asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ალექსანდრ სოლჟენიცინის ეკლიანი გზა
ალექსანდრ სოლჟენიცინის ეკლიანი გზა
ალექსანდრ სოლჟენიცინის ეკლიანი გზა

2010-08-17 10:49:06



– უკაცრავად, თქვენ ნატალია გქვიათ?
– მეგონა, ალექსანდრ სოლჟენიცინი უფრო ორიგინალურად შეეცდებოდა ჩემს გაცნობას.
– საიდან იცით, ვინა ვარ?
– "ივან დენისოვიჩის" ავტორს მთელი რუსეთი იცნობს.
– ეს კომპლიმენტია? დიდი მადლობა.
– ახლა ის მითხარით, მე საიდან მიცნობთ? ერთი უბრალო ქალი ვარ, არაფრით გამორჩეული.
– მე თქვენ მომწონხართ. რას აკეთებთ ამ საღამოს?
კომკავშირიდან დისიდენტობამდე
ალექსანდრ სოლჟენიცინი კისლოვოდსკში დაიბადა შეძლებულ ოჯახში, თუმცა რევოლუციამ და სამოქალაქო ომმა ისინი გააღატაკა. სოლჟენიცინები დონის როსტოვში გადასახლდნენ, სადაც მომავალმა მწერალმა სკოლა დაამთავრა. უფროს კლასებში სოლჟენიცინი გულწრფელად განიმსჭვალა კომუნისტური იდეებით და ამიტომაც შევიდა კომკავშირში. ლიტერატურისადმი მისი მიდრეკილება და ინტერესი სწორედ მაშინ გამოვლინდა.
მიუხედავად ამ ინტერესისა, სოლჟენიცინი ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე შევიდა. რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი, ეს სამუდამოდ გამოცანად დარჩა. სტუდენტობის პერიოდში გაიცნო ნატალია რეშეტოვსკაია, რომელზეც დაქორწინდა კიდეც. სტუდენტობის წლებში სოლჟენიცინი ბევრს კითხულობდა, ლიტერატურის გარდა გატაცებული იყო თეატრით. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ლიტერატურა მოსვენებას არ აძლევდა, ამიტომაც დაუსწრებლად ჩააბარა მოსკოვის ლიტერატურისა და ფილოსოფიის ინსტიტუტში, მაგრამ სწავლის დაწყება ვერ შეძლო, რადგან ომი დაიწყო. სუსტი ჯანმრთელობის გამო ის არ ექვემდებარებოდა გაწვევას, მაგრამ ჯიუტად მოითხოვდა, ფრონტზე გაეგზავნათ. ბოლოს ამას მიაღწია კიდეც. ომის დროს სტალინზე გული აუცრუვდა და ამის შესახებ მეგობარსაც კი მისწერა.
1945 წლის თებერვალში სოლჟენიცინი დააპატიმრეს და გულაგში გამოამწყვდიეს. 1948 წელს ცოლი მას ოფიციალურად გაეყარა. ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ სოლჟენიცინი გადასახლებაში გაგზავნეს. ხრუშჩოვის პერიოდში ის რეაბილიტირებულ იქნა. მალე მასზე, როგორც ნიჭიერ მწერალზე, ყველა ხმამაღლა ალაპარაკდა. ხრუშჩოვის მხარდაჭერით სოლჟენიცინის "ივან დენისოვიჩი" დაიბეჭდა. ხრუშჩოვი იმედოვნებდა, რომ ამით მოიმადლიერებდა მწერალს, მაგრამ ილუზია მალე გაქრა – სოლჟენიცინმა გარკვევით აგრძნობინა, რომ "კარის მწერალი" არ გახდებოდა.
ხელისუფლებაში ბრეჟნევის მოსვლის შემდეგ სოლჟენიცინისათვის საერთოდ შეუძლებელი გახდა ნაწარმოებების ლეგალურად გამოქვეყნება. მისი ეკლიანი გზა კვლავ გრძელდებოდა.
გულითადი საუბრები
– მითხარი, ნატალია, არ გეშინია ჩემთან შეხვედრის?
ნატალია სვეტლოვასთან მისი რომანი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაიწყო. სოლჟენიცინს იზიდავდა ლამაზი, სპორტული, სიცოცხლით სავსე ნატაშა, რომელიც საოცრად განათლებული იყო და ლიტერატურაშიც ბრწყინვალედ ერკვეოდა. სოლჟენიცინი ამაში პირადად დარწმუნდა.
– რატომ უნდა მეშინოდეს შენთან შეხვედრის? – გამომწვევად უპასუხა ნატალიამ.
– იმიტომ, რომ მთავრობა ამრეზით მიყურებს, ბრეჟნევს კი პირად მტრად მივაჩნივარ.
– მგონი, ბრეჟნევი არც ჩემი მამაა და არც უფროსი ძმა.
შეხვედრებმა რეგულარული ხასიათი მიიღო. მათ სჭირდებოდათ ერთმანეთი, სოლჟენიცინს ნატალია, ქალს კი – სოლჟენიცინი.
ნატალია მოჯადოებული უგდებდა მის ლაპარაკს ყურს. მსგავსი საუბრები იმხანად იშვიათობას წარმოადგენდა. სოლჟენიცინს არაფრის და არავისი ეშინოდა, ყველაფერზე საკუთარი აზრი ჰქონდა და მზად იყო, თავგამოდებით დაეცვა. ნატალია ქალი იყო და, პოლიტიკის გარდა, სხვა საკითხებიც აინტერესებდა.
– მითხარი, ცოლი გიყვარდა?
– ოდესღაც მეგონა, რომ მიყვარდა.
– გიღალატა?
– დავიწყოთ იქიდან, რომ, როდესაც დამაპატიმრეს, გამეყარა. როდესაც "გულაგის არქიპელაგზე" მუშაობა დავიწყე, ვიცოდი, რომ სუკ–ი არ მომასვენებდა. მართლაც დაიწყო გაუთავებელი ჩხრეკები. ჩეკისტებმა წაიღეს მთელი ჩემი არქივი. შემდეგ სუკ–მა გაჩხრიკა ჩემი ნაცნობის ბინა და ხელნაწერის ეგზემპლარის კონფისკაცია მოახდინა. ის, რომ ნაშრომი იქ ინახებოდა, მხოლოდ მე და ჩემმა ცოლმა ვიცოდით.
– და შენ თვლი, რომ... – ქალს სიტყვა შუაზე გაუწყდა.
– მან თვითონ მითხრა, რომ ჩემი ამ მთავრობასთან შერიგება სურდა, ამიტომაც გადადგა ასეთი ნაბიჯი. აი, როგორ დამთავრდა ჩვენი სიყვარული.
მეგობარი და თანამებრძოლი
"ნატალია ჩემთვის არა მხოლოდ ცოლი, არამედ მეგობარი და თანამებრძოლიცაა", – ამბობდა ერთ–ერთ ინტერვიუში სოლჟენიცინი. ისინი მაშინ დაქორწინდნენ, როცა სოლჟენიცინს სუკ–ი დასდევდა. ბევრი დარწმუნებული იყო, რომ მას დააპატიმრებდნენ. არსებობდა კიდევ მეორე მომენტი – ნატალიაზე დაქორწინებით სოლჟენიცინი მოსკოვში ჩაწერას მიიღებდა. სუკ–ს ეს არ სურდა და ყველანაირად უშლიდა ხელს მათ დაქორწინებას. ნატალიას ბინაში ხშირად ისმოდა ტელეფონის ზარი და უცნობი ხმა ატყობინებდა: "თქვენი საქმრო, ალექსანდრ სოლჟენიცინი რესტორან "არაგვში" ლამაზმანებთან დროს ატარებს!". ნატალია უხმოდ კიდებდა ყურმილს. მაშინ მას ნათესავები და მეგობრები მიუგზავნეს, ვის აზრსაც ქალი ანგარიშს უწევდა: "შესაძლოა სოლჟენიცინი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ დაფიქრდი, რა უნდა მოგცეს მან? მთავრობასთან ჭიდილი ცუდად დამთავრდება, აუცილებლად დააპატიმრებენ. დაფიქრდი, განა ასეთი კაცის ცოლობა ღირს?", – ეუბნებოდნენ ისინი.
ნატალია და ალექსანდრი მაინც დაქორწინდნენ. ამის შემდეგ ნატალია იზიარებდა ყველაფერს, რაც დისიდენტის ცოლის ხვედრია – გამუდმებული თვალთვალი, სატელეფონო ზარები და მუქარა, დაკითხვები სუკ–ში, შანტაჟი. მან გაუძლო ყველაფერს.
1974 წელს სოლჟენიცინი სსრკ–დან გააძევეს. ჩამოართვეს მოქალაქეობა და თვითმფრინავით დასავლეთ გერმანიაში გადაიყვანეს. ნატალიამ კატეგორიულად მოითხოვა ქმართან ერთად წასვლა.
– მას მოქალაქეობა ჩამოართვეს. ის ვერასოდეს დაბრუნდება რუსეთში, – უთხრეს ნატალიას.
– მე მის გვერდით უნდა ვიყო!
– მაშინ ვერც თქვენ დაბრუნდებით ვერასოდეს რუსეთში!
ნატალიამ თავისი გაიტანა. ის დასავლეთში გაუშვეს.
რატომ არა ხარ ბედნიერი?
პროგნოზი, ვეღარასოდეს დაბრუნდებითო, არ გამართლდა. ემიგრაცია ხანგრძლივი იყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ის დასრულდა. სსრკ დაიშალა. სოლჟენიცინიც სამშობლოს დაუბრუნდა, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი და მსოფლიოში აღიარებული მწერალი, მაგრამ მას ეს არ აკმაყოფილებდა:
– მე მსურს, ჩემი სიტყვა ვთქვა ახალი რუსეთის მშენებლობის საქმეში!
ეს სოლჟენიცინმა ვერ შეძლო. მისი პროგრამა პრაქტიკულად ძველის განმეორება იყო. ახალი კავშირის საფუძველი უნდა გამხდარიყო რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის კავშირი, რასაც ყაზახეთიც შეუერთდებოდა. რუსეთში საწინააღმდეგო არავის არაფერი ჰქონდა, სამაგიეროდ უკრაინელები გააფთრდნენ.
უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადება სოლჟენიცინისათვის უმძიმესი წუთები იყო. მწერალი თავზარდაცემული შესცქეროდა ეკრანს და კრინტს ვერ ძრავდა.
– მერჩივნა, თავის დროზე ბანაკში მოვმკვდარიყავი და ეს არ მენახა, – ამოღერღა ბოლოს.
– დამშვიდდი, უკრაინული სახელმწიფო დროებითია, ნახავ, როგორ გაუჭირდებათ და თვთონ მოვლენ ჩვენთან, – ამშვიდებდა ნატალია.
– არა, არ მოვლენ, – ამოიოხრა მწერალმა, – ახლა მივხვდი, რომ ჩემი სიტყვა მათთვის უცხო და მიუღებელია, ისინი მე მტრად აღმიქვამენ!
სოლჟენიცინს ბოლომდე გულწრფელად სწამდა, რომ დამოუკიდებელი უკრაინა უდიდესი ტრაგედია იყო. მისთვის ყველაზე მტკივნეული იყო ის, რომ მის სიტყვას ფასი დაეკარგა.
– არ მესმის, რატომ არა ხარ ბედნიერი, – ეუბნებოდა ნატალია, – ჩვენ დავბრუნდით რუსეთში, სსრკ დაიშალა, კომუნიზმი მოისპო, აღსრულდა ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდი.
– ეჰ, ნატალია, განა ამისთვის ვიბრძოდი?!
– ასეა თუ ისე, მსოფლიოში აღიარებული მწერალი ხარ, ნობელის პრემიის ლაურეატი.
– მერე რა, განა ვერ ხედავ, რომ ჩემს სიტყვას ფასი დაეკარგა?! სსრკ–ში "არქიპელაგი" სასტიკად იყო აკრძალული. მიუხედავად ამისა, წიგნზე მთელი თაობები აღიზარდა. მაშინ ჩემმა სიტყვამ ბევრის ცნობიერება გადააბრუნა. ახლა? დღეს ჩემი წიგნები დიდი ტირაჟით გამოდის, მაგრამ... ვხედავ, რუსეთი იღუპება! თუკი ასე გაგრძელდა, ჩვენ ჩვენს სუვერენიტეტს საბოლოოდ დავკარგავთ! რაღაც ახლის თქმაა საჭირო, ხალხი ჩემგან ახალ სიტყვას ელის, მაგრამ მე უძლური ვარ. რუსეთის აღმშენებლობის ჩემეული გეგმა უკრაინელებისათვის მიუღებელია, რაღაც სხვა რამის თქმაა საჭირო. ამას ვგრძნობ და ვხედავ, მაგრამ – რისი?
ნატალია ამაოდ ამშვიდებდა ქმარს. სოლჟენიცინი ამქვეყნიდან იმედგაცრუებული და გულმოკლული წავიდა.
ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online