asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბიძინა მახარაძე: "42 წლის ასაკში მოვინათლე გორში"
პაროდისტის ცხოვრების დეტალები
ბიძინა მახარაძე: "42 წლის ასაკში მოვინათლე გორში"

2011-11-05 11:03:10



ყველასათვის საყვარელი მსახიობი და პაროდისტი ბიძინა მახარაძე "გუმბათს" თავისი ცხოვრების ზოგიერთ დეტალზე ესაუბრა.
- ბატონო ბიძინა, როგორი ბავშვი იყავით?
- წყნარი. ბავშვობა ორგან გავატარე - დედულეთში, ხაშურის რაიონის სოფელ გომში და გონიოში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სანამ წამოვიზრდებოდი, გომში ბებიასთან ვიყავი და იქ ვიზრდებოდი, სკოლაში რომ უნდა შევსულიყავი, გონიოში გადამიყვანეს. ბავშვობაში არაფრით გამორჩეული არ ვყოფილვარ, პირიქით, დამჯერი და ჭკვიანი ბავშვი ვიყავი.
- სკოლაში როგორ სწავლობდით?
- სწავლით გამორჩეული ვიყავი. როგორც ფრიადოსანი ბავშვი, სამეულში გავდიოდი. მერე მათემატიკის ნიჭი აღმომაჩნდა და IX კლასიდან თბილისში, კომაროვის სკოლაში გადმომიყვანეს. კომაროვში იმით გამოვირჩეოდი, რომ ხელბურთს კარგად ვთამაშობდი. სპორტული მონაცემები მქონდა და ეს მონაცემები გადაიზარდა ინტერნატებს შორის საქართველოს ჩემპიონობაში.
- რატომ არ გაყევით მათემატიკას?
- სხვათა შორის, კომაროვს რომ ვამთავრებდი, პროფესორმა გეგელიამ ეს შეკითხვა ბავშვებს დაგვისვა. მათემატიკოსებად გამზადებდით და თქვენ სად გინდათ ჩააბაროთო. ნახევარზე მეტმა ხელი ავწიეთ და ვთქვით, რომ "გპი"-ში გვინდოდა ჩაბარება. ამის გაგონებაზე კაცს გული წაუვიდა, ჩვენ მათემატიკოსებად გამზადებდით და "გპი"-ში რა გინდათო. მაშინ თსუ-ს მათემატიკის ფაკულტეტი ქუხდა, იქ ვინც აბარებდა, სამეცნიერო გზას გაყვებოდა, "გპი" უფრო პრაქტიკული იყო, ინჟინერი თუ იქნებოდი, შემოსავალი მეტი გექნებოდა, ვიდრე მეცნიერს. თანაც, მეცნიერებით გატაცებული არ ვყოფილვარ. გატაცებად სხვა პროფესია აღმომაჩნდა.
- რომელ კურსზე იყავით, პირველად პაროდიას რომ მიმართეთ?
- მგონი I თუ II კურსზე ვიყავი, მაშინ პაროდია ნაკლებად იყო ცნობილი. სპორტის სასახლეში კონცერტი იყო და ვიღაცა იტალიელი პაროდისტი გამოვიდა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სწორედ მაშინ ვთქვი, რომ მეც ასე უნდა გამეკეთებინა. მაშინ მივხვდი, რომ პაროდიის ნიჭი მქონდა. ჩემი პირველი გმირი ლუი დე ფიუნესი იყო.
- ოჯახს როგორი რეაქცია ჰქონდა?
- მშობლებმა პირველად არაფერი იცოდნენ, მერე მამასთან მქონდა საუბარი, მაგრამ მამამ ვერ გამიგო. ეს ის დრო იყო, როდესაც თენგიზ ჩანტლაძე ქუხდა. მე სცენის გარეშე თავი ვეღარ წარმომედგინა.
- რამდენი წელი მუშაობდით თქვენი სპეციალობით?
- "გპი"-ში დავამთავრე ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, პროფესიით ინჟინერ-ელექტრიკოსი ვარ და ამ პროფესიით ვმუშაობდი. როდესაც საქართველოში სამუშაო გაჭირდა, ქვეყანა დაინგრა, ეს იყო 1994-95 წლები, მოსკოვში წავედი. ამ დროისთვის ცოლ-შვილი იქ მყავდა. მოსკოვში, "მოსენერგოში" 7 წელი ვიმუშავე და სამოთახიანი ბინაც მომცეს. არადა, მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ ეს ჩემი პროფესია არ იყო და თეატრალურ ინსტიტუტში მინდოდა ჩაბარება.
- რატომ არ გამოიტანეთ საბუთები?
- "გპი"-დან მრიცხავდნენ, რადგან რომელიღაც საგანში ორიანი მქონდა. ამით გახარებულიც ვიყავი, ვფიქრობდი, თეატრალურზე ჩავაბარებ-მეთქი, მაგრამ ჩემი ჯგუფელები მივიდნენ და სამიანი დააწერინეს. ასე დამტოვეს "გპი"-ში.
- მოსკოვში გატარებულ წლებზე რას გვეტყვით?
- "მოსენერგოში" მუშაობის პარალელურად, მინიატურების თეატრიც მქონდა - მოსკოვში მცხოვრები ქართველებისთვის კონცერტებსა და სპექტაკლებს ვატარებდი.
- რუსეთში უფრო აფასებენ ხელოვანს, თუ საქართველოში?
- თუ ისე შევხედავთ, სად უფრო მონდომებული იყო მაყურებელი, რა თქმა უნდა, რუსეთში. სხვათა შორის, ბევრჯერ მიფიქრია ამის შესახებ და ასეთი ახსნა გამომიტანია. თავად ქართველი ერი ძალიან არტისტულია და ამით მას ვერ გააკვირვებ. დარბაზში რომ ქართველი მაყურებელი ჯდება, ის თავისნაირის ნახვას ელოდება. რუსები არ არის არტისტული ერი და მათთვის არტისტს სხვა დატვირთვა აქვს, ამიტომ სცემენ პატივს. ჩვენთან ყველა არტისტი და ფილისოფოსია და ყველას იუმორის გრძნობა აქვს.
- რუსებთან გამოსვლის წინ უფრო ემზადებოდით, თუ ჩვენი მაყურებლისთვის?
- ღელვა აქ უფროა, რადგან ქართველი მაყურებელი პრეტენზიულია და პასუხიმგებლობა უფრო მეტია. რუს მაყურებელთან გასვლა შედარებით ადვილია, იმიტომ, რომ უპრეტენზიოა. მოეწონა-არმოეწონა, ტაშს დაგიკრავს, ქართველ მაყურებელს თუ არ მოეწონა, ტაშს არ დაგიკრავს.
- თქვენს პირველ ოჯახთან ურთიერთობა თითქმის ყველასთვის ცნობილია, რატომ შექმენით რუსთან ოჯახი?
- მაშინ არ იყო რუსი, ქართველი. მაშინ საბჭოთა დრო იყო. თანაც, ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო და დედაჩემმა მითხრა, შენ ცოლის მომყვანი მაინც არ ხარ და რადგან ფეხმძიმედ არის, ხელი მოაწერეთო. ასე შევქმენით ოჯახი. ორი ბიჭი მყავს, ერთი 29 წლისაა, მეორე 19-ის. უფროსმა იქ დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი, მშენებელ-ინჟინერია, უმცროსის შესახებ, მართალი გითხრათ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ვისაც ვკითხე, არავინ არაფერს მეუბნება, არც სურათს მიგზავნიან.
- მეორე მეუღლეზე რას გვეტყვით?
- მე და დალი 2003 წელს შევუღლდით. მაშინ იმ ასაკში ვიყავი, როდესაც ადამიანი მარტოობას ვეღარ უძლებს. ეს შეუღლება გონების ნაბიჯი იყო და არა გულის. ჩვენ რომეოსა და ჯულიეტას ასაკში არ ვიყავით, გრძნობების თამაში რომ დაგვეწყო.
- რომანტიკული ადამიანი არა ხართ?
- შეიძლება რომანტიკული ადამიანი ვარ, მაგრამ ხანმოკლე დროით. მალე გამდის ეს რომანტიკა.
- თქვენ საუბრისას აღნიშნეთ, რომ მსახიობობა გენეტიკურად მოგდგამთ, რას გულისხმობთ?
- მამაჩემი ჩვენს სოფელში ცნობილი იუმორისტი იყო, ბაბუაჩემი კი სცენაზე მოკვდა. ბაბუამ ხელოვნებას შესწირა თავი, მღეროდა და ლოტბარიც გახლდათ.
- ხშირად იყავით შეყვარებული?
- ამას სხვადასხვა საფუძველი აქვს. მაგალითად, VII კლასში რომ ხარ და რომეოს ტოლი ხარ, გინდა-არგინდა მაინც შეგიყვარდება ვინმე. ვინ შეგიყვარდება, თუ არა კლასელი, რომელსაც ტერიტორიული სიყვარული ჰქვია. რომ წამოიზრდები, მერე უფრო შეყვარებულობანაა. არასოდეს მიფიქრია არც ერთ ქალზე, რომ გინდა თუ არა, ეს ცოლად უნდა მოვიყვანო-მეთქი. ჩემთვის ეს ყველაფერი უცხოა.
- რატომ?
- ალბათ, იმიტომ, რომ ფილოსოფიურად მოწყობილი ტვინი მაქვს. ასე თუ ისე, ფსიქოლოგიაშიც ვერკვევი. ვხვდები, რომ ძალიან ბანალური რაღაცაა. ოჯახის შექმნა მოვალეობასთან უფრო არის დაკავშირებული, ვიდრე გრძნობასთან. სიყვარული მაინც ველურობა, გაფრენა, შიზოფრენიაა და დროებითი სიგიჟე. ოჯახი ეს ძალიან სერიოზული რაღაცაა, რომელსაც თავისი მოვალეობები აქვს. რომელიღაც ფრანგი მწერალი ამბობდა, რომ ქალები ინტერესის გულისთვის თხოვდებიან, ხოლო კაცებს ცოლები დაღლილობის გამო მოჰყავთო.
- გამოდის, თქვენც ამიტომ შექმენით ოჯახი?
- პირველი ოჯახი რომ მქონდა, სულ გასტროლებზე დავდიოდი. რომ ჩავედი, 7 წელი ერთად ვიყავით, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არ გამოდიოდა. ვეუბნებოდი კიდეც, მოვა დრო და მე თქვენ მიგატოვებთ-მეთქი. მართლაც ასე მოხდა.
- არ გინანიათ ოჯახის დანგრევა?
- როდესაც ოჯახი ინგრევა (გინდა კარგი ოჯახი იყოს, გინდა ცუდი), ადამიანი სულ ნანობს. თუმცა, ძალიან ვეცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
- ქალბატონ დალის როგორ მეუღლეობას უწევთ?
- დალისთვის ეს პირველი ქორწინებაა და არ იცის, ოჯახში როგორ მოიქცეს ქალი. თავიდან, რაღაცა პარლამენტარობას მეთამაშებოდა. მერე ნელა-ნელა მიხვდა, რომ ქალს თავის ადგილი აქვს და მამაკაცს - თავისი. ჩემს ხუმრობებზე ხანდახან ტიროდა, წყინდა. ცრემლიანი თვალებით მეტყოდა, ხალხში რატომ მითხარი ეს და ასე შემდეგ. მე ვუხსნიდი, რომ ვხუმრობდი. სხვათა შორის, მისი გვარი ჩემი ხუმრობის საგანია. საქართველოში მახარაძეები დაახლოებით 9.000-მდე ვართ. დალი სურამლიშვილია და სურამლიშვილები 44 ყოფილან, თან, ყველა ყველას იცნობს. სულ დავცინი 44 რა ამბავია-მეთქი. ძალიან პატარა გვარი აქვს.
- როგორ და სად გაიცანით ქალბატონი დალი?
- 8 მარტი იყო და უზენაეს სასამართლოში მიგვიწვიეს, მერე ბანკეტი იყო. დალი იქ მუშაობდა და ასე გავიცანით ერთმანეთი. იმ კონცერტზე რომ არ მივსულიყავი, შეიძლება საერთოდ არ შემექმნა ოჯახი.
- ჯვარი დაიწერეთ?
- მაგაზე მედუდღუნება დღემდე, ასეთი რაღაცები არ მიყვარს.
- ეკლესიური არ ხართ?
- როგორ არა, მაგრამ გურულები უცნაური ხალხია. ადამიანი ასაკში რომ შედის, ღმერთისკენ მაშინ იხრება. ბაბუაჩემი და მამაჩემი ისე გარდაიცვალნენ, რომ მონათლულები არ ყოფილან. მეც 42 წლის ასაკში მოვინათლე გორში.
- როგორ მოინათლეთ?
- შემთხვევით. ჩემი მეგობრები გორში მიდიოდნენ, ერთ-ერთი ამხანაგი უნდა მოენათლათ, მეც მასთან ერთად მომნათლეს. სამწუხაროდ, ნათლია აღარ მყავს. როდესაც ვარკეთილში ვცხოვრობდი, ჩემს სახლთან ახლოს ეკლესია იყო და ეკლესიის ეზოში რეპეტიციას გავდიოდი. კარგი ადგილი იყო და ჰაერიც კარგი იყო. საღამო ხანს კი ეკლესიის ეზოში რაღაცებს ვრწყავდი. სასულიერო პირებთან ძალიან დაახლოებული ვიყავი.
- იერუსალიმში იყავით?
- ჩემთვის ძალიან დიდი მოვლენა იყო იერუსალიმში, ქრისტეს საფლავზე ყოფნა. წელს, გასტროლებზე ვიყავით და ერთი დღით ყველაფერი მოვინახულეთ. პირველად ვიყავი ქრისტეს საფლავზე და გაოცებული დავბრუნდი. იქ ყოფნის დროს ვიგრძენი, რომ რაც უფრო ახლოს ხარ, მით უფრო ძლიერდება შენი აურა. ჯვრის მონასტერიც მოვინახულეთ, მაგრამ გული დამწყდა, რომ ჩვენი კულტურის კერა და ასეთი საგანძური მიგდებულია.
- თქვენი მფარველი რომელი წმინდანია?
- ფლორენციაში ვნახე წმინდა გიორგის ქანდაკება და მას შემდეგ მისით ძალიან დავინტერესდი. დოსტოევსკის ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა აქვს: წმინდანობა ადვილია, პატიოსნებაა ძნელიო. ძალიან ძნელია იცხოვრო ქალაქში და იყო პატიოსანი.
- პაროდიისთვის როგორ ემზადებით, ან როგორ არჩევთ გმირს?
- მე არაფერს ვიგონებ, მე ვამჩნევ. რაღაცას მეც ვფანტაზიორობ, მაგრამ, ძირითადად, ამ ყველაფრის შემკრები ვარ და მერე ვაძლევ დასრულებულ სახეს, რაც არც ისე ადვილია, რადგან თავად უნდა ერკვეოდე დრამატურგიაში, რეჟისურასა და მსახიობის ოსტატობაში.
- ნომერი არასდროს ჩაგვარდნიათ?
- ჩავარდნით არა, მაგრამ ყოველთვის არის ისეთი ადგილები, რომელზეც მაყურებელს არ ეცინება. მერე ამ ნომრის კორექცია მიდის. არის ადგილები, რომელიც მაყურებელს არ მოსწონს, მაგრამ მე მომწონს და დათმობაზე არ მივდივარ.
- კონკრეტულად რომელი ადგილია?
- გურული ქალის მონოლოგში მაქვს რაღაც ხუმრობა, რომელზეც მაყურებელს არ ეცინება, მაგრამ მე მეცინება. არასდროს იცინიან იქ, მაგრამ მაინც ვამბობ. სხვათა შორის, ეს ხუმრობა, გინდა გურულ ქალს ჩახუტებიხარ და გინდა ჭინჭარს ჩახუტებულხარ შიშველიო, კახეთში მოვისმინე. სიძე სიდედრს ეძახდა: ჭინჭრის ბუკეტოო, მერე ეს ფრაზა შევცვალე და გურულ ქალს მივუსადაგე.
- თქვენი საყვარელი გმირი რომელია?
- პაროდიებში ეს იყო რამაზ ჩხიკვაძე. სხვათა შორის, როდესაც მასზე პაროდიას ვაკეთებდი, ეს პაროდია კი არ იყო, ეს იყო ჩემი ძალიან დიდი სურვილი, რომ ერთი წუთი რამაზ ჩხიკვაძე ვყოფილიყავი. ეს პაროდია კი არ იყო, არამედ სხვა რამ. ჩემთვის არკადი რაიკინი და რამაზ ჩხიკვაძე იყო ორი დიდი ტიტანი, რომლებმაც ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს. როგორც სკოლა, მე არკადი რაიკინისგან მივიღე, მაგრამ როგორც ქართული ფენომენი, რამაზ ჩხიკვაძისგან ვისწავლე. ერთხელ, ბატონ რამაზზე პაროდიას რომ ვაკეთებდი, დარბაზში მჯდარა და უთქვამს (ეს მე მერე მითხრეს), თუმანიშვილი რას უყურებსო. მაშინ მე დამწყები ვიყავი და ამით კომპლიმენტი გამიკეთა. თუმანიშვილის სამტომეულს დღემდე ვკითხულობ.
- პოლიტიკოსებზე რას გვეტყვით?
- საქართველოში პირველი პაროდისტი ვიყავი, რომელმაც პოლიტიკოსებზე პაროდია გავაკეთე. ბრეჟნევზე მქონდა პაროდია და კომუნისტები ბანკეტზე ჩუმჩუმად მეხვეწებოდნენ, მისი პაროდია გამეკეთებინა. მერე გარბაჩოვსა და რაფიკ ნიშანოვზეც გავაკეთე.
- პოლიტიკოსებისგან შენიშვნა არასდროს მიგიღიათ?
- პოლიტიკოსებისგან არა, მაგრამ შენიშვნა ორჯერ მივიღე. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მუსიკალური პაროდია მქონდა აზერბაიჯანელ მომღერალ ფოლად ბულბულ-ოღლზე. ეს პაროდია მარჯანიშვილის თეატრში გავაკეთე და მახსოვს, აზერბაიჯანელი კულტურის მინისტრის მოადგილე ესწრებოდა, ჩემი პაროდია ამ კაცს ეწყინა. მეორე შემთხვევა ცხონებულ ზურაბ ქაფიანიძესთან მქონდა. ტექსტში მაქვს, თითქოს ბატონი ზურა რეზო ჩხეიძეს როლის მიცემას სთხოვდა. ბატონმა ზურაბმა საყვედური მითხრა, მე როლს არავის ვთხოვდიო.
- რატომ ეწყინათ, თქვენ ხომ არ დასცინოდით?
- არა, არსებობს ასეთი ტერმინი "მეგობრული შარჟი". შენ მას ეხუმრები. მაგრამ ერთადერთი პაროდია გავაკეთე, სადაც მე ჩემს გმირს დავცინე - ეს იყო ბულბულ-ოღლი და ალბათ, იმ აზერბაიჯანელმა ეს იგრძნო და იმიტომ ეწყინა.
- რატომ დასცინეთ?
- ეს ინსტინქტურად მოხდა, ქართული ყურისთვის აზერბაიჯანული სიმღერა უცნაურია, მე მათ კულტურას კი არ დავცინი, მაგრამ იმ მომღერლის მანერა ჩემთვის დასაცინი იყო. ბატონ ზურას რატომ ეწყინა, დღემდე მიკვირს, ეს ხომ ხუმრობაა და მეტი არაფერი.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online