asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ქართველი რძალი არასდროს იფიქრებს, დედამთილი თავშესაფარში გაუშვას"
"საქართველოში მაინც პატრიარქატია"
"ქართველი რძალი არასდროს იფიქრებს, დედამთილი თავშესაფარში გაუშვას"

2010-09-03 17:27:18



ქართული ლუდის ერთ–ერთი პირველი მწარმოებელი, ბიზნესმენი გოგი თოფაძე, ქვეყნის სიძლიერის, ეროვნულობის საფუძველს ძლიერ და ტრადიციულ ოჯახში ხედავს. მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია ისეთი ფენომენი, როგორიც ქართული ურთიერთობებია, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არსად ეგულება.

და ამ ყველაფრის მიუხედავად, წარმოშობით მოხევე ბიზნესმენი რეალისტურად აფასებს დასავლური სამყაროდან შემოსულ სიახლეებს. მაგალითად, გერლფრენდ–ბოიფრენდის ინსტიტუტი მისთვის ტრაგედია არ არის, ისევე როგორც ქალთა ემანსიპაცია, ოღონდ – თუ ზომიერება იქნება დაცული.

– ბატონო გოგი, მოდით, ჩვენი რუბრიკა თაობათა შორის ბრძოლის პრობლემით დავიწყოთ. უფროსი თაობის თითქმის ყველა წარმომადგენელი თვლის, რომ უმცროსი თაობა ისეთი ვერ არის, როგორიც უნდა იყოს. თქვენც ასე ფიქრობთ?

– საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე მოსაწონი ტრადიცია არის ის, რომ უფროსის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არსებობს. ეს ყველა ტურისტს მოსწონს. ევროპაში მარტივად წყვეტენ ამ საკითხს – დაუბერდებათ მშობლები და გაუშვებენ მოხუცთა თავშესაფარში. ქართველები ამას არასოდეს გავაკეთებთ. ასევე ძალიან მოსწონთ უცხოელებს ყველა ის ურთიერთობა, რაც ქართველებში არსებობს – ურთიერთობა მეზობელთან, ახლობელთან, ნათესავთან, მეგობართან და ა.შ.

ქართულ ოჯახში არის პატრიარქატი, ოჯახის უფროსი, ანუ მამაკაცი, არის სერიოზული ფუნქციების მატარებელი და ძლიერი ოჯახი უკვე ძლიერი სახელმწიფოა. ამიტომ, საქართველოში მამაკაცი ყოველთვის იყო ოჯახის უფროსი და მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, რომ ოჯახი უზრუნველეყო. ამით ბევრი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს, თუნდაც რუსი. იქ მატრიარქატია. სამწუხაროდ, ქართული ტრადიციების სიმყარე იმიტომ ინგრევა, რომ უმუშევარი ოჯახის უფროსი უკვე კარგავს თავის ფუნქციას, ავტორიტეტს. წარმოიდგინეთ – უმუშევარი მამა, მისი ცოლი უცხოეთში წასული, შვილები დაუკმაყოფილებლები... ეს ყველაფერი ანგრევს ქართულ ტრადიციებს.

– დღეს, როცა ქალი აქტიური გახდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისევ ფიქრობთ, რომ კაცია ოჯახის თავი?

– რა თქმა უნდა, ქალების ემანსიპაცია კარგია, რაც ცივილიზაციამ მოიტანა და კარგია, რომ ქართველი ქალი გააქტიურდა. ეს ხდება ბიზნესშიც, პოლიტიკაშიც, მეცნიერებაშიც და ა.შ. თუ ადრე ქართველი ქალის ფუნქცია იყო სამზარეულო, ბავშვი და მეუღლე, ახლა გაცილებით გაფართოვდა მისი ფუნქცია. აქტიურად ჩაბმულები არიან საზოგადოებრივ საქმეებში, რაც კარგია. თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ ქალის მთავარი ფუნქცია შვილების გაზრდაა. ამით ფასდება ქალიც და კაციც. თუ ამერიკაში მამაკაცი იმით ფასდება, რამდენი აქვს ბანკში ფული, საქართველოში ფასდება იმით, თუ როგორი შვილები გაზარდა, როგორი ოჯახი ჰყავს და ა.შ. ეს არ უნდა დაიკარგოს.

ქალების ემანსიპაცია მნიშვნელოვანია, რადგან ქალები ძალიან ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებენ დღეს. ქართველი ქალები ხიბლავენ გამოთაყვანებულ უცხოელებს, რომლებიც ჩამოდიან და ხედავენ – შესახედავად ძალიან ლამაზები არიან, იციან საოჯახო საქმეები, აქვთ პროფესია და ა.შ. რამდენი უცხოელი ვიცი, რომელმაც ძალიან შეუხედავი გოგონა წაიყვანა თავის ქვეყანაში იმიტომ, რომ ის უბრალოდ ქართველი იყო და ახლა ბედნიერად ცხოვრობენ.

მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში მაინც პატრიარქატია და მამაკაცი უზრუნველყოფს ოჯახს. ყველა ქართველი კაცის ფუნქცია და მოვალეობაა, ოჯახი ჰყავდეს კარგად. კი, მამაკაცი გავა გარეთ, გაიხედავს სხვა ქალისკენაც, მაგრამ მისთვის პირველი არის ცოლი და ოჯახი, რომელსაც არაფერს დააკლებს. ამ ყველაფერმა შემოინახა ჩვენი ტრადიციები.

არის საკითხები, სადაც ფუნქციები უნდა გაიყონ ქალმა და მამაკაცმა და ერთმა ერთი რაღაც გადაწყვიტოს, რაშიც ის არის კომპეტენტური და მეორემ – მეორე და ა.შ. როგორ გაკეთდეს ჩახოხბილი, ამაში მამაკაცი არ უნდა ჩაერიოს. ავეჯი როგორ უნდა გაეწყოს, ეს ქალის საქმეა, ქალი ტრიალებს ოჯახში. მამაკაცს თავისი ფუნქცია აქვს. არის სიტუაცია, როცა ქალი რაღაც სამსახურს იწყებს, ეს მამაკაცს არ მოსწონს და უშლის.

– მერე ეს თქვენთვის მოსაწონი საქციელია?

– რატომ არა?! თუ ოჯახის უფროსი მამაკაცია და ის წყვეტს ბევრ რამეს, ამაში რატომ არ უნდა ჩაერიოს?! მე ვგულისხმობ, ვთქვათ, გაუჭირდა ოჯახს ცხოვრება და ქალმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა სამუშაოდ. ეს რომ ქმარმა აუკრძალოს, უფლება არ აქვს? მე ამას ვგულისხმობ, თორემ ქალი კვლევით ინსტიტუტში სამუშაოდ თუ მიდის, ამას რომელი მამაკაცი დაუშლის?! ჩემი აზრით, აწყობილ ოჯახში ქალსა და მამაკაცს შორის სინქრონული ურთიერთობაა. ქალს აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები და მამაკაცს – თავისი. ასეთ ოჯახებში სრული იდილია სუფევს.

– ბატონო გოგი, გერლფრენდ–ბოიფრენდის ინსტიტუტზე გკითხავთ – მოგწონთ თუ არა?

– იცით რა, როცა ქალი მომწიფდება, ის თავის არჩევანში თავისუფალია. ავიღოთ მაგალითი: თუ ქალი 28–30 წლამდე ვერ გათხოვდა, ვერ მონახა თავისი გემოვნების მამაკაცი, უნდა იტანჯოს? ოღონდ აქაც ზომიერება უნდა იყოს, ისე – არა, როგორც დღეს ხდება. ყოველკვირა რომ მამაკაცს გამოიცვლის, ეს არ ეკადრება ქართველ ქალს. ეს ისეთი თემაა, რომ ზოგი ამას შეეგუება და ზოგი – ვერა. უბრალოდ ისეთი დრო არის, რომ ამასთან შეგუებაც მოგვიწევს. გერლფრენდ–ბოიფრენდის ურთიერთობა ხშირად ოჯახად იქცევა ხოლმე და ეს ცუდია?!

– რომ არ იქცეს?

– მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალმა მამაკაცების კოლექცია შეაგროვოს. ზოგიერთი ქალი ამით ამაყობს. ზომიერება აქაც საჭიროა.

– საუბარში ხშირად ახსენებთ ევროპას, ამერიკას. როგორ ფიქრობთ, ჩვენ ევროპელები ვართ თუ აზიელები?

– ჩვენ ვართ ევროპასა და აზიას შორის. დაპყრობების შემდგომ ძალიან ბევრი რამ დარჩა ჩვენში აზიური მენტალიტეტიდან, მაგრამ ბუნებით და პოტენციალით ევროპელები ვართ. გარეგნობითაც ევროპელები ვართ და მენტალობაც ასეთი უფრო გვაქვს. ქართველი ყოველთვის არის ნიჭიერი ევროპელი, თუ მას მისცემ ნორმალურ განათლებას. ქართველი ბუნებით ლიდერია. მას სწორი მიმართულება სჭირდება, თორემ ყველა საქმეში ნიჭიერი და ყველა საქმეში წარმატებულია. ქართველს გონებრივი პოტენციალი ბევრად მეტი აქვს, ვიდრე სხვას.

– თქვენს ოჯახში რომელ ქართულ ტრადიციას იცავთ განსაკუთრებულად?

– ასეთი ძალიან ბევრია. ქართველი მამაკაცის ცხოვრების პირველი მიზანია თავისი ოჯახის კეთილდღეობა. ასე ვარ მეც. კაცი რომ დაოჯახდება, მისი პირველი მოტივაცია ოჯახის კარგად ყოფნაა. მეორე, ქართველი კაცი კეთილია და სტუმართმოყვარე, სიკეთის გაკეთება უყვარს, მომფერებელია. გაჭირვებულს რომ გზაზე ნახავს, გაუჩერებს მანქანას და მიეხმარება. ეს დევს ქართველ კაცში, თორემ ისე ჩაგიქროლებს ამერიკელი, რომ არც კი შემოგხედავს. ქართველი თან გადაგყვება. გარდა ამისა, ქართველებს ბევრი კარგი ტრადიცია აქვთ, რაც საამაყოა – ურთიერთობები. რძლისა და დედამთლის ურთიერთობა ავიღოთ. ხომ ვიცით, რომ საქართველოში ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ რძალი იმას არასდროს იფიქრებს, დედამთილი თავშესაფარში გაუშვას. ამის უფლებას თავს არ მისცემს. ქართველი კაცი ცოლს რომ მოიყვანს, მშობლებს არ კარგავს, არ გადაიხვეწება და არ ივიწყებს მათ, როგორც ეს ხდება საზღვარგარეთ, როცა წყვილები ამბობენ, უკვე ჩვენი ცხოვრება გვაქვსო. საქართველოში ურთიერთობებს არ კარგავენ. მეზობლებს შორის ურთიერთობები ავიღოთ. მეზობელი შორეულ ნათესავს გირჩევნოდესო, ნათქვამიც არის.

ანა ნოდია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online