asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რატომ წავიდა შავი გია "ვანოს შოუდან"
რატომ წავიდა შავი გია "ვანოს შოუდან"
რატომ წავიდა შავი გია "ვანოს შოუდან"

2010-10-10 02:34:37



"შავი გია" "ვანოს შოუში" აღარ ჩანს, იგი კონკურენტ არხზე გადავიდა და ახლა დავით ილურიძის ბენდში უკრავს. მისი ახალი სამსახური "იმედზე" "ნანუკას შოუ" გახლავთ. "შავი გია", იგივე "ბარაბანშიკი" გია ანუ გია თავბერიძე "იმედში" გადასვლით კმაყოფილია – იქ ანაზღაურება მეტი ჰქონია, თუმცა "რუსთავი 2"–დან წამოსვლის მოტივი მატერიალური ინტერესი არ ყოფილა. მიზეზი ამ ზაფხულს მომხდარი ტრაგედია გახდა, რის გამოც ბენდს "რუსთავი 2"–ში მუშაობა მორალურად ძალიან გაუჭირდა. გია 37 წლისაა. რამდენიმე წლის წინ, როცა მასთან ინტერვიუ პირველად ჩავწერეთ, ცოლთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა, ახლა კი მეუღლეს დაშორებია და მარტო ცხოვრობს. მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა. მაშინ მისი ბარაბანი ქვაბები და ტაფები იყო. მერე მუსიკალურ ტექნიკუმში სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია, სწავლა პედაგოგთან განაგრძო. ახლახან ამერიკიდან ინტერნეტით გამოწერილი ინსტრუმენტი ჩამოუვიდა და ძალიან გახარებულია, თუმცა საკმაო ნერვიულობაც გადაიტანა.
გია თავბერიძე:
– წესით, ოთხი ყუთი უნდა ჩამოსულიყო და სამი ჩამომივიდა. ვიფიქრე, ამერიკელები ძალიან მაგრები არიან, მაგრამ ნეტავ სამ ყუთში როგორ ჩაატიეს–მეთქი. გავხსენი და ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ნაწილი აკლდა. საშინელი ნერვიულობა გადავიტანე. სამ კვირას ველოდებოდი და თან არასრულად ჩამომივიდა. მივაკითხე იმ ფირმას, რომელმაც ჩამომიტანა. მათ გაარკვიეს, რომ ჩემი ბარაბანის ნაწილი ისევ საწყობში იდო და ისევ გამომიგზავნეს. ეს ინსტრუმენტი ჩემი ბიჭია! "გრეიჩი" ჰქვია. მგონი, ყველაზე ძლიერ და თანამედროვე დასარტყამ ინსტრუმენტებს უშვებს ეს ფირმა. კლუბში მიდგას და ყოველდღე დავდივარ სარეპეტიციოდ. სანამ თქვენ მოხვიდოდით, ვმეცადინეობდი. ხალხი ცოტა იყო და დრო ვიხელთე. ხმაურიანი ინსტრუმენტია და ძნელია მისი დაკვრა, წუხდება ხალხი. შეიძლება არაფერი გითხრან, მაგრამ ხომ ვგრძნობ.
– მთელი ბენდი წამოსულხართ "ვანოს შოუდან". რატომ?
– ამ ზაფხულს ჩვენი ბასგიტარისტი, სანდრო ჟორჟოლიანი გარდაიცვალა. ასთმა ჰქონდა და მეგობრებთან ერთად მთაში იყო წასული. ალბათ ძალიან შეუტია ამ დაავადებამ და ვერ მოასწრეს მისი გადარჩენა. რაღაც უბრალო ნემსის გაკეთება სჭირდებოდა მხოლოდ, რაც მთაში არ ჰქონია წაღებული. მისმა გარდაცვალებამ ყველა გაგვანადგურა. 14 წელი მის გვერდით ვუკრავდი. 35 წლის იყო და ჯერ არც ცოლ–შვილი ჰყავდა. ისე წავიდა, ვერაფერი მოასწრო. "რუსთავი 2"–ში მისვლის დღიდან ერთად ვიყავით და ყველას გვეხამუშებოდა ისევ იმ ადგილას სანდროს გარეშე მისვლა და დაკვრა. ამიტომ იქიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი სანდროს გარდაცვალებაა. ახლა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს გავაფორმებთ მუსიკალურად.
– გული არ გწყდებათ, თქვენზე ვანოს ხუმრობებს რომ ვეღარ მოისმენთ?
– ჩემზე ხუმრობები დათო გოგიჩაიშვილმა დაიწყო. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რადგან 8 წელი ვმუშაობდი იქ და ახლა ფაქტობრივად თავიდან ვიწყებთ ცხოვრებას. უცხო გარემო, უცხო სიტუაციები...
– ალბათ ნანუკა არ იხუმრებს თქვენზე.
– არ ვიცი, ნანუკა რას იზამს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ბოლოს აღარც ვანოს ხუმრობებს ვაქცევდი ყურადღებას.
– თავიდან კი წითლდებოდით ეს შავი კაცი.
– კი, არ ვარ ისეთი შავი, როგორც ვანო მახასიათებდა. შემომხედეთ, ვარ შავი?! ვანომ გამაშავა.
– გაბრაზებულხართ ოდესმე?
– არა, რას ამბობთ?! არავინ თქვას, რომ პოპულარობა არ მოსწონს. ეს ძალიან სასიამოვნოა და პოპულარული სწორედ ამ ხუმრობებმა გამხადა. ერთმა ხნიერმა ქალმა გამაჩერა და ისე მეფერა, ჭკუიდან გადავდექი. ერთხელ პატრულმა გაიარა და მეგაფონით დამიძახა, გია, როგორ ხარო.

– "ნანუკას შოუს" უკვე რამდენიმე გადაცემა ჩაგიწერიათ. როგორ შეეწყვეთ ახალ გუნდს?

– ჯერ ვერ ვიტყვი, რადგან კარგად ვერ გავრკვეულვარ, რა ხდება. გარდა იმისა, რომ მუსიკალურად გავაფორმებთ გადაცემას, მოწვეულ მომღერლებთანაც დავუკრავთ. ვანოს გადაცემა პოლიტიკურ–იუმორისტულია. ნანუკას კი ბოლომდე ვერ ჩავწვდი. ყველაფერზე საუბრობენ, რაც ჩვენს ქალაქში ხდება. აშკარად უკეთესი პირობებია და სიახლეც საინტერესოა. ჯაზურ ნაწარმოებებს, 80–იანი წლების ჰიტებს ვუკრავთ. ზოგ მუსიკას ჩვენ თვითონ ვთხზავთ.
– დათო ილურიძე როგორი ხელმძღვანელია?
– საოცარი. როცა ხელოვნებას ემსახურები, ვინ დგას ამ დროს შენ გვერდით, ძალიან ბევრს ნიშნავს. სცენაზე თუ შენ გვერდით ვინმე არ გსიამოვნებს, კოშმარია და ვერც დაუკრავ. ჩვენ კი ყველა ერთი ოჯახივით ვართ.
– ვანოს თქვენი წასვლა ეწყინა?
– რატომ უნდა სწყენოდა, ჩვენი მტერი ხომ არ არის?! თუმცა ალბათ არც გაუხარდებოდა. მე პირადად სანდროს გარეშე იმ ადგილას მისვლა საშინლად არ მინდოდა.
– გია, თქვენი შვილები მუსიკასთან როგორ დამოკიდებულებაში არიან?
– ჩემი უფროსი ბიჭი 18 წლისაა, მეორე – 5–ის. უფროსს მუსიკა არ აინტერესებს. პატარა ჯერ გართობის დონეზე უკრავს და, მგონი, სმენაც აქვს. როცა ინსტრუმენტთან მივა, დაკვრას არ ვუშლი.
– ამ ასაკში თქვენც ცდილობდით დაკვრას?
– არა, 7 წლის ასაკში დავიწყე. მაშინ არც არსებობდა ასეთი ინსტრუმენტები და ქვაბებზე, სკამებზე ვცდილობდი დაკვრას.
– რას გეუბნებოდნენ მშობლები?
– სამწუხაროდ, დედა რომ გარდაიცვალა, 2 წლის ვიყავი. მამიდა მზრდიდა. სახლში მარტო რომ დავრჩებოდი, მაშინ ვუკრავდი ქვაბებზე. ერთხელ ვიღაცამ სპეციალური ჯოხები მაჩუქა. იმ ჯოხებს მე ვუვლიდი... მზე და მთვარე მათზე ამომდიოდა. ბალიშის ქვეშ დავიდებდი ხოლმე და ისე მეძინა.
– გია, როგორც შევიტყვეთ, ახლა მარტო ხართ. როგორი ქალი გჭირდებათ გვერდით?
– ჭკვიანი და საინტერესო.
– სილამაზეს მნიშვნელობა არ აქვს?
– რა თქმა უნდა, ლამაზიც უნდა იყოს, მაგრამ "ფუტლიარი" ვის რაში სჭირდება?!
– ბევრნი არიან თქვენ გარშემო ასეთი ქალები?
– რა თქმა უნდა, არიან, მაგრამ ამჟამად არავინ მაინტერესებს. ჩემი სიყვარული ახლა ეს ინსტრუმენტია. შვილებზე მეკეტება კიდევ ჭკუა. ამჟამად სურვილიც არ მაქვს, ქალი მიყვარდეს. მთავარი სტიმული ალბათ ქალია, მაგრამ ახლა მუსიკა მირჩევნია და არც არავის ვეძებ.
– კიდევ რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავთ?
– არც ერთზე. ჩემთვის კი ვმაიმუნობ, მაგრამ სხვაგან ვერსად დავუკრავ. სამწუხაროდ, ჩვენთან "ბარაბანშჩიკების" სკოლა განვითარებული არ არის. როგორც ვიცი, ამერიკაში საოცარი სკოლები აქვთ. სიამოვნებით წავიდოდი. ერთი წელი მაინც რომ დამაკვრევინა ამერიკაში, ალბათ ნამდვილი პროფესიონალი დავდგებოდი. იქაური მუსიკა, იქაური სმენა, აურა აბსოლუტურად განსხვავებულია.
– ფინანსების არქონის გამო ვერ მიდიხართ?
– პირველ რიგში, ფინანსების არქონის გამო ვერ მივდივარ. შესაბამისად, სერიოზულად არც მიფიქრია იქ წასვლაზე. ინტერნეტში ვქექავ ხოლმე და იმით ვსწავლობ ახალ რამეებს. ჩვენთან ჯაზფესტივალი წელიწადში ერთხელ ტარდება. ბილეთი ისეთი თანხა ღირს... მე კი როგორღაც ვახერხებ ხოლმე ამ კონცერტებზე დასწრებას, მაგრამ ბევრ ჩემს კოლეგას არ აქვს იქ მოხვედრის შანსი. იმ მუსიკოსებს ცოცხლად რომ უყურებ, იცით, როგორ ზრდას განიცდი?! ამ დროს დარბაზში ისეთი ხალხი ზის ხოლმე, რომელსაც მუსიკასთან არანაირი კავშირი აქვს. ბოლოს ჯოჯო მეიერის კონცერტზე ვიყავი და ჭკუიდან გადავდექი. როგორ მოხვდა ის ხალხი ამ კონცერტზე, არ ვიცი. საოცრებებს ჩადიოდნენ – ლაპარაკობდნენ, სვამდნენ... ასეთ კონცერტებზე ფულიანი ხალხი შედის, ვისაც მუსიკა საერთოდ არ აინტერესებს და არც ესმის. შუა კონცერტიდან წავიდა ხალხი. არ შეიძლება კულტურის სამინისტრომ თუ ჯაზფესტივალის ორგანიზატორებმა მუსიკოსებზე იზრუნონ და ისინი შეუშვან? გული დამწყდა, რადგან ბევრ მუსიკოსს უნდოდა შემოსვლა და ვერ შემოდიოდა.
რუსუდან ადვაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online