asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნანა ფაჩუაშვილი: "სერიოზული ეკლესიური ცხოვრების დაწყებისთვის სულ ვემზადები"
"ეკლესიური ცხოვრების დაწყებისთვის სულ ვემზადები"
ნანა ფაჩუაშვილი: "სერიოზული ეკლესიური ცხოვრების დაწყებისთვის სულ ვემზადები"

2010-09-15 17:42:33



რატომ მიიჩნევს ქალბატონი ნანა ფაჩუაშვილი თავს იღბლიან ადამიანად და რა არ მოეწონა კათოლიკურ ეკლესიაში შესულ მსახიობს, "გუმბათთან" ინტერვიუდან შეიტყობთ.



– ქალბატონო ნანა, ბედისწერის გჯერათ?

– მიმაჩნია, რომ ბედისწერა არსებობს. ხანდახან ადამიანი თვითონ წარმართავს, თვითონ აძლევს მიმართულებას თავის ბედ–იღბალს, თუმცა, ცხოვრებაში იმდენად ხშირია მოულოდნელი მომენტები, რომ შეუძლებელია ბედისწერის არ გჯეროდეს.

– იმ მძიმე წუთების, დროის მიუხედავად, რაც ცხოვრებაში გადაგიტანიათ, მიგაჩნიათ, რომ იღბლიანი ადამიანი ხართ?

– საერთოდ, ყველაფერი შედარებითია. მე ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე. უზომოდ ბევრს ვმუშაობდი იმისთვის, რომ ის ოცნებები და სურვილები ამესრულებინა, რაც მოზარდობისას მქონდა. ოჯახის წყალობით, ბავშვობაში არაფერი მაკლდა, თუმცა, ბავშვობაშიც კი ყოველთვის ვცდილობდი, ჩემით შემექმნა ის, რისი მოცემა ოჯახსაც შეეძლო. ვცდილობდი, ჩემით მეყიდა რაღაც, რაც მომეწონებოდა და ა.შ. მოგვიანებით კი, როცა უკვე მსახიობი გავხდი და ცხოვრებისეული სიძნელეების წინაშე დავდექი, ჩემი პროფესიის სიყვარულმა ძალიან ბევრი ბარიერი გადამალახვინა. მიუხედავად იმ მძიმე მომენტებისა, რაც ცხოვრებაში მქონია, ვფიქრობ, გარკვეულწილად, მაინც იღბლიანი ვარ, რადგან საკმაოდ ბევრს მივაღწიე პროფესიული კუთხით. იღბლიანი ვარ იმიტომ, რომ მებრძოლი ბუნების ადამიანი ვარ და დანებება არ მიყვარს, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. როცა ადამიანი განვლილ ცხოვრებას გადახედავ და საკმაოდ ბევრ სასიამოვნო დღეს, საათსა და წუთს გაიხსენებ, ნამდვილად უნდა თქვა, რომ ვიღაცასთან შედარებით, იღბლიანი ხარ.

– ერთ–ერთ ინტერვიუში წერთ, რომ თეატრში მუშაობის პარალელურად, სახლშიც თქვენ გიწევდათ ყველაფრის კეთება. ყოფილა შემთხვევა, რომ ამის გამო დეპრესიაში ჩავარდნილხართ?

– დეპრესიაში არა, მაგრამ სასოწარკვეთილი ნამდვილად ვყოფილვარ ამის გამო. ზოგჯერ ადამიანი ამდენ ფიზიკურ დატვირთვას ვერ უძლებ, მაგრამ თუ ნამდვილად გიყვარს შენი საქმე და შენი ოჯახი, უნდა შეძლო. მე ხშირად მომყავს მაია პლისეცკაიას მაგალითი. მან საკუთარ საქმეს, ალბათ, ყველაზე ძვირფასი რამ შეწირა – დედობა არ გამოსცადა. შვილის გაჩენაზე უარი პროფესიის გამო თქვა, თუმცა, ასაკში რომ შევიდა, თქვა, რომ ამას ნანობდა. მე ვცდილობდი, რომ ორივე მქონოდა: თეატრიცა და ოჯახიც. დედობაზე სასიამოვნო ამქვეყნად არაფერია. შვილებისა და საკუთარი საქმის სიყვარულის წყალობით, ბევრის გადატანა შეუძლია ადამიანს.

– საკმაოდ ემოციური ადამიანი ხართ. გიჭირთ ემოციების დამალვა, ცხოვრებაში არასდროს შეუშლია ამას თქვენთვის ხელი?

– კი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ეს ის პერიოდია, როცა განსაკუთრებულად ემოციური, თავშეუკავებელი და იმპულსური ხარ ადამიანი. თუმცა, რაც წლები გემატება, მეტად ღვინდები და გამოცდილებასაც მეტს იძენ. გულზე მეტად, გონებით ჭრი საკითხს. ერთხელ, ახალგაზრდობაში, თეატრში შემემთხვა რაღაც უსიამოვნება, მაშინ თემურ ჩხეიძემ დამიბარა და მითხრა: ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ, მეორე უნდა მიუშვიროო. მაშინ არ მესმოდა, როგორ უნდა "მიგეშვირა მეორე ლოყა", რადგან დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში. მე და თემური ტოლები ვართ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცი ქალზე ბრძენია, მას ახალგაზრდობაშიც კარგად ესმოდა ის, რასაც ქალები მაშინ ვხვდებით, როცა ასაკი გვემატება.

– ეკლესიურად ცხოვრებას თუ ახერხებთ?

– სერიოზული ეკლესიური ცხოვრების დაწყებისთვის სულ ვემზადები. ჩემი შვილიშვილი, რომელიც 22 წლისაა, ძალიან ეკლესიურია. ანი ხშირად მახსენებს ხოლმე ეკლესიურ დღესასწაულებს. სახლში ძალიან ლამაზი ხატების კუთხე მაქვს. დღესასწაულებზე ყოველთვის ვანთებ სანთლებს, ყოველთვის მაქვს იერუსალიმიდან ჩამოტანილი სანთლები. ისე კი, რომ გითხრათ, ყოველ საღამოსა და დილას ვლოცულობ–მეთქი, ნამდვილად არ იქნება სწორი. შარშან ვთქვი, რომ ახლა ვიწყებ ეკლესიურად ცხოვრებას–მეთქი. ისე უნდა მეცხოვრა, როგორც ნამდვილ ქრისტიანს შეეფერება, მაგრამ ვერ მოვახერხე. ახლა კიდევ ვაპირებ ამ აღთქმის დადებას და იმედია, მის შესრულებას შევძლებ.

– საერთოდ, ეკლესია მსახიობის ოსტატობასაც კი ცოდვად მიიჩნევს. "ჯაყოს ხიზნებში" გადაღებაზე რომ დათანხმდით, შინაგანად არ განიცდიდით იმას, რომ ცოტა არ იყოს, უხამსი სცენების თამაში მოგიწევდათ?

– "ჯაყოს ხიზნებში" მარგოს ვთამაშობ, რომელიც მსხვერპლია. განა, მსხვერპლი ცოდვიანი შეიძლება იყოს? ცოდვიანი ჯაყოა, რომელიც საშინლად მოექცა მას. ქართველმა მკითხველმა და მაყურებელმა იმიტომ მიიღო ასე მარგო, რომ მისგან მოითხოვდა თავგანწირვას, თუმცა, მათ ავიწყდებოდათ ის, რომ თავგანწირვის უნარი ყველას არა აქვს, ყველას არ შეუძლია თავის გაწირვა. ეს როლიც ისევე მივიღე, როგორც სხვა როლები.

– ქალბატონო ნანა, თქვენი ნათლობა თუ გახსოვთ?

– იმდენად პატარა მომნათლეს, რომ არ მახსოვს. სამწუხაროდ, ნათლიას დიდი წვლილი არ აქვს ჩემს აღზრდაში.

– სხვა აღმსარებლობის ეკლესიაშიც ანთებდით სანთლებს?

– კი, ამინთია. მაგრამ კათოლიკურ ეკლესიაში არ მომწონდა ერთი რამ: ზოგ ქვეყანაში კათოლიკურ ეკლესიებში ელექტროსანთლები აქვთ. ხურდას ჩააგდებ და ელექტროსანთელი ინთება – ეს ძალიან არ მომეწონა. მიმაჩნია, რომ ადამიანმა სანთელი უნდა დაანთო, შენს ჩანაფიქრთან ერთან უნდა დაიღვენთოს ის, და არა აანთო ელექტროენერგიის საშუალებით.

– ქალბატონო ნანა, რამდენადაც მე ვიცი, მართლმადიდებლური რელიგია კრძალავს კათოლიკურ, გრიგორიანულ და ა.შ. ეკლესიებში სანთლის ანთებასა და ლოცვას.

– არ ვიცი. მე დიდი მეგობრობა მაკავშირებდა მედეა ჩახავასთან, მარინა თბილელთან, ისინი დიდი მორწმუნეები იყვნენ. ხშირად აქედან მიგვქონდა ხოლმე სანთლები და ამ სანთლებს ვანთებდით, ზოგჯერ იქაც ვყიდულობდით, მაგრამ სანთლის დანთებისა და ლოცვის ცოდვიანობასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით.

– სასწაულის შემსწრე ყოფილხართ?

– რაიმე სერიოზული სასწაულის, ეკლესიური სასწაულის შემსწრე არ ვყოფილვარ, მაგრამ ხშირად მქონია ცხოვრებაში სასწაულებრივი მომენტები. მაგალითად, ჩემი კოლეგა მარინა კახიანი, ჩემს თვალწინ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. გზაზე გადადიოდა და სულ რაღაც ნახევარი ნაბიჯი კიდევ რომ გადაედგა, მანქანა დაარტყამდა, რომელიც ძალიან დიდი სიჩქარით მოდიოდა. მარინას ოდნავ შევახე ხელი, მაგრამ ხელი რომ არ მომეკიდა, კარგად ვერ დასრულდებოდა ეს ამბავი. ჩემი მეუღლის გარდაცვალების ამბავიც სასწაულებრივი იყო. მაგნიტოფონს აკეთებდა, რაღაც ნაწილზე ხელი მოუხვდა და დენმა დაარტყა.

– თვითონვე თქვით, რომ ძალიან ბევრი ტრაგედია გადაიტანეთ. ფსიქოლოგიურად ამის გადატანა ძალიან ძნელია. როგორ გაუძელით ამ ყველაფერს?

– ჩემი ხასიათის, მებრძოლი სულის დამსახურებით. საერთოდ, ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს და გათავისებული ჰქონდეს ის, რომ თავად უნდა იყო შენი თავის პატრონი და მმართველი. სხვის იმედად, არასდროს უნდა იყო, იმიტომ, რომ ამ დროს უფრო ძლიერი ხარ.

– ბუნებით ძალიან ძლიერი ქალბატონი ხართ. ფიქრობთ, რომ უფრო მეტის მიღწევის შანსი გქონდათ?

– იცით რაა? იმან, რომ ოჯახი მქონდა, თეატრთან მიმართებით ბევრ რამეში შემიშალა ხელი, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ ჩემი განვლილი ცხოვრებით, რადგან თეატრის გარდა, მინდოდა, რომ ოჯახიც მქონოდა.

– წარსულში ბევრი ტრაგედია დატოვეთ. ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?

– ყველაზე მეტად? რა ვიცი... ჩემი მეუღლე, რომელიც ძალიან ადრე წავიდა ამ ცხოვრებიდან, რომ არ დაღუპულიყო და დღეს ჩემ გვერდით ყოფილიყო, ჩემი ცხოვრება უფრო სავსე და საინტერესო იქნებოდა.

– დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი ხართ. რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომელთაც მომავალი წინ აქვთ?

– ვეტყოდი ასეთ რამეს. გახსოვდეთ: თქვენი ცხოვრება თვითონ უნდა გაილამაზოთ, თვითონ უნდა შექმნათ და ყოველთვის უნდა იყოთ ბრძოლისუნარიანები. ადამიანი სულ ძიებაში უნდა იყოს. რაღაცა თუ არ გამოგივა, თავიდან უნდა სცადო. უნდა ეცადო, უფრო საინტერესო, ფერადი გახადო ცხოვრება. წეღანაც გითხარით და ახლაც გავიმეორებ, რაც უფრო მეტად იქნები საკუთარ თავზე დამოკიდებული, მით უფრო გაძლიერდები.

თეონა მჭედლიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online