| ქალი და მამაკაცი |

ქართული ვარსკვლავური წყვილის – კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის შვილი, მსახიობი ირაკლი კავსაძე, უკვე 11 წელია ამერიკაში, ვაშინგტონში ცხოვრობს. იქ ქართველებს საკუთარი თეატრი აქვთ – სინეტიკის თეატრი, სადაც შექსპირის პიესებს უსიტყვოდ თამაშობენ, რათა თავიდან აიცილონ ინგლისური ტექსტის ქართული აქცენტით წაკითხვის უხერხულობა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი კავსაძის მეგობარი პაატა ციქურიშვილია. თავად ირაკლი კი მსახიობი, მუსიკალური გამფორმებელი და იქვე არსებული საბავშვო თეატრის ხელმძღვანელი გახლავთ.
ირაკლი კავსაძეს ამერიკაში საკუთარი სამსართულიანი სახლი აქვს, რომელიც შარშან 30–წლიანი კრედიტით შეიძინა. იქ ცოლთან, ლიკა გორგილაძესთან, ორ ქალიშვილთან და სიდედრთან ერთად ცხოვრობს. ლიკა რადიო "ამერიკის ხმის" კორესპონდენტია.
ოჯახი იშვიათად ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას. ახლა ირაკლი თბილისში რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალებამ ჩამოიყვანა – მისი მოწაფე ვარ, მის თვალწინ გავიზარდე და უფლება არ მქონდა, არ ჩამოვსულიყავიო. თანაც ამერიკაში, სცენაზე დაზიანებულ ფეხს ქართველ ექიმთან მკურნალობს. თანაც თავისიანები ძალიან მოენატრა. ასე რომ, დაჰკრა ფეხი და ჩამოვიდა. ახლა თავის იქაურ და აქაურ ცხოვრებაზე "სარკეს" უამბობს.
ირაკლი კავსაძე:
– ქართველი მსახიობების, ამ საოცარი ადამიანების მოწაფე ვარ. აქ დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ გარემოებებმა შეცვალა ჩემი ხედვა, მიმართულება, მოთხოვნა. ამერიკაში 2000 წელს ჩავედი. იქ უკვე ცხოვრობდა ჩემი მეგობარი პაატა ციქურიშვილი და თეატრს ხელმძღვანელობდა. როცა შევხვდი, მაშინვე ვიფიქრე, რომ იქ დავრჩებოდი. მაშინ პაატას სხვა პარტნიორი ჰყავდა. მერე ჩვენ გაგვიჩნდა სურვილი, რომ ცალკე ვყოფილიყავით, რადგან ქართველს სხვა ტემპერამენტი აქვს. პაატამ თქვა, თეატრს ვაარსებ და სინეტიკის თეატრს ვარქმევო.
– ასეთი ადვილია ამერიკაში თეატრის დაარსება?
– რა თქმა უნდა, არ არის ადვილი და იქ თეატრი ნომერ პირველი სარისკო ბიზნესია. იქ სახელმწიფო არაფერს აფინანსებს და, მით უმეტეს, ხელოვნებას. თეატრი პირდაპირ მაყურებელზეა დამოკიდებული. ფინანსური კრიზისის გამო უამრავი თეატრი დაიხურა. დიდი თეატრები გადარჩნენ, რომლებსაც უკვე 40–50 წლიანი ისტორია აქვთ და მუდმივი დამფინანსებლები ჰყავთ, თუმცა ისინიც კი შეყანყალდნენ. პატარა, ახალ თეატრებს კი დედა ეტირათ. ჩვენ შემოქმედებამ გადაგვარჩინა. ჩვენი სპექტაკლები და შემოქმედება მათთვის იმდენად უცნაური და ახალია, რომ არ უნდათ, დაგვკარგონ. შემოთავაზება გვქონდა, ნიუ იორკში გადავსულიყავით, მაგრამ უარი ვთქვით. ნიუ იორკი არანორმალური ქალაქია თავისი ცხოვრების წესით და ყველაფრით. ვაშინგტონს თავისი მიმზიდველობა აქვს. უფრო მშვიდობიანია. ნიუ იორკში სულელებივით დადიან და მთელი ქალაქი გუგუნებს. იქაურები მგლებივით არიან. თუ იქ გახვედი და გაიტანე, მაგარი ხარ. ნიუ იორკის ქუჩაში მანქანის დაყენება თუ გინდა, ამისთვის ცალკე ბიუჯეტი უნდა გქონდეს. ვაშინგტონში მანქანის დაყენების პრობლემა მოხსნილი გაქვს და საქმეზე უფრო მეტს ფიქრობ. შეიძლება ვიღაცას ეს დეტალი სასაცილოდ მოეჩვენოს, მითხრას, ვაი, შენს პატრონსო, მაგრამ ასეა. ნიუ იორკიდან მეგობრები რომ ჩამოდიან ჩემთან და მანქანას სახლში დააყენებენ, ამბობენ, ვაიმე, რა კარგია, მოვედი და გავაჩერეო!
– როგორია თქვენი ვაშინგტონური დღის რეჟიმი?
– ნათქვამია, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. ყველა ქვეყანას და ქალაქს თავისი წესები აქვს. ამ ქალაქის ფრაგმენტები თბილისს ძალიან ჰგავს. ახლა ვერაზე რომ გავიარე, ვთქვი, ასეთი ქუჩები ვაშინგტონშიც არის–მეთქი. ის ქალაქი შეგვიყვარდა.
ნიუ იორკი და ვაშინგტონი ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ რამდენ სპექტაკლს გამოუშვებს. კარგი გაგებით, სულ ჭიდაობა მიდის. ვაშინგტონი ისეთი თეატრალური არ იყო. ამ ბოლო დროს კი ხალხს მოუნდა, რომ სპექტაკლებზე იაროს. ახლა თბილისში ვნახე "ნადირობის სეზონი" და 800 კაციანი დარბაზი გადაჭედილი იყო. იქ კი 200–250 კაცის მოსვლაზე ოცნებობენ. 300 კაცი თუ მოვიდა, ბედნიერები ვართ. თბილისში სპექტაკლის მაგივრად ხალხს ვუყურებდი გაშტერებული. თელავში ელისო ვირსალაძის კონცერტზე, სადაც 720 კაციანი დარბაზია, 850 კაცი მაინც იყო, ხალხი კიბეებზე იწვა. ქართველს ხელოვნებისკენ მიდრეკილებაც აქვს და მოთხოვნილებაც.
– ინტერნეტში ვნახე თქვენი ამერიკული სპექტაკლების ნაწყვეტები – უსიტყვოდ შესრულებული შექსპირი. ეს იდეა როგორ გაჩნდა?
– დიახ, ჩვენ შექსპირს უსიტყვოდ ვაკეთებთ. ამ დროს ეს მწერალი ცნობილია თავისი სიტყვის მუსიკალურობით, შენ კი ამბობ, შექსპირის სიტყვა არ მჭირდებაო. პირველად რომ გამოვაცხადეთ, შექსპირი უსიტყვოდ უნდა ვითამაშოთ–თქო, საშინელ პრესში, ხორცის საკეპ მანქანაში გაგვატარეს – "ჩამოვიდნენ ეს თავხედები აქ და"... კრიტიკოსები ერთ ამბავში იყვნენ. ლონდონიდან, ავსტრალიიდან რეკავდნენ, ერთი ამბავი ატყდა. განსაკუთრებით ერთი კრიტიკოსი გაჰკიოდა და მუშტებს ურტყამდა. ტელევიზიით გვლანძღეს. სეირის საყურებლად მოვიდნენ და უნდოდათ, ჩვენთვის დედა იქვე ეგინებინათ. ვინც ყველაზე ბევრს ყვიროდა, მან თქვა, სპექტაკლი რომ დაიწყო, 5 წუთში მივხვდი, შევცდიო. ერთმა კრიტიკოსმა დაწერა, ეს სწორედ ის ჰამლეტია, რომელიც ძვლებში გვაქვს გამჯდარიო. ამას მოჰყვა "მაკბეტი", "რომეო და ჯულიეტა"... ახლა უკვე იციან, რომ ჩვენ უსიტყვო შექსპირის ოსტატები ვართ.
დასში 5 ქართველი ვართ – მე, პაატა, მისი მეუღლე ირინა, ჩვენი მხატვარი გოგი მესხიშვილი და კოკი ლორთქიფანიძე – გურამ ლორთქიფანიძის ვაჟიშვილი, რომელიც ჩვენი კომპოზიტორია.
"სტუმარ–მასპინძელი" დავდგით და ამ სპექტაკლში მამაჩემმა, კახიმაც ითამაშა. პაატას მეუღლე, ირინა ციქურიშვილი, ჩვენი ქორეოგრაფია. ის ამერიკის თეატრალურ სამყაროში ნომერი პირველი ქორეოგრაფია. წელიწადში ორ–სამ ნომინაციაში რომ არ აიღოს რაიმე ჯილდო, არ არსებობს! უსიტყვო სპექტაკლებში მუსიკაა ჩვენი ტექსტი.
– რამ მოგაფიქრათ უსიტყვო სპექტაკლების თამაში?
– იცით, ამის მთავარი მიზეზი რა არის? თავიდან პაატას ვუთხარი, ამის გამო არ გაგვლახონ–მეთქი, მაგრამ მითხრა, შექსპირის ენა ქართული აქცენტით რომ ვილაპარაკოთ, მაშინ უფრო გაგვლახავენ და კვერცხებსაც გვესვრიანო. როგორც უნდა დავხვეწო ინგლისური, აქცენტს მაინც ვერ მოვიშორებ. ახლა კი ჩვენი "აქცენტი" ყრუ–მუნჯებსაც ესმით. დასში ყრუ–მუნჯებიც გვყავს, რომლებსაც, მგონი, მუსიკა ჩვენზე უკეთ ესმით. როცა ვკითხე, როგორ ხვდებით–მეთქი, გულზე ხელი დაირტყეს, აქ გვხვდება და ასე ვგრძნობთო. ერთ–ერთი ურთულეს ცეკვას ასრულებს.
– თუმცა გაქვთ ჩვეულებრივი, "გახმოვანებული" სპექტაკლებიც. ამ დროს როგორ იღებს მაყურებელი თქვენს აქცენტს?
– სხვა სპექტაკლებში არა უშავს, მაგრამ შექსპირს არ უხდება, რადგან მას განსაკუთრებული მელოდია აქვს. როცა ტექსტის თქმა გვიწევს, ვცდილობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ. თეატრში აბსოლუტურად იდენტურ, ყოფით დეკორაციას რომ ვხედავ, ჭკუიდან ვიშლები. თეატრი იმიტომ ჰქვია, რომ სხვა ხერხი მოუძებნო და ჩაი მართლა არ უნდა დალიო. სპექტაკლ "მაკბეტში" ომის სცენის დროს სულ წარმოსახვითი ხმალი მეჭირა ხელში. ეს ტექნიკური მხარეებია, რომელზეც ჩვენ გაუთავებლად ვმუშაობთ.
– ალბათ დიდი მოქნილობა, პლასტიკა გჭირდებათ.
– სპორტისკენ მიდრეკილება ყოველთვის მქონდა. უნდა ნახოთ, როგორი სპორტული და ჯანიანი დასის წევრები გვყავს. მომავალ წელს ვაპირებთ საქართველოში ჩამოსვლას და თავად ნახავთ. სცენაზე დაფრინავენ. ტრავმებს ამიტომაც იღებენ. თქვენ გგონიათ, მხოლოდ მე მაქვს ტრავმები? ერთ სპექტაკლში სამმა კაცმა მოიტეხა ფეხი.
– თქვენ როგორ მიიღეთ ტრავმები?
– კლავდიუსს ვთამაშობდი. იქ არის სცენა, როცა მუხლებზე უნდა დაეცე. დავეცი და თვალებში დამიბნელდა, გონება დავკარგე. თავი იატაკს დავარტყი და ამან გამომაფხიზლა. მსახიობებმა წამომაყენეს და მუსიკას ცოტა ავცდი, მაგრამ თამაში გავაგრძელე. მერე კენედის ცენტრში დრაკულას როლს ვთამაშობდი. ჯიბეში ბოთლი მედო, რომელსაც ჩხუბის შემდეგ ვიღებდი. პაატას ხელი უნდა დაევლო და გადავეგდე. ჰაერში უნდა ავმხტარიყავი. ამ ახტომისას პალტო მხარზე გადამეკიდა, ბოთლი მხარზე მომექცა და იატაკს მხარით რომ დავასკდი, გონება დავკარგე. მოცვივდნენ და საავადმყოფოში გადამიყვანეს. ათასმა ექიმმა გამომკითხა, რა დაგემართაო. ერთს რომ ვუყვებოდი, თვალებში დამიბნელდა–მეთქი, თქვა, ესე იგი ან მოტეხილობაა, ან გაბზარულიაო.
ერთი რეპეტიციის დროს მუხლი გარეთ გამომივარდა. ვეღარც ვშლიდი და თან საშინელი ტკივილი მაწუხებდა. არადა მთავარი როლი მქონდა და ის სპექტაკლიც კენედის ცენტრში უნდა გვეთამაშა. შემცვლელის პოვნა საკმაოდ რთული იყო. ექიმებმა მითხრეს, ვერ ითამაშებო. ვუპასუხე, მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ, რომ თამაში შევძლო, ვერ გამაჩერებთ–მეთქი. მითხრეს, გიჟი ხარო. ვუპასუხე, კი, ასეა, საერთოდ, არტისტები შექანებული ხალხი ვართ–მეთქი. გადამიხვიეს, ტკივილგამაყუჩებლები მომცეს და ასე ვითამაშე. მერე ფეხზე სამი ოპერაცია გავიკეთე. მხარზე დეკემბერში უნდა გამიკეთონ.
დაახლოებით 6 წელია ნორმალურად არ გამივლია. 24 საათიან ტკივილში ვარ. მერე გავიგე, რომ თბილისში ვიღაც ხალხური მედიცინის მეთოდით მკურნალობდა. ვიფიქრე, თანამედროვე მედიცინამ ვერ მომარჩინა და იქნებ ხალხურმა რამე მიქნას–მეთქი. მალამო გამომიგზავნა და სამი გადახვევის შემდეგ ტკივილები მომეხსნა.
არ შემეძლო, ბატონი რამაზ ჩხიკვაძის დასაფლავებაზე რომ არ ჩამოვსულიყავი. ახლა ჩემი მკურნალი მასაჟებს და მალამოს მიკეთებს. ეს ტკივილები თამაშში ხელს მიშლიდა, მაგრამ სცენას აქვს თვისება, იქ რომ ადიხარ, ყველაფერი გავიწყდება. ბოლო დროს კი ისეთ სტადიაში შევედი, ვეღარ ვუძლებდი და სცენაზე ვკოჭლობდი.
– ამერიკაში სახლის შეძენა იოლია?
– ქართველებს რაღაც–რაღაცეებზე ცოტა სხვანაირი წარმოდგენა აქვთ. ახლა ყველა იფიქრებს, რომ სახლში ნახევარი მილიონი გადავიხადე. ამერიკაში მილიარდერებიც კი კრედიტებს იღებენ. მეც ასე შევიძინე.
– როგორი სახლი გაქვთ?
– სამსართულიანი სახლი მაქვს. ზემოთ საძინებლებია, მეორე სართულზე მისაღებია. პირველზე კი ჩემი გოგოს ოთახი და ჩემი კაბინეტია. კრედიტი მარტო მე კი არ მომცეს, არამედ მე, ჩემს მეუღლეს და ჩემს სიდედრს. სამივე ვმუშაობთ. მე და ჩემს ცოლს არ მოგვცეს, ჩემი სიდედრიც რომ დაემატა, უარი აღარ გვითხრეს. შარშან ვიყიდე სახლი და 30 წლიანი კრედიტი ავიღე.
– თქვენი შვილები ამერიკულ გარემოში ცხოვრებას ამჯობინებენ ქართულს?
– უმცროსი ქალიშვილი იქ დაიბადა, 9 წლისაა, უფროსი – 18–ისაა. იქ რომ წავედით, პატარა იყო. საქართველოზე ორივეს აბოდებს. პატარას ცოტა ქართული გრამატიკა უჭირს. სიამოვნებით ჩამოდიან აქ.
– რამდენ ხანში ერთხელ?
– თითქმის ყოველ წელს. ჩემი მეუღლე ან სიდედრი მოჰყვებათ ხოლმე. უმცროსი გოგო ქართულ ცეკვაზეც დადის. უფროსი უფრო ქალურია, პატარა კი სუფთა მაუგლია, კარატე აინტერესებს. უფროსი, ირინკა, ჩვენს თეატრში თამაშობს კიდეც.
– უმცროს ქალიშვილსაც უნდა მსახიობობა?
– ერთხელ გამოგვიცხადა, მინდაო. ახლა გვეუბნება, სურვილი აღარ მაქვსო. ფანტასტიკური სმენა აქვს, ათასპროცენტიანი. მუსიკას ჩემზე და კახიზე კარგად გრძნობს.
– საქართველოში ყველა გიცნობთ, პატივს გცემთ. ამერიკაში ეს არ გაკლიათ?
– რატომ გგონიათ, რომ იქ ნაკლებად მიცნობენ? მეტროშიც გავუჩერებივარ ხალხს – შენ ხომ ის ხარო, უთქვამთ. ჩვენი ბანერები ავტობუსებზეა გაკრული. რა თქმა უნდა, ნოსტალგია მაქვს ხოლმე. თავს იმით ვიიმედებ, რომ იქაც ქართულ საქმეს ვაკეთებთ. მართალია, ქართული – არა, მაგრამ ქართველების თეატრია.
– მამათქვენი, ბატონი კახი, როგორ შეეგუა უთქვენოდ ყოფნას?
– რომ ხედავს, რას ვაკეთებ, მშვიდადაა. ხანდახან პრემიერებზე ჩამოდის ხოლმე. ჩვენ აშშ–ის 10 საუკეთესო თეატრში შევდივართ. მერე დაასახელეს ამერიკის ხუთეულის დეკადა და ჩვენი სპექტაკლი "სტუმარ–მასპინძელი" აქაც შევიდა. 50 ათას სპექტაკლში 5 ამოარჩიეს. ეს თემა უნივერსალურია. ქართულად გავაკეთეთ ქართული ცეკვებით, ფარებით და ა.შ. ქართულ სუფრებს ვშლით იქ. ხაჭაპურსაც ვაკეთებთ სახლში და სხვა ჩვენებურ კერძებსაც. ბიჭები ვიკრიბებით და ამ თავყრილობას სხდომას ვეძახით.
– რითი ჰგავხართ მამას?
– ემოციებით. ძალიან ხმამაღლა ვლაპარაკობთ და ყველას ჰგონია, რომ ვჩხუბობთ. ჩემი შვილი რომ გვიყურებს, ვერ ხვდება, ვჩხუბობთ თუ ვლაპარაკობთ. ემოციურობით ჩემი შვილებიც გვგვანან. კახის ერთი სული აქვს, მათთან ითამაშოს. ბოლოს რომ იყო ჩამოსული, საელჩოში უთქვამს, სამი მიზეზის გამო მინდა წასვლა: პირველი – ჩემს შვილს პრემიერა აქვს, მეორე – სახლი იყიდა და მაინტერესებს როგორია და მესამე, რომ ჩემს შვილიშვილებს ენკი–ბენკი–სიკლისა ვეთამაშოო.
– ბოლო დროს ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რობერტ სტურუას ადგილზე თქვენი კანდიდატურა მოიაზრება. მართლა გქონდათ შემოთავაზება?
– ვიცოდი, ამ კითხვას რომ დამისვამდით. არც ვიცი, რა გითხრათ.
– სიმართლე.
– სამხატვრო ხელმძღვანელობა ფეხბურთის თამაში ხომ არ გგონიათ?! შეიძლება იმაზე ვიფიქრო, რომ რობერტ სტურუა შევცვალო?! ასეთი თავხედი არ ვარ. ამერიკაში ჩემი მისია მაქვს და არ შემიძლია იქაურობა მივატოვო.
– ანუ სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებთ?
– არ მინდა, იმაზე ვილაპარაკო, რაც ჯერ არ ვიცი. იქ შეიძლება ისე წავიდეს სიტუაცია, რომ დაჰკრა ფეხი და წამოხვიდე. საქართველოდან ჟურნალისტმა რომ დამირეკა და მითხრა, ჭორები დადის, რობერტ სტურუა უნდა შეცვალოო, გეგონება, თავში რაღაც მძიმე ჩამარტყეს. მსგავსი შემოთავაზება არ მქონია! გიმეორებთ, მხოლოდ ბატონი რამაზის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩამოვედი და თან სამკურნალოდ. თან ყველა მენატრებოდა. ჩემი იმდენი სისხლი და ხორცი შემხვდა ქუჩაში, არ იჯერებდნენ, რომ მე ვიყავი. ჩემს დეიდაშვილს, რომელიც ელისო ვირსალაძის კონცერტის ორგანიზატორი იყო, კულისებში დავადექი თავზე და კინაღამ სკამიდან გადმოვარდა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული












კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 









































