asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

არჩილ სოლოღაშვილი: ”ვგიჟდები მანანა ბერიკაშვილზე”
"თავდაჯერებული მსახიობი არ ვარ"
არჩილ სოლოღაშვილი: ”ვგიჟდები მანანა ბერიკაშვილზე”

2011-11-09 00:12:54



მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან პედანტი და ესთეტი ადამიანია. ფიქრობს, რომ საკუთარ ცხოვრებას თვითონვე ვაჩუქურთმებთ წინასწარ მოცემულ ჩარჩოებში, სცენას ერთგვარად ფეხბურთს ადარებს და სასიამოვნო სიურპრიზების მიმართაც კი უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებს.
- არჩილ, რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს?
- როგორ გითხრათ, მე შემიძლია რაღაც მოცემულ თემაზე ვთქვა, ამას გავაკეთებ თუ არა, თუმცა, რა გამოვა, ამას დაზუსტებით ვერავინ იტყვის და გარანტიასაც, მე პირადად, ვერასდროს ვიძლევი. არის რაღაც საქმე, რასაც შეიძლება შევეჭიდო, არის რაღაც საქმე, რასაც შეიძლება ხელი არ მოვკიდო. თუ თქვენ სცენასა და თეატრს გულისხმობთ, მე იქ იმ როლს ვიღებ, რომელზეც მენდობა რეჟისორი, ამიტომ მე იქ ეჭვი არასდროს მიჩნდება. დოი საკმარისად კარგად მიცნობს. როლებს როცა ანაწილებს, მე ჩემსას პირდაპირ ვიღებ და ყოველგვარი კითხვების გარეშე ვიწყებ მასზე მუშაობას. როცა რეჟისორმა იცის, რა უნდა და თან, კონკრეტულად იცის, რომ შენგან უნდა - ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია მსახიობისთვისაც. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა გამჩენია კითხვა, რატომ მე და რატომ სხვა არა? იქნებ, სხვას უკეთესად გამოსვლოდა, ვიდრე მე? ანუ თავდაჯერებული მსახიობი, როგორც ასეთი, არ ვარ. რაც შეეხება ცხოვრებისეულ საკითხებს და პიროვნულ თვისებებს, ყოველთვის მგონია, რომ რასაც ვაკეთებ, სწორედ ის უნდა გავაკეთო. შეცდომები ვის არ დაუშვია, მათ შორის მეც, მინანია კიდეც, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ "ჯობია ინანო ის, რაც გააკეთე, ვიდრე ის, რაც არ გაგიკეთებია". ან საერთოდ არაფერი გავაკეთო და ლანგარზე მომართვან.
- წეღან თქვით, კითხვების გარეშე ვიწყებ როლზე მუშაობასო. როგორ ფიქრობთ, რეჟისორი უკეთ გიცნობთ, ვიდრე თქვენ საკუთარ თავს? არ გაგჩენიათ ისეთი განცდა, რომ ვთქვათ, მეტის გაკეთებაც შეგიძლიათ?
- კი, მქონია, როგორ არა. თუმცა, ვფიქრობ, რომ გვერდიდან უკეთესად გხედავენ. მთავარია, ვის ხელში ხარ. მე ამის მჯერა. გააჩნია როლსაც. ყოფილა შემთხვევა, როცა მიფიქრია რომელიმე სხვა როლზე, რომ მას უკეთესად ავითვისებდი და უკეთ ვიმუშავებდი, ვიდრე იმაზე, რაც მაქვს. თუმცა, მგონია, რომ ეს ერთგვარი თავდაცვითი მომენტია, როცა ახალი როლის მიღებისას საკუთარ თავს ებრძვი. მაგრად უნდა ეჩხუბო შენს გმირს, უნდა დაამარცხო - როლი თუ პერსონაჟი არ უნდა მოგერიოს.
- ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ სცენაზე ისევ შენ იქნები და არა შენი გმირი? მაყურებელი ამას არ იგრძნობს?
- არა, მე შევასრულებ როლს, ოღონდ ჩემი თავიდან გამომდინარე. შენ თავში უნდა გაატარო პერსონაჟი, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მაყურებელთან იყო მართალი. თვალების დაქაჩვასა და ხმამაღლა ყვირილზე მარტივი არაფერია. მთავარია, მართლა გეყვირებოდეს და მართლა გექაჩებოდეს, მართლა გული მიგდიოდეს და მართლა ვერ იყო კარგად. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად ასეა, უბრალოდ, მე ასე მგონია.
- როგორ ფიქრობთ, რაღაცნაირი განსხვავებული ბუნების გამო ირჩევენ ადამიანები შემოქმედებით გზას, თუ ამ არჩევანის გაკეთების შემდეგ, იჩემებენ განსხვავებულობას?
- ალბათ, ამ განსხვავებულობას გარკვეულ ასაკში ვერც ვგრძნობთ, რომ გვაქვს და გზას ავირჩევთ, დავადგებით და ამ საქმის კეთებას რომ დავიწყებთ, მერე ვხვდებით, რომ ეს ის არის, რასაც გული გვიგრძნობდა. მე, ყოველ შემთხვევაში, განსხვავებულობას ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ამ სფეროში უნდა ვყოფილიყავი. ასე მეგონა, ასე მინდოდა და რაც მინდოდა ის გავაკეთე. თუმცა, ვთვლი, რომ, ჯერჯერობით, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია და შემიქმნია და რომ ყველაფერი წინ მაქვს.
- თვითკრიტიკა გჩვევიათ?
- არასდროს ვარ კმაყოფილი ჩემი ნათამაშევით. როცა მილოცავენ, სულ ვფიქრობ ხოლმე, რატომ მილოცავენ? იმიტომ, რომ გული არ მატკინონ, თუ..? ყოველთვის მიმაჩნია, რომ ისე ვერ ვაკეთებ, როგორც უნდა გამეკეთებინა.
- ამგვარი პასუხი მსახიობთაგან ხშირია. თუმცა, როგორ ფიქრობთ, თუ ყოველ ჯერზე ის იცით, როგორც უნდა გაგეკეთებინათ, რა გიშლით ხელს იქამდე მისასვლელად?
- თეატრი ცოცხალი ორგანიზმია, გინდა-არგინდა ეს ასეა. სცენაზე რომ გადიხარ, როგორ დაიწყებ, როგორ განავითარებ და როგორ დაამთავრებ სპექტაკლს, არ იცი. იქ მარტო მე არ ვარ. ეს სინთეზური ხელოვნებაა და ჩემ გარდა, ასი კაცი დგას სცენაზე. მე პარტნიორზე ვარ დამოკიდებული და ჩვენ ყველა - ერთმანეთზე აწყობილები ვართ. როგორ პასსაც მომაწვდიან, მეც ისე გავაგრძელებ. თუ კარგი პასი არ მიეცი, კარგ გოლს ვერ გაიტანს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. ჩვენ, მსახიობები ყოველთვის ვცდილობთ (ჩვენ თეატრში, ყოველ შემთხვევაში, ასეა), მივეხმაროთ ერთმანეთს, რათა მაყურებელმა მონო-სპექტაკლები არ ნახოს. ყველაზე დიდი პრივილეგია, ვფიქრობ, ის არის, სათანადო მსახიობი რომ გიდგას გვერდით და ზუსტად ისე მუშაობს შენთან, როგორც შენ მასთან.
- რამდენად გზრდით თქვენი პროფესია პიროვნულად?
- ყოველ ახალ როლზე მუშაობისას, ახალ თვისებებს პოულობ შენ თავში. იმიტომ, რომ ეს ძიების პროცესია. გინდა თუ არგინდა, სხვა ადამიანების ტყავის შემოცმა გიწევს. ეს იმდენად საინტერესო პროცესია, ცოტა რთულია და, ბანალურიც კი, მისი სიტყვებით გადმოცემა. შინაგანი გაშალაშინება ხდება ამ დროს. უცებ შეიძლება მივხდე, რომ რაღაც თვისება, რომელიც გეგონა, რომ არ გქონდა, გქონია ან პირიქით. ამ პროცესში ადამიანი მდიდრდები შინაგანად და ეს, თავისთავად გაზრდაცაა. მე ჩემს პროფესიასთან ერთად ჩამოვყალიბდი და საკმაოდ სინთეზურად ვართ ერთმანეთში, თუმცა, ერთი კია, არასდროს არაფრისთვის მაქვს დრო. ვერ ვწუწუნებ ამის გამო, იმიტომ, რომ ღმერთის წყალობით მე ჩემს პროფესიაში ვარ, მაქვს საქმე, უმუშევარი არ ვარ, ვდგავარ ფეხზე როგორც შემიძლია და ა.შ. მე ეს უფლებას არ მაძლევს რამეზე დავიჩივლო. თუმცა, ხანდახან, უბრალოდ გინდა, რომ ცოტა მეტი დრო გქონდეს მეგობრებისთვის, სხვა ადამიანებისთვის. ვერავის ვაგებინებ, რომ არ მცალია. მე თუ ამ დინებას არ მივყევი, ჩამოვრჩები და მე არ მაქვს ამის უფლება. მაშინ ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწევს, თუმცა, არა მგონია, რომ იგივე ცხოვრება დავიწყო თავიდან.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს პიროვნულ თვისებებზე?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კომუნიკაბელური ვარ. ძალიან ადვილად ვეგუები ახალ გარემოს, თუმცა, მერე მიჭირს შენარჩუნება. ძალიან მიყვარს ახალი ურთიერთობები, ახალი საქმე, თუმცა, ამისგან დამოუკიდებლად ვარ ძალიან არაექსტრემალი. ითვლება, რომ მაქვს საკმაოდ ადვილი და ამავე დროს საკმაოდ რთული ხასიათი. მძიმე, ალბათ, იმიტომ, რომ ზრდილობა მაქვს, ჩემი პრობლემით სხვა არ შევაწუხო, ამის გამო ფორმას ვცვლი და ისე ვსაუბრობ, ისე ვიცლები და თუ არ ვიცლები, აი, მაშინ ვარ ძალიან ცუდად. იმიტომ, რომ შიგნით ვინახავ რაღაცებს, არადა, თუ რაღაც მაწუხებს, აუცილებლად გარეთ უნდა გამოვიტანო. თუ დამძიმებული ვარ, გარშემოც რაღაცნაირი აურა იქმნება, ყველაფერი სახეზე მაწერია და მერე ყველა უხერხულ სიტუაციაში ვარდება. ეს უფრო მაწუხებს, ვიდრე ის მდგომარეობა, რაც გამაჩნია. კიდევ ერთი, ძალიან არ მიყვარს სიურპრიზები.
- თუ სიურპრიზი სასიამოვნოა?
- შეიძლება სასიამოვნო იყოს, მაგრამ იმდენად არაადეკვატური შეფასება მქონდეს, რომ ვაწყენინო ადამიანს, რომელმაც სიურპრიზი გამიკეთა. შეიძლება ძალიან გამეხარდეს, გავგიჟდე, გადავირიო, მაგრამ იმდენად არაადეკვატური ვიყო, რომ რასაც ჩემგან ელოდებიან, ის ვერ გავცე. ამ გაუგებრობისა და უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, მირჩევნია, საერთოდ არ იყოს სიურპრიზი და ყველაფერი წინასწარ ვიცოდე. ვარ ძალიან პედანტი, შეიძლება ესეც რაღაცებში მიშლიდეს ხელს, თუმცა, მაინც რაღაცას ნიშნავს ჩემთვის. ასევე ვარ ძალიან ესთეტი პიროვნება. საქართველოში, სამწუხაროდ, ითვლება, რომ მამაკაცი პედანტი და ესთეტი არ უნდა იყოს, რომ კაცი უნდა "ყარდეს". მე კი ასე არ ვთვლი. მაგალითად, ფრჩხილი არასდროს გამიკეთებია სალონში. მირჩევნია, იმდენად მოვლილი ვიყო, რომ ამისათვის არ მჭირდებოდეს ზედმეტების კეთება. თუნდაც ხელს რომ ჩამოართმევ ადამიანს, შენი ხელი არ უნდა იყოს ისე გამომშრალი, რომ მან ვერ გაარჩიოს, "შკურკას" ჰკიდებს ხელს, შალაშინს თუ ადამიანს. ის, რომ ხელის კრემი შეიძლება წაისვა, ეს არ უნდა იყოს სამარცხვინო. ის, რომ ადამიანმა საკუთარ თავს უნდა მოუარო, არ უნდა "გიტყდებოდეს" და არ უნდა გიჩნდებოდეს კითხვა - რატომ? ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაშინ უნდა გააკეთო, თუ საჭიროება მოითხოვს, თორემ ძალით კეთებას უკვე სხვა სახელი ჰქვია.
- გაქვთ თქვენი ფასეულობებისა და ღირებულებების სისტემა, თქვენებური ხედვა და აზროვნება? ვინმემ ითამაშა განსაკუთრებული როლი მათ ჩამოყალიბებაში?
- კი, ნამდვილად. ასეთი პიროვნება იყო და საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში დღესაც არსებობს მანანა ბერიკაშვილი. ვგიჟდები ამ ადამიანზე. ის რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, რა იქნებოდა. მე თუ რაღაცას წარმოვადგენ დღეს, ძალიან დიდი დამსახურება მანანას მიუძღვის. ის ჩემი პედაგოგი გახლდათ, თუმცა, ოფიციალური მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა არასდროს გვქონია. ჩვენ უფრო მეგობრები ვართ, ხანდახან მცდება და "დესაც" ვეძახი ხოლმე, იმდენად თბილი და განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. სხვა მზრუნველობა და სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა ყოველთვის ჩემ მიმართ და დღეს კიდევ უფრო ახლო მეგობრები ვართ, იმიტომ, რომ მეც გავიზარდე, ცოტა მეტის უფლებასაც ვაძლევ ჩემ თავს (ვთქვათ, მანანა რომ დავუძახო ან რაღაც მსგავსი). პროფესიულ წინსვლაშიც ძალიან შემიწყო ხელი. მას არასდროს გაუსვამს ხაზი, რომ ვიღაც ცუდია ან ვიღაც კარგი. არასდროს იმაზე არ გაუმახვილებია ყურადღება, რომ რაღაც კარგად თუ გამომივიდა, ეს მისი ნასწავლებია და ა.შ.
- წინსვლასა და წარმატებებთან ერთად, ალბათ, შეგხვედრიათ სირთულეები და დაბრკოლებებიც. როგორ აღიქვამთ და აფასებთ მათ?
- სირთულეების, დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების გარეშე, ცხოვრება არ არსებობს. "ეს ის ტკივილებია, რომლებიც გვაძლიერებს", რომელიც შენ თავში გაპოვნინებს ძალას, რომ შეგიძლია, რომ ეს უნდა გადალახო. ვფიქრობ, ყველა ასე უნდა იყოს განწყობილი და არაფრის უნდა გვეშინოდეს, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ღვთის ნებაა. თუ რამე ხდება ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ უფლის ნებით. ამიტომ იმ განსაცდელს, რომელიც შეიძლება შემხვდეს, საკმაოდ კარგად ვიღებ და ვთვლი, რომ სათანადო პარტნიორია, რომელსაც უნდა შევეჭიდო, გადავლახო და გავაგრძელო გზა. მარტივი ცხოვრება ყველაზე მარტივია. როცა რაღაც პრობლემა მექმნება, ვცდილობ, გავამარტივო, მაქსიმალურად გავამსუბუქო და არ მივიღო იმ სიმძაფრით, რა სიმძაფრითაც არის. შემსუბუქებული პრობლემის გადალახვა ბევრად უფრო ადვილია.
- როგორ ფიქრობთ, წინასწარ განწყობასა და რწმენას მომავლის შეცვლა რამდენად შეუძლია?
- ადამიანი თვითონ უმზადებს ხოლმე თავის თავს ამა თუ იმ განსაცდელს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, თუნდაც იგივე, აი, ამ წინასწარგანწყობით რომ მოვისუფთაო წინ გზა, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა. ზოგადად, მგონია, უნდა იცხოვრო ისე, რომ შენიშვნებისა და შეცდომების კი არ გეშინოდეს, არამედ შეცდომად თუ რამეს ჩათვლი, შეეცადო, აღარ დაუშვა. თუ საკუთარ შეცდომებზე სწავლობ ადამიანი, ეს ისე უნდა მოგეხმაროს, რომ წყალი არ შეუდეგს შენს არსს ცხოვრებაში. მე პირველად არ გავაჟღერებ ამ ფრაზას: ისე უნდა მოექცე ადამიანებს, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ, თუმცა, ეს ერთგვარად ჩემი ცხოვრების კრედოა, ჩემი დევიზია. ბოროტი და ავისმსურველი არ უნდა იყო, თორემ ეს ყველაფერი ბუმერანგივით უკან ბრუნდება. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა მეც, პირადად, ჩამიდენია ან გამიფიქრებია რაღაც ისეთი, თუმცა, მაშინვე მომინანიებია საკუთარ თავში. ადამიანები ვართ, ეს ბუნებრივია.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online