asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ ჩამოყალიბდა ბანდიტური დაჯგუფება "ტამბოველი მგლები"
"ტამბოველი მგლები"
როგორ ჩამოყალიბდა ბანდიტური დაჯგუფება "ტამბოველი მგლები"

2010-09-02 15:01:07



– ტამბოველი მგელია შენი ამხანაგი – რუსეთში ეს ფრაზა ფართოდაა გავრცელებული.
აღნიშნული გამოთქმა პირველად 1918 წელს ჩეკისტმა ვულმა იხმარა, როდესაც მტრის აგენტი ამხილა. დაკითხვაზე აგენტმა მიმართა: "მისმინე, ამხანაგო". ვულმაც შეაწყვეტინა: "ტამბოველი მგელია შენი ამხანაგი". როდესაც ძერჟინსკიმ ჰკითხა, ასე რატომ თქვიო, ვულმა მიუგო:
– ტამბოვის მიდამოებში ხომ მგლის განსაკუთრებული ჯიშია გავრცელებული! ასეთი სასტიკი და დაუნდობელი ცხოველი იშვიათია!
1921 წელს აღნიშნული გამოთქმა ხშირად იხმარებოდა მაშინ, როდესაც ტამბოვშჩინაზე ესერი ანტონოვის მეთაურობით, ცნობილი ანტისაბჭოთა აჯანყება გაჩაღდა. შემდეგ გამოთქმა დავიწყებას მიეცა. ის გასული საუკუნის სამოციან წლებში გაიხსენეს, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა პოპულარული ფილმი "რუმიანცევის საქმე". ფილმში მილიციელი ასე მიმართავს დაკითხვაზე მიყვანილ ეჭვმიტანილს:
– ტამბოველი მგელია შენი ამხანაგი!
ფილმს წარმატება ხვდა. გამოთქმაც "ტამბოველი მგელი" ფართოდ გავრცელდა. გასული საუკუნის 90 წლებიდან მან ახალი აქტუალობა შეიძინა, რადგან პეტერბურგში გამოჩნდა "ტამბოველთა" ცნობილი ბანდიტური დაჯგუფება.
მატარებელში დაწყებული მეგობრობა
ყველაფერი 1987 წელს დაიწყო, როდესაც მოსკოვ–პეტერბურგის მატარებელში ერთმანეთს ორი სიმპათიური ახალგაზრდა – კუმარინი და ლედოვსკიხი შეხვდა.
– მოდი დავლიოთ, – შესთავაზა ლედოვსკიხმა და კონიაკი ამოიღო.
კუმარინს სახე გაუბრწყინდა. ლედოვსკიხმა ამოიღო ბოთლი და ორი პატარა ჭიქა:
– სადაური კონიაკია? სომხური? – შეეკითხა კუმარინი.
– არა, ქართული.
– არასოდეს დამილევია, – მხრები აიჩეჩა კუმარინმა.
– რატომ?
– იშვითად ვსვამ.
– არც ეწევი?
– არა.
ლედოვსკიხი დაუფარავი ინტერესით შესცქეროდა თანამსაუბრეს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ვვარჯიშობ.
– მართლა?
– კარატისტი ვარ.
ლედოვსკიხს სახე გაუბრწყინდა.
– მე კი მოჭიდავე გახლავარ, სპორტის ოსტატობის კანდიდატი.
– კარატე სსრკ–ში ჯერჯერობით, აკრძალულია, ამიტომ არავითარი წოდება არა მაქვს, – მხრები აიჩეჩა კუმარინმა.
– შენი აზრით, მოჭიდავე მოერევა თუ კარატისტი?
– კარატისტი თუკი მართლა კარატისტია, მას ვერავინ მოერევა!
– არ მჯერა, – თავი გააქნია ლედოვსკიხმა.
– მაშინ მოდი ვიჩხუბოთ! – კუმარინს თვალები აენთო.
ლედოვსკიხის თვალებში დაუფარავი ინტერესი გამოკრთა.
– სადაური ხარ?
– ტამბოველი.
– ბებიაჩემიც ტამბოვიდან იყო, – ლედოვსკიხს თვალები გაუბრწყინდა, – გამოდის, ერთი მიწა–წყლიდან ვყოფილვართ! ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს!
– გაუმარჯოს! – და ორივემ გადაჰკრა კონიაკი.
ასე დაიწყო მათი მეგობრობა. როდესაც მატარებელი პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადი) სადგურში გაჩერდა, ისინი თბილად გამოეთხოვნენ ერთმანეთს.
– დამირეკე, – ლედოვსკიხმა მაგრად ჩამოართვა ხელი, – აი, ჩემი ნომერი.
ბანდიტური დაჯგუფების შექმნა
ასე დაიწყო მათი მეგობრობა. აღმოჩნდა, რომ ლედოვსკიხი "ველიკიე ლუკის" ბანდიტური დაჯგუფების წევრი იყო. მან თავის ამფსონებს კუმარინიც წარუდგინა.
– ჩვენი ბიჭია, ტამბოველი.
– ოჰო, ტამბოველი მგელი?
კუმარინი საჭირო კაცი გამოდგა. კარატისტებს შორის მას უამრავი ნაცნობი ჰყავდა და მეგობარს შესთავაზა:
– ბიჭებს ფული უჭირთ. ამიტომ თუკი დავასაქმებთ, უარს არ გვეტყვიან.
– რითი უნდა დავასაქმოთ?
– ახლა სოკოებივით მრავლდება კოოპერატივები, რომლებიც გვარიან მაყუთს ღუნავენ. ჰოდა, ვაიძულოთ, ცოტა გაგვინაწილონ!
– რეკეტი?
– ეგ რაღაა?
– როდესაც კერძო მესაკუთრეს აიძულებ, ფული გაგიყოს.
– არ ვიცოდი, – კუმარინმა თავი გააქნია, – ჩემი იდეა როგორ მოგწონს?
– კარგი აზრია, მაგრამ ბოსს უნდა ვუთხრა.
– მარტოკა ვერ გავქაჩავთ?
– ჯერ ვერა. ბოსს "სვიაზები" აქვს. ძაღლობაშიც ჰყავს ხალხი, ლენსოვეტშიც, მთავრობაშიც. ეს, ძმაო, საიმედო ზურგს ნიშნავს. ამის გარეშე დავიწვებით.
– მითხარი, ჩვენს დაჯგუფებას "ველიკიე ლუკის" რატომ უწოდებენ? აკი, უმრავლესობა პიტერიდანაა?
– ბოსი წარმოშობით "ველიკიე ლუკიდან" გახლავს, – ლედოვსკიხი წამით გაჩუმდა, – ჩვენ გვყავს ჯგუფები, რომლებიც რეკეტს ახორციელებენ. კეთილი, ვეტყვი ბოსს, რომ შენ კიდევ ერთი ჯგუფის შექმნა გინდა.
რამოდენიმე დღის შემდეგ, ლედოვსკიხმა განუცხადა, ბოსი გიბარებსო. შეხვედრაზე კუმარინი პიჯაკსა და ჰალსტუხში გამოწყობილი გამოცხადდა.
– ოჰო, ტამბოველი მგელი! აბა, გვიჩვენე, რისი მაქნისი ხარ.
ბოსმა კუმარინსა და ლედოვსკიხს უფლება მისცა, რომ საკუთარი დაჯგუფება შეექმნათ, ოღონდ მოგების ერთი მესამედი მისთვის უნდა ჩაებარებინათ.
– სამაგიეროდ ზურგით უზრუნველგყოფთ.
– დანარჩენი ჩვენია?
– ჰო.
პირველი "რაზბორკა"
მალე კუმარინისა და ლედოვსკიხის ჯგუფმა მოქმედება დაიწყო. კუმარინმა თავის ნაცნობ კარატისტებს უხმო. მათგან უმრავლესობა ტამბოვიდან იყო:
– ბიჭოს, ტამბოველი მგლები! აბა, თქვენ იცით, მთელი პიტერი უნდა აალაპარაკოთ!
კუმარინსა და მის მეგობრებსაც "ტამბოველი მგლები" შეარქვეს. ასე გაჩნდა ბანდიტური დაჯგუფება, რომელმაც მალე მართლაც მთელი პეტერბურგი აალაპარაკა.
"ტამბოველებმა" იგივე გზა განვლეს, რაც იმხანად აღმოცენებულმა უამრავმა ანალოგიურმა ჯგუფმა. დასაწყისისათვის, მათ შექმნეს დაცვის კერძო სამსახური, სადაც კუმარინმა თავის მეგობარ კარატისტებს, ხოლო ლედოვსკიხმა მოჭიდავეებს მოუყარა თავი, შეიქმნა ძალა, რომელმაც წარმატებთ განახორციელა პირველი ოპერაციები. როდესაც კუმარინმა ბოსს მოგებული თანხის ერთი მესამედი გადასცა, ბოსმა გაოცება ვერ დამალა:
– ასე ბევრი იშოვეთ? ყოჩაღ!
– ჩვენ მეტი შეგვიძლია! – მტკიცედ მიუგო კუმარინმა.
მალე კუმარინმა და ლედოვკიხმა ბანდა ავტომატებითა და პისტოლეტებით აღჭურვეს. დიდი საქმეებისათვის აუცილებელი იყო ბანდის შემადგენლობის გაზრდაც. ლედოვსკიხმაც ახალი ბიჭები მოიყვანა.
– ოღონდ ისინი ძირძველი პიტერელები არიან და არა ტამბოველები.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს! მთავარია, სანდონი იყვნენ.
ლედოვსკიხმა იცოდა ხალხის შერჩევა. ახალმა კადრებმაც გაამართლეს. ჯგუფმა რამოდენიმე მსხვილი აქცია წარმატებით განახორციელა. მალე ტამბოველებმა მთელ პეტერბურგში გაითქვეს სახელი. კუმარინის ბიჭებს კვლავაც "ტამბოველებს" ეძახდნენ, თუმცა, ბანდის შემადგენლობაში ახლა მხოლოდ ტამბოველები როდი იყვნენ.
სახელმოხვეჭილ ხალხს მუდამ ბევრი მოშურნე ჰყავს. კრიმინალურ სამყაროშიაც ასეა. ტამბოველებისა და სხვა პეტერბურგელი ბანდიტების ურთიერთობაც გართულდა. დაინიშნა "სტრელკა". კუმარინი მასზე შეიარაღებული და თავისი ბიჭების თანხლებით მივიდა:
– აბა, რაშია საქმე?
– ტამბოველები ძალიან გაბლატავდით! აქ პიტერია, ძმაო, და არა ტამბოვი!
– შენ რა, პიტერის "ნაგლიადაჩად" დაგაყენეს?! – ბრაზით შეეკითხა კუმარინი.
– გეტყობა, დიდი ხანია შენთვის ჭკუა არავის უსწავლებია! – გაისმა პასუხად.
კუმარინმა სახეში გაარტყა. მას მყისვე რამოდენიმე კაცი დააცხრა. ლედოვსკიხი და ბიჭები მეგობარს მიეშველნენ და დაიწყო ჩხუბი.
საშინელებაა, როდესაც ათი–ოცი კაცი ერთმანეთს ურტყამს. ამ დროს ძნელია შენიანისა და სხვისი გარჩევა. ადვილი შესაძლებელია, ტრაგედია დატრიალდეს. ამისი ალბათობა ერთი–ორად მეტია, თუკი ორივე მხარე შეიარაღებულია. ასე იყო ახლაც. "ტამბოველებს" ჰქონდათ იარაღი, არც მათი მოწინააღმდეგენი მისულან ცარიელი ხელებით.
დღესაც კი ძნელია თქმა, პირველმა ვინ გაისროლა. შემდგომში კუმარინი ამტკიცებდა, რომ პირველი გასროლა მოწინააღმდეგემ მოახდინა, ჩვენ მხოლოდ კაცურად ვჩხუბობდითო. ასეა თუ ისე, გაისმა სროლა და მას საპასუხო გასროლაც მოჰყვა. დაიღვარა სისხლი. მოკლულები და დაჭრილები ორივე მხარეს საკმაოდ იყვნენ.
– ეს იყო პირველი სისხლიანი "რაზბორკა" პიტერში, – დაწერს ცნობილი ჟურნალისტი ნევზოროვი.
იდგა 1989 წელი.
როგორ ათვინიერებენ პროკურორებს
კუმარინი დააპატიმრეს. მკაცრი სასჯელი ელოდა, მაგრამ მეგობრებმა "ველიკიე ლუკის" დაჯგუფებიდან ის არ მიატოვეს, – წერს ნევზოროვი.
ბოსმა მას საუკეთესო ადვოკატები შეურჩია. დაზარალებულთა ახლობლებიც მოისყიდა და მოწმეებიც. რჩებოდა პროკურორი. ის თავისაზე ჯიუტად იდგა:
– კუმარინი სასტიკად უნდა დაისაჯოს!
ბანდიტები კვალში ჩაუდგნენ მას. დაადგინეს, რომ პროკურორი შაბათ–კვირას მეგობრებთან ერთად სათევზაოდ მიემგზავრებოდა ხოლმე და დაუდარაჯდნენ მას.
– შენა ხარ ის ხისთავა, ჩვენი ძმაკაცის დასჯას რომ მოითხოვს?!
– წაეთრიეთ აქედან! – დაიყვირა პროკურორმა, – არ იცით, ვის ელაპარაკებით?! მე ყველას...
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ თავში რაღაც მძიმე საგანი მოხვდა. პროკურორმა დაიკვნესა და დაეცა. მისმა მეგობრებმა მიშველება სცადეს. ამ დროს გაისმა:
– ადგილიდან არ დაიძრათ! ვინც თუნდაც ერთ ნაბიჯს გადმოდგამს, აქვე დავხვრეტთ!
და ბანდიტებმა მათ ავტომატები დაუმიზნეს.
პროკურორის მეგობრები შედგნენ. ერთ–ერთი ბანდიტი მიწაზე გაშხლართული პროკურორისაკენ დაიხარა:
– ცოცხალია.
ერთხანს ის უძრავად იდგა. შემდეგ ჯიბიდან რაღაც კონვერტი ამოიღო და წაქცეულს ჯიბეში ჩასჩარა:
– არ გეცოტავოს, ძმაო! ეს ავანსია! თუკი, ჭკვიანად იქნები, ორ ამდენს კიდევ მიიღებ! თუ არა, მიქელ–გაბრიელთან გაგაგზავნით. გასაგებია?!
ბანდიტები ისევე ანაზდად გაუჩინარდნენ, როგორც გამოჩდნენ. შემთხვევის ადგილას კი თავგატეხილი პროკურორი და მისი ძმაკაცები დარჩნენ.
გაკვეთილმა გასჭრა. სასამართლომ კუმარინს მხოლოდ სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოზე პროკურორი უჩვეულოდ დაღვრემილი იყო. თავი კი შეხვეული ჰქონდა.
კრიმინალიდან – ელიტაში
კუმარინი 1992 წელს გაათავისუფლეს. ის დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც ძმაკაცები აღფრთოვანებით შეეგებნენ:
– ტამბოველი მგელი დაბრუნდა! ვაშა!
გაიშალა სუფრა. კუმარინმა სასმისი შეავსო და წარმოთქვა:
– გაუმარჯოს იმ დიდ საქმეებს, რასაც ტამბოველი მგლები დაატრიალებენ!
მალე კუმარინი გამოეყო "ველიკიე ლუკის" დაჯგუფებას. ახლა, "ტამბოველები" დამოუკიდებელი ძალა გახდნენ. გავიდა ცოტა ხანი და ვლადიმერ ნევზოროვმა ტელევიზიით შემდეგი სიუჟეტი გადასცა:
– ტამბოველთა დაჯგუფებამ ფაქტიურად პეტერბურგში გაბატონებულ მდგომარეობას მიაღწია! მან თავის კონტროლს დაუქვემდებარა მთელი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, რესტორნები. თამამად შეიძლება ითქვას, "ტამბოველები" ჩვენი ქალაქის სრული მეპატრონეები ხდებიან!
მაშინდელი ტოტალური დაუსჯელობის ხანაში ეს კარგი რეკლამა იყო. ბევრიც გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ნევზოროვი "ტამბოველებთან" შეკრული იყო. ეს დადასტურდა მაშინ, როდესაც პოპულარული ტელეწამყვანი რუსეთის პარლამენტში აირჩიეს და "ტამბოველთა" დაჯგუფების ერთ–ერთი ლიდერი მისი თანაშემწე გახდა. გამდიდრებული კუმარინი უკვე ელიტაში დამკვიდრებაზე აცხადებდა პრეტენზიას. მან გამოიცვალა გვარი და გახდა ბარსუკოვი (ეს დედამისის გვარი იყო), კუმარინი გაურბის თავის ძველ მეგობრებთან შეხვედრებს. ახლა, მისი ძმაკაცები ხდებიან ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი ჟირინოვსკი, სხვა ცნობილი პოლიტიკოსები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები.
– მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა გზით დავაგროვე ქონება, – განაცხადებს რესტორანში გალეშილი კუმარინი, – წარსულთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე! ახლა, მსურს, დიდი ბიზნესი ვაკეთო! მით უმეტეს, რომ საამოსი ძალა და შესაძლებლობაც მაქვს.
კუმარინს ხშირად ხედავენ დიპლომატიურ მიღებებზე, ბანკეტებზე, სადაც დეპუტატები და მთავრობის წევრები იყრიან თავს. ახლა ყოფილი კრიმინალი მსხვილი ბიზნესმენია. მას აცვია სმოკინგი, უკეთია ჰალსტუხი, ლაპარაკობს თავაზიანად, დახვეწილად. კუმარინი პეტერბურგის ბიზნესელიტის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ხდება.
– მას არავინ შეეხებოდა, მეტისმეტად ბევრი რომ არ მოენდომებინა, – წერს "სოვერშენნო სეკრეტნო".
კუმარინმა გადაწყვიტა, კონტროლი დაემყარებინა პეტერბურგის მთელ სათბობ–ენერგეტიკულ სისტემაზე. ის მუდამ დიდი მასშტაბებით აზროვნებდა და არაფრის ეშინოდა. ამიტომ, როდესაც დაურეკეს და ურჩიეს, განზრახვაზე ხელი აიღეო, უწმაწურად შეიგინა:
– წადი, შენი გამზრდელი დედაც!
ამ სიტყვებით ყურმილი დააგდო. ამ წუთას რესპექტაბელური ბიზნესმენი სადღაც გაქრა. ის კვლავ "ტამბოველ მგლად" გადაიქცა.
ეპილოგი
მალე კუმარინი დააპატიმრეს. მან საუკეთესო ადვოკატები დაიქირავა, მაგრამ ამაოდ. ყველაფერი წინასწარ იყო ჩაწყობილი. სასამართლომაც ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა.
– თანამედროვე რუს ოლიგარქთა უმრავლესობას ქონება დატაცების გზით აქვს ნაშოვნი. ამიტომ დატაცება მათი ცხოვრების წესია. მათ უმრავლესობას ეს შერჩა. დაისაჯნენ ისინი, ვინც მეტისმეტად ბევრი მოინდომა, – წერს "შლიახ პერემგი".
ამ უკანასკნელთა რიცხვს "ტამბოველი მგელი" კუმარინიც განეკუთვნება. სხვა მგლები კი დაუსჯელად განაგრძობენ საქმიანობას.
ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online