asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ავი თვალისგან დაიცავი ის (ნაწილი II)
ავი თვალისგან დაიცავი ის (ნაწილი II)
ავი თვალისგან დაიცავი ის (ნაწილი II)

2010-08-19 11:54:50



ავი თვალისგან დაიცავი ის ( ნაწილი I )
- ქალი გათიშული იყო? – შეეკითხა ბარტრემი.
– არ შემინიშნავს, – მიუგო ჯერიკომ.
– მაგრამ თქვენ ფრედს მისი ამოცნობა სთხოვეთ.
– ბიჭს ბენზინის ჩასხმა ვთხოვე. მან, ცხადია, შენიშნა, მარტო რომ არ ვიყავი.
– განა ფრედმა მისის პოტერის შესახებ ყველაფერი არ გიამბოთ?
– ფრედი ტყუის, – გაიღიმა ჯერიკომ.
– მგონი, კმარა, ჰა? – ვეღარ მოითმინა პატრულმა.
– ერთი წამით, ვიკ, – შეაჩერა ის ბარტრემმა, – ჯერიკო, როგორც ვიცი, თქვენ მისის პოტერი თავის სახლში მოიყვანეთ და ღამე აქ დარჩით, თან ქალი მთვრალი იყო.
– მაგას ვერ ვიტყვი.
– აბა, ეს ბოთლი რას ნიშნავს? – მიუთითა ვისკის ცარიელ ბოთლზე.
– სხვას ვიყიდი.
– ვერ გავიგე?
– ვისკი მე დავლიე, რადგან ძალიან დავსველდი და შეიძლება გავციებულიყავი კიდეც. მე, ასე ვთქვათ, მისის პოტერს შევეცოდე და სახლში შემიპატიჟა, რომ ბუხართან გავმთბარიყავი. რაკი თქვენი ვისკიც დავლიე, მისტერ პოტერ, და დაღლილიც ვიყავი, ღრმად ჩამეძინა და თვალები მხოლოდ ათი წუთის წინ გავახილე.
– მისის პოტერიც, ცხადია, თქვენთან ერთად სვამდა, – ჩაურთო ბარტრემმა.
– არა მგონია, მე კი ბევრი დავლიე და მისის პოტერიც შევაწუხე, რის გამოც ახლა, თქვენ რომ შემოხვედით, ბოდიშს ვუხდიდი, – მან მარსიას შეხედა, რომელიც გაკვირვებისაგან ხმას ვეღარ იღებდა, – სამწუხაროა, ამ ქალის ქმარი შინ რომ არ დაბრუნებულა, თორემ ჩემს ნათქვამს დაადასტურებდა. მისტერ პოტერ, ღამით სად იყავით?
– აქედან გაეთრიეთ! – დაიღმუვლა მან.
ჯერიკომ მისაღები გადაკვეთა და მარსიას წინ გაჩერდა:
– მაპატიეთ, მისის, აქ რომ ჩამეძინა. მზად ვარ, ჩემი დანაშაული გამოვისყიდო. თუ დაგჭირდებით, შეგიძლიათ მარტინიუს სტუდიაში მნახოთ, სადაც ახლა ვცხოვრობ. აი, ასე გაითამაშა ჯერიკომ დონ კიხოტის როლი და გარემოებათა წყალობით მარსიას მხარეზე დადგა.
ცოლ–ქმარი ოთახში დარჩნენ, სამნი კი გარეთ გამოვიდნენ.
– შეიძლება წამოგყვეთ? – შეეკითხა ბარტრემი ჯერიკოს, როცა მხატვარი თავის მერსედესში ჩაჯდა.
– თქვენთვის შეიძლება, თქვენი გესტაპოელი თანმხლებისათვის კი არა.
– გმადლობთ, – პროკურორი მერსედესში მოკალათდა, სალიმ კი ბუზღუნ–ბუზღუნით საპატრულო მანქანას მიაშურა და მალე იქაურობას გაეცალა.
მერსედესი ნელა მისრიალებდა ასფალტზე.
– ჯერიკო, მინდა გითხრათ, რომ თქვენი პოზიცია საღ აზრს ეწინააღმდეგება, – თქვა პროკურორმა მცირე ხნის შემდეგ.
– ამას დამტკიცება უნდა.
– ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც კრომველია, საიდუმლო არ იმალება.
– რას გულისხმობთ?
– თქვენი მანქანა პოტერების სახლთან ერთმა ათმა კაცმა მაინც დაინახა და თითქმის ყველამ გაიფიქრა, რომ მარსიამ ახალი საყვარელი გაიჩინა. ჯერ კიდევ შუაღამემდე ჯიმ პოტერს რამდენჯერმე უთხრეს, რომ მის სახლში ვიღაც უცხო იყო.
– ამ დროს სად იყო?
– "სანაპირო კლუბში", სადაც ოთახს ქირაობს.
– ცოლი კი, ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდია?
– ოდესმე ლოთთან გიცხოვრიათ? – კითხვა შეუბრუნა პროკურორმა.
– მე არა, თუმცა ჩემს ნაცნობებში ასეთები არც ისე ცოტაა.
– ადრე მარსია მართლა ძალიან ლამაზი ქალი იყო, არც მატერიალურად უჭირდათ, მერე კი სმა დაიწყო და ფაქტობრივად თავი დაიღუპა.
– ანუ აღიარებთ, რომ უბედურია.
– რა თქმა უნდა.
– და ამიტომ აპირებთ მის დაპატიმრებას?
– მე და ჯიმი მეგობრები ვართ. მას უნდა, რომ მარსია სამკურნალოდ გაგზავნონ. თქვენ შეიძლება მას 2–3 დღით უშველოთ, მერე კი თავისას გააგრძელებს. სპირტიან სასმელებზე უარის თქმა მის ძალებს აღემატება. ჯიმი ცოლის შველას ცდილობს, რადგან მის საქციელში რაღაცით თავსაც იდანაშაულებს.
– ეს როგორ?
– ჯიმი "სანაპირო კლუბის" წევრი იყო, სადაც სმა უყვართ და სადაც ის დიდ დროს ატარებდა. ერთი–ორჯერ მარსიაც მიიყვანა და დაალევინა, რაც ქალისათვის დამღუპველი აღმოჩნდა, რადგან ალკოჰოლი მისთვის თანდათან ნარკოტიკად იქცა და სმას ვეღარ შეეშვა. თუმცა, იყო პერიოდი, როცა არ სვამდა: მხოლოდ ცხრა თვე, როცა ფეხმძიმედ იყო... კარგი ბიჭი ჰყავდათ და მარსიაც, სანამ დააძინებდა, თავს ევლებოდა, მერე კი უგონოდ თვრებოდა.
– ჯიმიმ კი არაფერი იღონა?
– როგორ არა. ექიმ მაქსველთან მიიყვანა, მაგრამ უშედეგოდ. მოკლედ, ჯიმიმ რა არ გადაიტანა, თუ ამას გადატანა ჰქვია... იქამდე, რომ მარსია ცოლის მოვალეობის შესრულებაზეც კი უარს ეუბნებოდა.
– ანუ ახლოს არ იკარებდა?
– სწორედაც. მერე კი ტომის ტრაგედია. ბიჭი რომ იხრჩობოდა, მთვრალი დედამისი ტბის ნაპირას იწვა და მშვიდად ეძინა.
– ის ამბობს, რომ იმ დღეს საერთოდ არ დაულევია, ძილი კი სიცხისგან მოერია.
– მაშ, მოასწრო, თავისი ვერსია მოეყოლა, რომელიც თავადვე დაიჯერა. ასე რომ არ ექნა, ვეღარც იცოცხლებდა.
როცა ქალაქის მთავარ ქუჩაზე გავიდნენ, ჯერიკომ ჰკითხა:
– როგორ მოხდა, რომ ბიჭის გვამი ვერ იპოვეს?
– ანომალია, – მხრები აიჩეჩა პროკურორმა, – ამის ახსნა შეუძლებელია.
– სად ჩამოგსვათ? – მერსედესმა სვლა შეანელა.
– ჩემი კაბინეტი მუნიციპალიტეტის შენობაშია, ქუჩის ბოლოში.
– თქვენ როგორღაც მისის პოტერის საყვარლები ახსენეთ. მითხარით, ეს სიმართლეა?
– დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ უნდა დამეთანხმოთ, რომ მთვრალი ქალი ყველასთვის იოლად ხელმისაწვდომია.
ჯერიკოს აღარაფერი უთქვამს, მანქანა ისე გააჩერა. ბარტრემი გადავიდა, შემობრუნდა, დაიხარა და ღიმილით წარმოთქვა:
– ჯერიკო, მინდა შეგახსენოთ, რომ რაინდობის დრო კარგა ხანია, წარსულს ჩაბარდა.
ღამის ქარიშხალი ნოემბრის უღრუბლო, თბილმა დღემ შეცვალა. კრომველის ბუნება თითქოს ტილოზე გადატანას მოითხოვდა, ჯერიკო კი მიხვდა, ხატვა რომ არ შეეძლო. მისი ფიქრები პირველ რიგში მარსიას ეხებოდა, მერე კი ყველა იმათ, ვინც ამ ქალთან დაკავშირებით წამოტივტივდა.
მისი აზრით, პოტერი სუსტი, უნებისყოფო ადამიანი იყო, ვიკ სალი კი უფრო ბანდიტი, ვიდრე პოლიციელი. ბარტრემი? პროკურორი იმ გურმანს ჰგავდა, პირს კრომველის კულისებმიღმა ცხოვრებით რომ იტკბარუნებდა. ამ სამმა ადამიანმა უკვე განსაზღვრა მარსიას მომავალი. საინტერესოა, ჰყავს კი მას ადვოკატი? ალბათ ბარტრემი, რომელსაც საამისო გამოცდილება უკვე გააჩნია. ან ეს ექიმი მაქსველი ვინაა? და საერთოდ, არსებობს კი ამ ქალაქში ვინმე ისეთი, ვისაც მარსიას ბედი მართლა აღელვებს?
აქ ჯერიკოს ის კაცი გაახსენდა, სააბაზანოში რომ შემოიჭრა, როცა მხატვარი ბანაობდა, მერე კი უკან გავარდა შურდულივით. იქნებ ეს კაცი იყო მარსიას საყვარელი და ამიტომ გაბრაზდა შიშველი ჯერიკოს დანახვაზე?
ცოტა ხნის შემდეგ ჯერიკოს მანქანის დამუხრუჭების ხმა მოესმა, მალე კი ოთახში აქვითინებული მარსია შემოიჭრა.
– რა მოხდა, მარსია? დაწყნარდით... დაჯექით...
– თქვენი დახმარება მჭირდება, – შესძახა ქალმა.
– თუ სმისთვის თავის დანებებას აპირებთ, ეს უკვე გამარჯვების ნიშანია.
– მაგას არ ვგულისხმობ, – მარსია სკამზე დაეშვა, – დღეს დილით თქვენ ჩემს დასახმარებლად იცრუეთ...
– ეს თავისთავად მოხდა, რადგან თქვენი სტუმრები არ მომეწორნა, მათ შორის – ქმარიც.
– როცა თქვენ წახვედით...
– ქმარი გეჩხუბათ?
– ესეც იყო. კახპა მიძახა და წავიდა, მერე კი ჯერი გამოჩნდა.
– რომელი ჯერი?
– ჯერი ჰილარდი, საზოგადოება "ანონიმური ალკოჰოლიკების" წევრი და წიგნების მაღაზიის მეპატრონე. ის ცდილობდა ხოლმე ჩემს დახმარებას და მეც, როცა ძალიან გამიჭირდებოდა, მას ვურეკავდი. ის ყოველთვის კეთილი იყო და გულისხმიერი...
– ამჯერად თავისით მოვიდა?
– ჰო, თანაც ისეთი გაბრაზებული იყო, სულ ცოფებს ყრიდა.
– მიზეზი რა იყო?
– ასე თქვა, გავიგე, ცუდად გამხდარხარ და შენთან ღამით მოვედი, შენს სააბაზანოში კი, შხაპის ქვეშ, ტიტველი მამაკაცი ვნახეო.
– ააა, გასაგებია.
– ჯონ, რა არ მეძახა. ისიც კი დამაბრალა, თითქოს თქვენთან ვიწექი.
– მე კი თქვენი ქმარი მეგონა და ფაქტობრივად ამიტომაც ველოდებოდი, დაბრუნდება–მეთქი, – გაეღიმა მხატვარს.
– მთავარი მერე მოხდა, – განაგრძო მარსიამ, – უცებ ჯერი მეცა და კოცნა დამიწყო, მერე კი... მერე კი... – ქალს ხმა ჩაუწყდა.
– გისმენთ, მარსია.
– მერე კი... ასე მითხრა... თუ დამნებდები... გეტყვი, ტომს სინამდვილეში რა დაემართაო...
– და რა დაემართა? – ცივად იკითხა ჯერიკომ.
– არ ვიცი... ის არეულად ლაპარაკობდა, რომ ტომი არ დამხრჩვალა... და თუ მე... თუ მე...
– და თქვენც დათანხმდით?
– არა, არა! ცხადია, არა! მე სახლიდან გამოვვარდი, მანქანაში ჩავჯექი და თქვენკენ გამოვწიე, თან ეჭვიც შემეპარა, იქნებ ჯერი მართალს ამბობს–მეთქი... ო, მაპატიეთ, აქ რომ შემოგეჭერით!
– ეგ არაფერი, – შენიშნა ჯერიკომ, – ახლა ეს მითხარით. ადრე ამ ტიპს ამგვარი რამ არასოდეს შემოუთავაზებია?
– არა, არასოდეს! ალბათ ყველაფერი მოიგონა. ცხადია, მოიგონა!
– მაგას მე გავარკვევ, მანამდე კი თქვენ აქ დარჩით, ოღონდ, როცა დავბრუნდები, ფხიზელი უნდა დამხვდეთ.
– კარგი.
– მაგ ჰილარდის მაღაზია სად არის?
– მუნიციპალიტეტის გვერდით.
– კარგი. მე წავედი, ყავა კი სამზარეულოშია.
ჯერიკომ მერსედესი იმ მაღაზიის წინ გააჩერა, რომლის აბრაზეც დიდი ასოებით ეწერა: "კრომველის წიგნების მაღაზია", მის ქვევით კი, მომცრო ასოებით – "მფლობელი ჯ. ჰილარდი". მაღაზია ქვის ძველ შენობაში მდებარეობდა და მთელი პირველი სართული ეკავა. არჩევანი დიდი იყო და, მხატვრის გასაკვირად, უახლესი გამოცემებიც ბლომად ჩანდა.
დახლიდან მაღალი, ლამაზი, ქერა ქალი გამოვიდა და ჯერიკოს გაუღიმა:
– რით შემიძლია გემსახუროთ?
– მისტერ ჰილარდს ვეძებ.
– სამწუხაროდ, ჯერ არ გამოჩენილა.
– როდის მოვა?
– არც ეს ვიცი. თქვენ, მგონი, ჯონ ჯერიკო ხართ, არა?
– როგორ მიხვდით? – გაუკვირდა მხატვარს.
ქალმა ისევ გაუღიმა:
– სულ ახლახან ალაბამიდან თქვენი ნახატების კოლექცია მივიღეთ, რომელსაც თან თქვენი ფოტოსურათიც ახლდა.
– ნახატები მოგეწონათ?
– ძალიან, მისტერ ჯერიკო! თქვენი სტილი განუმეორებელია!
– მიხარია, ეს რომ მესმის, – გაიღიმა ჯერიკომაც, – როგორ გგონიათ, სად შეიძლება მისტერ ჰილარდის ნახვა? მასთან გადაუდებელი საქმე მაქვს.
– ვწუხვარ, მაგრამ ვერაფერს გეტყვით. შემიძლია დაგირეკოთ, როგორც კი მოვა. თქვენ, როგორც ვხვდები, მარტინიუს სტუდიაში უნდა ცხოვრობდეთ.
– ჰო, მაგრამ ალბათ იქ არ ვიქნები, – თავი გააქნია ჯერიკომ, – მოგვიანებით შემოვივლი, მის...
– კლივლენდი, ელი კლივლენდი.
– კარგი, ჯერჯერობით.
ჯერიკო მაღაზიიდან გამოვიდა, მერსედესის საჭეს მიუჯდა და გეზი პოტერების სახლისკენ აიღო.
მისასვლელ გზაზე მანქანა იდგა, სახლის გვერდითა ორადგილიანი გარაჟი კი ცარიელი იყო. ჯერიკომ თავისი მერსედესი იმ მანქანის უკან გააჩერა, გადავიდა, ცოტა გაიარა და ზარი დარეკა.
კარი არავის გაუღია, ამიტომ, წინა ღამის მსგავსად, სახელური ჩამოსწია და... მისაღებ ოთახში შევიდა.
თავიდან მოეჩვენა, რომ ოთახში არაფერი იყო შეცვლილი, მერე კი, სამზარეულოსკენ რომ გაიხედა, იატაკზე გულაღმა გაშოტილ მამაკაცს მოჰკრა თვალი და მაშინვე იქ გაჩნდა.
მწვანე ლინოლეუმის იატაკზე კეფაში ტყვიამოხვედრილი ჯერი ჰილარდი ეგდო და აღარ ინძრეოდა, ირგვლივ კი სისხლის გუბე იდგა...
ჯერიკო უკან შემობრუნდა და მხოლოდ მაშინ დაინახა იატაკის ხალიჩაზე დაგდებული ქალის პატარა პისტოლეტი. მხატვარი დაიხარა, პისტოლეტი აიღო და ჯიბეში ჩაიდო.
ეს აშკარად მარსიას პისტოლეტი იყო და, როგორც ჩანს, ჰილარდიც სწორედ ამ ქალმა მოკლა.
როცა ჯერიკომ მანქანა კოტეჯთან გააჩერა და კაბინიდან გადმოვიდა, მარსია მის შესახვედრად გამოქანდა:
– ჯონ, რა გითხრათ, რა?
ჯერიკოს ალკოჰოლის სუნი ეცა. მარსიამ აშკარად მის სასმელს მიაგნო, რაც მხატვარს არ ესიამოვნა.
– როგორც ვხედავ, დასალევს მიაგენით.
– ჯონ, მითხარით, რა თქვა?
– არაფერი, – მიუგო ჯერიკომ.
– სწორედ მაგისი მეშინოდა, რომ ვერ აალაპარაკებდით, – მარსია ან დიდებული მსახიობი იყო, ან მართლა არ იცოდა, რაც ჯერიკომ მის სახლში ნახა.
– არ უნდა დაგელიათ, – მკაცრად მიმართა ქალს ჯერიკომ.
– სულ ცოტა მოვსვი, ჯონ. სხვაგვარად არ შემეძლო.
ჯერიკო კოტეჯში შევიდა. ბოთლი ბურბონით მაგიდაზე იდგა და მართლა სულ ცოტა აკლდა.
– ალბათ ყველაფერი უარყო, ხომ? – მიჰყვა მას მარსია.
– მან არაფერი უარყო, რადგან ლაპარაკი არ შეეძლო.
– არ შეეძლო? – გულწრფელად გაუკვირდა მარსიას.
– არ შეეძლო, რადგან მოკლეს, – თქვა მხატვარმა, მერე კი დაამატა, – თუ თქვენ ეს არ იცოდით?
– მოკლეს?!
– კეფაში ესროლეს თქვენი პისტოლეტიდან და, როგორც ჩანს, მაშინვე მოკვდა.
მარსია სკამზე დაეშვა და ბოთლს წაეპოტინა.
– უმაგისოდაც გაძლებთ, – ჯერიკომ ხელი დასტაცა ბურბონს, სამზარეულოში გაიტანა და გადამალა.
როცა უკან დაბრუნდა, ფერდაკარგული მარსია დახვდა, რომელიც ცალი ხელით მაგიდის კიდეს ჩასჭიდებოდა.
– ყველაფერი მომიყევით, – მშვიდად მიმართა ჯერიკომ და მის პირდაპირ ჩამოჯდა.
– ჯერი სად იყო? – ამოღერღა ქალმა საკმაო პაუზის შემდეგ.
– თქვენი სახლის სამზარეულოში, – მიუგო ჯერიკომ და სწრაფად დაამატა, – ჩვენ ცოტა დრო გვაქვს. ის, ვინც ახლა მოკლულ ჰილარდს ნახავს, მაშინვე სალის დაურეკავს.
– თქვენ არ დაგირეკავთ?
– არა.
– მერედა რატომ?
– იმიტომ, რომ მინდოდა, შანსი მომეცა თქვენთვის.
– ანუ... თქვენ ფიქრობთ, რომ... ის მე მოვკალი? – თვალები გაუფართოვდა მარსიას. – ფაქტები ამაზე მეტყველებენ.
– რომელი ფაქტები? რა სისულელეა? პისტოლეტი თუ ჩემი იყო და მკვლელობაც ჩემს სახლში მოხდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჰილარდი მე მოვკალი.
– მარსია, ასეა თუ ისე, მე მაინც თქვენს მხარეს ვარ, ამიტომ სიმართლე მჭირდება.
– მაინც რა გაინტერესებთ?
– პისტოლეტს სად ინახავდით?
– ძალიან ადრე ის... კომოდის უჯრაში იდო... მერე კი ჯიმიმ სადღაც გადამალა.
– ეს პისტოლეტი საიდან გქონდათ?
– ჯიმიმ მიყიდა რამდენიმე წლის წინ. როცა ის სახლიდან მიდიოდა, მე და ტომი მარტონი ვრჩებოდით და ამიტომ.
– აქამდე არ გითქვამთ, თქვენი ქმარი რას საქმიანობს, ანუ ფულს როგორ შოულობს.
– არაფერსაც არ საქმიანობს, რადგან ფული ისედაც საკმარისი გვაქვს. ის მაინც ვერ ისვენებს და რაღაცეებს ჩალიჩობს.
– მაინც?
– ხან პატარა ფირმებს ყიდულობს, მერე კი ყიდის. ერთხანს პოლიტიკოსობა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ახლა უსაქმოდაა და ადგილს ვერ პოულობს.
– მარსია, ცოტა დრო გვაქვს. ჩემი მანქანა თქვენს სახლთან ალბათ ვინმემ შეამჩნია. როგორც კი ჰილარდის ცხედარს აღმოაჩენენ, სალი და პროკურორი მაშინვე აქ გაჩნდებიან და მათთვის საინტერესო კითხვებს დამაყრიან. კიდევ ერთხელ მომიყევით, რაც თქვენსა და ჰილარდს შორის მოხდა.
მარსიამ სიტყვასიტყვით გაიმეორა, რაც ადრე მოყვა, მერე კი დაამატა:
– ჰილარდი სახლიდან მიყვიროდა, შენ დაბრუნდები, მარსია, მე დაგიცდი და შენ დაბრუნდებიო.
– ეს რომ თქვენს ქმარს გაეგონა ან დაენახა, ჰილარდს მოკლავდა? – შეეკითხა ჯერიკო.
– ჯიმს ფეხებზე ვკიდივარ, – მწარედ ჩაიცინა ქალმა, – მას მე ვძულვარ და ჩემს სიკვდილზე ან ციხეში ჩასმაზე ოცნებობს.
– რატომ? რა მიზეზით?
– მე მისგან სიყვარულს ველოდი... ის კი ნივთივით მიყენებდა...
– კარგი, კარგი. საქმეს დავუბრუნდეთ. პისტოლეტი ჩემთანაა, მაგრამ სახლში მაინც არ უნდა გამოჩნდეთ. ახლა კი ის ადგილი დამიხატეთ, სადღაც ტომი დაიხრჩო.
მარსიამ მაგიდაზე დადებულ ფურცელზე სქემა დახატა და მხატვარს გაუწოდა:
– აი, აქაა, ჯვარი რომ დავსვი.
– მარსია, თქვენს მანქანას აქვე დავმალავ, რომ არ შენიშნონ, თქვენ კი სააბაზანოში დაიმალეთ და როცა წავლენ, მერე გამოდით.
– დალევა რომ მინდა? – წამოცდა ქალს.
– ეს დაივიწყეთ, დროებით მაინც. თქვენი მანქანის გასაღებს კი თან წავიღებ, – გაუღიმა ჯერიკომ და კარს მიაშურა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online