| ქალი და მამაკაცი |

წელს რუსთაველის თეატრის ახალი სეზონი უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას "ნადირობის სეზონით" გაიხსნა, რომელსაც საზოგადოება "რობიკოს მოხსნის" ცნობილი სკანდალის შემდეგ გაორკეცებული ინტერესით ელოდა და ბუნებრივია, რომ პრემიერამ და მომდევნო სპექტაკლებმა ანშლაგით ჩაიარა, ბილეთების შოვნა შეუძლებელი იყო.
თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი და გოგა ბარბაქაძე თამაშობენ. ისინი რობერტ სტურუას ფავორიტ მსახიობებს შორის არიან. ია და გოგა ერთი თაობაა, ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ, ჯერ კიდევ თეატრალური სტუდია "ბერიკებიდან". ახლა მაესტროს გარეშე დარჩენილი მსახიობები ცდილობენ, კარგად ითამაშონ და ამით ერთგვარი მადლობა გადაუხადონ დიდ რეჟისორს.
ია: "ნადირობის სეზონზე" ძალიან ექსტრემალურ პირობებში ვიმუშავე. თავიდან ამ სპექტაკლში არ მოვიაზრებოდი, ძალიან გვიან გადაწყდა, რომ ერთ–ერთი მთავარი როლი მე უნდა მეთამაშა, ამიტომ დრო ძალიან ცოტა მქონდა. რა თქმა უნდა, არ ვიტყვი, თუ რომელი მსახიობი იყო ამ როლზე დამტკიცებული, მაგრამ ისე მოხდა, რომ პრემიერამდე ორი კვირით ადრე როლი მე მომცეს. სპექტაკლიც ძალიან რთულია თავისი ჟანრით და ჩემი როლიც. ეს არ არის მარტო ტრაგედია ან მხოლოდ კომედია, ფარსის ელემენტები, ფანტასმაგორიაა. ყველა ჟანრია გაერთიანებული, რისი თამაშიც შეიძლება მსახიობს ოდესმე მოუნდეს.
– ასეთი რთული როლის ორ კვირაში მომზადებამ არ შეგაშინათ?
ია: კი, ძალიან. პიესა რომ წავიკითხე, კინაღამ გავგიჟდი! ჩემი გმირი გაუთავებლად ლაპარაკობს, 2 საათის განმავლობაში სულ სცენაზეა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ როლზე მუშაობისას 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 2 საათი თუ მეძინა.
– გოგა, თქვენი როლის შესახებ რას გვეტყვით?
გოგა: მე გამიმართლა, ამ როლზე თავიდანვე ვიყავი დამტკიცებული და სამუშაოდ ოთხი თვე მქონდა. უბრალოდ, ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე პარტნიორი შემეცვალა და ძალიან გამიჭირდა, რადგან თითოეულს თავისებური მორგება სჭირდება.
ია: სერიოზული პანიკა მქონდა, ბოლოს ვტიროდი კიდეც და ამიტომ გოგას ჩემ გამო ბევრი რამის ატანა მოუხდა. სანამ ამ როლზე დამამტკიცებდნენ, რუსთაველის თეატრში ისეთი განრიგი შედგა, რომ 3–4 თვე არ მითამაშია. როცა ამდენი ხნის განმავლობაში სპექტაკლში არ ხარ დაკავებული, როგორც მსახიობი, ფორმიდან ვარდები, ამიტომ ცოტა დამფრთხალი ვიყავი. პრემიერის წინ ბოლო ორი დღე მუდმივად ვტიროდი. მადლობა გოგას, ზუკა პაპუაშვილს, დანარჩენ ბიჭებს იმისათვის, რომ ამიტანეს და დამეხმარნენ, ეს სტრესი დამეძლია.
– გოგა როგორი პარტნიორია სცენაზე, რითი გამოირჩევა დანარჩენებისგან?
ია: ნერვებს კი მიშლის, მაგრამ მაინც საყვარელი და ძალიან ნიჭიერია. ვთვლი, რომ ჩემი გაძლება რთულია, გოგა კი გამძლე პარტნიორი აღმოჩნდა. ძალიან მიხარია, რომ მას სწორედ ასეთი როლი შეხვდა, მაყურებელს სულ სხვა კუთხით დაანახვა თავი. მას შეუძლია მაყურებელი არამარტო გააცინოს, არამედ ჩააფიქროს კიდეც.
– ორი თვეა, "ნადირობის სეზონი" სრული ანშლაგით მიდის, მასზე ბილეთის შოვნა თითქმის წარმოუდგენელია. როგორ ახსნით მის პოპულარობას?
ია: გარდა იმისა, რომ შეიძლება იმ ფაქტორებმაც განაპირობა, რომლებიც ბოლო პერიოდში განვითარდა (რობერტ სტურუას გარშემო შექმნილ სიტუაციას გულისხმობს. ავტ.), თავად სპექტაკლი ძალიან საინტერესოა. მასში შესანიშნავად არის გაერთიანებული რეჟისურა, მსახიობის ხელოვნება, სცენოგრაფია და მუსიკა. სცენაზე ყველა დეკორაციას თავისი ფუნქცია აქვს. სპექტაკლის წარმატება სწორედ ამ ყველაფრის სინთეზმა განაპირობა.
– რობერტ სტურუას გათავისუფლება სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან, შემდეგ სეზონის გახსნა მისი სპექტაკლით – ამ პროცესებმა რა გავლენა იქონია თქვენზე?
გოგა: ამ მოვლენებმა ჩვენ ძალიან დიდი სტიმული მოგვცა და გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ საქმეს, ამ სკანდალებმა უფრო გაგვაერთიანა და ერთ გუნდად გვაქცია.
ია: სპექტაკლის პირველი 15 წუთი ძალიან რთულია – მუსიკა, მსახიობის მოქმედება, დეკორაციის მოძრაობა ძალიან სინქრონულად უნდა მიდიოდეს. რეპეტიციებზე ეს ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რაღაც არ გამოდიოდა, პრემიერაზე კი სასწაული მოხდა, ყველაფერი ერთი ერთში ჩაჯდა. ძალიან ვამაყობ, რომ ამ სპექტაკლში ვთამაშობ. თუკი რამე კარგი მოხდა ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში, ყველაფერი რობერტ სტურუასთან არის დაკავშირებული. აბსოლუტურად განადგურებული ვარ, თეატრში რომ მოვდივარ და რობერტ სტურუა ისე აღარ არის, როგორც საჭიროა. ის ჩემი მამობილია და ბუნებრივია, როდესაც მას ტკივილს მიაყენებენ, მე ორმაგად მტკივა. მას აქვს ნათქვამი, რომ რეჟისორისათვის მსახიობის მხრიდან მადლობის გადახდა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ გაუმართლებს იმედებს სპექტაკლში. თუ ეს მოვახერხეთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები.
გოგა: მეც ამ ადამიანისგან ვისწავლე ყველაფერი, რაც კი მსახიობს სჭირდება. პირველ რიგში, ის, რომ ბოროტი არ უნდა იყო. რობიკოს გარეშე ამ თეატრში ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდება.
– ბატონ რობიკოს პრემიერის შემდეგ შექება თუ სჩვევია?
ია: კი, შექება იცის. მუშაობის პროცესშიც კი აღნიშნავს, თუ რაიმე კარგი მიგნება გააკეთე.
გოგა: ძალიან მარტივი ადამიანია იმ მხრივ, რომ ყველაფერს გამოხატავს.
ია: ტყუილად ამბობენ, რობიკომ მსახიობის დაშტამპვა იცისო. პირიქით, გვეუბნება, თქვენი ვერსია შემომთავაზეთ, მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთო.
– თქვენ, როგორც მსახიობებს, რამ შეიძლება ყველაზე მეტად გატკინოთ გული?
ია: შეიძლება ძალიან პრიმიტიული ნათქვამი იყოს, მაგრამ თუ რეპეტიცია ვერ წავიდა კარგად ან სპექტაკლი არ შედგა ისე, როგორც საჭირო იყო, ძალიან გულნატკენი ვრჩები.
გოგა: საქართველოში მსახიობებს რომ უფრო მეტად აფასებდნენ, გაცილებით კარგი იქნებოდა.
– რას გულისხმობთ დაფასებაში?
გოგა: სცენაზე, კინოსა და ტელევიზიაში გაღებული შრომისათვის სათანადო დაფასებას. ქართველი მსახიობი რა ენერგიასაც დებს, იმის ნახევარიც რომ უფასდებოდეს, კარგი იქნებოდა. არ მეგულება საქართველოში მსახიობი, რომელიც კმაყოფილია თუნდაც ანაზღაურებით ან დამოკიდებულებით.
ია: მე ძალიან მაღიზიანებს ერთი ტენდენცია – ტელევიზიაში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც აკეთებენ სკეტჩებს, ხშირ შემთხვევაში წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს მსახიობობა. გულს მტკენს, როდესაც მათაც მსახიობებს ეძახიან და იმათაც, ვისი ვარსკვლავებიც რუსთაველის წინ არის გახსნილი, თუნდაც რამაზ ჩხიკვაძეს. სიტყვების ფასი დღეს დაკარგულია, ვგიჟდები, ყველა ვარსკვლავი როგორ არის! დღეს ბევრი ტრაბახობს, თეატრი არ მიყვარსო. ჩემთვის კი ეს ნამდვილი სირცხვილია.
– რა ამპლუაში მოგწონთ ყველაზე მეტად ერთმანეთი?
გოგა: როცა ია სცენაზე დგას, ძალიან მომწონს. არ მინახავს იას შესრულებული როლი, რომელიც არ მომწონებია. გულწრფელად მიხარია, როცა რომელიმე სპექტაკლშია დაკავებული, რადგან ვიცი, კარგი სანახავი იქნება. ია თავისი ნიჭით ყოველთვის და ყველგან გამორჩეული იყო. მუდამ მთავარი როლები აქვს და ყველაფერი მისი შრომის შედეგია.
ია: ჩემმა ქმარმა (მსახიობი მიშა მესხი. ავტ.) გოგაზე ერთი კარგი რამ თქვა – სერიალში "შუა ქალაქში" მაგრად თამაშობდა, როცა "ნადირობის სეზონი" ვნახე, ძალიან "გამისწორდა", რადგან იქ სულ სხვა გოგა ვნახეო.
– ია, გოგას გარეშე სერიალს შეეგუეთ?
ია: გოგას გარეშე ეს სერიალი რომ ვნახე, ვერ აღვიქვი. ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, არამარტო გოგა, მთლიანად ის მსახიობები რომ დაითხოვეს.
– გოგა, გული დაგწყდათ, სერიალიდან რომ დაგითხოვეს?
გოგა: ამისათვის მეტნაკლებად მზად ვიყავი, რადგან ვიცოდი, ადრე თუ გვიან ეს დღეც დადგებოდა. პრინციპში, უკვე მომაბეზრებელიც იყო მუშაობა. უბრალოდ, ყველაფერი სხვანაირად შეიძლებოდა მომხდარიყო. ახლა სხვა ტელევიზიასთან მიდის მოლაპარაკება, მაგრამ ჯერ დეტალებს ვერ ვიტყვი. შეიძლება ახალ სერიალში გამოვჩნდე.
– ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობთ. როგორები ხართ ამ კედლების მიღმა, როგორია თქვენი მეგობრობა?
ია: როცა ერთად ვიყავით "ბერიკებში", შემდეგ – თეატრალურში, ჩვენი მეგობრობა უფრო მჭიდრო და აქტიური იყო. ახლა კი ერთმანეთისთვის ისე ვერ ვიცლით, როგორც საჭიროა. რეპეტიცია, სპექტაკლები და დაბადების დღეებია ჩვენი გადაკვეთის წერტილები.
ჩვენ ერთად ვითამაშეთ სპექტაკლში "ჩვეულებრივი სასწაული". მე ხელმწიფის ასულის როლი მქონდა, გოგას – მონადირის. ერთ სცენაში გოგასთან ერთად რამდენიმეწუთიანი დიალოგი მქონდა. ეს სპექტაკლი ბევრჯერ ვითამაშე, მაგრამ თითქმის არც ერთხელ თავი არ ამიწევია. როგორც კი თვალებში შევხედავდი, მაშინვე მეცინებოდა. ახლა, ამ სპექტაკლზე მუშაობის დროსაც, აღმოჩნდა, რომ იგივე ჩვევა მჭირდა და პირდაპირ თვალებში ვერ ვუყურებდი. ბოლოს მითხრა, შენ ელამი ხომ არ ხარო. იმის ნაცვლად, რომ თვალებში მეცქირა, პირდაპირ შუბლზე ვუყურებდი და ალბათ თვალები მიელამდებოდა.
– რომელმა როლებმა ჩაგიარეს გვერდით, რომლებსაც უკვე ვეღარ ითამაშებთ თეატრში?
ია: რეკორდის მოხსნის სურვილი მქონდა, მაგრამ არ გამომივიდა. გამოკითხვა ჩაატარეს ასეთი – მსახიობი ქალებისათვის ყველაზე სასურველი როლები. სამივე ადგილი შექსპირის პერსონაჟებმა დაიკავეს – ჯულიეტამ, დეზდემონამ და ოფელიამ. აქედან მხოლოდ დეზდემონა არ მითამაშია.
გოგა: სხვათა შორის, მე რომეოს როლზე არასოდეს მიოცნებია. ჩემთვის ყველა როლი საინტერესოა, რომელსაც მომცემენ. მეოცნებე და ფანტაზიორი არ ვარ.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული












კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 











