asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რამაზი ბოლო წუთებში ეროსის და ნატაშას ელაპარაკებოდა
დიდი მსახიობის ბოლო დღეები
რამაზი ბოლო წუთებში ეროსის და ნატაშას ელაპარაკებოდა

2011-11-02 00:31:19



დავბერდი! არ გჯერათ? ისევ კარგად ვთამაშობ? ახლა მე მკითხეთ... ავად ვარ, ჯანი არ მაქვს. ფეხები მტკივა, გული მაწუხებს. მძიმე ოპერაცია გავიკეთე, ნაწლავის კიბო მქონდა. ეს პრაღაში ექიმმა მომახალა. არ შემშინებია. ისღა ვითხოვე, გარეთ ცოლი დგას და არ გაუმხილოთ, უთხარით, რომ ოპერაცია მჭირდება–მეთქი. ეტყობა, ექიმმა ვერ გაიგო და ნატაშამ რომ შემოიხედა, მასაც უთხრა...
"კავკასიურ ცარცის წრეში" ცუდად გავხდი, თავს ძალა დავატანე და ძლივს ვითამაშე. თანდათან ვუძლურდები. არტისტი ძუნწია – ისე არ მიანებებს თეატრს თავს, რომ გული არ დასწყდეს", – დიდმა მსახიობმა, რამაზ ჩხიკვაძემ ეს სიტყვები გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თქვა. 17 ოქტომბერს კი მისი სიცოცხლე 83 წლის ასაკში შეწყდა.
2006 წლის 28 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე, მან უკანასკნელად ითამაშა "კავკასიურ ცარცის წრეში" აზდაკი. ამ დღესვე რუსთაველის თეატრის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა. ახლა მსახიობი ქართული თეატრის ისტორიის კუთვნილებაა. დიდი რამაზი – ალბათ ასე შემორჩება მისი სახელი ამ ისტორიას.
ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი ყოველთვის და ყველგან მის გვერდით იყო – ნატაშა, მისი ცოლი და განუყრელი მეგობარი, რომელმაც სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ "დააღალატა" და თავისი საყვარელი რამაზი უკანასკნელ გზაზე არ გააცილა, რადგან იქამდე ორი თვით ადრე თავად წავიდა იმქვეყნად.
რამაზ ჩხიკვაძეზე, როგორც უდიდეს, უნიჭიერეს მსახიობზე, მისი როლები თავად მეტყველებენ. ხოლო რამაზზე, როგორც ადამიანზე, "სარკეს" მისი მეგობრები უამბობენ.
ნანა ფაჩუაშვილი, მსახიობი:
– სანამ საოპერაციოდ წავიდოდა საზღვარგარეთ, მე, რობერტ სტურუამ და ზაალ ჩიქობავამ ვინახულეთ. არ გაგვიფრთხილებია, ისე მივედით. მოტეხილი გვეჩვენა – ჯოხით ხელში კარში დაგვხვდა. მერე გალაღდა და გამხიარულდა. არაჩვეულებრივი ინსტრუმენტები აქვთ სახლში. დაჯდა და დაუკრა. თავისი ნახატებიც გვაჩვენა. გვითხრა, საშინელი ავადმყოფობა მჭირსო და ამ დაავადების სახელიც თქვა. ეს ყველასთვის მომაკვდინებელი სათქმელია, მაგრამ რამაზმა ისეთი ღირსებით და ბრძოლისუნარიანობით წარმოთქვა... წარმომიდგენია, მის გულში რა ტრიალებდა. მერე პატარა სუფრა გაიშალა. რობიკოს სიგარეტის მოწევა უნდოდა და ნატაშამ უთხრა, სადაც რამაზ ჩხიკვაძეა, იმ ოთახში სიგარეტს არავითარ შემთხვევაში არ მოგაწევინებო და სხვა ოთახში გაიყვანა. რამაზმა ამაზე დაიწყო მაიმუნობა – სიგარეტი ახლა რაღას დამაკლებსო. ნატაშა ძალიან ცუდ გუნებაზე იყო. გვითხრა, ნახავთ, ჩვენ ვიბრძოლებთ და დავძლევთ ამ ავადმყოფობასო. ამ რწმენით წავიდნენ. სამწუხაროდ, ავადმყოფობამ დაამარცხა.
თეატრის ოქროს ხანა დამთავრდა და აგრეთვე დამთავრდა ქართველი რომეოსა და ჯულიეტას, ანუ რამაზისა და ნატაშას სიყვარული. ამხნისანი იყვნენ და უერთმანეთოდ სიცოცხლე ვერ წარმოედგინათ. ნატაშას რამაზის სიკვდილის ნახვა არ უნდოდა და დაასწრო. რამაზმა თქვა, აქაც მან მაჯობაო. ნატაშა უსაზღვროდ ლამაზი და ნიჭიერი იყო და რამაზს ცხოვრება გაულამაზა.
ერთი წელიც არ იქნება, რაც ახალ სახლში გადავიდნენ. არაჩვეულებრივად მოაწყვეს. ნატაშამ მთელი თავისი ფანტაზია და მონდომება ჩადო მის მოწყობაში. მაგრამ ამ ახალმა სახლმა მათ ბედნიერება არ მოუტანა. იქ ყველაფერი ჰქონდათ, მთავარის – ჯანმრთელობის გარდა. ერთ კედელზე ნატაშას ახალგაზრდობის სურათი ეკიდა, სადაც ნებისმიერ ჰოლივუდის ვარსკვლავზე უკეთესად გამოიყურებოდა. რამაზი თვალს შეავლებდა ხოლმე იმ სურათს და თავისთვის რაღაცას ამბობდა. ყველას ქართულად ელაპარაკებოდა და ნატაშას – რუსულად. ნატაშამ ბოლო თვეებიც ძალიან გაულამაზა – ჩეხეთში არაჩვეულებრივ პირობებში ამყოფა. რამაზი ამბობდა, სამოთხეში ვარო...
გურამ საღარაძე, მსახიობი:
– მე და რამაზი ბავშვობაში დრამატულ და მხატვრული კითხვის წრეზე ერთად დავდიოდით. თეატრალურ ინსტიტუტშიც ერთად ვიყავით. დამთავრების შემდეგ პირდაპირ რუსთაველის თეატრში მოვხვდით. მას მერე 60 წელი გავიდა. რამაზი ყველასგან და პირადად ჩემგან წავიდა. ხანდახან რომ ვფიქრობ, მარტო დარჩენის მეშინია. საშინლად განვიცდი მის გარდაცვალებას და ცხოვრება არარაობად მეჩვენება.
– თქვენ შემსწრე ხართ იმ მომენტის, როცა ბატონმა რამაზმა მომავალი მეუღლე გაიცნო.
– შვებულება გვქონდა. რამაზმა მითხრა, მოდი, ოდესაში გემით წავიდეთ, იქ ჯაზის კონცერტს მოვუსმინოთ და დავბრუნდეთო. ჩავედით ბათუმში, დავსხედით გემზე და წავედით. გემი იალტაში გაჩერდა. იქ ამოვიდნენ საოცარი გოგოები, რომლებსაც წინ ნატაშა მოუძღოდა. ულამაზესი იყო. ჩვენ მივიპატიჟეთ და მთელი ღამე ერთად გავატარეთ. რამაზი გადაირია – ნახე, რა გოგოა, ნახე, რა გოგოაო! ნატაშასაც მოეწონა და შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს დაურეკავდნენ. ნატაშა მოსკოვში ცხოვრობდა. ჩააკითხა მოსკოვში. მერე რაღაც პრობლემები შეხვდათ, ერთი პერიოდი დაშორდნენ, მაგრამ მერე მაინც შეუღლდნენ.
ნატაშას გარდაცვალებამ დააჩქარა რამაზის სიკვდილი. რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. ამით ძალიან დაიღალა და ამბობდა, აღარ მინდა ეს ოპერაციებიო. ბოლოს ნატაშა დაუბარებიათ ექიმებს და უთქვამთ, ამას აღარაფერი ეშველებაო. სახლში დაბრუნებული ჩამომჯდარა რამაზის საწოლზე და უთქვამს, რამაზ, ძალიან ცუდად ვარო და გარდაცვლილა. როცა ჩეხეთიდან ნატაშა ჩამოასვენეს, რამაზი ვეღარ ვიცანი – გაფითრებული და სულ სხვა ადამიანი იყო.
– როგორი იყო დიდი რამაზის ბოლო დღეები?
– საშინლად დაიტანჯა. გარდაცვალების წინა დღეს აგონიაში იყო და გარდაცვლილებს ელაპარაკებოდა. ესაუბრებოდა ეროსი მანჯგალაძეს, თავის მეუღლეს...
ჯემალ ღაღანიძე, მსახიობი:
– რამაზი საოცარი იმპროვიზატორი იყო. სპექტაკლ "ხანუმაში" აკოფას როლს ასრულებდა. იყო ასეთი სცენა – მე ვეძებდი და მას სახეზე გაზეთი უნდა აეფარებინა. მე უნდა მეთქვა: "როდიდან დაიწყე კითხვა...". ვხედავ, გაზეთი უკუღმა აქვს აფარებული. ვთქვი, როდის იყო შენ რამე წაგიკითხავს, თანაც გაზეთი უკუღმა რომ დაუჭერია–მეთქი. ხომ არ ჩამომრჩებოდა და უცბათ თქვა, ვაჰ, მეც არ გამიკვირდა, ამდენი ხალხი ყირაზე როგორ დგასო. ყველა სპექტაკლში რაღაც ასეთს აკეთებდა.
რამაზთან ყოფნას არაფერი სჯობდა. რაც უნდა კაეშანი ჰქონოდა გულზე და როგორი ცუდ ხასიათზეც უნდა ყოფილიყო, მასთან ურთიერთობა მაინც ყველაფერს გვერჩივნა. ჩვენი დარდების მკურნალიც იყო. კარგი პურისმჭამელი, სუფრის კაცი გახლდათ. თამადობა უყვარდა. როცა რამაზი თამადა იყო, იმდენს გვაცინებდა, რამდენიც არ უნდა დაგველია, არ ვთვრებოდით, სიცილი გვაფხიზლებდა. სახლში რომ მივიდოდით, ჩვენი ცოლები ხვდებოდნენ, რომ რამაზი იყო თამადა, რადგან მთვრალები არ ვიყავით. გურამ საღარაძე ჰყავდა ამოჩემებული და სულ იმაზე ხუმრობდა. მთელი რეპერტუარი ჰქონდა მასზე შედგენილი. გურამი ბავშვობაში თურმე იაპონელ ბიჭს ჰგავდა. როცა ქართულად დაუწყია ლაპარაკი და თანაც ბოხი ხმით, რამაზს შეშინებია. ახლა როგორი ხმაც აქვს, პატარაობაშიც ასეთივე ხმა ჰქონდაო, ამბობდა. ბავშვობაში ტროყია შეურქმევია. გურამს მეგობრები დღემდე ტროყიას უძახიან. რამაზი მასზე აგებდა ანეკდოტებს და იყო ერთ ამბავში!
ერთხელ რამაზს ჟურნალისტმა ჰკითხა, ნატვრისთვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდითო. არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა – ჩემს ამქვეყნიდან წასულ მეგობრებს გავაცოცხლებდიო...
ბოლოს სამკურნალოდ იყო წასული ჩეხეთში და იქ გარდაეცვალა მეუღლეც. როცა ჩამოვიდა, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვიხილეთ, თითქმის აღარ იყო. გარდაცვალების წინა დღეს კი გარდაცვლილებს ელაპარაკებოდა და, მათ შორის, მეუღლესაც. ისეთ პრეპარატებს უკეთებდნენ, რაც ტკივილს უმსუბუქებდა, მაგრამ დაილია კაცი!.. მისი წასვლით დიდი ეპოქა, ოქროს ხანა დაიხურა თეატრში.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online