asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მარინა ბერიძე: "ტრადიციული მზარეული ვარ"
ცომეული მიყვარს, მაგრამ ვცდილობ, არ ვჭამო
მარინა ბერიძე: "ტრადიციული მზარეული ვარ"

2010-11-22 16:07:33



მარინა ბერიძე საკმაოდ დატვირთული ქალბატონია, კულტურის სამინისტროში მუშაობს და "რუსთავი 2"–ის რამდენიმე პროექტშია ჩართული. სახლში გვიან დაღლილი ბრუნდება. ალბათ ძნელად წარმოსადგენია, რომ ასე საქმისგან დაღლილი ქალი სახლშიც საქმეს აკეთებს, თანაც ყველაზე საპასუხისმგებლოს, რასაც სამზარეულო ჰქვია. იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონი მარინას კულინარიული შესაძლებობის შესახებ ვიცოდით, გადავწყვიტეთ იგი საზოგადოებისთვის სამზარეულოს რუბრიკით წარგვედგინა. მარინა ბერიძის "გუმბათთან" ინტერვიუმ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და ბოლოს ჩვენი მკითხველებისთვის საფირმო რეცეპტიც გაგვიმხილა, რომელსაც სხვა დანარჩენთან ერთად ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ქალბატონო მარინა, ბევრმა არ იცის, რომ სამზარეულოსთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულება გაქვთ.

– ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ აუცილებელია კარგი დიასახლისი ვიყო. გარდა სამსახურისა, პირველ რიგში, ვარ დედა, მეუღლე და დიასახლისი. ყველაფერი დანარჩენი უკვე ამის მერე მოდის. ამას ისე შევეჩვიე, რომ დიდი ხანია, ასე გრძელდება. ასე რომ, ურიგო დიასახლისი ნამდვილად არ ვარ.

– გურმანი ბრძანდებით?

– კი, მაგრამ სულ ვფრთხილობ, არ მინდა, რომ წონაში მოვიმატო. თანაც სულ გარეთ ვარ და ღამე სახლში რომ მივალ, ვცდილობ, არ ვჭამო. გზად მიმავალი შოკოლადს ვყიდულობ, რადგან შოკოლადზე ვგიჟდები. გამოცლილ ენერგიას მმატებს. მართალია, ღამე ჭამას ვერიდები, მაგრამ შემიძლია თონის პურიც შევჭამო.

– წონის კონტროლის გამო, ალბათ თქვენთვის საყვარელ საჭმელებზეც გიწევთ უარის თქმა?

– კი. ხაჭაპური ყველაფერზე მეტად მიყვარს და მასზე მიწევს ხოლმე უარის თქმა. საერთოდ, ცომეული მიყვარს, მაგრამ ვცდილობ, არ ვჭამო. ასევე ხორცი მიყვარს და ხშირად მივირთმევ.

– საკუთარ, თავს, როგორც მზარეულს, როგორ დაახასიათებთ?

– მე ტრადიციული მზარეული ვარ, ანუ ქართულ ტრადიციულ საჭმელებს კარგად ვაკეთებ, როგორიცაა კატლეტი, პიურე, მაკარონი, ლობიო, ისპანახი, ხარჩო, სუპი და კიდევ სხვა წვნიანები, რაც ორი–სამი დღე გვყოფნის. ე.წ. სათამაშო საჭმელებს ბევრი დრო მიაქვს, თუმცა მათი გაკეთებაც ვიცი. იმის გამო, რომ ცოტა დრო მაქვს, ვარიაციებს თემებზე ვაკეთებ. მაგალითად, კარგად ვიყენებ ქათმის ფილეს და მისი მომზადების უამრავი ვარიანტი მაქვს. მაგრამ სალათი რომ გავაკეთო ათი ინგრედიენტით, ამას დიდი დრო სჭირდება. ასეთი რაღაცეებისთვის მხოლოდ ახალ წელს, აღდგომას ან სხვა დღესასწაულებზე ვიცლი.

– სადილების კეთება რა ასაკიდან დაიწყეთ?

– 35 წლამდე დიდად არ მიწევდა რამის მომზადება. დედა არაჩვეულებრივი მზარეული იყო და ყველაფერს ის აკეთებდა, თანაც დამხმარეც გვყავდა. დედას გადასარევი ხელი ჰქონდა. მერე ავად რომ გახდა და ცხოვრებაც გართულდა, ეს საქმე მე გადმოვიბარე და დღემდე ასეა.

– დაოჯახების შემდეგაც დედათქვენი გეხმარებოდათ?

– კი, რადგან მე ყოველთვის ვმუშაობდი. 40 წლამდე ვუკრავდი, რასაც დიდი დრო მიჰქონდა. ვმეცადინეობდი და 5–6 საათი ინსტრუმენტთან ჯდომა მიწევდა. დედა კი დიასახლისი იყო, არ მუშაობდა და ხელს მიწყობდა.

– გახსოვთ, პირველად დამოუკიდებლად რა კერძი მოამზადეთ?

– არა, თუმცა მას შემდეგ რაც სამზარეულო ჩემზე გადმოვიდა, თითქმის ყველაფერს ვაკეთებ. იმის გამო, რომ სამზარეულოში ტრიალი მიწევდა, ტრაგედია არასდროს შემიქმნია. მით უმეტეს, ჩქარი ხელი მაქვს და ყველაფერს სწრაფად ვაკეთებ. ამ დროს პარალელურად ჩემს საქმეზეც შემიძლია ვიფიქრო.

– სადილებს ოჯახის წევრების მოთხოვნების მიხედვით აკეთებთ?

– კი, საკუთარი თავი მეორე პლანზე მაქვს გაწეული, რადგან მეტწილად სახლში არ ვარ. ჩემი ქალიშვილი ცალკე ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. მე და ჩემი მეუღლე კი მარტოები ვართ, ამიტომ რაც მას ესიამოვნება, იმ საჭმელებს ვამზადებ.

– არის ისეთი სადილი, რომლის მომზადებაც არ გამოგდით?

– საცივის გაკეთება არ მეხერხება, ამიტომ ნიგვზიან ხარჩოს ვაკეთებ ხოლმე. ღომსაც არ ვაკეთებ, არასდროს მიცდია მისი გაკეთება, რადგან ძალიან რთული მგონია. დედა რომ ღომს აკეთებდა და ვუყურებდი, იქიდან გამომდინარე, ეს საქმე რთულად მეჩვენება. თანაც ღომის გაკეთებას დიდი დრო უნდა. მიუხედავად იმისა, რომ მე მისი მომზადება არ ვიცი, ღომზე ვგიჟდები.

– აღნიშნეთ, რომ ცომეული გიყვართ, თავად ამზადებთ?

– არ ვამზადებ. ამისი კეთებაც რომ დავიწყო, ეკრანზე ვეღარ გამოვჩნდები.

– ნამცხვარი გაგიკეთებიათ?

– ნამცხვარი კი, მაგრამ ტორტი არასდროს გამიკეთებია. ადრე ღვეზელების კეთება მიყვარდა. ვაკეთებდი ვაშლის, გარგლის, ქლიავის, ხაჭოს ღვეზელებს. ნამცხვარი "იდეალიც" გამიკეთებია ახალ წლებზე. ასევე "პრიანიკებს" ვაკეთებდი ხოლმე. ახლა ცომეულს აღარ ვამზადებ. თბილისში ბევრი კარგი ნამცხვარი კეთდება. ჩემს უბანშიც ორი შესანიშნავი ნამცხვრების მაღაზიაა და სულ იქ ვყიდულობ. საახალწლოდ, სუფრისთვის, ან ისე უბრალოდ ტკბილი თუ მომინდა, ამ მაღაზიებში ვყიდულობ. ცხოვრება გაადვილდა და ეს ძალიან მიხარია. დიასახლისს მთელი დღე სამზარეულოში გადაქანებულ მდგომარეობაში ყოფნა აღარ უწევს. ჩვენს ოჯახში კი სულ ორი წევრი ვართ და ეს საქმე უფრო გაადვილებულია. მით უმეტეს, ჩემი თაობის ქალებმა სამზარეულოში ტრიალი კარგად იციან, პრობლემაც არაფერია.

– ქალბატონო მარინა, ახლობლები თქვენს ნახელავს რომ დააგემოვნებენ, რას გეუბნებიან, კარგი ხელი გაქვთო?

– კი, ჩემს მეგობრებს, ახლობლებს ჩემი მომზადებული საჭმელები უყვართ, თუმცა ამით ხშირად ვერ ვანებივრებ. 2 იანვარს ტრადიცია მაქვს და ვამზადებ, ამ დროს ჩემი მეგობრები მოდიან.

– დღესასწაულის სუფრებს თავად უძღვებით ხოლმე?

– თუ მცალია, კი. მაგალითად, ახალ წელს, ცუდ დღეში ვარ ხოლმე, რადგან ყველა ჩვენი პროექტი ამ დროს მთავრდება. ამიტომაც, წესისამებრ, ახალ წელს ჩემს ქალიშვილთან ვხვდები. სახლშიც მაქვს ხოლმე ცოტა რამ გაკეთებული.

– შეგიძლიათ, საჭმელი მოამზადოთ მაშინაც კი, როდესაც სახლში თითქმის არაფერი გაქვთ?

– კი, შემიძლია. რაღაცას მოვიფიქრებ. თუნდაც კარტოფილს მოვხარშავ, დავჭრი, ტაფაზე ზეთში ჩავალაგებ. თუ პომიდორი მაქვს, ზევიდან მოვაყრი. თუ კვერცხი მაქვს, დავახლი. თუ ყველი მაქვს, გახეხილს მოვაყრი და ა.შ. საერთოდ ერბოკვერცხების მომზადების ბევრი ვარიანტი მაქვს, პომიდორით, ბულგარული წიწაკით, სოკოთი. ლობიოს სხვადასხვანაირი ვარიანტებიც მაქვს. მაგალითად, კვერცხით ვაკეთებ, რომელიც დოის (დათო დოიაშვილს) ძალიან უყვარს. დამირეკავს ხოლმე და მეკითხება, კვერცხიანი ლობიო ხომ არ გაქვსო? მთავარია, რაღაც პროდუქტი მქონდეს და უცებ რამეს მოვამზადებ.

– ქალბატონო მარინა, მურაბები, კომპოტები გაგიკეთებიათ?

– ასეთ რამეებს არ ვაკეთებ, ადრე ყოველთვის დედა აკეთებდა. ახლა კი ჩემს შვილს მურაბა ყოველთვის აქვს და მას ვართმევ. მჟავეების და მურაბების კეთებას დიდი დრო უნდა და ადამიანი, რომელიც მთელი დღე სამსახურშია, ამის გაკეთებას ვერ მოახერხებს. თუმცა, იყო დრო, როდესაც პომიდვრის მჟავე და გახეხილი ბულგარული წიწაკები მიკეთებია. მაშინ უფრო მეტი თავისუფალი დრო მქონდა.

– ჩვენი ქვეყნის რომელი კუთხის სამზარეულოს გამოარჩევთ?

– ქართველებს რომ გემრიელი საჭმელები გვაქვს, ასეთი სხვაგან არ მეგულება. სამეგრელოში თუ ვარ, იქაური სამზარეულოთი გაგიჟებული ვარ ხოლმე. იმერეთში წიწილას და ხაჭაპურს რომ დაგიდებენ, თავბრუ გეხვევა, აჭარაში ხაჭაპურით გადაირევი, კახეთში ჩახვალ და ისეთ ხაშლამას შეჭამ, რომ ასეთი გადასარევი გემო, მგონი ტორტსაც კი არ აქვს. ყველა სამაზრეულოში თავისი ბრილიანტია ჩადებული. ამიტომ ყველა კუთხე მიყვარს თავისი საჭმელებით. მით უმეტეს, ჩვენ "ჯეოსტარის" კასთინგების გამო, სხვადასხვა კუთხეში ბევრს ვმოგზაურობთ. ამის მერე კი იქაურ სუფრას ვუსხდებით.

– უცხო ქვეყნების სამზარეულოებზე რას გვეტყვით?

– ესპანური, მექსიკური, იტალიური სამზარეულო ძალიან მიყვარს.

– ეგზოტიკური საჭმელები გაგისინჯავთ?

– კი, ტაილანდური და ჩინური საჭმელები მიყვარს, თუმცა არ მიყვარს სუში. კიბორჩხალას კიდევ არაუშავს, რადგან შემიძლია, ვჭამო, მაგრამ ისეთი ეგზოტიკური საჭმელები, როგორიცაა, ლოკოკინა და სხვა, რომლებიც სრიალებს, არ მიყვარს. მიუხედავად ამისა, ასეთი კერძები გამისინჯავს.

– საჭმელებს, ღამით ამზადებთ თუ დილით?

– საჭმელებს მხოლოდ და მხოლოდ გვიან ღამით ვაკეთებ, რაც არ მიჭირს. თანაც რასაც ღამე ვამზადებ, იმას არ ვჭამ.

– გარდა სამზარეულოში ტრიალისა, კიდევ რა საოჯახო საქმეები გევალებათ?

– დამხმარე მყავს, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის და სახლს ალაგებს. სახლის დალაგებაც ძალიან მიყვარს. მიყვარს, როცა ჩემს სახლში ყველაფერი მოწესრიგებულია. დაუთოვება არ მიყვარს, რადგან უთოს რაღაც თავისებური რუდუნებით კეთება სჭირდება, რისი ნერვული სისტემაც აღარ მაქვს. ჩემი დამხმარე, ქეთინო ქვეყანას მირჩევნია, კვირაში ერთხელ მისი დალაგებული მყოფნის, უკვე ისეთ ასაკში ვარ, რომ იატაკის და ფანჯრების ხეხვის თავი აღარ მაქვს. თუმცა ყველაფერს ლამაზად მივაწყ–მოვაწყობ ხოლმე და რომ შემოხვალთ, სახლი წესრიგში იქნება.

– ქალბატონო მარინა, ჩვენს მკითხველს თქვენი საფირმო კერძის რეცეპტი გაანდეთ.

– რამდენიმე ჩემეული რეცეპტი მართლაც მაქვს. როგორც უკვე გითხარით, ქათმის ფილეს სხვადასხვანაირად ვაკეთებ. ერთ–ერთ რეცეპტს ჩაგაწერინებთ. ქათმის ფილეს წვრილად ვჭრი და ბევრ ხახვს ვაყრი. ასევე გრძლად დაჭრილ ბულგარულ წიწაკას და დაჭრილ სოკოს ვაყრი. შემდეგ ეს ყველაფერი ერთად იხარშება. მაიონეზს წყალში ვხსნი და მოხარშვის შემდეგ ზევიდან მოვასხამ. ბოლოს კი გახეხილ შვეიცარიულ ყველს ვაყრი. აგრეთვე შემიძლია ამ კერძს გვერდით ასევე წვრილად დაჭრილი შემწვარი კარტოფილი მივუწყო. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი გამოდის, თანაც წითელ ბულგარულ წიწაკას ვიყენებ, რომ კარგი ფერი მისცეს. კერძს ბოლოს პილპილით ან აჯიკით ვაზავებ. ძალიან გემრიელი გამოდის ხოლმე. კიდევ მაკარონის სხვადასხვა ვარიაციებით მომზადება მიყვარს. სოკოთი, წიწაკით, პამიდორით, სუნელებით და კიდევ სხვა რამეებით ვაზავებ. საახალწლო სადილის რეცეპტიც მაქვს. ეს არის შემწვარი ხორცი ნივრით. ასევე ბროწეულის წვენს ნიგოზში ვაკეთებ.

თეონა კენჭიაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მარინა ბერიძე
კავშირი ტეგთან: მარინა ბერიძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online