტედის" გასახდელში და ვამბობდით: "შეხედე, ეს რონალდუს ადგილია", ან "აქ რუნი და გიგზი სხდებიან!". იქ ვიმყოფებოდით და ვფიქრობდით, რა კარგი იქნებოდა ერთ მშვენიერ დღეს ამ გუნდის ნაწილი გავმხდარიყავი–მეთქი და თქვენ წარმოიდგინეთ, ორი წლის შემდეგ აქ აღმოვჩნდი!

– გამოდის რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში ყოველთვის წარმოადგენდა თქვენ მიზანს?

– დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ოცნება იყო. ეს მანამდე ვერ დავიჯერე, სანამ აქ არ ჩამოვედი. ეს იყო შესანიშნავი გრძნობა – საკუთარი ხელმოწერა გააკეთო "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტზე. მეგობარი, რომელთან ერთადაც ორი წლის წინ ამ გასახდელში ვიჯექი, მანჩესტერში მესტუმრა და ერთად გვეცინებოდა ჩვენ მაშინდელ სიტყვებზე. შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც თავს "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ–ერთ ფეხბურთელად გრძნობ.

– რას ურჩევდით თქვენს თანამემამულე ბებეს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეძლოს მისთვის ახალ კლუბში დამკვიდრება?

– შევეცდები ისეთივე რჩევები მივცე, როგორსაც თავად ვიღებდი მოთამაშეებისა და მწვრთნელებისგან და ავუხსენი, თავად რა ვისწავლე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგიერთი რამის გართულება თავიდან აიცილო, ჯერ საკუთარი თავის რწმენა გაიძლიერო და მხოლოდ ამის შემდეგ აჩვენო ყველას, რა შეგიძლია. იმისთვის, რათა სხვა მოთამაშეები უფრო ახლოს გაიცნო, დროა საჭირო... ყველაზე რთული ახალ გუნდთან შეგუებაა.

– როგორ გამოიყურება ვარჯიშებზე?

– თავს ყველაფერს კარგად ართმევს და ყველაფერი სულ უფრო და უფრო უკეთესად გამოსდის. რა თქმა უნდა, იგი თავდაპირველად ბევრს ნერვიულობდა. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც ცდილობ, რაც შიეძლება სწრაფად წარმოაჩინო საკუთარი თავი და ასეთ დროს რაღაც ისე არ გამოგდის, როგორც საჭიროა. აი, რა მქონდა მხედველობაში, როდესაც ვამბობდი, რომ არ ღირს რამის გართულება.

– რამდენად ხართ დარწმუნებული იმაში, რომ "იუნაიტედი" ამ სეზონში ტიტულებს მოიგებს, ზოგიერთი ფეხბურთელი ამბობდა, რომ გუნდს ახლა წარმატების მისაღწევად დამატებითი მოტივაცია გააჩნია, მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში "ჩელსის" დაუთმეთ ჩემპიონის ტიტული?

– ყოველ სეზონში გამარჯვების უდიდესი მოტივაცია გაგვაჩნია და ვცდილობთ არაფერი დავზოგოთ ამ მიზნის მისაღწევად. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი, რომ ტიტულისთვის მხოლოდ ჩვენ და "ჩელსი" ვიბრძოლებთ. აი, დეკემბრისთვის კი უკვე შესაძლებელი იქნება გარკვეული დასკვნების გაკეთება.

– თუ არის ისეთი მატჩები, რომელსაც განსაკუთრებითი მოუთმენლობით ელოდებით ამ სეზონში?

– არა, რომელიმე კონკრეტული თამაშის გამოყოფა არ მსურს. ყოველ თამაშს მოუთმენლად ველოდები და მინდა, ყოველი თამაში განსაკუთრებული იყოს. რა თქმა უნდა, წარმატებული. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ საკმარისი თამაშების მოგებას იმისთვის, რათა "ოლდ ტრაფორდზე" მოგებული ტიტულით დავბრუნდეთ.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რონალდუ
კავშირი ტეგთან: რონალდუ
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online