asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ირაკლი სესიაშვილი: "აგვისტოს ომით კონფლიქტების მოგვარების პროცესი შევაჩერეთ"
"კონფლიქტების მოგვარების პროცესი შევაჩერეთ"
ირაკლი სესიაშვილი: "აგვისტოს ომით კონფლიქტების მოგვარების პროცესი შევაჩერეთ"

2010-08-19 13:01:54



აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი სტატუს–ქვო საქართველოსთვის მეტად არასახარბიელოა. სრულად ოკუპირებული სოხუმი და ცხინვალი თბილისთან კონსტრუქციულ დიალოგზე უარს ამბობენ. უსაფრთხოების შეგრძნება არც თბილისშია, რადგან დედაქალაქიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში რუსული ტანკები დგანან.



ამ თემაზე "გუმბათი–ექსპრესთან" ინტერვიუში სამხედრო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კონფლიქტების მოგვარების პროცესი საერთოდ გაქრა. მისივე თქმით, აფხაზები და ოსები თბილისისკენ უკვე ნაკლებად იყურებიან, რადგან თავადაც დასრულებული რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრება უწევთ. სესიაშვილის განცხადებით, კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გზა ის არის, რომ საქართველო სტაბილურ, დემოკრატიულ და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, რომელიც აფხაზებისთვის და ოსებისთვისაც მიმზიდველი იქნება.

– დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეიძლება შეფასდეს ორი წლის წინანდელი აგვისტოს მოვლენები?

– ეს იყო დიდი ტრაგედია, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ისტორიაზე აისახება. რამდენადაც ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა უბრალოდ ომს (რომელსაც თავის მხრივ ტრაგიკული მოვლენები ახლავს), არამედ საუბარია ჩვენი ქვეყნის მომავალსა და მის სამომავლო პერსპექტივებზე.

ამ ომის შედეგად ჩვენ ძალიან ბევრი რამ დავკარგეთ. პირველ რიგში დავკარგეთ ის, რომ კონფლიქტების მოგვარების პროცესი საერთოდ გაქრა. თვითონ ეს პროცესი საერთოდ აღარ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ჟენევის ფორმატი მოქმედებს, ის არ წარმოადგენს რაიმე რეალურ პროცესს. ეს ალბათ უფრო არის ფორმატი ფორმატისთვის, მეტი არაფერი.

დავკარგეთ ის, რომ აფხაზები და ოსები რეალურად ჩვენსკენ აღარ იყურებიან. იმ კონტექსტში, რომ სასწორი მთლიანად გადაწონილია და ისინი ამას ხედავენ და აცნობიერებენ. თუ ადრე გველაპარაკებოდნენ, რაღაც თემებზე შეიძლება დათმობებზე წამოსულიყვნენ, ან რაღაც ფორმატი შეიძლებოდა შექმნილიყო, დღეს ეს ფორმატიც მოკვდა. ისინი თავადაც სრული ოკუპაციის ქვეშ არიან და რუსების, კრემლის გარეშე ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამენ. ამას ისინი კარგად აცნობიერებენ. მითუმეტეს, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს ჩაუვარდა ხელში. მათ შორის მათი ე.წ. საერთაშორისო ურთიერთობის საკითხები. ამიტომ ეს ომისშემდგომი ვითარება, დღევანდელი გადმოსახედით, უპერსპექტივოს ქმნის ჩვენი პრობლემების მარტივად მოგვარებას. ამას ალბათ სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილება დასჭირდება რეგიონში, რომ ჩვენს სასიკეთოდაც რაღაც შეიცვალოს. ეს საკითხის პრობლემატურობის ერთი მხარეა.

მეორე – ძალიან ბევრი რაიმე დავკარგეთ. მათ შორის ჩვენს მოსახლეობას არანაირი უსაფრთხოების განცდა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უძლიერეს არმიაზე გველაპარაკებოდა, რომელიც თითქოსდა ჩვენ გვყავდა და შეგვეძლო ყველა საფრთხის წინაშე გამკლავება, აღმოჩნდა, რომ არათუ საკმარისად, არამედ საერთოდ მზად არ ვართ ნებისმიერი ასეთი გამოწვევის წინაშე. ალბათ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ არანაირი საკმარისი რესურსი არ გვაქვს, რომ არსებულ საფრთხეებს რეალურად გავუმკლავდეთ.

– აქ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

– საქმე ეხება ორ რეგიონში რუსეთის მიერ სერიოზულად გაკეთებულ ორ სამხედრო ბაზას, რომლებიც სერიოზულ ძალას წარმოადგენენ. ასევე შეცვლილია გეოპოლიტიკური, სამხედრო–პოლიტიკური ვითარება რეგიონში. ვინაიდან რუსეთი აქ აშკარა ლიდერი გახდა, რამაც თავის მხრივ ნატო და დასავლეთი დააფრთხო. ეს აისახება მათ შორის ჩვენს ეკონომიკაზე, სამომავლო ეკონომიკურ განვითარებაზე. მათ შორის ჩვენს სწრაფვაზე დასავლეთისკენ.

ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, თავისთავად შიდაპოლიტიკურ პროცესებზეც მოქმედებს. იმ კუთხით, რომ ხელისუფლება გადავიდა ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე. ხელისუფლება ხვდება რა, რომ დასავლეთზე ორიენტირება არანაირ შედეგს არ მოგვიტანს უახლოეს პერსპექტივებში, ამის გამო ის თავისთავად უფრო ჩაკეტილი ხდება და ყოველმხრივად ორიენტირებული საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე და განვითარებაზე. რასაც რეალურად ვიღებთ კიდეც.

– აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან გამომდინარე, რა ტიპის დასკვნები უნდა გაკეთდეს და რა ახალი გზები გამოიძებნოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ?

– რეალურად ყველანი კარგად ვხვდებით, რომ მზა რეცეპტები არ არსებობს. ეს პრობლემები ასე მარტივად მოგვარებადი არ არის. ამას სჭირდება დრო, სჭირდება უფრო მეტი გონივრული მიდგომა, ვიდრე ჩვენს ინტელექტს ეს ძალუძს.

მიმაჩნია, რომ ჩვენი კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გზა არის ის, რომ სტაბილურ, დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ. ეკონომიკურად სერიოზულად გავძლიერდეთ. მოვაგვაროთ ჩვენი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები.

ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ისეთ ძლიერ სახელმწიფოდ, რომელიც რეალურად მიმზიდველი იქნება, მათ შორის აფხაზებისთვის და ოსებისთვის. რეალურად ჩამოვყალიბდეთ იმ ძალად, რომელსაც ექნება თავისი ავტორიტეტი, მათ შორის დასავლეთის წინაშე, რომელსაც რეალურად დაეხმარებიან იმიტომ, რომ ის არის ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.

ჩვენ უნდა გავხდეთ ისეთივე ძლიერები, როგორიც ევროპაში ძალიან ბევრი ქვეყანაა, რომელსაც შეიძლება რაღაც დიდი პოტენციალი არ აქვს, იგივე სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ მას ჰყავს ძლიერი პარტნიორები იმის გამო, რომ ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

– რაც შეეხება წმინდა უსაფრთხოების საკითხებს?

– აქაც ძალიან ბევრი ნაბიჯები არის გადასადგმელი. სულ მინიმუმ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მოწინააღმდეგეებს არ აფიქრებინებს, რომ თავს დაგვესხას. ანუ როდესაც ეცოდინება, რომ ჩვენ გვაქვს ძალა, რომელსაც მოწინააღმდეგის სერიოზულად შეკავება შეუძლია, თავისთავად ეს პრევენციულად აგრესიის საფრთხეებს შეამცირებს.

– დღევანდელი ომისშემდგომი რეალობა მოქმედ ხელისუფლებას რამდენად ობიექტურად აქვს გააზრებული?

– ხელისუფლება გადასულია საკუთარი შეცდომების, დანაშაულების დაფარვაზე. ის კარგად ხვდება, რომ არანაირი შანსები არ აქვს თავად მოაგვაროს პრობლემები. მათ შორის კონფლიქტებთან მიმართებაში რაიმე დიდი ძვრები მოახდინოს. ამიტომ მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამ ძალაუფლების უკან კი დგას დიდი ფული და ბიზნესები. მათ შორის ჩამორთმეული ბიზნესსაკუთრება და ყველაფერი ერთად მათ პირად უსაფრთხოებას უკავშირდება. ვინაიდან საქმე ეხება ძალიან ბევრ დანაშაულს, მათ შორის სახელმწიფოს წინაშე.

ამიტომ მათი ამოცანა არის გარკვეული ბალანსი შექმნან, ასე ვთქვათ, ვირტუალურად წარმოაჩინონ, რომ ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. რეალურად კი ჩამოეკიდონ იმ საკუთარი ინტერესების რეალიზებას, რაც მათი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.

გერა მამულაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ირაკლი სესიაშვილი
კავშირი ტეგთან: ირაკლი სესიაშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online