| ქალი და მამაკაცი |

"ეს ვინღაა, კაცო?! გაიყვანეთ! შვილო, მაცალე ერთ წამს, გადაცემა მაქვს. ვინაა ეს ბიჭი?! ვერ ჩაკეტეთ ეს კარები?!" – ეს სიტყვები პირდაპირ ეთერში ალბათ ბევრმა ტელემაყურებელმა მოისმინა რამდენიმე კვირის წინ, ვინც ტელეკომპანია "კავკასიაის" იმ გადაცემას უყურებდა, რომელიც დავით აქუბარდიას მიჰყავდა. საზოგადოება, ვინც იმ წუთებში ამ ეთერს თვალ–ყურს ადევნებდა, წამყვანთან და გადაცემის სტუმრებთან ერთად, დაუპატიჟებელი სტუმრის უცნაური ქცევის თვითმხილველი გახდა. ახალგაზრდა რეჟისორი ზაზა სვანაძე აქუბარდიას გადაცემის მსვლელობისას, ხელებზე ბორკილდადებული, სტუდიაში პირდაპირი ეთერის მოთხოვნით შეიჭრა. საკმაოდ დიდი გაწევ–გამოწევის შემდეგ მას სტუდია დაატოვებინეს. თუმცა სვანაძე ამბობს, რომ მის მიერ ატეხილი ეს სკანდალი ამით არ დამთავრებულა, ეთერის მიღმა ის სცემეს. "კავკასიის" დირექტორს, ქალბატონ ნინო ჯანგირაშვილს, სვანაძის ამ განცხადებაზე შემდეგი პასუხი აქვს: "ზაზა სვანაძეს იმ დღეს ხელი მოჰკიდეს და სტუდიიდან გაიყვანეს. არ ვიცი, ამას თუ ცემის ფაქტს ეძახის. ეგ ისეთი უზრდელია, შეიძლება ვინმემ მართლა სცემოს სადმე".
ზაზა სვანაძემ სხვადასხვა დროს თავისი სკანდალური–ეპატაჟური პოლიტიკური ნაბიჯებით საზოგადოებას ასე თუ ისე უკვე გააცნო თავი. ცდილობს დაამტკიცოს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დაუღალავი მამხილებელია. ეს მისი პიროვნების ერთი მხარეა. რაც შეეხება სხვა მხარეებს – "სარკე" შეეცადა მკითხველისთვის ისინი უფრო ახლოდან გაეცნო.
– ზაზა, გვიამბეთ თქვენ შესახებ, რო გზებით მოდიხართ დღემდე.
– სამტრედიის მე–2 საშუალო სკოლა დავამთავრე. შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში კინო–სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე. 2004 წელს დავამთავრე. სწავლის პარალელურად ბოლო კურსიდან შოუბიზნესში ჩავერთე, სადაც აჩი ფურცელაძისა და თამუნა მუსერიძის დახმარებით აღმოვჩნდი. მაშინ ისინი შეყვარებულები იყვნენ. პირველი კლიპი 1999 წელს გადავიღე, მაშინ ასეთი როკჯგუფი, "ლაბირინთი" არსებობდა. მათი ვიდეორგოლი გავაკეთე, რომლის გადაღებაშიც ბევრი ადამიანი მეხმარებოდა. ეს ნამუშევარი ძალიან მცირე წრემ ნახა, რადგან მაშინ არც ინტერნეტი იყო და არც მუსიკალური არხები.
20–21 წლის ასაკში პირველი სერიოზული პროექტი შიდს–ით გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ დღეს გავაკეთე. სიმღერა "გავუფრთხილდეთ ერთმანეთს" ოთარ ტატიშვილმა დაწერა და მასში ახალი თაობის შემსრულებლები მონაწილეობდნენ... ამის შემდეგ მუსიკალური კლიპების შეკვეთები მქონდა, ერთ–ერთ ტელეკომპანიასთან ვთანამშრომლობდი.
– შოუბიზნესიდან პოლიტიკაში თავი როდის და როგორ ამოყავით?
– 2007 წელს, როცა ქართული ოპოზიციის საპროტესტო აქციები გაღვივდა, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გადავიღე კლიპი, სახელწოდებით "არ მეშინია", სადაც ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის ფოტოები ჩავსვი. ეს იყო ჩემი ინიციატივა და ჯაბა ჯიშკარიანის მხარდაჭერით განვახორციელე. შემდეგ ტელეკომპანია "იმედის" დარბევას მივუძღვენი კლიპი, სახელწოდებით "იმედი გვექნება". მესამე მუსიკალური ვიდეორგოლი ზურაბ რთველიაშვილის კლიპი "მზეო" იყო, რომელიც არსებული რეჟიმის სიბნელეს და იმ გარემოს ასახავს, რაც დღემდე ქვეყანაშია. გარდა ამისა, ჟორჯ ბუშის ქუჩაზე ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ აქცია გავამართე, სახელწოდებით "ნოუ ბუშ, ნოუ პრობლემ!". ძველი ფეხსაცმელები მეზობლებს გამოვართვი და დავაწერე – "ჯორჯ ბუშს ქართველებისგან". გახსოვთ, არაბმა ჟურნალისტმა ბუშს ფეხსაცმელი რომ ესროლა და თავის ქვეყანაში მისი ყოფნა რომ გააპროტესტა. არაბულ სამყაროში ეს დიდ უპატივცემლობად ითვლება. მეც ვეთანხმები პროტესტის ამ ფორმას და სიამოვნებით ვესროდი ბუშს ფეხსაცმელს. ეს აქცია 12–მა უცხოურმა არხმა გააშუქა.
– როგორც ვიცი, ახლაც ამზადებთ საკმაოდ სკანდალურ კლიპს ხელისუფლებაზე.
– კი, ახლა მეოთხე მუსიკალურ რგოლზე ვმუშაობ, სახელწოდებით "მეფე ტინგიცა". ეს იქნება პოლიტიკურ–პორნოგრაფიული კლიპი, სადაც ოპოზიციის პერსონაჟებიც იქნება გაშარჟებული. ამ კლიპში იქნება ბევრი სექსი, ბევრი პორნოგრაფია და ბევრი ძალადობა. ვიდეორგოლში თეატრის უცნობი მსახიობები ნიღბებით ითამაშებენ. შინაარსი ასეთია: მეფე ტინგიცამ ბევრი იტინგიცა. ტინგიც–ტინგიც დაკარგა ნდობა და რეიტინგიც. "რუსეთი დათვია, პუტინი ბელია, ობამა მგელია, ვიღაცა მელია, მიშა უვნებელია, ხალხი კი ბნელია" – ეს არის ამ საპროტესტო მუსიკალური კლიპის ტექსტი. გადაღებები უკვე დავიწყეთ და მის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტის დაბადების დღეზე, 21 დეკემბერს ვგეგმავ. ეს კლიპი იმ კლოუნადის, ტოტალური ტაკიმასხარაობის, არაადეკვატური ჟრიამულის მიმართ იქნება პროტესტი, რომელსაც სააკაშვილი დღეს აწყობს. ჩემი აზრით, ასეთი კლიპი ჯერ არ გადაღებულა. ეს იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ანრი ჯოხაძის "ბედნიერი ერი" და "უცნობის" მუსიკალური კლიპებია.
– ფაქტია, რომ სკანდალური გამოსვლებით უფრო გახდით პოპულარული, ვიდრე თქვენი კლიპებით. ხასიათით ხარ პროვოკატორი თუ უბრალოდ ეს თქვენი შექმნილი იმიჯია პიარისთვის?
– ასეთი სახელი მაქვს და ვიყავი კიდეც ეპატაჟური ტიპი. ბავშვობიდან უსამართლობას ვერ ვეგუებოდი და ამას ხმაურიანად გამოვხატავდი. თანაც ყველაფერში ხელს მიწყობს ისიც, რომ იმერეთში ვარ გაზრდილი და ამ კუთხის ადამიანებისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტი მაქვს. დედაც იმერელია და საკმაოდ ხმაურიანად, ქოთქოთით მარიგებს ჭკუას. ისიც საკმაოდ მებრძოლი სულისაა და უსამართლობას ვერ ეგუება.
რასაც ახლა გეტყვით, შეიძლება ახალგაზრდა ოპოზიციონერების ნაწილს გულზე ცუდად მოხვდეს, მაგრამ სანდრო გირგვლიანი რომ არ მომკვდარიყო, მათი სახელები ბევრს არ ეცოდინებოდა, ანუ გასაპროტესტებელი და სათქმელი არ ექნებოდათ. მკვდარი ადამიანის სახელით პიარის და პოლიტიკური კარიერის გაკეთება უზნეობად მიმაჩნია. დღემდე ხშირად მესიზმრება გირგვლიანი. ერთხელ დამესიზმრა, ვითომ შარდენის ინციდენტის დროს მეც მასთან ერთად ვიყავი... სააკაშვილის მოსვლისთანავე ჩვენ დავიჯერეთ ახალი ქართული ოცნება. 2006 წლამდე მერაბიშვილი და სააკაშვილი მომწონდა, ანუ მანამდე, სანამ ამ დაჭერებმა შოუს სახე არ მიიღო. უსამართლობას თავისი სახელი უნდა დაარქვა. ამიტომ ყოველთვის ვიყვირებ, ხმამაღლა გავაპროტესტებ უზნეობას. თუმცა ამ ყველაფერს პოპულარობისთვის არ ვაკეთებ. ერთი მიზანი მაქვს, რომ ყველამ საკადრისი პასუხი მიიღოს.
– სკანდალური და კანონსაწინააღმდეგოც იყო თქვენი ბოლო ქმედება, ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიის პირდაპირ ეთერში რომ შეიჭერით.
– აბსოლუტურად სწორი შეფასებაა, ნამდვილად შევიჭერი. საკმაოდ აქტიურად ვებრძვი დღევანდელ რეჟიმს, არანაკლებად ჯაბა ჯიშკარიანსა და დაჩი ცაგურიაზე. ამ რეჟიმს კბილებში ვუვარდები. დილით რომ გამოვალ სახლიდან, არ ვიცი, საღამოს მივალ თუ არა. ამ ყველაფერს აქუბარდია არ აშუქებს. ძალიან მაინტერესებს, რა დამსახურებისთვის უზის აქუბარდიას ეთერში დაჩი ცაგურია, ლაყე კვერცხებს რომ ისროდა პარლამენტთან?! ნოღაიდელი და მსგავსი ფავორიტები გამოჰყავს ეთერში, ისინი, ვინც აწყობს. მე პირდაპირ ეთერს მოვითხოვდი.
– თქვენს პირად ცხოვრებაზეც გვიამბეთ, მასშიც არის სკანდალები და ხმაური?
– არა, სხვათა შორის, ჩემს საქმიანობაში იმდენად ვიხარჯები, პირად ცხოვრებაში სკანდალები არ მახასიათებს, არც ეჭვიანი ვარ. ბუნებით არაკონფლიქტური ვარ და, თუ ადამიანი თავს არ მესხმის, პირველად ჩხუბს არასდროს ვიწყებ.
– ცოლ–შვილიანი ხართ?
– არა, 29 წლის ვარ და მეუღლე არ მყავს. ჩემი მშობლები ჯერ კიდევ მაშინ გაშორდნენ ერთმანეთს, როცა პატარა ვიყავი. უმამოდ გავიზარდე და კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს. როცა გვერდით მამის დგომა მჭირდებოდა, რჩევებს მეგობრების მამები მაძლევდნენ. მართალია, მამა ცოცხალი იყო, მაგრამ ის ჩემ გვერდით არასდროს მდგარა. არ მინდა, ჩემმა შვილმაც იგივე განიცადოს. ამიტომ ისეთ ოჯახს შევქმნი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მყარი იქნება. ამ წუთას შეყვარებული არ მყავს. ოჯახის დანგრევის ეს ფობია ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ უმამოდ გავიზარდე. მე–7 კლასში ვიყავი, მამა პირველად რომ ვნახე. ჩვენი ბოლო შეხვედრა კი ორი წლის წინ მოხდა. სტუდენტობის დროს ხშირად მოდიოდა, მნახულობდა.
– დედა რას საქმიანობს?
– დედა პატარა საწარმოს მფლობელია, პროფესიით კი პედაგოგი გახლავთ. და–ძმა არ მყავს, დედისერთა ვარ.
ეკა ლემონჯავა
|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული












კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 




