asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ იზრდებოდა ვარსკვლავი
როგორ იზრდებოდა ვარსკვლავი
როგორ იზრდებოდა ვარსკვლავი

2010-09-30 10:16:00



ყველა ამბავს აქვს დასაწყისი. ჩემი, ისევე როგორც ჩემი ძმების, 1972 წელს იწყება, როდესაც ჯარიდან ახლად დაბრუნებული ყმაწვილი, ხოაკიმ ერნანდესი, ქალაქ ტერასას ცენტრალურ პროსპექტზე სეირნობდა ამაყად. იქვე ატარებდა თავისუფალ დროს ორი გოგონა, რომლებმაც შორიდანვე იცნეს ახალგაზრდა ბიჭი.

მარია მერესა კრეუსისთვის მხოლოდ ბავშვობის მეგობარი იყო, რომელსაც თავის დროზე მამამისის ბარ "ევროპაში" საკუთარ წილ კოკა კოლასა თუ მირინდას უყოფდა.

აი, მისი დაქალი კი იმ მომენტში ხოაკიმისადმი დიდ ინტერესს იჩენდა. მას შესანიშნავი საშუალება ჰქონდა, ყოფილი შეყვარებულის შესახებ გაეგო რამე ახალი, რომელთანაც რამდენიმე კვირის დაშორებული იყო. ხოაკიმი მისი ახლო მეგობარი გახლდათ და უნდა სცოდნოდა, განიცდიდა თუ არა მისი ძმაკაცი სატრფოსთან დაშორებას.

დაქალმა მარიას სთხოვა ხოაკიმს მისალმებოდა, რათა შემდეგ საუბარი მისთვის საინტერესო თემაზე წამოეწყო. მარია მერესას მეგობრის წყენინება არ უნდოდა და ბავშვობის თანამგზავრს მომღიმარი სახით მიესალმა.

მათი უკანასკნელი შეხვედრიდან დიდი დრო გასულიყო და პროტოკოლური ჩახუტებისა და ორი კოცნის შემდეგ, გოგონამ საუბარი იმ თემაზე წამოიწყო, რომელიც, მისი აზრით, ყმაწვილს გაახარებდა: იცი, რა ხდება "ბარსაში"?

პრინციპში, ბარსელონაში ყველა საუბარი ასე იწყება. მართალია, დაქალის ყოფილი შეყვარებულის შესახებ მარიამ ინფორმაცია ვერ მოიძია, სამაგიეროდ, სიმპათიური და ალალი ბიჭით, რომლისთვისაც ფეხბურთი ჰობიც იყო და პროფესიაც, მოხიბლული დარჩა.

ამ ხანმოკლე, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრიდან ერთი წლის თავზე ხოაკიმმა და მარია მერესამ სოფელ ვილადეკავალში, ტაძარ "კან ბოიშერესში" დაიწერეს ჯვარი.

იმ დროს ხოაკიმი "ევროპაში" ბურთაობდა, მანამდე კი "ჟირონაში" ასპარეზობდა ცოტა ხანი. ორ წელიწადში ჩვენი ოჯახი გაიზარდა, ქვეყანას ჩემი უფროსი ძმა, ალექსი მოევლინა.

მშობლებს გოგო უნდოდათ და საქმეს ენერგიულად შეუდგნენ, მაგრამ კვლავ ბიჭი შერჩათ ხელში – ოსკარი. დედ–მამამ უკან მაინც არ დაიხია და მესამე ცდაზე მე გავჩნდი. კიდევ ერთი ბიჭი!

დედა მიყვებოდა, ძალიან რთული ორსულობა მქონდა, როდესაც შენზე ვიყავი ფეხმძიმედო. თურმე, დროზე ადრე მინდოდა ქვეყანას მოვლენოდი. მეექვსე თვეს ყველასეგონა, რომ იმშობიარებდა, მაგრამ გინეკოლოგმა ფერსანდილიომ ყველაფერი იღონა, რომ ორსულობის პროცესი გაეხანგრძლივებინა.

მშობიარობამ რთულად ჩაიარა. 1980 წლის 25 იანვარს, საღამოს ათ საათზე დღის შუქი ვიხილე: წონა – 3კგ და 40 გრ, სიმაღლე – 49 სმ.

თავდაპირველად მამაჩემის სახელის, ხოაკიმის დარქმევას მიპირებდნენ, მაგრამ მერე გადაიფიქრეს და ხავი დამარქვეს. სახელები ოთხივეს დედამ შეგვირჩია. ვინ ოთხივესო, ალბათ იკითხავთ. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლოს და ბოლოს დაიკო, არიადნა შეეძინათ.

ძმამ, ოსკარმა თავისი საყვარელი ნივთი, საბანი მაჩუქა, რომელსაც სულ თან დაატარებდა, ჭამდა, ეძინა თუ თამაშობდა. ალექსს არაფერი უჩუქებია, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ ამაზე არ იდარდოს, რადგან წყენის გულში ჩადება არ ვიცი.

საწოვარა არასდროს მყვარებია. დედა ვერ ხვდებოდა, რატომ ვამბობდი მასზე უარს. არადა, ოთხი სხვადასხვანაირი მიყიდა. თუმცა, მშვიდი ბავშვი ვიყავი და მშობლებს მინიმალურ პრობლემებს ვუქმნიდი. სათამაშო მანქანების კოლექცია მქონდა. შემეძლო, მთელი საღამო მეთამაშა, მოკლედ, არავის ვაწუხებდი.

ცხრა თვისამ ფეხი ავიდგი, ხოლო სამი წლის ასაკში უკვე ბურთს დავდევდი გალილეო დე ტერასაზე, არადა, ჯერ ბურთის ხელაც არ ვიყავი. ფეხბურთი სისხლში გვაქვს: სამივე ძმა მამის კვალს გავყევით.

ყველაზე მეტად მე გამიმართლა. თუმცა, ოსკარიც თამაშობდა ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე. ბუცები ახლახანს ჩამოკიდა ლურსმანზე, მას შემდეგ, რაც ჯვარედინი იოგები დაიზიანა. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი დაც კი თამაშობს ფეხბურთს, თანაც, არცთუ ურიგოდ.

ძალიან მიყვარდა "ნაკლეიკების" შეგროვება. მე და ჩემი დაიკო ხურდას თუ ჩავიგდებდით ხელში, უახლოეს გაზეთების ჯიხურში გავრბოდით, რათა "ინსპექტორ გაჯეტის" ან "ბოლი დრაკის" ბარათები გვეყიდა. შემდეგ ამ ბარათებს ალბომებში ვაკრავდით, რომლებშიც ცარიელი ადგილების პოვნა ძნელი იყო.

ჩემი ძმები ერთ ოთახში ცხოვრობდნენ, მე და არიადნა კი ცალკე ვიყავით. ორსართულიანი საწოლი გვქონდა, დაიკო ქვემოთ იწვა, ხოლო მე – ზემოთ. ძმების ოთახში მხოლოდ მაშინ შევდიოდი, როცა კომპიუტერის თამაში მინდოდა.

ერთხელ ამის გამო მომხვდა კიდეც, რადგან ბიჭები გავაღვიძე. დღეს ვიდეოთამაშებზე ისე აღარ ვარ დამოკიდებული, როგორც ბავშვობაში, პატარა რომ ვიყავი, კომპიუტერიდან ვერ ამაგლეჯდა კაცი. თუმცა, "ნინტენდო" ახლაც მაქვს და ხანდახან დავერევი ხოლმე გაიძვერებს, მაგრამ ფეხბურთზე ძალიან მაინც არაფერი მიყვარდა. ოთხი წლის ასაკში ძმებთან ერთად ვთამაშობდი ხოლმე ბურთს. ისინი უკვე ტერასას საფეხბურთო სკოლაში დადიოდნენ, მე – არა, რადგან პატარა ვიყავი,თუმცა ძმებს ვარჯიშებზე ყოველთვის დავყვებოდი და სანამ მწვრთნელის მითითებებს ასრულებდნენ, იქვე ბავშვებთან ერთად ბურთს დავდევდი.

ხუთი წელი რომ შემისრულდა, საფეხბურთო სკოლაში სემიყვანეს. ვარჯიშებზე ბაბუა ჟაუმეს დავყავდით თავისი "სეატით". ის შვილიშვილებით ამაყობდა და როცა საშუალება ეძლეოდა, ვარჯიშებს ესწრებოდა. დედაჩემის მამა ჩვენს ოჯახში ფეხბურთის ყველაზე დიდი ქომაგი იყო, ის ნამდვილი "კულე" გახლდათ.

ამჟამად ბაბუა ჟაუმე ტერასული "სან ჟოზეპის" პრეზიდენტია. მაგარი ინტუიცია ჰქონდა, ჯერ კიდევ ექვსი წლის ვიყავი, როცა მამას ეუბნებოდა, დარწმუნებული ვარ, შენს ბიჭს მალე "ბარსელონაში" ვიხილავთ, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვებიო, სულ ამას ჩასჩიჩინებდა. მამას ბაბუის წინასწარმეტყველება მისი ემოციურობის ერთ–ერთ გამოვლინებად მიაჩნდა და პასუხობდა, დრო გვიჩვენებსო, მაგრამ ჟაუმე ჯიუტი კაცი იყო და ყველას უმტკიცებდა, ჩემი შვილიშვილი "ბლაუგრანაში" ითამაშებსო.

დედა ეხვეწებოდა, სულ ხავის ქებაში ნუ ხარო, რადგან ოჯახში სამი ბიჭი დადიოდა ფეხბურთზე. ბაბუას კი პასუხი გამზადებული ჰქონდა: ნუ ნერვიულობ, შვილო, ხავის რა აქვს, მეც არ ვიცი, მაგრამ რაღაც აქვს ისეთი, რითიც დანარჩენებისგან გამოირჩევაო.

ბაბუასთან ერთად ფეხბურთის ყურება ერთი სიამოვნება იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" ეთამაშებოდა. ჟაუმეს ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა, ის ყველაზე რადიკალური "ანტიმადრიდისტი" იყო მათ შორის, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. თუ იცოდა, რომ ოპონენტი სამეფო კლუბის ქომაგი იყო, კამათისას შეიძლებოდა ადამიანი შემოლანძღვოდა კიდეც.

– ამასთან არ ითამაშოთ, – ბლანკოსის მაისურში გამოწყობილ ბავშვს თუ დაინახავდა, ასე მოკლედ მოგვიჭრიდა ხოლმე. იმდენად ეზიზღებოდა "რეალი", რომ როდესაც მადრიდელები მარცხდებოდნენ, მაშინვე ყიდულობდა "ასის" ნომერს და თითოეულ ფურცელს საფუძვლიანად კითხულობდა.

მამა ხანდახან თავს იმის უფლებას აძლევდა, რომ ბლანკოსის ოთხი ნომერი შეექო. აი, მაშინ იწყებოდა, რაც იწყებოდა. ლანძღვა–გინებას მუშტი–კრივამდე ცოტაღა უკლდა. ბაბუა მამას რა ეპითეტით აღარ ამკობდა ხოლმე, "ანტიკულეს" ეძახდა.

ჟაუმე თუ ვულკანი იყო, ბებია მისი სრული ატიპოდი იყო – ყველაზე კეთილი და თბილი ადამიანი, ვისაც ოდესმე ვიცნობდი. პაკიტა მზესავით იყო.ყოველთვის სასარგებლო და ბრძნულ რჩევა–დარიგებებს მაძლევდა. როდესაც არიადნა წამოიზარდა, მშობლებს ოთახების გაცვლა ვთხოვე, რათა ბებიასთან დამეძინა.

მთელი ღამე შეგვეძლო სხვადასხვა თემებზე საუბარი. თუმცა, "გადასახლების" შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. როდესაც მე და ჩემი დაიკო ერთ ოთახში ვიყავით, მაშინაც სმენად ვიყავი ხოლმე გადაქცეული.

ზეპირად ვიცოდი, როგორ მისდიოდა სკოლაში საქმეები, როგორ ჰყავდა დაქალები და ა.შ. არიადნასთან ძალიან ახლოს ვარ. ძალიან მიყვარს, რადგან პირდაპირი ადამიანია და ორპირობა არ სჩვევია.

პაკიტა უგემრიელეს კერძებს ამზადებდა. როდესაც თავის საფირმო მაკარონსა თუ კანელონის ამზადებდა, სახლში ნამდვილი ზეიმი იყო. საბედნიეროდ, ბებიას კულინარიული ცოდნა დედაჩემს გადაეცა მემკვიდრეობით. ამაში ჩემი მეგობარი გოგონა, ელზა დამემოწმება, რომელიც კაი ხანი ვერ იტანდა კანელონის, მაგრამ დედაჩემის მომზადებული რომ გასინჯა, მას შემდეგ ამ კერძზე უარს აღარ ამბობს.

"ჟაბაკში" ბურთს პირველად დავკარი თავი. მანამდე ეს საფეხბურთო ილეთი არ გამეკეთებინა, რადგან მეშინოდა. ჩვენი მწვრთნელები გუინდო და ლორენცო იყვნენ. ამ ასაკში ბავშვს ერთადერთი სურვილი ამოძრავებს, ბურთისთვის ფეხის დარტყმა. ერთხელაც, რომელიღაც გუნდს ვეთამაშებოდით, ყველანი წინ წავიდნენ გოლის გასატანად, მე კი საკუთარი კარისკენ გავიქეცი. მამა მიყვიროდა, რას აკეთებ, წინ წადიო, მე კი ვუპასუხე, რას ამბობ მამა, კონტრშეტევის შემთხვევაში უკან ხომ უნდა იყოს ვინმე–მეთქი.

ნახევარი წლის შემდეგ ძმებთან ერთად "ტერასას" საფეხბურთო სკოლაში ჩავირიცხე. იქ 9 წლის ასაკიდან ღებულობდნენ ბავშვებს. კლუბის პრეზიდენტის, ედუარდო პოსადასის პროტექციით, მამაჩემი ფეხბურთის განვითარების განყოფილების უფროსად დაინიშნა და პარალელურად, საფეხბურთო სკოლის დირექტორობა დაევალა.

"ტერასაში" ჩემი და ჩემი ძმების გზები იშვითად იკვეთებოდა, რადგან სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდით. მე საღამოს ექვს საათზე მეწყებოდა ვარჯიში, მაგრამ რადგან მამა 11 საათამდე მუშაობდა, სკოლაში ვრჩებოდი და უფროსი ბიჭების ვარჯიშებს ვადევნებდი თვალს.

დე–იურე ჩემი პირველი მწვრთნელი ანტონიო ლადერო იყო. ის სამი წელი გვავარჯიშებდა. ჩემი ცხოვრების ამ ნაწილიდან "ადეფუბეს თასზე" ჩატარებული ფინალური მატჩი მახსენდება ყველაზე კარგად. "სან კუგატასთან" პენალტების სერიაში დავმარცხდით. ლადერომ წაგებაში მსაჯები დაადანაშაულა, მაგრამ ცხრა წლის ბავშვების დამშვიდება როგორი საქმე იყო, რომლებმაც თავიანთი პირველი ფინალი წააგეს, თანაც, ასე საშინლად.

როგორც საფეხბურთო სკოლის დირექტორს, საქმეში მამაჩემს მოუხდა ჩართვა, რათა ეს ყველაფერი დაკრძალვის პროცესიას არ დამსგავსებოდა. მახსოვს, გასახდელში ჩამოვიდა და სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა ჩვენს შოკიდან გამოყვანას.

ფეხბურთი სხვა ტიპის პრობლემებსაც იწვევდა. დედა ყოველდღე 110 პესეტას მაძლევდა, რათა პროგრესის მოედანზე ახლადგამომცხვარი პური მეყიდა. რადგან საცხობი დღის ორ საათზე იკეტებოდა, მრჩებოდა იმის დრო, რომ მეგობრებთან ერთად ფეხბურთი მეთამაშა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, სახლიდან შუადღისას თუ გამოვდიოდი.

მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სათამაშო აზარტში შესულს, დედის დანაბარები მავიწყდებოდა და საათს რომ დავხედავდი, ვხვდებოდი, რომ საცხობი უკვე დიდი ხნის დაკეტილი იყო.

მადლობა ღმერთს, შორსმჭვრეტელი დედა მყავს და ასეთი შემთხვევებისთვის ერთი პური ყოველთვის ჰქონდა გადანახული. პროგრესის მოედნის გახსენებისას არ შემიძლია ორიოდ სიტყვა არ ვთქვა ჯიხურის გამყიდველზე, რომლის კარავსაც დღეში რამდენჯერმე ვშლიდით, მაგრამ ძალიან თავშეკავებული ადამიანი იყო და გვიძლებდა.

ფეხბურთით გატაცება სწავლაში ხელს არ მიშლიდა, ყოველ შემთხვევაში, დაწყებით კლასებში მაინც. ქალაქ ტერასაში კულტურის კოლეჯში ვსწავლობდი. აქ დაწყებითი სკოლის პროგრამას გავდიოდით და არასრულ საშუალო განათლებას ვიღებდით (9 კლასი).

სიმართლე გითხრათ, გულმოდგინედ რომ მესწავლა, სასკოლო განათლებას უპრობლემოდ მივიღებდი. თუმცა, ცუდი მოსწავლე მაინც არ ვყოფილვარ. მხოლოდ მათემატიკის გამოცდა ვერ ჩავაბარე, ისიც ერთთვიანი ავადმყოფობის ბრალი იყო.

სკოლაში ის ადამიანი გავიცანი, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარია. მისი სახელი და გვარი ალბერტ ხუსტრიბოა ან უბრალოდ ხუსტრი. ის კლასის ხულიგანი იყო, მაგრამ ამავდროულად ძალიან კეთილი გახლდათ. საწყალი! მასწავლებლები სულ მას სჯიდნენ. ვიღაცის ჩანთა თუ აფრიალდებოდა ჰაერში, მაშინვე ხუსტრის გაჰკიოდნენ.

დირექტორი კარლოსი სკოლაში ყველაზე საშიში ადამიანი იყო. მაღალი და მელოტი კაცი გახლდათ და ყველა პატივს სცემდა. როდესაც კლასში შემოდიოდა, ფეხზე უნდა ავმდგარიყავით, ხოლო დაჯდომის უფლებას რომ მოგვცემდა, ერთხმად ვყვიროდით, თქვენის ნებართვითო.

განსაკუთრებით მკაცრი იმ მომენტში იყო, როდესაც ბავშვებს დაფასთან იძახებდა. ვაი იმისი ბრალი, ვინც გაკვეთილი არ იცოდა. ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ხოლმე, რადგან საკუთარი პედაგოგიური გადაწყვეტილებების სისწორეში ეჭვი არ ეპარებოდა.

რადგან ხუსტრი სამოსანი იყო, ჩემს გვერდით დასვეს, რათა სწავლაში დავხმარებოდი. სინამდვილეში კი საპირისპირო რამ მოხდა. სამი თვის შემდეგ ისეთი კარგი მოსწავლე უკვე აღარ ვიყავი, როგორც მანამდე. ეს ნამდვილი კოშმარი იყო!

მახსოვს, ერთხელ, ისტორიის დავალება გადამაწერინეო მთხოვა. დავთანხმდი, მაგრამ ერთი პირობით, რაღაც უნდა შეეცვალა, რათა მასწავლებელი ვერაფერს მიმხვდარიყო.

ხუსტრიმ იმდენი მოახერხა, რომ ჩემი რვეული დაკარგა და მასთან ერთად მეც დავისაჯე. აი, ასეთი გახლდათ ხუსტრი!

რამდენი რამ გადაგხვდენია თავს რომ იცოდეთ. ერთხელ ველოსიპედით პოლიციის მანქანას ვეჯახებოდით. მართალია, გვერდის აქცევა მოვასწარით, მაგრამ გზიდან გადავედით და არხში გადავიჩეხეთ. ავტობანზეც ბევრი გვირბენია ბენზინგასამართი სადგურის ძებნაში, რადგან ავზში წვეთსაც არ ვტოვებდით.

ერთხელ "ანკორაში" (კოსმეტიკის მაღაზია) მაგიდის ფეხბურთში ჩავატარეთ ჩემპიონატი. მე და ხუსტრიმ მაგარი ტანდემი შევქმენით. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ძმაკაცი უკეთ თამაშობდა, ვიდრე მე. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ის მაგიდის ფეხბურთის აპარატი დღეს მას უდგას ბინაში.

სასკოლო ატესტატში საშუალო მაჩვენებლები მაინც რომ მქონოდა, რისი სურვილიც არამარტო მე, არამედ ჩემს მასწავლებლებსაც ჰქონდათ, პროფესორმა არსიომ, რომელიც მათემატიკას მასწავლიდა, პროფესიული განათლების პროგრამა დამიდო წინ.

მოკლედ, საშუალო განათლების მიღება თუ მინდოდა, ფეხბურთი და სხვა სისულელეები გვერდზე უნდა გადამედო და სწავლა–განათლებისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი. სპორტით გატაცების გამო სკოლაში დღითი–დღე მიჭირდა, მაგრამ ატესტატი ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო და უკან არ დავიხიე.

ექვსი თვის შემდეგ დედაჩემი გამოიძახეს სკოლაში, რადგან პირველ ტრიმესტრში ორი, ხოლო მეორეში სამი საგანი დამრჩა ჩასაბარებელი. დედა პროფესორ პალომოს შეხვდა, რომელმაც მოახსენა, თქვენი შვილის საქმეები უკან–უკან მიდისო.

მან კი არც აცია, არც აცხელა და პატივცემულ პროფესორს მიახალა: სამასჯერ მართალი ხართ პროფესორო, მაგრამ ამ მომენტში ჩემი შვილი სხვა კარიერას იკეთებს. ორი–სამი წლის შემდეგ მისი შრომა შედეგს თუ არ გამოიღებს, მაშინ სწავლა–განათლებას სერიოზულად მოვკიდებთ ხელსო.

სენიორ პალომომ ენა გადაყლაპა და დედაც სკოლაში აღარ გამოუძახებიათ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კარლოსი
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online