asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ იზრდებოდა ვარსკვლავი
როგორ იზრდებოდა ვარსკვლავი
როგორ იზრდებოდა ვარსკვლავი

2010-10-06 13:46:11



დასაწყისი წინა ნომერში

საფეხბურთო სკოლაში პროგრესირებას განვაგრძნობდი. 10 წლის ასაკში უკვე იმის გაცნობიერება დავიწყეთ, რა იყო ნამდვილი შეჯიბრი. "ბარსელონელ" და "ესპანიოლელ" თანატოლებს ვეთამაშებოდით, აღფრთოვანებული ვიყავი. ისინი ისეთი ძლიერები და დიადები მეჩვენებოდნენ, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი ორიოლ ტორტი სამი წელი თუ დასდევდა მამაჩემს, რათა "ბარსელონაში" გავეშვი. ტორტი მამას ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან იცნობდა, როცა "კონდალში" (იმ დროს "ბარსას" დუბლები) თამაშობდა. ასე იყო თუ ისე, მამამ ჩათვალა, რომ ჯერ არ ვიყავი მზად ბლაუგრანაში სათამაშოდ.ჩემი მთავარი ნაკლი ჩია ტანი იყო. დედას ხშირად დავყავდი პედიატრთან, მას იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან ტანს ავიყრიდი, მაგრამ ექიმთან ყოველი ვიზიტი ახალი იმედგაცრუებით სრულდებოდა. ბოლოს ექიმმა მარტინმა იწინასწარმეტყველა, რომ 171 სმ–ზე მეტი არ გავიზრდებოდი. მისი ნდობა შეიძლებოდა, რადგან ოსკარის სიმაღლეში ორიოდ სანტიმეტრით შეცდა. აი, ალექსის შემთხვევაში კი მაგრად ააცილა.

ფეხბურთი კვლავაც ჩემი მუდმივი თანამდევი იყო. ბავშვობაში სინუსიტის სიმპტომები მქონდა და ექიმებმა მშობლებს ურჩიეს, ზღვაზე წავეყვანე. სიტყვა და საქმე ერთი იყო! ტერედემბარაში აპარტამენტები ერთი თვით დავიქირავეთ.

მე და ალექსმა პირველივე დღეს გადავწყვიტეთ ზღვაზე საბანაოდ წასვლა. ბაბუა ჟაუმემ ჩვენთვის კომპანიონობის გაწევა გადაწყვიტა, თან ვერმუტსაც გადავკრავო. პლაჟზე ბუნგალოში ვიჯექით, როდესაც ბაბუამ ადგილობრივ ბავშვებს, რომლებიც ბურთს აგორებდნენ, თამაშში ჩვენი ჩართვა სთხოვა. ჟაუმემ დაიჟინა, სხვადასხვა გუნდებში უნდა ითამაშოთო.

ბიჭებს თვალში ვეპატარავე და მე და ალექსი ერთ გუნდში გაგვამწესეს. კიდევ კარგი, ბარიკადების ერთ მხარეს აღმოვჩნდით, რადგან ალექსი ჩემზე ტექნიკური იყო. ეს ნიჭი მამისგან გამოჰყვა. არ უყვარდა ბურთის ართმევაზე თამაში, რაც პლაჟის ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის. როდესაც თამაში დავამთავრეთ, ბიჭებმა გვითხრეს, ხვალ ისევ აქ, ისევ ამ დროს კიდე გავაგოროთ ბურთიო.

ასე დაიბადა ტრადიცია: მატჩი "აბორიგენებს", რომლებსაც "ტრამონტანას" (ამ სახელწოდების ბარი ჰქონდათ პლაჟზე მის მშობლებს) მეტსახელით ცნობილი ჟოან გიმერა ედგა სათავეში და ტურისტებს შორის, რომელსაც ოსკარი, ალექსი და მე წარმოვადგენდით.

როცა ფეხბურთით ვერ ვძღებოდით, ყოველი მატჩისა და ჭამის შემდეგ მაგიდას მივუსხდებოდით ხოლმე და "მონოპილიის" ანალოგ თამაშს ვთამაშობდით, სადაც ქუჩების მაგივრად სტადიონები იყო ("ნოუ კამპი" და "სანტიაგო ბერნაბეუ" ყველაზე ძვირადღირებული არენები გახლდათ), სასტუმროები და სახლები ტრიბუნები და ადგილები შესაბამისად. ციხე მსაჯი გახლდათ, ხოლო პენალტი სიურპრიზის ბარათის ტოლფასი იყო. ამ თამაშს მე, ჩემი ძმები და ბიძაშვილები ყოველდღე ვთამაშობდით.

ტორეტემბარაში კარგ დროს ვატარებდით, მაგრამ ზღვაზე მხოლოდ ერთი თვე დავყავით, რადგან აგვისტოში მამას სამსახური ეწყებოდა. მალე საფეხბურთო სკოლის დირექტორის პოსტის დატოვება მოუხდა. ის მესამე დივიზიონში მოასპარეზე "ტერასას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მოგვიანებით ტორეტემბარა სანტ ანტონი დე კალონით ჩავანაცვლეთ. ჩემი მშობლები იქ აპარტამენტებს ქირაობდნენ, ხოლო ორი წლის შემდეგ ზღვის სანაპიროზე ოროთახიანი ბინა ვიყიდეთ. ცოტა ხანში კი ტორე ლევანტინოში შევიძინეთ სახლი.

ზღვასთან ჩემს ურთიერთობას მხოლოდ ვიზუალური არ შეიძლება ეწოდოს. გაბრისთან ერთად სკუტერი ვიყიდე, შემდეგ მცირეგაბარიტიანი იახტა. ეს მას შემდეგ გავაკეთე, რაც კატალონიის ფეხბურთის ფედერაციის ბოსმა, ჟორდი როჩემ საკუთარი იახტით კოსტა ბრავას სანაპიროზე წამიყვანა საზღვაო მოგზაურობაში.

საკუთარი იახტით რამდენჯერმე გავედი ზღვაში, ოღონდ შტურვალთან პროფესიონალი იდგა, რადგან ჩვენს ოჯახში ამ კატეგორიის ნავების მართვის მოწმობა მხოლოდ ალექსს აქვს.

მოდით, ჩემს ბავშვობას დავუბრუნდეთ. ძალიან მიყვარდა მამასთან ერთად მისი გუნდის თამაშებზე სიარული. საშუალება მეძლეოდა ფეხბურთით დასვენების დღეებშიც დავმტკბარიყავი. მამას უამრავ კითხვას ვუსვამდი, სასტარტო შემადგენლობით დაწყებული, ტაქტიკით დამთავრებული.

მახსოვს, ერთხელ საშინელი რამ გადამხდა თავს. მამა "რუბის" წვრთნიდა. გასვლაზე "მანლეუს" ეთამაშებოდნენ და მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდა. 10 ათასი პესეტა მომცა და მითხრა, წადი, ბარში რამე შეჭამეო. საკუთარი ფინანსური მდგომარეობით იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი, რომ უზარმაზარი ჰოთ–დოგი შევუკვეთე, მაგრამ როდესაც ფულის გადახდის დრო მოვიდა, აღმოჩნდა რომ ჯიბეში კაპიკიც არ მედო. ქურთუკის ყველა ჯიბეში ჩავიყავი ხელი და აღმოჩნდა, რომ ერთ–ერთი გახვრეტილი იყო. ჩემს ბედად, ბარში "რუბის" ხელმძღვანელები იყვნენ, რომლებმაც ფული გადამიხადეს.

სტადიონზე დაბრუნებულმა მამას არაფერი ვუთხარი. ის მატჩი 5:1 დამთავრდა მეტოქის სასარგებლოდ და მამა საშინლად გაბრაზდა. არ ვიცოდი, რა მექნა. ბოლოს ფეხბურთელებს ვთხოვე დახმარება. მათ ყველაფერი უთხრეს მამას და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშვიდად შეხვდა ამ ფაქტს, თუმცა, მაინც შემიკურთხა, შენ თვითონ რატომ არ მითხარიო.

მამა დღემდე რჩება ჩემს მთავარ მრჩევლად. ყოველთვის ბრძენი და პირდაპირი ადამიანი იყო. ყოველი მატჩის შემდეგ, ცუდად ვითამაშებდი თუ კარგად, ნაკლს მაინც პოულობდა ჩემს თამაშში. ის ყველაზე მკაცრი და ამავდროულად, ობიექტური კრიტიკოსია ჩემთვის.

მის მიერ გაწვრთნილ გუნდში არც ერთხელ მომიწია თამაში, რასაც ოსკარზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომელიც მამის მეცადინეობით "ტრემპესა" და "ტარეგეში" თამაშობდა. ჩემი ძმების მიმართ უფრო ლმობიერი იყო და მათ ხშირად აქებდა ხოლმე. განსაკუთრებით ალექსს გაუმართლა, რომელიც ჟინიანი იყო, ოსკარი კი უფრო გონიერი და დინჯი ფეხბურთელი გახლდათ.

მშობლები ჩემი ყველაზე ერთგული გულშემატკივრები არიან. მას შემდეგ, რაც მთავარ გუნდში ვთამაშობ, ერთი მატჩიც კი არ გამოუტოვებიათ. თუმცა, ვტყუი! ამ სეზონში ტრადიცია დაირღვა. ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ მატჩს არ დასწრებიან, რომელშიც "ვისლას" ვხვდებოდით. გაინტერესებთ ასეთი დემარშის მიზეზი? ხულიო იგლესიას კონცერტი კოსტა ბრავაზე.

ბილეთები მეგობრებმა აჩუქეს, ამიტომ, უარს ვერ ეტყოდნენ. დედა იგლესიასის დიდი თაყვანისმცემელია და კონცერტისგან უდიდესი სიამოვნება მიიღო, მამამ კი პირველი ნაწილის მოსმენის შემდეგ ყურსასმენები გაიკეთა, რათა "ნოუ კამპზე" მიმდინარე მოვლენებს გასცნობოდა.

ამ კონცერტამდე 18 წლით ადრე კი "ბარსელონას" ჩემდამი ინტერესს მამა კვლავაც არ მიმხელდა. ასე იყო თუ ისე, ორიოლ ტორტი და ანტონიო კარმონა დაჟინებით სთხოვდნენ მამას ჩემს ბლაუგრანაში გაშვებას.

– მიდი ხოაკიმ, ის ათი წლისაა, მეტის მოცდა აღარ შეიძლება, – ეუბნეოდა ტორტი. ბოლოს და ბოლოს, მამამ მათი რჩევა ყურად იღო, მაგრამ ერთი პირობით – სინჯებზე სკოლის სხვა ფეხბურთელებთან ერთად უნდა წავსულიყავი, რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ დახმარებით მოვხვდი "ბარსაში", ხოლო მეორეს მხრივ, საშუალება მეძლეოდა ყველასთვის მენახებინა ჩემი შესაძლებლობები.

ყველაფერი საუცხოოდ გამოვიდა – სამი გოლი შევაგდე, ერთი პენალტით. როდესაც მამამ გამოაცხადა, რომ "ბარსელონას" ავყავდი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მოგვიანებით გამიმხილა, რომ ეს სინჯები ფორმალობა იყო. ისიც შევიტყე, რომ ჩემი გადაბირება თურმე "ესპანიოლსა" და "რეალსაც" სურდათ.

გაირკვა, რომ "მერკანტილას" მწვრთნელი სენიორ რომერო შეთავსებით ბლანკოსის სკაუტი იყო კატალონიაში და ჩემს შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მამა სამეფო კლუბის წინადადებას არასდროს დათანხმდებოდა, რადგან ბაბუა ჟაუმეს ეს რომ გაეგო, ხოაკიმი ქუჩაში აღმოჩნდებოდა, თანაც, გაპანღურებული.

ბაბუა, ვიცი გესმის ჩემი ხმა და გიხარია, შენი შვილიშვილი შენს კვალს რომ გაჰყვა. ძალიან ხშირად ვფიქრობ შენზე.

ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ ასეთი დასაწყისი კარგის ნიშანი იყო. პასუხისმგებლობა დამაკისრეს, რომლის უღელქვეშაც, რაღა დაგიმალოთ და თავს ჩინებულად ვგრძნობდი.

"ექვს ნომერს" ვთამაშობდი, ბაკეროს სტილში. ნათელია, რომ ამ ასაკში არავინ გასწავლის გუნდურ მოძრაობასა და ტაქტიკას. მთავარი ბურთის ფეხთ მოგდება და სიამოვნების მიღებაა, მაგრამ ასენსი პედაგოგიური ნიჭით იყო დაჯილდოებული, რისი წყალობითაც უკვე მაშინ გვიტარებდა საფეხბურთო ოსტატობის დაწყებით გაკვეთილებს.

ერთ–ერთი პირველი ილეთი მეტოქის კორპუსით მოტყუება იყო. ბურთის მიღების მომენტში ერთ მხარეს აკეთებ მოძრაობას და უცბად მეორე მხარეს გარბიხარ. მეორე, რაც გვასწავლა, მოედანზე ერთმანეთის მიმართ სწორი განლაგება იყო, სათამაშო სქემის შესაბამისად. ვარჯიშები ხანმოკლე და არადამღლელი გახლდათ. ასენსის ცოდნა–განათლებას პიარს კიდევ იმიტომ ვუკეთებ, რომ მისი წყალობით იოჰან კრუიფი გავიცანი.

ჰოლანდიელი ტელეგადაცემის, "ისწავლეთ ფეხბურთის თამაში ვარსკვლავებთან ერთად" მთავარი მონაწილე იყო. ამ გადაცემის გაკეთების იდეა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნოდა, რომელიც სპორტულ–სოციალურ პროგრამაზე, "ითამაშე სუფთად, ძალადობის გარეშე", აქტიურად მუშაობდა.

გადაცემები ისეთი ვარსკვლავების მასტერ–კლასებს მოიცავდა, როგორებიც მარადონა, გულიტი, პელე, პლატინი, კუმანი, ბეკენბაუერი, ფუტრე და სხვები იყვნენ. კრუიფი ერთ–ერთი მოწვეული ვარსკვლავი იყო. ასენსი ჯერ კიდევ იმ დროიდან მეგობრობდა ჰოლანდიელთან, როდესაც ფეხბურთელი იყო და თავის ძველ მეგობარს სთხოვა,ჩემი შეგირდები წაავარჯიშეო.

ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენს გასახდელში კრუიფი შემოვიდა, რათა ტელეპროგრამაში მიეღო მონაწილეობა. ვარჯიშმა სხვადასხვა სათამაშო ასპექტი მოიცვა, მაგრამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მისმა ჩახვეულმა დარტყმებმა დატოვა.

კუთხურიდან იოჰანი ერთი–მეორეს მიყოლებით ათავსებდა ბურთებს კარში. ყველაზე საოცარი კი ის გახლდათ, რომ ამ ილეთს მარჯვნიდანაც აკეთებდა და მარცხნიდანაც.

მაშინ მხოლოდ მარჯვენა ფეხს ვხმარობდი, მარცხენა მხოლოდ სასიარულოდ მქონდა. მართალია, ვარჯიში სულ რაღაც ნახევარი საათი გაგრძელდა, მაგრამ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ კაცისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და კარგადაც ვიხალისეთ.

რადგან ტერასაში ვცხოვრობდი და დედა "ლა მასიაში" ჩემი დატოვების კატეგორიული წინააღმდეგი იყო (მას ის რაიონი არ მოსწონდა, სადაც სკოლა იყო, ესეც რომ არა, სამივენი სახლს ვიყავით შეჩვეულნი), შეიძლება ითქვას, "კამპ ნოუზე" ტაქსის გაჩერება გავხსენი, რომლითაც შემდგომში ჭაბუკთა სკოლის ბევრი ფეხბურთელი სარგებლობდა.

ყოველდღე ზუსტად ხუთ საათზე ტაქსი სკოლასთან მაკითხავდა და ვარჯიშზე მივყავდი. მოგვიანებით კლუბის ხელმძღვანელობამ "ინფანტილის" მასაჟისტს, რომელსაც ფურგონი ჰყავდა, ვალიესის ოლქის მცხოვრები ბავშვების ტრანსპორტირება დაავალა, ორნი ტერასადან ვიყავით, ერთიც საბადელიდან. ჩვენს ასაკობრივ ჯგუფში პირველივე სეზონში შედეგიანობის რეკორდი მოვხსენით. თითოეულ მატჩში საშუალოდ ექვსი გოლი გაგვქონდა და ჯამში 18 მატჩში 108 გოლს მოვუყარეთ თავი.

ნათელი იყო, რომ ეს ტრანსფერი ჩემს სასიკეთოდ გაკეთდა, რადგან, მწვრთნელების აზრით, მაღალ დონეზე ვთამაშობდი და ერთი კატეგორიით მაღალ გუნდში ადაპტაციის გავლა არ გამიჭირდებოდა. მე ასე არ ვთვლიდი.

თავდაპირველად კაპიტნის წოდებას დავემშვიდობე და მიჰყვა და მიჰყვა. პირველი სამი თვე ჩემოდნებზე ვიჯექი. მიუხედავად ამისა, ნელ–ნელა დავძლიე სტრესი და არსებულ რეალობასთან დავიწყე შეგუება. სადებიუტო სეზონში ის ხალხი გავიცანი, რომელთა მხარდამხარაც დუბლებში გადასვლამდე ვთამაშობდი – ბერმუდო, იდალგო, პრატსი.

"ინფანტილ ბ–ს" მწვრთნელი მაშინ მანუელ ლობო გახლდათ. ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ადამიანი იყო, მაგრამ ამასთანავე, გამოცდილი და განსწავლული. ყოველთვის მოჰყავდა იმის მაგალითები, როგორი არ უნდა იყოს ნამდვილი პროფესიონალი.

თავის დროზე ლობო ძალიან ნიჭიერ ფორვარდად ითვლებოდა, მაგრამ ახალგაზრდული თავქარიანობის გამო დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია. ბლაუგრანას მთავარ გუნდში მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოახერხა, ისიც, გარკვეულ გარემოებათა წყალობით. საქმე ის გახლავთ, რომ 1984 წლის სექტემბერში პროფესიონალი ფეხბურთელები გაიფიცნენ და კლუბები იძულებულნი გახდნენ ჩემპიონატში სამოყვარულო შემადგენლობებით ეთამაშათ.

ლობოს ერთი შანსი მიეცა, რომელიც ვერ გამოიყენა. სპორტული ენით რომ ვთქვათ, იმ ტურში "ბარსელონამ" "სარაგოსას" მოუგო 4:0 და ლობომ მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო, ისიც, პენალტის ნიშნულიდან.

ლობო გვეუბნებოდა, მიბაძვის სუბიექტად ვერ გამოვდგები, რადგან თავაშვებული ცხოვრება ძალიან ადრე დავიწყეო:

– ყველა ბიჭს უნდა გოგონებთან გართობა, მაგრამ არჩევანის გაკეთება უნდა შეგეძლოს. სწორი გზა უნდა აირჩიო და მშობლებს ყური უგდო.

მისი რჩევები დიდ აზრობრივ დატვირთვას ატარებდა და არა ბავშვებისთვის, არამედ უკვე ნახევრად პროფესიონალებისთვის იყო განკუთვნილი. ლობო ბევრს გვიყვებოდა საკუთარი ახალგაზრდული შეცდომების შესახებ, რათა მათი შემჩნევა და თავიდან აცილება გვესწავლა. ის დაჟინებით გვიმეორებდა, ფეხბურთში უმაღლესი მწვერვალები რომ დაიპყროთ, ბევრი რამ უნდა დათმოთ და გოგონებთან ერთად დისკოთეკებზე სიარული დაივიწყოთო.

ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ ის მართლაც დროსტარების მოყვარული იყო თავის დროზე. ლობოსთან ერთად პრაქტიკული ფეხბურთის კურსი გავიარეთ: ვის უნდა გაექცე და სად.

ამავდროულად, ვარჯიშები უბრალო და გასაგები იყო. სწორედ მასთან მუშაობისას გავეცანი კონცეპტუალურ საფეხბურთო ასპექტებს: ბურთის გადაადგილება, ფლანგებიდან ჩაწოდებები, პასის ხაზი, ის ყოველთვის მარტივად და გასაგებად გვიხსნიდა ყველაფერს. ამ თვალსაზრისით, ის ყოველთვის მაგონებს ფურია როხას თავკაცს, ლუის არაგონესს.

ბლაუგრანაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს ბოლომდე თუ გავიხსენებ, ასენსის, კრუიფის მასტერ–კლასისა და განსაკუთრებით ლობოს შემდეგ, ფილიპსის ტოსტერი მახსენდება, რომელიც "ბარსელონაში" აღებული პირველი ხელფასით ვუყიდე დედაჩემს. სინამდვილეში ეს მგზავრობისთვის განკუთვნილი ყოველთვიური თანხა იყო და 4.000 პესეტას შეადგენდა. სწორედ ეს ფული მედო ჯიბეში, დედისთვის სიურპრიზის გაკეთება რომ გადავწყვიტე. ელექტროსაქონლის მაღაზიაში წავედით და ვუთხარი, 4.000 პესეტას ფარგლებში რაც გინდა, აირჩიე–თქო. დედამ ფილიპსის მარკის ტოსტერზე შეაჩერა არჩევანი. იმდენად აღელვებული იყო, რომ მაღაზიიდან გამოსვლისას მის თვალებზე ცრემლები შევამჩნიე.

თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი საჩუქარი მაინც "სოსიოს" ბარათი იყო, ტრიბუნაზე დაჯავშნილი კონკრეტული ადგილით. ვიცოდი, რომ მოეწონებოდა, რადგან სულით–ხორცამდე კულე იყო. ის უკვე იყო "სოსიო". ჩემამდე ოსკარმა აჩუქა ბარათი, მაგრამ სტადიონზე კონკრეტული ადგილი არ ჰქონია.

ალეხანდრო ეჩევერიას დაველაპარაკე, რომელსაც მეგობრებთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულების გამო ძალიან ვაფასებ. მან მითხრა, რომ ამ ბარათებით დედაჩემს ორი ადგილის დაკავება შეეძლო ტრიბუნაზე. დედასთვის ნახევარი მსოფლიო რომ დაედოთ წინ, მისთვის ესეც კი ვერ გადაფარავდა იმ ორი ბარათის ფასს

ძალიან ვამაყობ იმ ფაქტით, რომ ყველაფერი, რაც ფეხბურთში ვიცი, სწორედ ამ კაცმა მასწავლა. როდესაც ვან გაალი პირველ გუნდში "ოთხი" და "ექვსი ნომრის" მანევრებს გვასწავლიდა, მახსენდებოდა, რომ ეს უკვე ნასწავლი მქონდა ვილასთან.

ის ფეხბურთში ნამდვილი ექსპერტი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცოდნას მაინც იღრმავებდა. ამ კაცის ხელი ყველას ეტყობა, ვინც კი მისი სკოლა გაიარა. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ შეგირდებთან ურთიერთობაში მათრახი არ სჭირდებოდა. ის არა მხოლოდ არაჩვეულებრივი ადამიანი, არამედ მომთხოვნი, მაქსიმალისტიც იყო.

დღემდე მახსოვს მის მიერ ახსნილი თითოეული გაკვეთილი, რომლებიც ზოგჯერ ორ საათს გრძელდებოდა. ხან დაცვაში მოქმედებას ვიხილავდით, ხანაც კუთხურებს, მცველების მოძრაობას, პრესინგსა და ა.შ. შემდეგ ამ თეორიულ ცოდნას პრაქტიკულად ვამუშავებდით, რადგან ვილა თვლიდა (ისევე, როგორც მისი მასწავლებელი ლაურეანო რუისი), რომ უშუალოდ საქმეში ფეხბურთელი მაშინ უნდა ჩაერთოს, როდესაც ბეჯითად ისწავლის ზეპირ გაკვეთილს.

ვილასთან ოთხი წელი დავყავი, "ინფანტილ ბ–დან" "ჟუვენილ ბ–მდე". თან ვსწავლობდი და თან ცხოვრებით ვხარობდი. სწორედ ამიტომ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ის ჩემი "მეორე საფეხბურთო მამაა", რა თქმა უნდა, მშობელი მამის შემდეგ.

არ მესმის, როგორ არ დარჩა "ბარსელონაში". მას ჰქონდა მიზეზები საფეხბურთო სკოლის დასატოვებლად, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მისი წასვლით კლუბმა ბევრი დაკარგა. ვილა "ბარსელონაა"! მის ძარღვებში ლურჯ–შინდისფერი სისხლი ჩქეფს.

ვილამ ჯარიმების დარტყმა მასწავლა. მხოლოდ ერთი შეხების უფლება გაქვს, მეუბნებოდა ხოლმე, როდესაც საუბარი პასით თამაშზე იყო.

– არასდროს მისცე თანაგუნდელს მაღალი ბურთი, გადაცემისას ტყავის სფერო მაქსიმუმ, სამი სანტიმეტრით უნდა აიწიოს გაზონიდან, – მისგან ყოველდღე ახალს ვსწავლობდი.

ვილას ჩემს კარიერაში კიდევ იმიტომ ვთვლი მნიშვნელოვან ფიგურად, რომ მან ჩემში დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი დაინახა. ექვსთვიანი მუშაობის შემაჯამებელ მოხსენებაში უკვე გაისმოდა პროტექციონისტური ხასიათის ფრაზები:

– ვფიქრობ, ისეთი ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესების შემთხვევაში, როგორიც სისწრაფე და მოქნილობაა და ჩვენის მხრიდან სამუშაოსადმი შესაფერისი მიდგომის სემთხვევაში, ახალ გვარდიოლას მივიღებთ.

სიტყვა და საქმე ერთი იყო. ვილა დაჟინებით ითხოვდა ჩემგან პეპის მსგავსად თამაშს. გვარდიოლასთვის მოედანზე უნდა მედევნებინა თვალი, უნდა მენახა, რას აკეთებდა მოედანზე და როგორ.

"კამპ ნოუზე" ყველა მატჩს ვესწრებოდი, მის მოძრაობებს ვაკვირდებოდი, როგორ წევს თავს ბურთის მიღების წინ, რათა მოედანზე თანაგუნდელების განლაგება შეაფასოს. ვაკვირდებოდი, როგორი სისწრაფით იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იყენებს კორპუსს, როგორ მიჰყავს თამაში. ვილას "დრიმ თიმის" მატჩების კასეტები მოჰქონდა ჩემთვის, რათა ყველა ზემოხსენებულ ასპექტში სრულყოფილებისთვის მიმეღწია.

ჩემპიონატის ბოლოს მწვრთნელმა წერილობითი რეკომენდაციები დაგვირიგა, სადაც ეწერა, რომ ჩემი მოწოდება პეპის თამაშის იმიტირებაა, ხოლო პრიორიტეტული ამოცანა გვარდიოლას დონესთან რაც შეიძლება მეტად მიახლოება.

ერთი წლის შემდეგ, როდესაც უკვე "კადეტების" რიგებში ვთამაშობდი, ვილასთან მეგობრობის წყალობით, ჩვენს ვარჯიშს გვარდიოლა დაესწრო. წარმოგიდგენიათ, რამხელა სიურპრიზი იყო?!

ის ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში იყო. თანაც, გვესაუბრებოდა და რჩევებს გვაძლევდა. რადგან ვილას უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი ამპლუის ფეხბურთელი ვიყავი, რამდენიმე სასარგებლო რჩევა მომცა და მითხრა, ასე გააგრძელეო.

მოგვიანებით, დუბლებში ასპარეზობისას, ვილასგან გავიგე, რომ იმ დღეს პეპი ჩემს სანახავად იყო მოსული, რათა გაეგო, ვინ იყო ის ბიჭი, რომელსაც ყველა გვარდიოლას კლონს ეძახდა. ვარჯიშის შემდეგ პეპმა შემდეგი რამ თქვა:

– ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს, ოთხ წელიწადში პენსიაზე გამიშვებს.

მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კანტერანოსთვის ორი ფეხბურთელი იყო მისაბაძი: გვარდიოლა და ამორი. იმას კი არ ვამბობ, ჩემი კერპები იყვნენ–მეთქი (ლაუდრუპს თუ არ ჩავთვლით, რომელსაც ბავშვობაში ვეთაყვანებოდი, კერპი არასდროს მყოლია), უბრალოდ, მათი თამაში ყველას გვხიბლავდა. ამორი კანტერანოს ნამდვილი სახე იყო, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. პეპი იდეალური ოთხიანი გახლდათ.

"კადეტებში" ორი არაჩვეულებრივი წელი გავატარე. არამხოლოდ სპორტულ მხარეს ვგულისხმობ, სადაც ყველაფერი მოვიგეთ, არამედ გასახდელში არსებულ ჩინებულ ატმოსფეროსაც.

ჩემი საუკეთესო მეგობრები, რომლებიც საფეხბურთო სამყაროს მიუკუთვნებიან, სწორედ იმ პერიოდში გავიცანი. არაჩვეულებრივ ხალხს შევხვდი: ანტონიო იდალგო, სერხიო ბერმუდო, დავიდ პრატსი, სერხიო გარსია და ანტონიო ლობო (ჩემი "ინფანტილელი" მწვრთნელის ძმა). იმდენად დავახლოვდით, რომ "ტროას საძმო" შევქმენით, რომელსაც ასეთი სახელი იდალგოს პატივსაცემად დავარქვით.

საქმე ისაა, რომ მას დიდი პირი ჰქონდა და ცხენს ვეძახდით, "ტროას ცხენს". როდესაც მეტსახელით მივმართავდით, ცოფდებოდა ხოლმე, ჩვენც მეტი რა გვინდოდა, მაგრად ვხალისობდით.

მაგალითად, მე "პაელიას" მეძახდნენ, რადგან მაშინ სახეზე ბევრი გამონაყარი მქონდა. 14 წლისანი ვიყავით! ამჟამად წელიწადში მინიმუმ ერთხელ ვხვდებით ერთმანეთს, რათა ტკბილი მოგონებები გავიხსენოთ და ჩვენი მყარი მეგობრობა ახალი პოზიტიური ამბებით გავამდიდროთ.

იმ პერიოდიდან ყველაზე ტკბილად ის მახსენდება, რომ ზედიზედ სამჯერ დამასახელეს გუნდში "საუკეთესო პარტნიორად". მეოთხე წელს მე და ჟოფრემ ხმათა თანაბარი რაოდენობა დავაგროვეთ და რადგან უკვე გახლდით ლაურეატი, ჯილდო მას გადასცეს.

კადეტებში ჩატარებული პირველი სეზონის ბოლოს ვილამ შემაჯამებელი მოხსენება დაწერა, რომელშიც პირდაპირ მიუთითებდა ჩემზე, ეს ბიჭი პირველი გუნდის ფეხბურთელი იქნებაო.

მას მიაჩნდა, რომ ერთადერთი ნაკლი მქონდა, დაბალი სისწრაფე. დანარჩენი მცირე ნიუანსი იყო. ის ყოველთვის მთხოვდა, მოედანზე თანაგუნდელებს უკარნახე ხოლმე, რა და როგორ გააკეთონო. მისი აზრით, თამაშს კარგად ვკითხულობდი და შესაბამისად, კარნახი ჩემი მოვალეობა იყო.

კადეტებში ბურთაობისას, შევამჩნიე, რომ ასაკის მატებასთან ერთად ჩვენდამი წაყენებული მოთხოვნებიც იზრდებოდა. ვილა მშვიდი და მომთმენი დამრიგებელი იყო. დაყვირება თუ მოუწევდა, ეს ჩვენში შიშს არ იწვევდა.

თუმცა, ერთხელ "ატლეტიკოსთან" მატჩში ხერარდ ლოპესი მაგრამ გააკრიტიკა. პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც უამრავი საგოლე მომენტი გავაცუდეთ, ვილამ ხერარდს ქეჩოში წაავლო ხელი და დაუღრიალა: გეყოფა ფინტაობა, ყელამდე ვარ უკვე თქვენი მეტიჩრობით, რასაც მეტოქის საჯარიმოში ჩადიხართ. ყველანი გაყუჩებულნი ვუსმენდით – მეორე ტაიმში არეულები გავედით მოედანზე და წავაგეთ 1:2.

კადეტებში ჩატარებული ორი სეზონის შემდეგ, "ჟუვენილ ა–ში" მომიწია გადასვლა. ყველას გასახარად, "ტროას საძმო" არ დაშლილა. არაჩვეულებრივი სეზონი გამოგვივიდა, რომელიც 143 გოლით დავასრულეთ. ეს ნამდვილი ტრიუმფი იყო, მაგრამ არა ტოტალური, რადგან სამეფო თასის ფინალში "სევილიასთან" დავმარცხდით. მატჩის წინ უპირობო ფავორიტებად ვითვლებოდით, მაგრამ ხესულის დარტყმამ ყველაფერი თადაყირა დააყენა.

ასე რომ, ჩემს საძმოსა და ვილასტან ერთად ჩატარებულმა ბოლო შეხვედრამ, მწარე გემო დამიტოვა. იცით, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამ მწუხარებას დასრულებული ბავშვობის გემო ჰქონდა. უკვე პროფესიონალი უნდა გავმხდარიყავი და გეზი დუბლისკენ ამეღო.

– ხავი, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო შენთან მუშაობა. ღმერთმა ქნას, კიდევ მოგვიწიოს ერთად მოღვაწეობა, – ამის თქმა იყო და ვილამ გულში ჩამიკრა, მაგრამ წინ უკვე გონსალვოს დამოძღვრილი "ბარსა ბ" მელოდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა
კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online