asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"თვითმკვლელობის ვერსია სამი ადამიანისგან მოდის, რომლებსაც მაშინ ეძინათ"
"საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლულია!"
"თვითმკვლელობის ვერსია სამი ადამიანისგან მოდის, რომლებსაც მაშინ ეძინათ"

2010-11-17 12:54:02



ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისია მალე მუშაობას დაასრულებს და დასკვნასაც დადებს. კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ დასკვნა ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. კომისიის მუშაობისას მოწმეების მოსმენა მედიის თანდასწრებით პარლამენტში იმართებოდა, მაგრამ კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ საზოგადოება ბევრ ახალს შეიტყობს და საბოლოოდ დამტკიცდება, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლულია.

კონსტანტინე გამსახურდია:

– ჩვენ ახლა საბოლოო დოკუმენტზე ვმუშაობთ. დასკვნა ოთხნაწილიანი იქნება. პირველი არის საპროცესო ისტორია, მეორე – წინააღმდეგობები და შეუსაბამობები, მესამე – კრიმინალისტური ნაწილი, სადაც ყველაფერი ამ კუთხით იქნება შეფასებული და მეოთხე – მეცნიერული ნაწილი.

– ბატონო კონსტანტინე, უფრო დაწვრილებით რას გვეტყვით სამეგრელოში გაგებულ აქამდე დაფარულ ინფორმაციაზე?

– სამეგრელოს მოსახლეობისგან მივიღეთ ცნობა ერთ–ერთ სოფელში დასაფლავებულ ორ ახალგაზრდა კაცზე. 1994 წლის 4 დეკემბერს შეიარაღებულებმა ერთ–ერთ სახლს შეაფარეს თავი. მათ სამი საათის განმავლობაში მოუწიათ ბრძოლა სპეცრაზმთან. ამ ბრძოლის დროს ის სახლი საერთოდ განადგურდა. ეს ორი ახალგაზრდა ღამის სამ საათზე ჩახოცეს და შემთხვევის ადგილი დატოვეს. დილით მივიდა პოლიცია და ადგილობრივებს დახოცილების დასაფლავება სთხოვა ისე, რომ არც გაურკვევიათ, ვინ იყვნენ. ეჭვი გვაქვს, რომ ისინი ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის წევრები არიან. ისინი სწორედ იმ დროს გაუჩინარდნენ, როცა ის ორი კაცი დაასაფლავეს. სამარხი მიკვლეულია, მაგრამ ეს ეჭვი დნმ–ის ანალიზით უნდა დადასტურდეს.

– ვინ იყვნენ ის ბიჭები?

– პრეზიდენტის ძალიან ერთგული ხალხი: ვაჟა ჭინჭარაული და ირაკლი გოგაძე.

– ისინი ზვიად გამსახურდიას თან ახლდნენ?

– ზვიად გამსახურდიამ ისინი დავალებით გაგზავნა ლუგელას ხეობისკენ, რომ პარტიზანებს დაკავშირებოდნენ. მათი კვალი იქ იკარგება. მოწმე მარგველანის ჩვენებით, ისინი ზვიად გამსახურდიამ ბადრი ზარანდიას ბანაკში დატოვა, რომ თვალყური ედევნებინათ ზარანდიას ქმედებებისთვის, მაგრამ ეს არ დასტურდება.

– ფიქრობთ, რომ ის ორი კაცი სპეციალურად ჩამოაცილეს პრეზიდენტს?

– კარგად იცოდნენ, რომ ისინი ზვიად გამსახურდიას ერთგულები იყვნენ. ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დღემდე მათ შესახებ არაფერი იციან.

– დასკვნაში მათი გვარ–სახელები იქნება, ვისაც გარკვეული წვლილი მიუძღვით ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაში?

– ვნახოთ, მტკიცებულებები რამდენად მოგვცემს ამის საშუალებას.

– იყო ეჭვი, რომ ბესარიონ გუგუშვილმა და დაცვის ორმა წევრმა, რომლებიც იმ ტრაგიკულ ღამეს პრეზიდენტთან იყვნენ, იციან, რაც მოხდა და მალავენ. მოკვლევის პროცესში მსგავსი რამ გამოიკვეთა?

– ვერავის ბრალეულობას და არაბრალეულობას ვერ განვსაზღვრავთ. ეს სხვა ინსტანციამ უნდა გააკეთოს. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მათი ნათქვამი. ჯერჯერობით კი დამაჯერებელი არაა. ბევრი დეტალი და ნიუანსია ისეთი, რომლებიც აშკარად წინააღმდეგობაშია ლოგიკასთან. თვითმკვლელობის ვერსია სამი ადამიანისგან მოდის და მათაც არ უნახავთ საკუთარი თვალით, რადგან ეძინათ. ხმა მოესმათ, გაეღვიძათ, ის ცნობილი სურათი ნახეს, როგორ იწვა მკვდარი პრეზიდენტი და ასკვნიან, აბა, სხვა რა იქნებოდაო. გუგუშვილსა და დაცვის ორ წევრზე ვამბობ.

– რობინზონ მარგველანი პარლამენტში კომისიის დაკითხვაზე იყო.

– მანაც ზუსტად იგივე თქვა, საკუთარი თვალით არ უნახავს, როგორ ამოიღო პრეზიდენტმა იარაღი და მოიკლა თავი.

– აბა, რატომ ამტკიცებენ, რომ თვითმკვლელობა იყო?

– ეს იყო მათი ვარაუდი – აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყოო.

– თქვენი ვარაუდი როგორია?

– ეს ადამიანები შეიძლება რაღაცას მალავდნენ. ასევე სავარაუდოა, რომ მათზე არნახული ზეწოლა განხორციელდა. ისინი არიან ტრაგიკული გარემოებების მსხვერპლნი და პირველ წლებში მიცემული ჩვენებების მძევლები. როგორც ჩანს, იმ ჩვენებას აღარ გადათქვამენ.

– ხომ შეიძლება, მართლა ეძინათ და ვერ დაინახეს, რა მოხდა?

– ყველაფერი შესაძლებელია, თუ ტრაგედია მართლა იმ სახლში მოხდა, რომელზეც ლაპარაკია, ძველ ხიბულაში, ღურწკაიების სახლში.

– უშვებთ, რომ შეიძლებოდა სხვაგან მომხდარიყო?

– ვერსიების დონეზე შესაძლოა, მაგრამ ჩვენი მუშაობის მეთოდოლოგია მეცნიერულია და საბოლოო დასკვნა მეცნიერულ საფუძველზე იქნება დაყრდნობილი.

– როსტოვის სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ მიცვალებულს დამტვრეული ჰქონდა თავის და თეძოს ძვლები. მარგველანის აზრით, ეს მექანიკური დაზიანებებითაა გამოწვეული, რადგან ცხედარს რამდენჯერმე შეუცვალეს სამარხი.

– დამტვრეული არის ცხრა ნეკნი, ბოქვენის და მენჯის ძვლები. თავის ქალის უკანა ნაწილი სამ ფრაგმენტადაა გატეხილი. როსტოვის დასკვნაში ფრთხილი ვარაუდია გამოთქმული, შესაძლოა, ეს გრუნტის ზეწოლით იყოსო. 14 წლის განმავლობაში გრუნტმა შესაძლოა მართლა ჩააღწიოს სამარეში, მაგრამ საქმე ისაა, შეუძლია თუ არა ასეთი მსხვრევების გამოწვევა.

– ერთ–ერთი მოწმე იყო ბესარიონ გუგუშვილი. მისი ჩვენება ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თქვენთვის.

– ვინაიდან ის გასულია საქართველოს სამართლებრივი სივრციდან, საქართველოს პარლამენტმა ფინეთის გენერალურ პროკურორს მიმართა თხოვნით, რომ ის შეკითხვები, რომლებიც მისთვის კომისიას უნდა დაესვა, თავად დაუსვან ბატონ ბესარიონს.

– ედუარდ შევარდნაძის დაკითხვა რატომ ვერ მოხერხდა?

– ჩვენ მზად ვართ მასთან შესახვედრად, მაგრამ ფორმატი სხვამ არ უნდა გაგვისაზღვროს. მას შინაურულ ატმოსფეროში უნდოდა შეხვედრა, აქ კი საქმიანი ფორმატი უნდა იყოს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება.

– როდის ექნება საზოგადოებას კომისიის დასკვნა?

– ვფიქრობ, რომ მალე. მერე პროკურატურას გადაეცემა ჩვენი რეკომენდაციებით.

– თუ მართლა მკვლელობა იყო, რატომ არ იქნა გამოძიებული ამ წლების მანძილზე?

– იმიტომ, რომ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობდა. ალბათ ქვეყნის მაშინდელ ხელმძღვანელობას არ აწყობდა.

– ანუ ახლა ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიების ნება აქვს?

– მგონი, აქვთ.

– ეს პოლიტიკური ნება შეიძლება იყოს რაღაც პიარაქცია და შევარდნაძისკენ მიმართული დარტყმა, თუკი ითქმება, რომ გამსახურდიას მკვლელობა მისი დაკვეთილი იყო?

– გამოვრიცხავ!

– გამოძიების შემდეგ შესაძლებელი იქნება თუ არა იმის კატეგორიულად თქმა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს?

– დიახ და ეს იქნება მეცნიერულ ბაზისზე დაყრდნობით. ჯერჯერობით ყველა ფაქტი ამაზე მეტყველებს. რაღაც მომენტში თვითმკვლელობის ვერსიასაც განვიხილავდით, მაგრამ ამის სათანადო მტკიცებულებები არ არსებობს, გარდა სამი ადამიანის აზრისა, რომლებსაც ეს საკუთარი თვალით არ უნახავთ. რაზეც ამბობენ, ვნახეთო, იქაც ბევრია წინააღმდეგობრივი და საღ აზრთან შეუსაბამო.

– ამ ყველაფრის თქმის საფუძველს მოწმეთა ჩვენებები გაძლევთ?

– მოწმეთა ჩვენებებიც. მერე კრიმინალისტური და მეცნიერული არგუმენტები და ლოგიკა.

– რატომ მოკლეს?

– საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობას აშკარად ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა. ამას ხელს უშლიდა ცოცხალი ზვიად გამსახურდია, ამიტომ იყო ორი გზა, ან მისი პირდაპირი გზით, სპეცოპერაციით ლიკვიდაცია, ან დაპატიმრება და სასამართლო პროცესი. ორივე ცუდი იყო, ლეგიტიმაციას არც ერთი წაადგებოდა, ამიტომ მოიძებნა მესამე გზა – იმიტირებული თვითმკვლელობა.

– თავმოყვარე ადამიანი, პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ სამშობლოში იდევნება, ზამთრის სიცივეში ტყე–ტყე დადის, ჯანმრთელობა შერყეული აქვს, არის ძლიერი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ... იქნებ მართლა მოიკლა თავი?

– მთელი ცხოვრება ასეთი ზეწოლის ქვეშ იყო და თავი არ მოუკლავს.

– შეიძლება მართლა უიმედო მდგომარეობაში, იმედგაცრუებული იყო, როგორც მისი თანმხლები პირები ამბობენ.

– ამის ნიშნები არ ჩანს. როგორც ამბობენ, ვერ დადიოდა, ისე ცუდად იყო, დაიბეტი ჰქონდაო. ათასი რამ დამართეს იმ ერთ თვეში, ოღონდ როგორმე თვითმკვლელობის ვერსია გაემართლებინათ. ვთვლი, რომ ეს ძალიან უწესო თამაშია, უსინდისობაა. ჩვენ ბევრი საპირისპირო ინფორმაცია გვაქვს. ზვიად გამსახურდიას კონკრეტული, გაწერილი გეგმა ჰქონდა. გამოზამთრებას ელოდებოდა, რომ გაზაფხულიდან ახალ ტაქტიკაზე გადასულიყო.

– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმაზე მეტი ინფორმაცია გაქვთ, ვიდრე ამბობთ.

– ასეა.

– თქვენს დასკვნას რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს, რისკენ მივდივართ ამ გამოძიებით?

– რაკი გვინდა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო გვქონდეს, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა იყოს. თუ ადამიანი დამნაშავეა, უნდა ზღოს კიდეც, ოღონდ – სასამართლოს წინაშე.

– თქვენს დასკვნაში შეიძლება ვიღაცეებმა ეჭვი შეიტანონ. გამოითქვა მოსაზრებები, რომ შვილის ჩატარებული გამოძიება სუბიექტური იქნება. ვიღაცას კი პოლიტიკურად არ მოსწონხართ და ამიტომ არ გენდობათ.

– რა თქმა უნდა, ეს მომენტი არის – ქუდი რატომ არ გახურავს ან არ მომწონხარ და მორჩა. დასკვნა იქნება მეცნიერული, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

– საინტერესოა, როგორ მიიღებენ მას ზვიად გამსახურდიას დღემდე აქტიური მომხრეები.

– ჩვენ მთელ საზოგადოებაზე ვართ ორიენტირებული და არა – ზვიად გამსახურდიას მომხრეებზე.

– თემას უნდა გადავუხვიოთ, რადგან არ შემიძლია, არ გკითხოთ: რამდენად შეესაბამება სიმართლეს ხმები თქვენი პარტიის დაშლის შესახებ?

– პარტია თბილისშიც ფუნქციონირებს და რეგიონებშიც.

– თქვენი პრესსამსახურის უფროსმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა თქვეს, რომ კონსტანტინე გამსახურდია ხელისუფლებას გაურიგდა.

– ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ხელისუფლების რუპორი მედია მაკრიტიკებს, ხელისუფლებას შეეკარიო. ამაზე მეტი რაღა გინდათ?! "რუსთავი 2"–ს და "იმედს" ვგულისხმობ. ძალიან ძნელია მათ ეთერში მოხვედრა, თუ "ზემოდან" ნება არაა. გამოდის, რომ ხელისუფლება მიკიჟინებს, ხელისუფლებასთან თანამშრომლობო.

– ერთ–ერთ არგუმენტად თქვენი ცოლისძმის, კარლო ბარდაველიძის კონტროლის პალატაში დანიშვნა მოიყვანეს.

– ჯერ ერთი, ის რიგითი თანამშრომელია. ამის გარდა, კარგად იცნობს ლევან ბეჟაშვილს, ვარდების რევოლუციამდე ერთად იყვნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. სწორედ ამ ორმა კაცმა არ მოაწერა ხელი გაყალბებულ ოქმს და ამას მოჰყვა ვარდების რევოლუცია. შემდეგ ბარდაველიძე ერთ–ერთი ფონდის დირექტორი იყო და იქიდანაც იცნობდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ასე რომ, ლევან ბეჟაშვილთან ჩემი ჩაწყობა არ სჭირდებოდა.

– სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ დღეს ოპოზიციაში ყოფნა ხელისუფლების ტყუილებში მონაწილეობას ნიშნავს. მართლა გიწევთ ოპოზიციას ხელისუფლებასთან მორიგება–გარიგება? საარჩევნო კოდექსზე მუშაობასაც ვგულისხმობ.

– ხელისუფლებასთან ურთიერთობის გარეშე არაფერი გამოვა. სხვების მაგივრად ვერაფერს ვიტყვი, შემიძლია, მხოლოდ საკუთარ თავზე ვთქვა. ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიაში წარმატებულად ვთანამშრომლობ როგორც ოპოზიციასთან, ისე ხელისუფლებასთან. ამგვარი თანამშრომლობით მოიგო საქართველომ და მომავალშიც ასეთი თემატური სივრცეები უნდა იყოს.

– ორი–სამი წლის წინ აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციაზე იდექით. გარემოებები შეიცვალა თუ თქვენი სუბიექტური დამოკიდებულება?

– კითხვას დაგიბრუნებთ – რა მდგომარეობა იყო სამი წლის წინ საქართველოში და რა მდგომარეობაა დღეს?

– მოდით, ისევ თქვენ მიპასუხეთ.

– ბევრი რამ გამოვიარეთ. ეს სამი წელი მთელ ცხოვრებას უდრის.

– ამან დაგარწმუნათ, რომ გაწონასწორებული პოლიტიკა სჯობია ქუჩიდან ყვირილს?

– პოლიტიკა არ არის სფერო, სადაც ადამიანი შინ და გარეთ მუდამ ერთი და იგივე იქნება დობერმან პინჩერივით.

– პარლამენტში თქვენმა შესვლამაც ხომ არ დაასვა დაღი თქვენს პარტიას? როგორც ვიცი, ამ საკითხზე პარტიის შიგნით განსხვავებული მოსაზრებები იყო.

– პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება" 2004 წლიდან არსებობს და ვისთვისაც მეხსიერებას არ უღალატია, ყველას ახსოვს, რომ პარტიაში ხალხი მიდის და მოდის.

– კი, რამდენჯერმე წავიდნენ ცნობილი სახეები თქვენგან.

– პიროვნულად არავის ვეხები. ჩვენ პატიოსან, ღირსეულ და მშრომელ ადამიანებზე ვართ ორიენტირებული და არა – ცნობად სახეებზე.

სანდრო ბრეგაძე რატომ წავიდა პარტიიდან?

– ვფიქრობ, ეს თემა ამოვწურე.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online