asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დები ქორქიები დედას გათხოვებას ურჩევენ
დები ქორქიები დედას გათხოვებას ურჩევენ
დები ქორქიები დედას გათხოვებას ურჩევენ

2010-09-17 16:41:10



ტელეეკრანის მომხიბვლელ სახეებს, დებ ქორქიებს, სილამაზე დედისგან გამოჰყვათ. მათ დღემდე ეუბნებიან, რომ დედა, ლანა სიხარულიძე, მათ ასაკში გაცილებით ლამაზი იყო. ანის და ლიკას ეს არ სწყინთ. ქალბატონმა ლანამ მთელი თავისი ცხოვრება შვილებს შესწირა. პროფესიით ჟურნალისტია, წლების მანძილზე უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობდა. მეუღლეს მაშინ გაშორდა, როცა გოგონები პატარები იყვნენ, მას შემდეგ პირადი ცხოვრების მოწყობაზე აღარ უზრუნია.

ქალბატონი ლანა თვლის, რომ შვილებში გაუმართლა. დღეს ისინი სამი მეგობარი არიან, დედა ქალიშვილებს თანამედროვეობით არ ჩამოუვარდება. ლექციების კითხვას თავი დაანება და ახლა საკუთარი ტურისტული კომპანია აქვს.

– როგორია დღეს სამი ლამაზი ქალბატონის ურთიერთობა, დედაშვილობის ზღვარი იგრძნობა?

ლაეა: ჩემი დამოკიდებულება შვილების მიმართ ყოველთვის იყო მეგობრული, მაგრამ ის ზღვარი, რაც უნდა ყოფილიყო დედასა და შვილებს შორის, ყოველთვის იყო დაცული.

ანი: შიშისა და რიდის მომენტი ყოველთვის არის. არ ვმალავ, რომ დედას დღესაც ანგარიშს ვუწევ.

ლიკა: მე კარგახანს მეგონა, რომ ლანა დედაჩემი არ იყო. ანი ბავშვობიდან მარწმუნებდა, შენ ჩვენ არ გვგავხარ, აყვანილი იქნებიო. დედასთან რომ ამ თემაზე ჩამოვაგდებდი საუბარს, მეუბნებოდა, კომბოსტოში გიპოვეთო.

ანი: დედის მომენტი ბებიასთან უფრო გვაქვს. დედა ახალგაზრდა იყო, მაგრამ ცდილობდა, ყურადღება არ მოეკლო, თუმცა კონტროლი მაინც ბებიის მხრიდან უფრო სერიოზული გვქონდა. ბავშვობაში დედას ქუჩაში რომ დავუძახებდით, ყველას უკვირდა, ნუთუ ეს დედათქვენიაო.

ლანა: ჩვენს ასაკში სხვაობა ახლა უფრო იგრძნობა, ვერ შევძელი წონის შენარჩუნება და მოვიმატე, ამიტომ ადრე თუ ჩემი შვილებისთვის უფროსი და ვიყავი, ახლა ნამდვილ დედას დავემსგავსე.

– ქალბატონო ლანა, შვილების აღზრდაში რას მიაღწიეთ და რას – ვერა?

ლანა: პრაქტიკულად ყველაფერს მივაღწიე, რაც ჩაფიქრებული მქონდა. ჩემი აღზრდის მეთოდი მთლიანად არგუმენტებზე იყო დამყარებული. ბავშვებთან ურთიერთობაში ვცდილობდი, ყველაფერი ამეხსნა, უბრალო აკრძალვა, რომ ეს არ შეიძლება, ჩემი მხრიდან არ არსებობდა. ავუხსნიდი, ესა თუ ის საქციელი რას გამოიწვევდა და ამ არგუმენტების შემდეგ უფრო ნაკლები პრობლემა ჩნდებოდა.

– რა ასაკში გახდით დედა და როგორ იმოქმედა ამან თქვენს პროფესიულ კარიერაზე?

ლანა: მე სხვა თაობა ვიყავი, მაშინ ნაკლებად ვფიქრობდით გოგონები კარიერაზე. შვილი უდიდესი ბედნიერება იყო. როცა ანი შემეძინა, 21 წლის ვიყავი და გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ სრულად მქონდა გაცნობიერებული. ხშირად ვუყურებდი და ვერ ვიგებდი, ეს ბავშვი საიდან მოვიდა. წელიწადნახევრის შემდეგ ლიკაც დაიბადა და მივხვდი, რომ ორი შვილის დედობა უკვე სერიოზული პასუხისმგებლობა იყო. სწრაფად ავიღე შვილებთან ურთიერთობაში მართვის სადავეები და დავიწყე ისეთი შვილების გაზრდა, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა. არ მინდოდა, მთლიანად ბებია–ბაბუაზე ყოფილიყვნენ დამოკიდებული, რადგან ამ შემთხვევაში ძალიან განებივრებული ბავშვები იქნებოდნენ.

ანი: ახლა და ახლა უფრო ვხვდები დედაჩემის დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ. ბევრჯერ დავრწმუნებულვარ, რომ მისი გათვლები ყოველთვის ჩემთვის სასიკეთოა.

ლიკა: თუ დედა მირეკავს და მეუბნება, მალე მოდი სახლშიო, ვეუბნები, ბებია დაამშვიდე, რომ მალე მოვალ–მეთქი. ყოველთვის მგონია, რომ ჩემს დას ველაპარაკები და არა – დედას.

ლანა: ჩემი "არა" არ არის მხოლოდ ჩემი ახირება. თავადვე მიხვდნენ, რომ, თუ ჩემ წინააღმდეგ წავლენ, მოვლენები ზუსტად ისე განვითარდება, როგორც მე ვამბობდი.

ანი: ყველამ იცის, რომ ძალიან დამოუკიდებელი და თავნება გოგო ვარ. მაგრამ მის რჩევას ჩემთვის იმხელა მნიშვნელობა აქვს, რომ შეიძლება რადიკალურად შემაცვლევინოს გადაწყვეტილება.

– კონკრეტულად რა გადაწყვეტილება შეგიცვლიათ დედის რჩევით?

ანი: ვთქვათ, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც, ვერ გავარკვიე, რა ტიპის და რა შინაარსის იყო. დედაჩემს ისეთი "დიაგნოზი" დაუსვამს, რომელიც გამართლებულა. ადამიანებს კარგად იცნობს.

ლანა: რამდენიმე შტრიხი საკმარისია, რომ ადამიანის პორტრეტი შევქმნა.

ლიკა: ჩვენი თაყვანისმცემლების დაწუნების ძალიან კარგი ხერხი აქვს. პირდაპირ არ გვეუბნება, ალბათ ეშინია, რომ უკურეაქცია არ გამოიწვიოს. იმ თვისებებს, რასაც ამა თუ იმ ადამიანში შენიშნავს, შემდეგ ლაპარაკში დელიკატურად აღნიშნავს. ამ ყველაფერს ისე გაწვდის, მიგახვედრებს, რომ ის ადამიანი საშენო არ არის.

– ქალბატონო ლანა, გარეგნობის გარდა, რა პიროვნული თვისებებით გგვანან ქალიშვილები?

ლანა: პრაქტიკულად არაფრით მგვანან, თუმცა არა, ალბათ ერთადერთი, რითაც დავიმგვანე, ის არის, რომ ზარმაცები არ არიან, უყვართ შრომა და შეუძლიათ მაქსიმალური მოსთხოვონ საკუთარ თავს.

ანი: მთელი ცხოვრება იმით ვამაყობ, რომ, რასაც კი მივაღწიე, ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთე. სწავლა ჩემი ცხოვრების ტრაგედია იყო, მთელი ბავშვობა წამართვა მუსიკამ, სკოლამ და კოლეჯმა, ბოლოს – უნივერსიტეტმა, რომელიც, როგორც იქნა, წელს დავამთავრე.

ლიკა: ჩემთან სიტუაცია სხვაგვარად იყო. ანი ძალიან ნიჭიერი მოსწავლე იყო, მე კი საშინლად დაუმორჩილებელი ვიყავი, არ მინდოდა და არ ვსწავლობდი. დირექტორი გაოგნებული იყო, როგორ შეიძლება ასეთ ნიჭიერ და მოწესრიგებულ ანის ასეთი ბუნტისთავი და ხიფათიანი და ჰყავდესო. შეიძლება არც უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ დედაჩემს ტანსაცმელს ვპარავდი, რომ მასწავლებლებისთვის წამეღო და ნიშნები დაეწერათ.

ლანა: ეს ერთი შემთხვევა იყო – ჩემს სახლში გაქრა ახალთახალი ფეხსაცმელი, გაოგნებული ვიყავი. როგორ შეიძლებოდა ჩემი საძინებლიდან ძალიან ძვირფასი ფეხსაცმელი კოლოფიანად გამქრალიყო?! თანაც ისეთი ფეხსაცმელი თბილისში მარტო მე მქონდა. შემთხვევით მასწავლებლის ფეხზე ვნახე და ყველაფერს მივხვდი. ანუკიც ძალიან რთული ბავშვი იყო, საავადმყოფოში ყოველ მესამე დღეს გამოწერილი გვქონდა სიარული. მეზობელი რომ სამსახურში მირეკავდა, აღარც კი ვეკითხებოდი, რაში იყო საქმე, პირდაპირ სახლში მოვრბოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემმა შვილებმა ან რამე მოიტეხეს, ან სერიოზულად დაშავდნენ.

– როდის დაეტყო დედის კოსმეტიკას მისი შვილების ხელი?

ლანა: ძალიან გვიან აღმოაჩინეს, რომ მათ უფლება ჰქონდათ, გამოეყენებინათ მაკიაჟი, თუმცა როცა ეს ეტაპი დადგა, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მე აღმოვჩნდი. კოსმეტიკა, რომელსაც განსაკუთრებულად ვარჩევდი და ძვირადღირებული იყო, აბსოლუტურად განადგურებული რჩებოდა ხოლმე – აზელილი კოსმეტიკა, გატეხილი სარკე, სუნამოებზე ლაპარაკიც აღარ გვქონდა, სულ ხელიდან უვარდებოდათ და სახლში საოცარი სუნები იდგა. როცა დამინახავს, რომ ჩემი საამაყო "შანელის" პომადით ეზოში ნახატები იყო გაკეთებული, სიმწრისგან მიტირია, მაგრამ შვილებისთვის მაინც არაფერი მითქვამს. მათთვის ისიც ყველაზე დიდი სასჯელი იყო, რომ მე ვტიროდი.

– ქალბატონო ლანა, ამათი თაობის რომ ყოფილიყავით, როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება როგორ აეწყობოდა?

ლანა: მე დაკარგულ თაობას განვეკუთვნები. ჩემი მეგობრების 80 პროცენტი ფიზიკურად აღარ არის. ჩვენი კლასის დიდი პროცენტი ომებს შეეწირა. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები უპერსპექტივო გარემოში გავატარე. მხოლოდ იმის იმედი მქონდა, რომ ეს ეტაპი გაივლიდა. დღეის გადასახედიდან, მაინც ისე ვიცხოვრე, როგორც უნდა მეცხოვრა. უბრალოდ ძალიან ცუდ დროს დავიბადე. ხანდახან რომ ვუყურებ დღევანდელი თაობის გოგონებს, ჩვენ უფრო მონდომებული ვიყავით, ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო. ცხოვრებამ მასწავლა, რომ ადამიანი თუ სხვის იმედზე ხარ, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ. უნდა ჩათვალო, რომ საერთოდ მარტო ხარ უდაბნოში და შენით უნდა გაიტანო თავი. ასეთი აზროვნება ყოველთვის მეხმარებოდა და მაძლიერებდა.

– თბილისში თქვენი თაობის ერთ–ერთი ლამაზი გოგონა იყავით. ეს დაგეხმარათ თუ პირიქით, ხელი შეგიშალათ რამეში?

ანი: სანამ დედა ლაპარაკს დაიწყებდეს, მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე გვეუბნებიან, შენ და შენი და კი ხართ ლამაზები, მაგრამ დედათქვენთან ახლოს ვერ მიხვალთო.

ლანა: არასოდეს მინანია, რომ ლამაზი ვიყავი. თუ ლამაზ ქალებს ცხოვრებაში არ უმართლებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ამაში დამნაშავე მათი გარეგნობაა. ყველაზე მეტად რაც მომწონს, ის არის, რომ თანამედროვე თაობა უფრო სწორად განვითარდა, საკუთარ გარეგნობასაც უკეთესად იყენებენ.

– როგორ უვლით ახლა თავს?

ლანა: არაფერს ვაკეთებ განსაკუთრებულს, ხარისხიანი კოსმეტიკა ჩემთვის ახლაც პირველ ადგილზე დგას. მირჩევნია, უხარისხო სულ არ წავისვა, ხარისხიანი კი კვირაში ერთხელაც საკმარისია. ადრე უფრო ვიყავი თავის მოვლით გატაცებული, დღეს კი ძირითადად მაკიაჟის გარეშე დავდივარ.

– ქალიშვილებს რა სურთ, დედისგან გამოჰყვეთ?

ანი: მინდა, დედაჩემისნაირად კეთილი და მიმნდობი ვიყო, მე ძალიან ფრთხილი ვარ. გაცილებით მძიმე ხასიათი მაქვს, ვიდრე დედას. მინდა, რომ მისნაირი სახის კანი მქონდეს.

ლიკა: ერთადერთი, რაც არ მინდა დედაჩემისგან გამომყვეს, ნამცხვრების სიყვარულია.

ლანა: ვერაფრით დავძლიე ნამცხვრების სიყვარული და ვერაფრით გადავდივარ დიეტაზე. თუ დიეტაზე ვარ, მაშინ მთელი ოჯახი დიეტაზე უნდა იყოს, სხვანაირად არ შემიძლია. გარშემო არავინ უნდა მომაწოდოს ტკბილი, თორემ ამ ცდუნებას ვერაფრით გავუძლებ.

– მთელი საუბრის განმავლობაში გოგონების მამა არც ერთხელ გიხსენებიათ. რაიმე პრობლემაა ამასთან დაკავშირებით?

ანი: არა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მასთან, უბრალოდ დედა და მამა ერთად არ არიან. რომ გაშორდნენ, 8 წლის ვიყავი. არასოდეს მიგრძვნია, რომ განსაკუთრებული რამ მოხდა ჩვენს ოჯახში. მართალია, დედის მხარეს გავიზარდეთ, მაგრამ მამის ყურადღებაც არასოდეს დაგვკლებია.

ლანა: მამის ფუნქციას საკუთარ თავზე მაინც მამაჩემი იღებდა.

ანი: დედას მშობლები ცდილობდნენ, რომ არ გვეგრძნო მამის არყოფნა ოჯახში და ყველაფერს აკეთებდნენ, შეუძლებელსაც კი. მშობლებმა სწორად მოგვაწოდეს საკუთარი გადაწყვეტილება და ამისგან პრობლემა არ შეგვიქმნია. მადლობელიც კი ვარ მშობლების, რომ ჩხუბს და კამათს არ გვაყურებინეს.

– ქალბატონო ლანა, უქმროდ, ორი ბავშვით ხელში ალბათ ძალიან გაგიჭირდათ.

ლანა: შვილები – ეს იმხელა პასუხისმგებლობაა, რომ სისუსტის უფლებას არ გაძლევს. ჩემს თავს ერთი მიზანი დავუსახე, რომ ბავშვებს არანაირი ტკივილი არ მიეღოთ. ჩემ გარშემო ბევრი მეგობარი ტოვებდა სახლში შვილებს, რომ საღამო სადმე საინტერესოდ გაეტარებინათ, მე კი სამსახურიდან სახლში მოვრბოდი, რომ მათ გვერდით ვყოფილიყავი. თუ სადმე წავიდოდი, მხოლოდ შვილებთან ერთად.

ანი და ლიკა ახლაც მეუბნებიან, ნუ ხარ ჩვენზე ორიენტირებული და იქნებ გათხოვებაზე იფიქროო. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

ანი: მე ქალი წარმომიდგენია პირადი ცხოვრებით და განცდებით. დედა კი მთლიანად სამსახურითა და სახლით ცხოვრობს. დედის გათხოვების მომხრე ვარ, მაგრამ ეს არარეალურია.

– ქალბატონო ლანა, ალბათ თქვენ ყველაზე კარგად იცნობთ თქვენს ქალიშვილებს და შესაბამისად, ყველაზე უკეთესადაც იცით, როგორი მამაკაცები სჭირდებათ მათ გვერდით.

ლანა: ანის ძლიერი ხასიათი აქვს, ამიტომ მის გვერდით უნდა იყოს შინაგანად ძლიერი, მაგრამ არაკონფლიქტური, დამთმობი მამაკაცი, სხვა შემთხვევაში დახოცავენ ერთმანეთს. ლიკას უნდა ჰყავდეს ისეთი მამაკაცი, რომელიც მუდამ ხელისგულზე ატარებს. საშინელი მექრთამეა! ასმაგად უყვარხარ, როცა რამეს ჩუქნი.

ავთო ჩიტიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online