asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნუკი კოშკელიშვილისგან გოგიჩამ სადღეგრძელოები ისწავლა
"ვიცი, ნუკის როგორი ბიჭები მოსწონს"
ნუკი კოშკელიშვილისგან გოგიჩამ სადღეგრძელოები ისწავლა

2010-09-30 10:16:17



"იმედის" ეკრანზე აღარ ჩანან გიორგი გოგიჩაიშვილი და მისი ორი ლამაზმანი – ნუკი კოშკელიშვილი და ქრისტინე იმედაძე. ამ სეზონზე მათი გადაცემა დაიხურა, მაგრამ ეკრანზე დაბრუნების იმედს არ კარგავენ. როგორც ჩანს, საბაბიც აქვთ. მანამ კი, სანამ რამე გამოჩნდება, "სარკესთან" მხიარულად იხსენებენ, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორ დამეგობრდნენ და როგორ აისახა მათ ურთიერთობაზე ასაკობრივი სხვაობა – ნუკი გოგიჩას შვილად შეეფერება.

– მოდით, იმით დავიწყოთ, რატომ აღარ ხართ "იმედის დილაში".

გიორგი: ნუკი იქცეოდა ცუდად და გამოგვიშვეს... (იცინიან). ალბათ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენი შემადგენლობა აღარ არის "დილაში". ეს ტრაგედია არ არის. ეს ნუკისთვის არის პირველი გადაცემა, რომელიც დაუხურეს, თორემ მე 20 წელია მიხურავენ გადაცემებს. ასე რომ, იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული და ვიცი, რომ მომავალში რაღაც გამოჩნდება. ჩვენს კოლეგებს წარმატებებს, რეიტინგს და ბევრ მაყურებელს ვუსურვებ.

ნუკი: რა თქმა უნდა, გული დამწყდა, რომ გადაცემა დახურეს.

გიორგი: სმა დაიწყო...(იცინიან).

ნუკი: პირველი გადაცემა იყო ჩემთვის და ცოტა გამიჭირდა იმ შემადგენლობასთან დაშორება, ერთი წლის მანძილზე ყოველ დილით რომ ვხვდებოდი. თან მომწონდა ჩემი საქმე. როცა მოგწონს ის, რასაც აკეთებ, მერე გული გწყდება. ბოლო წამამდე მჯეროდა, რომ დილის გადაცემაში ისევ ჩვენ ვიქნებოდით.

გიორგი: შევიკრიბოთ ხოლმე უბანში და მივესალმოთ ერთმანეთს.

– რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?

ნუკი: უახლოეს მომავალში გამოვჩნდები ეკრანზე, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი, სად და როგორ.

გიორგი: ახლობლის ქორწილში მიდის და იღებენ. მერე კასეტას ჩამოატარებს... (იცინიან). მე ახლა ვისვენებ. თავისუფალი აგენტი ვარ. ძალიან კარგი პროექტი გვაქვს "ბასტი–ბუბუსთან" ერთად. ჯერ ველოდებით. იმედია, ამ პროექტს დავქოქავთ. იდეა არის, გადაცემის პილოტი ჩაწერილია, გუნდი არის და ვნახოთ.

– წარმატებებს გისურვებთ. ახლა იმაზე გადავიდეთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი.

ნუკი: გიორგი "მის საქართველო 2009"–ზე გავიცანი, ნანუკას (ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნუკი ამ კონკურსში "ვიცე მის საქართველოები გახდნენ 2009". ავტ.) მამიკოა. ნანუკასთან კი ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. გიორგის გოგოები აღვიქვამდით, როგორც ნანუკას მამას ანუ უფროსს. ამ დროს კი მე მომიწია გოგიჩასთან დილის გადაცემის პილოტის ჩაწერისას ძალიან უშუალო ურთიერთობა. თავიდან ცოტა გამიჭირდა. თავიდან "ბატონო გიორგი"–თ მივმართავდი.

გიორგი: მართლა?! ეტყობა, მეძინა და ვერ გავიგე. ნანუკასთვის ნუკი დაქალია და ჩემთვის ნუკი – ბიჭია, ნუკრი გოგიჩაიშვილი!

– გიორგი, "მის საქართველოზე" სხვა გოგონებს თქვენი ქალიშვილის კონკურენტებად აღიქვამდით თუ მათზეც შეგტკიოდათ გული?

გიორგი: რა თქმა უნდა, შემტკიოდა. ფეხსაცმელებზე ქუსლები დაუმტვრიე–მეთქი, ხომ არ ვეტყოდი შვილს?! როგორც ესენი ნერვიულობდნენ, ისე ვნერვიულობდი მეც. ჩემს მანქანაში ისხდნენ კონკურსანტები. ხან მე ვაწყნარებდი, ხან – ჩემი მეუღლე. რა კონკურენციაზეა საუბარი, როცა ბავშვები გამოდიან კონკურსზე და ჰგონიათ, რომ იმით მთავრდება ყველაფერი. არადა ეს არის ერთი ეტაპი, რომელიც უნდა გამოიყენო და მერე ცხოვრებაში წარმატებული გახდე.

ნუკი: ტაშს უკრავდა ყველა კონკურსანტს.

გიორგი: ხელები მქონდა გადატყავებული. ოცდაორი ბავშვი გამოდიოდა, მე ყველას ვუკრავდი ტაშს, სხვები დარბაზში მარტო თავისიანებს უკრავდნენ.

– როცა გადაცემაში შეხვდით ერთმანეთს, ალბათ უფრო გაგიადვილდათ თანამშრომლობა, რადგან უკვე იცნობდით.

გიორგი: რა თქმა უნდა. ეს პატარა იყო და მე – დიდი. კონტრასტი გამართლებულიც იყო. მეგობრული ატმოსფერო იყო და ცოტა – მამაშვილურიც.

ნუკი: ძალიან კარგი იყო ჩემთვის გიორგისთან ერთად მუშაობა, რადგან ტელეწამყვანობა ჩემთვის სიახლე გახლდათ. მქონდა მხოლოდ გაგონილი, რომ ტელევიზია არის რთული ორგანიზმი, იქ შეიძლება რაღაც მოხდეს, ვიღაცამ რაღაც გაგიკეთოს... გოგიჩაზე მესმოდა მხოლოდ ის, რომ ძალიან კეთილი ადამიანია და გამიხარდა, რომ ეს ადამიანი ჩემთან ერთად იმუშავებდა. მართლა ძალიან დამეხმარა. ბევრ რამეს ვერ გავაკეთებდი, გვერდში რომ არ მდგომოდა.

– პირველი რჩევა თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელიც გოგიჩამ მოგცათ?

ნუკი: მეუბნებოდა, იცი, რამდენი რამ შემშლია, მაგრამ არაფერი მომხდარა, ილაპარაკე, ნუ ნერვიულობო.

გიორგი: ამას გეუბნებოდი ძირითადად მაშინ, როცა ლაპარაკი მეზარებოდა. ძალიან ნიჭიერი ბავშვია ნუკი. კარგი მასალაა და უნდა გამოიყენონ ტელეკომპანიებმა.

– გიორგი, ნუკის გარეგნულ იერში თუ ერეოდით გადაცემის გაკეთებისას?

გიორგი: არა, ეს მე არ მეხება. ყოველთვის მომწონს, რაც უნდა ჩაიცვას. გარეგნულ მხარეზე მე რა უნდა ვუთხრა, როცა ბავშვი სახლიდან გამოდის, მშობლები უშვებენ, მოდის ტელევიზიაში, მენეჯერები აცმევენ და ა.შ. ჩემი ჰალსტუხის ფერი კაბა ჩაიცვი–მეთქი, თავს ხომ არ წამოვყოფდი?

ნუკი: ერთხელ, გოგიჩას დაბადების დღეზე, ყველა იასამნისფერში მივედით ჩაცმული. აბსოლუტურად შეუთანხმებლად!

გიორგი: და მერე იასამნისფერი სიზმრები დამესიზმრა.

– გიორგი, ნუკის არც პირად ცხოვრებაზე აძლევთ მამობრივ რჩევებს?

გიორგი: არა, რადგან ნუკის ჩემამდე ბევრი ახლობელი ჰყავს, ვისაც შეიძლება რჩევა ჰკითხოს. თუნდაც – ნანუკა. თუ მოვა ჩემთან და მკითხავს, რატომაც არა, მივცემ რჩევას.

ნუკი: გიორგი, ხომ გიყვები ხოლმე რაღაცეებს?

გიორგი: ეტყობა, იმ დროს მძინავს. გოგოა და კაცს რჩევას ვერ მკითხავს. მე მკითხოს სადღეგრძელოები, რეკომენდაციებს გავუწევ. ქუჩაში კაიბიჭურად დგომას ვასწავლი... (იცინის). მე ხომ ჩემს პირად ცხოვრებაზე არ გელაპარაკები ხოლმე?

ნუკი: არა, არ მელაპარაკები.

გიორგი: არადა, რა ბობოქარი პირადი ცხოვრება მაქვს!

– მაშინ, როგორი ბიჭი წარმოგიდგენიათ ნუკის გვერდით?

გიორგი: ვიცი, ნუკის როგორი ბიჭები მოსწონს. სულ მეუბნება, მთავარია, ბიჭი იყოს ქერა და ცისფერთვალებაო. მერე, გინდ, მრგვალი იყოს და მეტრი და ათი სანტიმეტრი სიმაღლის, მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, პატიოსანი კაცი უნდა იყოს. ეს უკვე ჩემი აზრია.

– გატყობთ, ასაკობრივი სხვაობა დიდად არ გაწუხებთ.

ნუკი: ძალიან ვმეგობრობთ. რაღაც მომენტში ვგრძნობ, რომ ჩემზე უფროსია, მაგრამ ზოგადად ეს არ შეიმჩნევა.

გიორგი: მაშინ გრძნობს ხოლმე, წელი რომ ამტკივდება, სახსრები რომ ჭახაჭუხს დაიწყებს.

ნუკი: იცის, წვიმა როდის დაიწყება... (იცინიან). ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. გოგიჩას აბსოლუტურად არ ეტყობა ასაკი. ჩემზე კარგად ცეკვავს.

– ერთად გასართობად ყოფილხართ?

გიორგი: ახლა ვიყავით "მის საქართველოზე" ბათუმში. ჟიურიში ვისხედით. აქედან ერთად წავედით ოთხი კაცი და ნუკიც ჩვენთან იყო. როგორც წესია, გზაზე ყველგან გავჩერდით. ვიქეიფეთ. არანაირი უხერხულობა არ გვაქვს, ტოლები ვართ და ბიჭები!

– მართლა ასწავლით ნუკის სადღეგრძელოებს?

გიორგი: არა, რადგან კარგად მომზადებული მოვიდა, უკვე ნასწავლი ჰქონდა. პირიქით, ამისგან ვისწავლე ბევრი სადღეგრძელო რუსულად.

ანა ნოდია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნანუკა გოგიჩაიშვილი
კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online