asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"საშინელი სიკვდილის მიუხედავად, მე მაინც არ ვარ დამარცხებული კაცი"
ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა გაქვს მოსაგები!
"საშინელი სიკვდილის მიუხედავად, მე მაინც არ ვარ დამარცხებული კაცი"

2010-10-11 16:48:34



წლების წინ პოეტ მურმან ლებანიძეს ინტერვიუ ვთხოვე. ვიცოდი, ჟურნალისტებთან შეხვედრა არ უყვარდა, მაგრამ ბედი მაინც ვცადე. არ გამიმართლა. უარი მითხრა, ისე არ იფიქროთ, რომ ინტერვიუზე გითხარით უარი. უბრალოდ, თქვენს ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, ზოგჯერ მთელი დღეებიც. ჩემი ლექსები ჩემი პასუხებიაო. "პასუხებს" კი მართლაც მთელი ცხოვრება წერდა. ლექსებით იმას ამბობდა, რასაც გრძნობდა და განიცდიდა, რაც სტკიოდა და აწუხებდა. სიმართლის თქმას მაშინაც არ ერიდებოდა, როცა თითოეული სიტყვა საბჭოთა ცენზურის ქვეშ გადიოდა. "ზოგს დაუტოვეს ოქრო და ვერცხლი, ზოგს – ბორკილივით თავისუფლება..." თუნდაც ამ სიტყვების დაწერას მაშინ დიდი გამბედაობა სჭირდებოდა. ის კი მაინც წერდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს მარუხის უღელტეხილზე იბრძოდა. ნაღმებისა და ტყვიების ზუზუნში უბის წიგნაკში ლექსებს ქარგავდა. მწერალთა კავშირში სწორედ ომის დროს დაწერილი ლექსების გამო მიიღეს.

კავკასიონის უღელტეხილზე ნაბრძოლს ცხოვრებაში არაერთი "უღელტეხილის" გადალახვა მოუხდა, რომელიც გაცილებით მძიმე და სასტიკი იყო, ვიდრე მარუხი... ახალგაზრდა პოეტი სამშობლოში მძიმე ჭრილობებით დაბრუნდა. მას შემდეგ ჯანმრთელობას ხშირად უჩიოდა. არაერთი უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა. მისი სიცოცხლე ბევრჯერ იყო საფრთხის ქვეშ, მაგრამ მაინც შეძლო სიკვდილის დამარცხება. ბოლოს, როცა მძიმე სენს საავადმყოფოს კედლებში ებრძოდა, მეგობრები და ახლობლები მაინც ფიქრობდნენ, ისევ გაუძლებს, ისევ გადაიტანსო, მაგრამ ვერ შეძლო. მეგობრები ამბობენ, ფიზიკურად ისევ გაუძლებდა, სული რომ არ ჰქონოდა დაჭრილიო. მის სულს კი მართლაც დიდი და ღრმა იარა აჩნდა...

მურმან ლებანიძე 2002 წელს გარდაიცვალა. ის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

888

"გაზაფხული შემოსულა, ლენ!.." საქართველოში ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც ეს ამღერებული ლექსი არ იცოდეს, არ უყვარდეს და გულს გაზაფხულით არ უვსებდეს. ეს ულამაზესი სტრიქონები პოეტმა მეუღლეს ელენე ჭავჭავაძეს მიუძღვნა. მათ ურთიერთობაში ყოველთვის გაზაფხული იდგა. თუმცა დალხენილი ცხოვრება არ ჰქონიათ. ხშირად უჭირდათ, სტკიოდათ...

ელგუჯა ლებანიძის წიგნში "მიახლებია პოეტი ოთხმოცს" მურმან ლებანიძის მეუღლის ელენე ჭავჭავაძის მოგონებას ვკითხულობთ:

"... ხუდადოვის ტუბდისპანსერიდან გამოწერილი მურმანი მესამე დღეს აბასთუმანში გავაგზავნე. მაგრამ თბილისში რა გამაჩერებდა! ჯერ ერთი, ბავშვებს გაზრდა სჭირდებოდათ, მე კი არავითარი სახსარი აღარ გამაჩნდა. მოვკიდე ხელი ზაზას და ფიქრიას და ბორჯომში წავედი. იქ მაშინ რაიკომის მდივნად ჯიბო ლომაშვილი მუშაობდა. მივედი და ავუხსენი ჩემი გამოუვალი მდგომარეობა. ყურადღებით მომისმინა. შეწუხდა. სადღაც დარეკა.... პატარა ცემის სკოლა–სანატორიუმში პედაგოგად გამამწესეს. იცით, ეს ჩემთვის რამხელა ამბავი იყო? ბევრი კი არა, რაღაც სამასი მანეთი ხელფასი მქონდა, მაგრამ იმედისთვის ესეც კმაროდა...

პატარა ცემელებმა გამაფრთხილეს, აქ ნაადრევი და ცივი ზამთარი იცის, შეშას თავის დროზე თუ არ მოიმარაგებ, გაგიჭირდებათო. შეშის საყიდელი ფული მართლა არ მქონდა. ჰოდა, რა უნდა მექნა? რვა თუ ცხრა წლის ზაზა ვაჟკაცივით მედგა მხარში. დავდიოდით ტყეში და ვეზიდებოდით პატარ–პატარა გუდურებს. ის ზამთარი, როგორც იქნა, გადავაგორეთ...

პროდუქტებისთვის ბორჯომში ჩავდიოდი. ზაფხულში კიდევ არაფერი, ზამთარში მიჭირდა! ორი კილომეტრი, დარსა თუ ავდარში ფეხით უნდა გამევლო. მდინარე ბორჯომულაზე მაშინ ხიდი არ იყო. ბევრჯერ ჩამმტვრევია ყინული და შინ თავით ფეხებამდე გალუმპულ–გათოშილი დავბრუნებულვარ. გავწამდი, ასთმა დამემართა.

გული მაინც საგულეს მქონდა – შვილები გვერდით მყავდნენ. დროდადრო მურმანიც ამოგვაკითხავდა ხოლმე... სკოლა რომ დაიკეტებოდა, საბავშვო ბაღში აღმზრდელად ვმუშაობდი. ასე გავატარეთ სამი წელი. მერე თბილისში დავბრუნდით..."

888

"...მე ხელთ მიპყრია ნაზად

უღალატო და წრფელი

შენი დაღლილი მაჯა,

შენი დაღლილი ხელი...

გმადლობ – დღეები ჩვენი,

როგორც მინდოდა, ვხარჯე!

და დღეც თენდება თეთრად –

გამქარვებელი ჭირთა –

და ვიმეორებთ ერთად:

– ღირდა, ღირდა და ღირდა!"

ეს სტრიქონებიც პოეტმა თავის სიყვარულს მიუძღვნა. დიდი ხანი არ არის, რაც "გაზაფხული" გაფრინდა, ელენე ჭავჭავაძე გარდაიცვალა...

888

გაზაფხულით სავსე სახლში კიდევ ერთი პოეტი ცხოვრობდა – ფიქრია ლებანიძე. ორი პოეტის მამაშვილობაზე ბევრს საუბრობდნენ, მათ ყველა შენატროდა. მურმან ლებანიძე იგონებს: "ჩემი ფიქრია მე, ბებერ მგელს – აკელას მეძახდა, – გასაგებია, რომ "მაუგლის" მიხედვით. ჩემი მორიგი სიკვდილის წინ (სიკვდილი არც ამჯერად შედგა!) თბილისიდან წერილი მომწერა დიდ ქალაქში, საიდანაც, გამორიცხული არ იყო, თუთიის დახუფული ყუთით ჩამოსატანი გავმხდარიყავი სამშობლოში...

"ჩემო საყვარელო აკელა! – მწერდა ფიქრია, – შერხანი ჯერაც დააბოტებს ჯუნგლებში... ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა გაქვს მოსაგები! ახლა ძალიან გვიანია... მალე გათენდება... ზაზას სძინავს, ბებიასაც.. ჩვენ კარგად ვიქნებით, თუ...

გიკოცნი რბილ და თბილ ხელებს და... ფერფლისფერ თმებს. გკოცნი, გეხვევი, გეფერები. აბა, შენ იცი! იცოდე, ძალიან გვჭირდები! მაუგლი"

ფიქრია ლებანიძე შესანიშნავ ლექსებს წერდა. "გუმბათის" მკითხველებისთვის მისი პოეზიიდან რამდენიმე სტრიქონს გავაცნობთ.

"ფერად–ფერადები,

ნაირ–ნაირები,

ლამაზ–ლამაზები

დავკრიფე ყვავილები,

გზად შემომეყარე,

ფეხქვეშ დაგიყარე,

ვერც კი დაინახე,

ისე ჩაიარე."

888

"ვეღარ გნახავთ დებს და მტრებს,

ოჰ, მეგობრებს საყვარლებს,

თოვლი, თოვლი ჩემსავ გზებს!

თოვლი ჩემსავ ნაკვალევს!"

888

სიცოცხლის მიმწუხრს პოეტს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ფიქრია გარდაიცვალა. ელგუჯა ლებანიძე წერს:

"... ქრონიკული უფულობით გატანჯულმა ოჯახმა უკანასკნელი გროშები მოაგროვა და ავადმყოფი მოსკოვში გადააფრინა. იმედი დიდი არ იყო, მაგრამ, იქნებ სასწაული მომხდარიყო?

სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა. შუაღამისას სასტუმროში რეკავს ტელეფონი და ავი წინათგრძნობით გატანჯულ მამას მოსკოვის ჰაერივით უსაშველოდ ცივი ხმით ცხელ ტყვიასავით მიახლიან: თქვენი ქალიშვილი გარდაიცვალა!

აი, ასე უბრალოდ და შემზარავად – თქვენი შვილი გარდაიცვალა. არც თანაგრძნობა, არც წუხილი...

"რა უნდა ვუთხრა მშობლებს?" – ვფიქრობდი სამძიმარზე მიმავალი. დედამიწის ზურგზე აკი ჯერ არავის მოუგონია სიტყვები, რომლებიც ოდნავ მაინც გაანელებს უზომო მწუხარებას. აკი მურმანიც ბრძანებს: " არ არის სიტყვა, არ არის სიტყვა, სამძიმრად რომელიც ითქმის". ისევ მურმანმა მიშველა:

– აღარაფერი მითხრა! – და ხელის აწევით შემაჩერა..."

888

ფიქრია ლებანიძის ლექსები წიგნად მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. მისი 40 ლექსი პოეტმა მამამ გამოსცა. ლექსების კრებულს წინ უძღვის მურმან ლებანიძის წერილი, რომელშიც ვკითხულობთ:

"ინტელექტითა და მგრძნობელობით ის მაღალი ღირსების ახალგაზრდა იყო და ჩვენი უთანხმოების საფუძვლად, – არაფერი სხვა, – ვერსიფიკაციის დარგში არსებული პრობლემები უნდა დასახელდეს. მე ამ დარგში მქონდა პრეტენზიები მის მიმართ: სტრუქტურულად მეტ სიმწყობრეს, "საათივით აწყობილ" ლექსებს მოვითხოვდი მისგან. ის უკომპრომისო იყო არა მარტო ამ, არამედ ბევრ სხვა საკითხებშიც... ხელთ გვაქვს ფიქრიას ლექსების მინიატურული კრებული. საჭიროდ მიმაჩნია, დავახასიათო იგი. ფიქრიას შესაძლოა, ეს ჩემი ბრალიც იყოს, არ მიუღია მონაწილეობა მე–20 საუკუნის მიწურულის ცოცხალ ლიტერატურულ პროცესებში. ეს გახლავთ პოეტი მიმდინარე ლიტერატურის კულისებიდან. ეპოქები რომ ჩაივლიან, ბევრად უფრო საინტერესოდ მოჩანს ხოლმე შორიდან, ვიდრე თვით მიმდინარე ლიტერატურის ცხოვრების ავანსცენაზე დადგმული და ათწლედებში გაგრძელებული პოეტური სპექტაკლები... თუ რამ ღირებული მომავალში შემთხვევით მეგობრების წრეში არ აღმოჩნდა, ეს არის ფიქრიას დანატოვარი. ერთი და იმავე ლექსის სამი სხვადასხვა ვარიანტის ურთიერთშეჯერებით დაზუსტდა სასურველი ვარიანტი. ყოველივე დანარჩენი, როგორც ნავარჯიშევი, მე და ფიქრიამ ცეცხლს მივეცით. ურთიერთანხმობითა და ურთიერთშეთანხმებით.

"გვედგა – სისხლისფერი ღვინო

სტუმრად – ვაჟიკაცი მეჯდა,

ვსვამდი – ჩემს სტუმრებთან ერთად,

ქარი კარ–ფანჯარას გლეჯდა...

გული– საწყალობლად ძგერდა

გარეთ – თებერვალი ყეფდა..."

წერდა ამას ჩემი შვილი – ფიქრია ლებანიძე...

ათას უბედურებასთან ერთად და საშინელი სიკვდილის მიუხედავად, მე მაინც არ ვარ დამარცხებული კაცი, ვინაიდან ჩემი შვილის სუსტ ხორციელ არსებაში უდრეკ ადამიანურ სულს და ჭეშმარიტად პოეტის ღირსებას აღმოაჩენს ქართული პოეზიის მკითხველი...." შვილმკვდარი მამა თავისი არაერთი ლექსის მუზას, ფიქრიას, ისევ ლექსებით ელაპარაკებოდა, ეფერებოდა:

"... თავი ვერ მოვიკალი, ვთამაშობ პოკერს,

ვიგონებ საქმეებს და ვეჩვევი უშენობას"...

ირინე მჭედლიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online