asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

წუთიერი დუმილი ოლდ ტრაფორდზე
წუთიერი დუმილი ოლდ ტრაფორდზე
წუთიერი დუმილი ოლდ ტრაფორდზე

2010-08-27 15:26:55



1958 წლის 6 თებერვალს მიუნხენში ტრაგედია დატრიალდა.

მიუნხენი გერმანიაშია, თუმცა ამჯერად, ტრაგედიას, რომელიც მიუნხენის აეროპორტ რიემში მოხდა, არც ერთი გერმანელი ადამიანი არ შესწირვია. დაიღუპნენ ინგლისელები და ერთი იუგისლავიელი და რაც ყველაზე მთავარია, დაღუპულებს შორის უმეტესობა ფეხბურთელები იყვნენ, ერთმანეთზე უკეთესი ფეხბურთელები.

იმ დროინდელი "მანჩესტერ იუნაიტედი" საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო და ეს ყველაფერი სერ მეტიუ ბასბის უკავშირდებოდა.

ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში 1958 წლის 6 თებერვალი შავი ასოებითაა შესული. თვიმთფრინავი, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედი" იჯდა, ჩამოვარდა და დიდი საშინელება მოხდა, მანამდე კი...

მანამდე "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბელგრადში, "ცრვენა ზვეზდასთან" ჩემპიონთა თასის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა მოიგო. უკვე პირველ ტაიმს მანჩესტერელები 3:0–ს იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა სასწაული მოახდინეს და ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა პირველი შეხვედრა "მანჩესტერს" საკუთარ მინდორზე მოგებული ჰქონდა და ნახევარფინალშიც ინგლისური კლუბი გავიდა.

თამაშის შემდეგ ბრიტანელები თავისი ქვეყნის საელჩოში მივიდნენ, სადაც მათ ბანკეტი ელოდათ. მეორე დილით კი ისინი უკვე სამშობლოში უნდა გაფრენილიყვნენ მიუნხენის გავლით.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მაშინ ძალიან ცოტა გუნდი თუ იყენებდა ჩარტერულ რეისებს. მაგრამ "მანჩესტერი" ჩქარობდა და ამ სიჩქარის მიზეზიც ჰქონდა: ნახევარი წლით ადრე, როდესაც გუნდი პრაღიდან ბრუნდებოდა, გუნდმა ძლივს ჩაასწრო კალენდარულ შეხვედრას პრემიერლიგაში. შეყოვნების მიზეზი კი ის იყო, რომ "მანჩესტერში" ცუდი ამინდი იყო და თვითმფრინავის მიღება არ ხდებოდა.

არადა, "ცრცვენა ზვეზდასთან" შეხვედრის შემდეგ, "მანჩესტერს" პრემიერლიგაში თამაში ჰქონდა ჩასატარებელი, თანაც გათამაშების ლიდერ "ვულვერჰემპტონთან". მათ არ სურდათ დაგვიანება და იმ თამაშის წაგება. "მანჩესტერი" ჩემპიონობაზე აცხადებდა პრეტენზიას.

ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება შეეკვეთა ჩარტერული რეისი ბელგრადიდან მიუნხენამდე, ხოლო იქიდან პირდაპირ მანჩესტერში ჩავიდოდა. მიუნხენში დაჯდომას კი ის აზრი ჰქონდა, რომ ავზები უნდა გაევსოთ. ბელგრადიდან მაშინდელ ლაინერს საწვავი მანჩესტერამდე არ ეყოფოდა.

იუგოსლავიის დედაქალაქიდან მიუნხენამდე გუნდმა ჩინებულად იმგზავრა, არაფერი საგანგაშო პილოტებს მართვისას არ შეუმჩნევიათ. თუმცა, თვითმფრინავს რიემის აეროპორტის დასაჯდომ ბილიკზე დაფრენა გაუჭირდა. მიუნხენში გვარიანად თოვდა, ასფალტი გაყინული იყო. პილოტი იძულებული გახდა ავარიული დაჯდომის ცალკეული სისტემებიც კი გამოერთო, რათა ნორმალურად დამჯდარიყო.

საწვავი ჩაასხეს და ორი საათის შემდეგ, თვითმფრინავი ასაფრენად მოემზადა.

გ–ალზუ (ცნობილი როგორც ზულუ უნიფორმი), რომელიც ბრიტანეთის ევროპულ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა, დაიძრა და რამდენიმე წამში დედამიწას მოსწყდა, მაგრამ უცაბედად, თვითმფრინავი შეტორტმანდა.

მგზავრებმა თითქოს იგრძნეს, რომ რაღაც ცუდი მოხდა, იფიქრეს რომ პილოტი თვითმფრინავს დააჯენდა, პილოტმა მართლაც ამის გაკეთება გადაწყვიტა, მაგრამ მას ლაინერის დამორჩილება უკვე აღარ შეეძლო.

150 მეტრი სიმაღლიდან თვითმფრინავი ძირს დაენარცხა. მიზეზი? ერთი–ერთი ძრავი აფეთქდა. პილოტმა კი შეძლო დავარდნა ოდნავ შეემსუბუქებინა, მაგრამ დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ტრაგედია თავიდან ვერ აიცილა.

აფრენის დროს ლაინერზე 34 მგზავრი იმყოფებოდა: ეკიპაჟი, ფეხბურთელები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, დიდ ბრიტანეთში იუგოსლავიის საელჩოს წარმომადგენლების ოჯახის წევრები. 23 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

ეს იყო პირველი ავიაკატასტროფა, რომელიც გ–ალზუს ტიპის თვითმფრინავებს დაემართათ. ეს ლაინერები ცაში 1952 წლიდან ნავარდობდნენ და დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს კარგად მოემსახურნენ.

დაღუპულთა შორის იყო რვა ფეხბურთელი:

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი და ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი როჯერ ბერნი, 29 წლის;

შეუდარებელი დანკან ედვარდსი, ყველაზე ნიჭიერი ნახეარმცველი იმდროინდელ ევროპულ ფეხბურთში, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე ყველაზე ახალგაზრდამ მოირგო ინგლისის ნაკრების მაისური, 22 წლის;

ფორვარდი ტომი ტეილორი, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". გუნდმა ის 29 999 ფუნტ სტერლინგად შეიძინა, 26 წლის;

ჰავბეკი დევიდ პეგი, ინგლისის ნაკრების წევრი, 22 წლის;

ედი კოლმენი, 21 წლის;

ჯეფ ბენტი, 25 წლის;

მარკ ჯოუნსი, 24 წლის და ლიამ უილანი, ირლანდიის ნაკრების წევრი, 22 წლის.

ასევე დაიღუპნენ გუნდის მეორე მწვრთნელი ბერტ უოლი, ფიზმომზადების მწვრთნელი ტომ კერი, კლუბის მდივანი უოლტერ კრიკმერი, რვა ჟურნალისტი, მათ შორის მანჩესტერ სიტის ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანკ სვიფტი, რომელიც შეხვედრის ტრანსლირებისას კომენტატორი იყო, მეორე პილოტი, სტიუარდესა, ერთი იუგოსლავიელი დიპლომატი და გულშემატკივარი, ვილი სატიბოფი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ბევრი საქმე ჰქონდა, ამ შეხვედრას მაინც დაესწრო.

ბევრი დაღუპვას გადაურჩა. ძრავი რამდენიმე წამით გვიან რომ აფეთქებულიყო, მაშინ თვითნფრინავი დედამიწაზე უფრო დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდებოდა და ვერავინ გადარჩებოდა.

ცოცხალი გადარჩა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული მეტიუ ბასბი, რომელსაც დიდებული გუნდი ჰქონდა ჩამოყალიბებული და მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნევდნენ.

"ბასბის ბავშვები" – ასე მოიხსენიებდნენ მაშინდელ "მანჩესტერ იუნაიტედს" და ამ სახელით შევიდნენ ისტორიაში.

მიუნხენში ცოცხლები დარჩნენ:

ბობი ჩარლტონი, ჯერ კიდევ 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც რვა წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ჯეკი ბლენჩფლაუერი, ბილი ფოულკსი, დენის ვაიოლეტი, რეი ვუდი, ალბერტ სკენლონი, ჩრდილოეთ ირლანდიელი მეკარე ჰარი გრეგი, ჯონი ბერი და კენ მორგანსი.

მეტიუ ბასბიმ ახალი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო. სხვა რა გზა ჰქონდა? გულშემატკივარი გვერდში ედგა, ამხნევებდა.

ყველაზე შემზარავი სანახავი კი ის იყო, როცა "იუნაიტედის" სტადიონზე თამაშის დაწყებამდე, მაყურებელი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებდა დაღუპულთა სულებს. მაგრამ ეს წუთიერი დუმილი თამაშის ბოლომდე გრძელდებოდა. "მანჩესტერს" გოლიც რომ გაეტანა, გულშემატკივარი ხმას არ იღებდა, ჩუმად იჯდა თავის ადგილას და თამაშს უყურებდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" იმ სეზონში მეათე ადგილი დაიკავა, არადა ტრაგედიამდე გუნდი ჩემპიონობაზე აცხადებდა პრეტენზიას.

ერთი წლის შემდეგ, გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველა ხელს უწყობდა, ტრანსფერების განსახორციელებლად შეღავათებიც კი დაუწესეს.

1963–64 წლების სეზონში, როცა ახალი გუნდის მშენებლობა დასრულდა, გუნდში იმ დროის უდიდესი ფეხბურთელი, ჯორჯ ბესტი მივიდა.

1965 წელს "მანჩესტერ იუნაიტედი" ქვეყნის ჩემპიონი გახდა, პირველ ადგილზე 1967 წელსაც გავიდნენ, ხოლო 1968 წელს, ტრაგედიიდან ათი წლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა.

მისი მეტოქე ლისაბონის "ბენფიკა" იყო, რომლიც მაშინ უძლიერესი გუნდის სახელით სარგებლობდა. "მანჩესტერმა" ის შეხვედრა 4:1 მოიგო, ხოლო პირველი გოლი ბობი ჩარლტონმა გაიტანა, რომელიც ერთადერთი იყო იმ დიდი გუნდიდან, რომელმაც 1958 წლის 6 თებერვალს კატასტროფა განიცადა.

გუნდის მწვრთნელი მეტიუ ბასბი იყო, ხოლო როდესაც გუნდს ჩემპიონთა თასი გადასცეს, ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.

– მე ვტიროდი და უნდა მეტირა, ვინაიდან "ბენფიკა" მარტო ჩვენ არ დავამარცხეთ. დაამარცხა იმ რვა ფეხბურთელმა, რომელმაც მიუნხენის აეროპორტში სული განუტევა, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ განგებამ მათი ამ სახით თავისთან წაყვანა ისურვა.

ჩვენ ყველამ ერთად დავამარცხეთ "ბენფიკა", საშინელება, ტრაგედია, დიდი უბედურება და მუხანათობა, რაც ჩვენი გუნდის თავზე დატრიალდა. ჩვენდა საუბედუროდ თოვდა, გაფუჭდა ძრავი. და დამეღუპნენ ჩემი შვილები, ჩემი პატარა ბიჭები, რომლებიც უდიდესი ფეხბურთელები იყვნენ და მათ მთელი მსოფლიო უნდა დაეპყროთ. აი ამიტომ ვტიროდი, – ამბობდა ლეგენდარული მეტიუ ბასბი.

დიდი ფეხბურთის მუხანათობანი

მას შემდეგ, რაც ფეხბურთი გამოიგონეს, მისი თამაში და სტადიონების მშენებელობები დაიწყეს, ცხადია უბედური შემთხვევების გარეშე არაფერი მომხდარა.

5 აპრილი. 1902 წელი. გლაზგო. შოტლანდია

დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატის შეხვედრა იმართებოდა. სტადიონ "აიბროქს პარკის" ტრიბუნა ჩამოინგრა და შედეგეად 25 ადამაინი დაიღუპა, 517–მა კი მძიმე ტრავმები მიიღო.

9 მარტი. 1946 წელი. ბოლტონი. ინგლისი

ინგლისის პირველობის შეხვედრა ტარდებოდა. "ბოლტონი" "სტოკ სიტის" მასპინძლობდა. ათასობით უბილეთო გულშემატკივარმა დამცავი ჯებირები გაანგრია, შეიქმნა ჭყლეტა. შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, 400 კი მძიმედ დაშავდა.

4 აპრილი. 1954 წელი. თბილისი. საქართველო (მაშინდელი სსრკ)

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მორიგი სეზონის გახსნითი შეხვედრა ტარდებოდა. თბილისის "დინამო" მოსკოვის "სპარტაკს" მასპინძლობდა. ათასობით უბილეთო გულშემატკივარმა რკინის ჭიშკრის შენგრევა სცადა, მაგრამ ეს ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა.

20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულების რაოდენობა ცნობილი არაა. ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა, მხოლოდ ყურმოკვრით თუ იტყოდა ვინმე, თუ რა მოხდა სინამდვილეში და რამდენი ადამიანი დაიღუპა. ბევრი აცხადებს, რომ დაიღუპა გაცილებით მეტი ადამიანი.

30 მარტი. 1955 წელი. სანტიაგო. ჩილე.

ამერიკის თასის შესარჩევი შეხვედრა მიმდიანრეობდა. ჩილე არგენტინას მასპინძლობდა. სტადიონის შესასვლელში ჭყლეტა დაიწყო. დაიღუპა 6 ადამიანი, დაშავებულების რაოდენობა ცნობილი არაა. მაშინ, ჩილეში არსებულმა დიქტატორულმა რეჟიმმა ამ ინფორმაციის გავრცელება სასტიკად აკრძალა.

6 ნოემბერი. 1955 წელი. ნეაპოლი. იტალია

სტადიონი სან პაოლო. იტალიის ჩემპიონატის შეხვედრა იმართებოდა. "ნაპოლი" "ბოლონიას" ღებულობდა. მასპინძელთა კარში მსაჯმა პენალტი დანიშნა. მინდორზე და ტრიბუნებზე დიდი არეულობა დაიწყო. პოლიციამ იარაღის გამოყენება დაიწყო. დაღუპულები არ ყოფილან, თუმცა 152 ადამიანი დაშავდა, აქედან 52 პოლიციელები და კარაბინერები იყვნენ.

21 სექტემბერი. 1962 წელი. ლიბრევილი. გაბონი

გაბონის ნაკრებსა და კონგოს ნაკრებს გუნდეს შორის ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა. სტადიონს მეხი დაეცა, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა.

24 მაისი. 1964 ელი. ლიმა. პერუ.

სტადიონი ესტადიო ნასიონალი. პერუსა და არგენტინის ოლიმპიური ნაკრებები ხვდებოდნენ ერთმანეთს. ტრიბუნებზე არეულობა დაიწყო. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ჭყლეტის შედეგად 318 ადამიანი დაიღუპა, 500–ზე მეტი კი დაშავდა.

23 ივნისი. 1968 წელი. ბუენოს–აირესი. არგენტინა

სტადიო მონუმენტალი. "რივერ პლეიტისა" და "ბოკა ხუნიორსის" შეხვედრის შემდეგ, გულშემატკივრებს შორის სროლა ატყდა. სროლის და ჭყლეტის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა.

25 ივნისი. 1969 წელი. კირიხალა. თურქეთი.

გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკების და სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 102 დაშავდა.

15–20 ივნისი. 1969 წელი.

ჰონდურასსა და სალვადორს შორის ომი დაიწყო იმის გამო, რომ ჰონდურასმა მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა წააგო. შედეგად, ამ ომმა 3000 ადამაინის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 6000–მდე დაიჭრა და დაინვალიდდა.

25 დეკემბერი.1969 წელი. ბუკაუ. ზაირი.

ჩემპიონატის გახსნითი მატჩი იყო. ჭყლეტა დაიწყო მას შემდეგ, რაც სტადიონზე ზაირის პრეზიდენტი მომბატუ მივიდა. დაიღუპა 27 ადამიანი, დაშავდა 52.

2 იანვარი. 1971 წელი. გლაზგო. შოტლანდია

სტადიონი აიბროქს პარკი. "რეინჯერსისა" და "სელტიკის" შეხვედრის ბოლო წუთები მიმდინარეობდა, როდესაც სტადიონზე ჭყლეტა დაიწყო. დაიღუპა 66 ადამიანი, 140 დაშავდა.

11 თებერვალი. 1974 წელი. ქაირო.ეგვიპტე.

ჩემპიონატის შეხვედრის დროს, ტრიბუნის ნახევარი ჩამოინგრა. შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 47 დაშავდა.

31 ოქტომბერი. 1976 წელი. იაუნდე. კამერუნი.

მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა იმართებოდა. კამერუნი კონგოს ხვდებოდა. მინდორზე და ტრიბუნებზე ჩხუბი ატყდა. მხოლოდ ორი ადამიანი დაიღუპა.

15 დეკემბერი. 1981 წელი. პირეოსი. საბერძნეთი

"ოლიმპიაკოსისა" და "აეკის" შეხვედრის დროს არეულობა დაიწყო. დაიღუპა შვიდი ადამიანი.

20 ოქტომბერი. 1982 წელი. მოსკოვი. სსრკ

ლუჟნიკების სტადიონი. უეფას თასის შეხვედრა მიდიოდა მოსკოვის "სპარტაკსა" და "ჰარლემს" შორის. მატჩის ბოლო წუთები მიდიოდა, როდესაც სტადიონზე ჭყლეტა დაიწყო და 66 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

11 მაისი. 1985 წელი. ბრედფორდი. ინგლისი

სტადიონზე ცეცხლი გაჩნდა. დაიწვა ხის ტრიბუნა. ცეცხლში ჩაიწვა 52 ადამიანი, 200–მა კი სერიოზული დამწვრობა მიიღო.

26 მაისი. 1985 წელი. მეხიკო. მექსიკა

სტადიონის შესასვლელში არსებულ გვირაბში ჭყლეტა დაიწყო. რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 მძიმედ დაშავდა.

29 მაისი. 1985 წელი. ბრიუსელი. ბელგია

სტადიონი ეიზელი. ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრა "იუვენტუსსა" და "ლივერპულს" შორის ტრაგიკულად დასრულდა. გუნდების გულშემატკივრებს შორის ჩხუბი ატყდა. პანიკის შედეგად იტალიელი გულშემატკივრები ქვედა იარუსზე ჩახტნენ, რასაც ტრიბუნამ ვეღარ გაუძლო და ჩამოინგრა. შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 500–მდე დაშავდა.

12 მარტი. 1988 წელი. კატმანდუ. ნეპალი

თამაშის მიმდინარეობის დროს დაიწყო კოკისპირული წვიმა და გულშემატკივარიც გასასვლელებს მიაწყდა. რვა გასასვლელიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ღია. დაიწყო ჭყლეტა, რის შედეგადაც 93 ადამიანი დაიღუპა.

15 აპრილი. 1989 წელი. შეფილდი. ინგლისი

სტადიონი ჰილსბორო. ინგლისის თასის ნახევარფინალური შეხვედრის, "ნოტინჰემ ფორესტისა" და "ლივერპულს" შორის, დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, უბილეთო გულშემატკივრებმა შესასვლელი კარის განგრევა სცადეს. პოლიცია იძულებული გახდა კარი გაეღო. ეს ხალხი შევარდა სტადიონზე, წარმოიშვა ჭყლეტა და დაიღუპა 95 ადამიანი.

14 იანვარი. 1991 წელი. იოჰანესბურგი. სამხრეთ აფრიკა.

"ორლანდო პიტერსისა" და "კაიზერ ჩიფსს" შორის შეხვედრის დროს ჩხუბი ატყდა. შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა.

5 მაისი. 1992 წელი. ბასტია. საფრანგეთი

საფრანგეთის პირველობის შეხვედრა მიდიოდა "ბასტიასა" და მარსელის "ოლიმპიკს" შორის. ტრიბუნის ნახევარი ჩამოინგრა. შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

6 მაისი. 1995 ელი. ლისაბონი. პორტუგალია

"სპორტინგსა" და "ბენფიკას" შორის შეხვედრა მიდიოდა. ზედა იარუსზე დამონტაჟებული განათება ჩამოვარდა, დაიღუპა ერთი ადამიანი, 25 დაშავდა.

16 ოქტომბერი.1996 წელი. გვატემალა. გვატემალა

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შეხვედრა მიდიოდა. გვატემალა კოსტა–რიკას მასპინძლობდა. სტადიონზე მომხდარი არეულობის შედეგად 82 ადამიანი დაიღუპა.

11 იანვარი. 1999 წელი. ალექსანდრია. ეგვიპტე

ეგვიპტის ჩემპიონატის შეხვედრა მიდიოდა "ალ იტიჰოდსა" და "კორმს" შორის. ჭყლეტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

9 ივლისი. 2000 წელი. ჰარარე. ზიმბაბვე

ზიმბაბვესა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებ გუნდებს შორის თამაში ჩატარდა. ჩხუბის და ჭყლეტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

11 აპრილი. 2001 წელი.იოჰანესბურგი.სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკის პირველობის მატჩი ტარდებოდა "კაიზერ ჩიფსსა" და "ორლანდო აირეტსს" შორის. დაიღუპა 41 ადამიანი.

9 მაისი. 2001 წელი. აკრა. განა

ადგილობრივი ქვეყნის პირველობის მატჩი ტარებოდა "ჰარტ ოფ ოუკსსა" და "აშანტი კოტოკოს" შორის. ჭყლეტის შედეგად 123 ადამიანი დაიღუპა.

25 ნომებერი. 2007 წელი. სალვადორი. ბრაზილია

ბრაზილიის პირველობის მეორე დივიზიონის შეხვედრა ტარდებოდა "ბაიასა" და "ვილა ნოვს" შორის. რვა ადამიანი დაიღუპა, 40–მდე გულშემატკივარმა ტრავმები მიიღო, მას შემდეგ რაც სტადიონის ტრიბუნა ჩამოინგრა. გულშემატკივრები 20 მეტრის სიმაღლიდან ვარდებოდნენ. ამ შეხვედრას დაახლოებით 60 ათასამდე გულშემატკივარი ესწრებოდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online