| ქალი და მამაკაცი |

მსახიობ ლევან ხურციას გვერდით ხშირად დაინახავთ მის განუყრელ მეგობარს, გიორგი ჯავახიშვილს. მათ 4 წლიანი ნაცნობობა ეყოთ საიმისოდ, რომ მეგრელს და კახელს ერთმანეთი ძმებივით შეჰყვარებოდათ. პროფესიით ეკონომისტი გიორგი თითქმის ყოველთვის მიდის მეგობრის სპექტაკლებზე და, როგორც ლევანმა გვითხრა, მისთვის რჩევებსაც არ იშურებს. როცა ლევანს ინტერვიუს შესათანხმებლად დავურეკეთ, გვითხრა, მართალია, გიორგი პოპულარული სახე არ არის, მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარი სწორედ ის არისო. ბიჭები სულ ერთად არიან, ერთად ქეიფობენ, ნაბახუსევზეც ერთად გამოდიან, მალე ერთ კორპუსში, გვერდიგვერდ ბინებში იცხოვრებენ.
– გიორგი, ლევანს კარგად იცნობს მკითხველი. თქვენც გაგვეცანით.
გიორგი: მართალია, ხელოვანი არ ვარ, მაგრამ ხომ გაგიგიათ, კარგად რომ ხატო, სულაც არაა აუცილებელი, მხატვარი იყო. მომწონს ხელოვნება, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, როდესაც კაცთან მეგობრობ, მის საქმიანობასაც ეცნობი, მისი საქმე შენთვის ახლობელი და ნაცნობი ხდება. მე და ლევანს ხელოვნების დიდი სიყვარული გვაერთიანებს. ჩემი საქმიანობა მევენახეობა–მეღვინეობაა. ქართველი კაცისთვის ღვინო ხელოვნება, მთელი ისტორიაა. ეს მხოლოდ ფულის შოვნის საშუალება არაა.
ლევანი: ყოველთვის გატაცებული ვიყავი ღვინის დაყენების სპეციფიკით, ვენახის მოვლის წესებით... გიორგის დახმარებით ამ სფეროზე ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც ყოველთვის მაინტერესებდა.
– როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?
ლევანი: ჩვენ ახლა გიორგის სახლში ვიმყოფებით. ცოტა ხანში მის გვერდით მდებარე სახლში ვიცხოვრებ. ახლა რემონტია და მალე გადმოვალ. მე და გიორგი 4 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ. შეიძლება ითქვას, რომ გამარჯობის თქმისთანავე დავმეგობრდით. ნელ–ნელა ბევრი საერთო თვისება აღმოვაჩინეთ ერთმანეთში. მალევე მივხვდი, რომ გიორგი ჩემიანი იყო.
– გიორგი, სანამ დამეგობრდებოდით, ნანახი გქონდათ ლევანის როლები?
გიორგი: კი, ნანახი მქონდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ლევან ხურცია იყო ნიჭიერი მსახიობი და დღესაც ასე ვთვლი. მის სპექტაკლებზე ძალიან ხშირად დავდივარ. ვაღიარებ, მისი შეფასებისას ყოველთვის სუბიექტური ვარ, მაგრამ მსმენია, სხვები როგორ საუბრობენ ლევანის ნიჭიერებაზე.
ლევანი: გიორგი აბსოლუტურად პირდაპირ, ყოვლგვარი მიკერძოების გარეშე ამბობს სათქმელს. მისი შეფასება თითქმის ყოველთვის სამართლიანია. მას ახლა ჩემგან პირველად ესმის, რომ გიორგის გამოსროლილი თუნდაც უმნიშვნელო რეპლიკაც კი გამითვალისწინებია.
– მაგალითად, რა რჩევა გაითვალისწინეთ?
ლევანი: ერთ–ერთ სპექტაკლზე გიორგისთვის რაღაც დეტალი გაურკვეველი დარჩა და ისეთი კითხვა დამისვა, ჩემთვის ნათელი გახდა, როლისთვის რა უნდა დამემატებინა. რჩევებს ცხოვრებისეულ საკითხებშიც ვაძლევთ ერთმანეთს.
– ლევან, როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ თქვენიანი უწოდოთ?
ლევანი: ძალიან პრეტენზიული ვარ მეგობრებთან, განსაკუთრებით მამაკაცებთან მიმართებაში. რომ გითხრათ, ბევრი ქალბატონი მეგობარი მყავს–მეთქი, მოვიტყუები. მდედრობითი სქესი ჩემთვისაც და გიორგისთვისაც ცოტა სხვა თემაა. ქალებთან მეგობრობას ვერც ერთი ვახერხებთ. ჩემიანს იმ შემთხვევაში ვუწოდებ ადამიანს, თუ ფლიდი არ არის. გიორგის ყველა ის ვაჟკაცური თვისება აქვს, რაც მამაკაცს უნდა გააჩნდეს. ყველაზე დასაფასებელი კი მისი ოჯახიშვილობა და ზრდილობაა.
– რისი წყალობით გახდით ასეთი კარგი მეგობრები?
გიორგი: ასეთ შემთხვევებში ქვეცნობიერში რაღაც ხდება. თქვენი ნებართვით, ერთ კითხვას დაგისვამთ. შეყვარებული ყოფილხართ?
– არა.
გიორგი: აი, როცა შეგიყვარდებათ, დამიჯერეთ, ვერაფრით ახსნით, თუ რატომ შეგიყვარდათ. ვერ იტყვით, რომ თქვენი სიყვარული მისმა ლამაზმა თვალებმა ან კარგმა მანერებმა მოიპოვა. ჩვენი დამეგობრებაც სწორედ ასე მოხდა. ბევრი საერთო გვაქვს, სიტუაციებს ერთნაირად ვაფასებთ.
– ქალებთან მეგობრობა რატომ არ გამოგდით?
ლევანი: ქალის და კაცის მეგობრობა ორივესთვის წარმოუდგენელია.
გიორგი: ასეთი მეგობრობა რაღაც დონემდე მიდის და მერე წყდება.
ლევანი: მე რომ ქალთან ვიმეგობრო, ის არანაირად არ უნდა მომწონდეს. ამ შემთხვევაში ხასიათს არ ვგულისხმობ. როცა ქალს შეხედავ, მასთან ყოფნა არ უნდა მოგინდეს, შენში მამაკაცს არ უნდა აღვიძებდეს.
გიორგი: შენ იცი ვინმე ასეთი ქალი?
ლევანი: კოტე მახარაძის გენიალურ ნათქვამს მოვიშველიებ – "არ არსებობს ქალი, რომელშიც სილამაზე არ არის". მდედრობით სქესს ვეთაყვანები.
გიორგი: ქალს გარკვეულ მომენტამდე ვუმეგობრდებით, მაგრამ იმის იქით ვეღარ მივდივართ.
ლევანი: ეს ჩვენი აზრია, რომელშიც ალბათ ვიღაცეები არ დაგვეთანხმებიან. ბევრი სვამს კითხვას, არსებობს თუ არა ქალის და კაცის მეგობრობა. მე ამ ურთიერთობას ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ.
– გიორგი, ლევანი ჯიუტია თუ ადვილია მისი გადარწმუნება?
გიორგი: ჯიუტი კი არა, ჯიგარი ადამიანია. ჩემი ოჯახის წევრია. მეგრელს და კახელს შორის ის განსხვავებაა, რომ ამას შეუძლია დაალაგოს აზრი და ისე დაგელაპარაკოს, მაგრამ თქვენც კახელი ბრძანებულხართ და, მოგეხსენებათ, ჩვენი ამბავი. კახელები სანამ სათქმელს დავალაგებთ...
– გიორგი, ლევანს ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა ჰყავს. ამ თემაზე თუ გაქვთ ხოლმე საუბრები?
გიორგი: კი, ლევანი ახალგაზრდა ქალებში ნამდვილად სარგებლობს პოპულარობით. მის გამოსვლაზე ყოველთვის ისმის ტაშის ხმა.
– გიორგი, თქვენი მეგობარი სცენაზე უფრო მოგწონთ თუ ეკრანზე?
გიორგი: ჩემი გადმოსახედიდან, ლევანი კინოშიც კარგია და თეატრშიც. კომედიურ ჟანრშიც და დრამაშიც "საკაიფოდ უბერავს". არა, ლევან?
ლევანი: ეჰ...
– ისე ამოიოხრეთ, თითქოს რამეზე გწყდებათ გული.
ლევანი: როცა ეკრანზე საკუთარ თავს ვხედავ, ბევრ რამეზე "ეჰ"–ს ვიძახი, რადგან აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ჯობდა, სხვანაირად გამეკეთებინა.
გიორგი: მაშინ ბევრ ფილმში უნდა ითამაშო, რომ ნელ–ნელა გაიზარდო.
– გიორგი, ლევანს ჟურნალისტებთან პირად გრძნობებზე საუბარი არ უყვარს. არც მეგობრებთან საუბრობს ამ თემაზე?
გიორგი: დიდად არც ჩვენთან ლაპარაკობს. ეს ისეთი თემაა, რომელზე საუბარიც ალბათ არავის უყვარს, მათ შორის – მეგობრებთანაც.
ლევანი : სხვათა შორის, ამ თემაზე ლაპარაკი არც გიორგის უყვარს. ასეთ ამბებს ერთმანეთს არ ვუმალავთ, მაგრამ ისე არ ხდება, დავსხდეთ და ამაზე ვისაუბროთ.
– გიორგი, ალბათ თქვენ და ლევანს ბევრჯერ გიქეიფიათ ერთად. შესაბამისად, ბევრი გასახსენებელიც გექნებათ.
გიორგი: რა თქმა უნდა, ბევრჯერ დავმთვრალვართ ერთად. როგორ შეიძლება მსახიობ კაცს თამადობა არ ეხერხებოდეს!
ლევანი: გიორგის და ჩვენს საერთო მეგობარს ჩამოაქვთ ღვინო, რომელსაც ჩვენს სარდაფში ვინახავთ. ასე რომ, კახური ღვინო ულევად გვაქვს.
გიორგი: ახლაც კი მოვედი ქეიფის ხასიათზე.
ლევანი: ვიქეიფოთ, რა პრობლემაა!
– ლევანი ქეიფზე არასდროს ამბობს უარს, მაშინაც კი, თუ მეორე დღეს სპექტაკლი აქვს?
გიორგი: უარზე მხოლოდ 5 წუთია.
ლევანი: ვერ ვამბობ უარს და რა გავაკეთო?! არ მიყვარს არეულ სიტუაციაში, ჭრელ ხალხთან ქეიფი. როცა მეგობრები სვამენ, უარის თქმა მიჭირს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დილის 6 საათამდე მიქეიფია და 10 საათზე რეპეტიციაზე გამოვცხადებულვარ.
გიორგი: არანაირი პათოლოგია, "გაჭედვა"... ჩვენთვის ქეიფი რელაქსაციაა.
ქეთი დინოშვილი
|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული












კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 





