asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნანა მელქაძე: "ეს თამამი ნაბიჯი უდიდესმა ტკივილმა გადამადგმევინა"
"ეს თამამი ნაბიჯი უდიდესმა ტკივილმა გადამადგმევინა"
ნანა მელქაძე: "ეს თამამი ნაბიჯი უდიდესმა ტკივილმა გადამადგმევინა"

2010-10-15 15:35:19



ნანა მელქაძე თბილისელ ქალბატონებში პოპულარული დიზაინერია და ალბათ ბევრს გაუკვირდება, როცა გაიგებს, რომ ისეთ პრეტენზიულ სფეროში, როგორიც მოდაა, ის, შეიძლება ითქვას, აფთიაქიდან მივიდა. ყველაფერი თვითონ, თანდათან ისწავლა. ზოგში ბებიისგან გადმოცემული გენი დაეხმარა, ზოგში – საკუთარი ნიჭი და მიზანსწრაფვა. ახლა თბილისის ცენტრში საკუთარი სალონი აქვს და საქმეს ვერ აუდის, შეიძლება ამიტომაც წვეულებებისა და ბომონდური თავყრილობებისთვის არ სცალია, ალბათ ამაში დროის ფუჭი კარგვაც ენანება, მით უმეტეს, ორი პატარა ბიჭის დედაა, რომელთაგან უმცროსს ჯერ ერთი თვეც არ შესრულებია, ახლახან გააჩინა და მშობიარობიდან რამდენიმე დღეში უკვე სამუშაოდ გავიდა.

ამ მშვიდი და ღიმილიანი ქალბატონის წარსულში დიდი ტკივილები იმალება. მას თავს ბევრი ტრაგედია დაატყდა, მაგრამ გაუძლო. საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ ცხოვრება განეგრძო, საყვარელი საქმე ეკეთებინა და წარმატებული ქალი გამხდარიყო. მისი ბიზნესი ერთი საოჯახო საკერავი მანქანით დაიწყო.

– ნანა, როდის დაიწყეთ ეს საქმე?

– რაც თავი მახსოვს, სულ რაღაცას ვაკეთებ. ბავშვობაში მაკრატელი, ქაღალდები, ასანთის ღერები მეჭირა და სხვადასხვა ფიგურას ვჭრიდი და ვაწყობდი. მერე ეს ჩვევასა და სიყვარულში გადამივიდა. პირველ კლასში ვიყავი, დამოუკიდებლად რომ ვქსოვდი. მერე კაბის შეკერვით დავინტერესდი. ისიც კი არ ვიცოდი, როგორ უნდა გამომეჭრა, ამიტომ სავარაუდო ფორმას ვაძლევდი. გენეტიკაც მიწყობდა ხელს. ბებია, დედაჩემის დედა, უკრაინელი გახლდათ. ის შესანიშნავად კერავდა და ქსოვდა. მე და დედას ქსოვისა და კერვის ნიჭი მისგან გამოგვყვა.

– როდის შეკერეთ პირველი სერიოზული სამოსი?

– 16 წლის ვიყავი, პირველი საპატარძლო კაბა რომ შევკერე. რა თქმა უნდა, ახლობელს, მეგობრის ძმის ცოლს შევუკერე. კაბამ სენსაცია მოახდინა, ყველას მოეწონა. ჩემთვის და მეგობრებისთვის ვკერავდი. ხშირად პედაგოგებსაც ვუქსოვდი. ისინი მირჩევდნენ, მოდელირების ფაკულტეტზე მესწავლა, მაგრამ დედის დაჟინებული თხოვნით ფარმაცევტულზე ჩავაბარე. ერთი პერიოდი აფთიაქში ვმუშაობდი, მერე ექთანიც ვიყავი, მაგრამ მაინც არ გავჩერებულვარ, რაღაცეებს ვქმნიდი. 10 წლის წინ კი მეგობრების რჩევით სალონი გავაკეთე.

– მოდის ბიზნესის დაწყება ისე, რომ სპეციალური განათლება არ მიგიღიათ, რისკი არ იყო, არ გეშინოდათ?

– არ შემშინებია. თანაც მაშინ ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი იყო. ზედიზედ რამდენიმე ტრაგედია დამატყდა თავს. ეს თამამი ნაბიჯი უდიდესმა ტკივილმა გადამადგმევინა. მშობლები დავკარგე. დედა 45 წლის ასაკში გარდაიცვალა, მამა – 49 წლის. დედა რომ მომიკვდა, 24 წლის ვიყავი. ზუსტად მაშინ მჭირდებოდა მისი თანადგომა. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი უდიდესი ტრაგედია მოხდა, რომელზე ლაპარაკიც არ მინდა... ჩემმა საქმემ თავს დატეხილი უბედურება გადამატანინა, ფიქრის დრო არ მქონდა, მთლიანად საქმეზე გადავერთე. ჯერ ერთი მომხმარებელი მოვიდა, მან რამდენიმე მოიყვანა და ა.შ. თანდათან გამრავლდა ჩემი კლიენტურა.

– შინაგანად ძლიერი ქალბატონი ყოფილხართ.

– ძლიერი მართლაც ვარ. საკუთარ თავს ყოველთვის სტიმულს ვაძლევდი. არ მინდოდა, ვინმეს შევბრალებოდი. ვერ ვიტან, ვიღაცაზე რომ ამბობენ, ეს საცოდავიო. არ მინდოდა, ჩემზეც იგივე ეთქვათ. რწმენა, ეკლესია დამეხმარა, რომ საკუთარ თავში ძალა მეპოვა. უფალმა დამაყენა გზაზე. რაღაცეებს ყოველთვის წინასწარ ვგრძნობ. სხვათა შორის, წლების წინ ორჯერ მქონდა ხილვა, გამოცხადება. ერთხელ უფალი გამომეცხადა და კისერზე საოცრად მძიმე უღელი დამადო. გარკვეული დროის შემდეგ სიონის ტაძარში რელიგიური ლიტერატურა შევიძინე. ერთ–ერთ წიგნს ეწერა, "უფლის უღელი" და მაშინ მივხვდი, ის ხილვა რასაც ნიშნავდა. უფლის უღელი ღვთის გზით სიარულს ნიშნავს, რაც ყველას არ შეუძლია.

მეორედაც მქონდა ხილვა. ეს დიდი ხნის წინ იყო, სახელმწიფოს სათავეში ეროვნული მთავრობა რომ მოვიდა. გარშემო სიბნელე იყო, უცებ ცა განათდა და უფლის ხატი გამომეცხადა. მის წინაშე დაჩოქილი ვლოცულობდი. დილით სანთლები ავანთე და ვილოცე. იმ დღეს საშინელ ავტოკატასტროფას შემთხვევით გადავურჩი. ავტობუსით ვმგზავრობდი, რომელსაც ლამის მატარებელი დაეჯახა, რაღაც ათ მეტრში გაჩერდა. ვხედავდი, როგორ გვიახლოვდებოდა, სავარძელში ჩავწექი და ველოდებოდი, როდის დაგვეჯახებოდა. საშინელი განცდა იყო. ხალხმა პირჯვრის წერა რომ დაიწყო და თქვეს, უფალმა გადაგვარჩინაო, სწორედ მაშინ გამახსენდა ჩემი სიზმარი. მივხვდი, რომ უფალმა განსაცდელზე მიმანიშნა.

– ერთი შეხედვით, ვერავინ შეამჩნევს, ასეთი მძიმე უღელი რომ გიტარებიათ...

– არასოდეს მიფიქრია, მე რატომ დამემართა და სხვას არა–მეთქი. ეს ჩემი ტვირთი იყო, მე უნდა მეტარებინა. ეს ტკივილი ყოველთვის ჩემთან იქნება, მაგრამ არაფერში აისახება. ყველა მეუბნება, საქმეშიც მშვიდი ხარ და ადამიანებთან ურთიერთობაშიცო.

– თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ.

– ჩემი მეუღლე ბესიკ ვაჭარაძეა. ორი ვაჟი გვყავს. უფროსი წელს პირველ კლასში მივიდა, უმცროსი კი ჯერ ერთი თვისაც არ არის. ოჯახი 8 წლის წინ შევქმენით. ყოველთვის ვამბობ, რომ გამიმართლა. ჩემი მეუღლე ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანია.

– როგორ შეხვდით ერთმანეთს?

– როგორც გითხარით, ჩემი საქმე ნულიდან დავიწყე. ჯერ ერთოთახიან ბინაში ვკერავდი. უკვე საქმეს რომ ვერ ავუდიოდი, ორი დამხმარე დავიმატე. მე ვჭრიდი და ისინი კერავდნენ. შემდეგ კიდევ გავფართოვდით და ოროთახიანი ბინა ვიქირავე. ხუთი საკერავი მანქანა დავდგი. ერთ დღეს ერთი ქალბატონი მოვიდა და მითხრა, დამხმარეს თუ ეძებ, რძალი მყავს, რომელიც შესანიშნავად კერავსო. ვუთხარი, მოეყვანა. მართლაც მოვიდა არაჩვეულებრივი ქალბატონი. ბესიკი მისი მულიშვილი გახლდათ. ერთ დღეს მას სამსახურში მოაკითხა და ერთმანეთი ასე გავიცანით.

– დილიდან გვიან საღამომდე თქვენს სალონში ხართ, როგორ ეგუება ქმარი თქვენს დატვირთულ სამუშაო გრაფიკს?

– თავიდან მძაფრი რეაქცია ჰქონდა. ეგონა, რომ 6–7 საათზე სამსახურს დავკეტავდი და ოჯახში მივიდოდი. ხანდახან ისე ითხოვს საქმე, რომ დილამდე აქ ვართ. მეუბნებოდა, ამას საქმე არ ჰქვიაო. მერე შეეჩვია. ახლა თვითონაც არ მტოვებს, ხშირად ჩვენთან ერთად არის. სხვათა შორის, ჩემი მეუღლის დამსახურებაა, რომ დღეს სალონი მაქვს და ამდენი მომხმარებელი მყავს. იცის, ჩემი საქმისთვის რა მჭირდება და არაფერში მზღუდავს. ასეთ რეჟიმში მუშაობა ჩემთვისაც საკმაოდ რთულია. შვილებს, ქმარს, საქმეს თანაბარი ყურადღება სჭირდება. მაინც ვახერხებ, რომ ყველაფერს გავწვდე.

– ზოგჯერ ქალებს ოჯახსა და კარიერას შორის არჩევანის გაკეთება უწევთ. როგორ მოიქცეოდით, მეუღლე თქვენს სამუშაო რეჟიმს რომ ვერ შეგუებოდა?

– ოჯახს დავთმობდი, რადგან ჩემი საქმე მართლა ძალიან მიყვარს. ეს ჩემი მოწოდება, ჩემი ცხოვრებაა. ვინმეს რომ დაეშალა, შენს საყვარელ საქმეს ჩამოშორდი, სახლში დაჯექი და შვილები გაზარდეო, ნამდვილად ვერ შევეგუებოდი, ჩვენ შორის კონფლიქტი აუცილებლად წარმოიქმნებოდა. მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ. ჩვენ შორის სერიოზული კამათი არასოდეს ყოფილა. წყნარი, მშვიდი ოჯახი გვაქვს.

– ერთი თვე არც არის, რაც პატარა გეყოლათ და უკვე აქტიურად მუშაობთ. ალბათ ძალიან გიჭირთ მისი სახლში დატოვება.

– სხვათა შორის, ირაკლი რომ გავაჩინე, სამსახურში მაშინაც მალე გამოვედი. ფეხმძიმობის პერიოდშიც მთლიანად საქმეზე ვიყავი გადართული. ძალიან მიჭირს პატარა გიორგის დატოვება. დღის პირველ ნახევარში სახლში ვარ, გარეთ მერე გამოვდივარ. სულ მასთან ვტრიალებ. ვცდილობ, ღამეც ჩემთან იყოს. ბესიკიც მაქსიმალურად მეხმარება. ექიმები ამბობენ, ჩვილი დედის სითბოსა და სუნსაც კი გრძნობსო. როცა ჭუჭყუნებს და ტირის, გულზე რომ მივიხუტებ, მომენტალურად ჩერდება. მძიმე რეჟიმის მიუხედავად, ვცდილობდი, ირაკლის დედის სიყვარული არ დაჰკლებოდა. მუდამ ვახერხებდი, მისთვის დრო გამომენახა. ახლა გიორგის მიმართაც ასე ვარ. იმის გამო, რომ რთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, ჩემს შვილებს დედის მზრუნველობა არ აკლიათ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, გოგოც მყავდეს. ესეც უფლის ნებაა. ღმერთს როგორც უნდა, ისე იქნება.

– საკმაოდ ბევრი კლიენტი გყავთ, მაგრამ, თქვენი კოლეგებისგან განსხვავებით, არ აქტიურობთ, ბომონდურ წვეულებებზე ნაკლებად ჩანხართ.

– 7–8 წლის წინ ჩვენებებს ვაწყობდი. თუმანიშვილის სახელობის თეატრში ჩემი კოლექცია ცნობილმა ქალბატონებმა წარადგინეს. მერე ეს იდეა სხვებმაც აიტაცეს, რეალურად კი ავტორი მე ვარ. 11 საუკეთესო ქართველ დიზაინერს შორის გავიმარჯვე, გრან პრი ავიღე. მასმედიის პრიზიც გადმომცეს. ახლა კი მთლიანად მომხმარებელზე გადავერთე. სეზონურად ჩვენს სალონში ფოტოსესიებს ვაწყობთ. ჩვენი სახე მოდელი კრისტია. მიხარია, რომ საქართველოში მოდის კვირეულები ტარდება. წელს "ფეშენ ვიკში" იმიტომ ვერ მივიღე მონაწილეობა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ნოემბერში კი თბილისის მოდის კვირეულში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ.

– წლევანდელი შემოდგომა–ზამთრის ტენდენციებზეც ვისაუბროთ. რა ფერები, როგორი სტილია მოდაში?

– წელს გრადაციული ფერებია მოდაში. განსაკუთრებით ლურჯი ტონები დომინირებს. ასევე მოდაშია ატმის ყვავილისფერი. შავი და თეთრი კი ისევ მოდურ ფერებად რჩება.

– სიგრძეზე, სილუეტზე რას გვეტყვით?

– კაბა ან მაქსიმალურად გრძელი, დადებული უნდა იყოს, ან მაქსიმალურად მოკლე თუ, რა თქმა უნდა, ქალს აღნაგობა უწყობს ხელს. მუხლქვემოთ კაბები მოდაში აღარ არის. რაც შეეხება შარვლებს, ტანზე მჭიდროდ მომდგარი, "ბუტილკებია" მოდაში. ასეთ შარვლებს ძალიან უხდება ტანზე კარგად მოყვანილი სამხრეებიანი პიჯაკი. სახელოებმა განიცადა ცვლილება. იდაყვებიდან ნაოჭები კეთდება. პალტოების მოდაც შეიცვალა. ორ ღილზე, მუხლამდე სიგრძის, მკერდის ქვემოთ გადაჭრილი პალტოებია მოდაში. ბეწვეული წელსაც მოდაშია და შესაბამისად ბეწვით გაწყობილი პალტოები ძალიან მოდურია.

– სამოსს რა დეტალი დაემატა ისეთი, რაც აქამდე არ იყო?

– უცნაური სამხრეები. პიჯაკებზე, ქურთუკებზე, პალტოებსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, საღამოს კაბებზეც კი ეს დეტალი დაემატა. სამხრეებს ჩემს კოლექციაშიც ვიყენებ. ისინი მასიური ქვებით, ბისერებით, მაქმანებით დავტვირთე. ზოგჯერ ბუნებრივ ბეწვსა და ტყავს ვიყენებ. ძალიან ლამაზი და ორიგინალურია.

– ზოგს სამხრეები არ მოსწონს და ალბათ ბევრს არც მოუხდება.

– დაბალმა და მსუქანმა ქალებმა სამხრეებიანი სამოსის ტარებისგან თავი უნდა შეიკავონ. როცა ასეთი აღნაგობის ქალები მოდიან ჩემთან, მათ ყოველთვის სხვა სტილს ვურჩევ.

– კლიენტებს ადვილად დაიყოლიებთ ხოლმე?

– საკმაოდ. მათ იციან, რომ საუკეთესო ვარიანტს შევთავაზებ, რათა ლამაზი და გამორჩეული იყოს. როცა ჩემი კლიენტი სამოსს იზომავს, ყურადღებით ვაკვირდები ყველა დეტალს, ნიუანსს და თუ რამე ცუდად მხვდება თვალში, მაშინვე ვცვლი და ვასწორებ. რაც არ მომწონს, არ ვაკეთებ.

– მოდაში ისევ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებია?

– ფეხსაცმელს 12 სანტიმეტრიანი ქუსლი მაინც უნდა ჰქონდეს.

– ალბათ ჩანთის ზომებიც შეიცვალა.

– რა თქმა უნდა, ჩემოდანივით დიდი ჩანთები მოდური აღარ არის. ნორმალური სიდიდის, არც ძალიან დიდი და არც პატარა უნდა იყოს.

– ქართველი ქალები მოდას ალღოს ადვილად უღებენ?

– უმრავლესობას კარგი გემოვნება აქვს და მოდის ტენდენციებს ყოველთვის უღებენ ალღოს.

ირინე მჭედლიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online