asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გრიგოლ რობაქიძე – რაინდის ბედისწერა
სახელები
გრიგოლ რობაქიძე – რაინდის ბედისწერა

2010-07-24 12:53:03



მე–20 საუკუნის დასაწყისში თბილისის ქუჩებში ხშირად ჩნდებოდა ევროპულად ჩაცმული, პარიკიანი მომხიბვლელი მამაკაცი თეთრი ხელთათმანებით და თან ქალთა მონუსხული მზერა მიჰყვებოდა. მას "მზის ქურუმს" უწოდებდნენ, ელინთა ღმერთს ადარებდნენ... ახალგაზრდები მას ბაძავდნენ, მის ლაპარაკს, ლექციებს აღტაცებულები უსმენდნენ. საკუთარი გამორჩეულობის მასაც სჯეროდა. თავი ზეკაცად მიაჩნდა. ის ქართველი მწერალი, ცისფერყანწელთა თაობის ლიდერი გრიგოლ რობაქიძე გახლდათ. დიდი პატრიოტი იყო. ყველგან ქართული ჯიშის, რასის რჩეულობაზე ლაპარაკობდა და წერდა. ქართველი ქალი ქალღმერთად და ამორძალად მიაჩნდა. სჯეროდა, რომ თვითონ იყო ერთადერთი სრულყოფილად შემცნობი ქართული ხასიათისა და ბუნებისა.
და სწორედ მას მოუხდა სამშობლოდან გადახვეწა.
რობაქიძე სტალინისა და ბერიას რეჟიმს გაექცა და გერმანიაში დასახლდა. "დიდ ბელადს" იგი პრეისტორიული ხვლიკის გაქვავებულ თავს უწოდებდა, მის უბედურ ბავშვობაზე, მამის არაქართულ ჯიშსა და უხასიათობაზე მთელ ევროპაში ლაპარაკობდა. გრიგოლ რობაქიძის შემოქმედება საბჭოთა სივრცეში აიკრძალა. მას ფაშისტს, სამშობლოს მტერს უწოდებდნენ, ათასგვარ ჭორს უვრცელებდნენ და სიცოცხლეს უწამალავდნენ. საბჭოთა ხელისუფლებისაგან დევნილი და გერმანიაში თავშეფარებული მწერალი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰიტლერიანელად გამოაცხადეს. ამიტომ გერმანიიდანაც მოუხდა წასვლა. "ჰიტლერიანელ" მწერალს აღარაფერს უბეჭდავდნენ. სიცოცხლის უკანასკნელი წლები შვეიცარიაში მარტოობასა და სიდუხჭირეში გაატარა.

თქვენ იდექით ისე, როგორც ანტიური ღმერთი ელინებისა; ისე, როგორც აპოლონ ბელდევერელი და ისე, როგორც უმშვენიერესი ქანდაკება როდენისა უმშვენიერეს სახელოსნოში და მეც მიცქეროდით ისე, როგორც პატარაობისას ვუცქერდი მზეს. მე ვამბობ თქვენს სახელს და ეს სახელი სწვავს ჩემს გულს. მე ვაბრუნებ ამ სახელს, ვცვლი, ვათამაშებ და გამოდის სულ სხვა სახელი: გრი–გა–ლი და თქვენც ხომ გრიგალი ხართ საქართველოს ცაზე ლამაზად ანთებული ქართული პოეზიისა და მწერლობისა, ჩემი სულის გასატაცებლად აწყვეტილი", – ამ წერილის ავტორი ქართველი მწერალი ქალი, საფო მგელაძე გახლავთ. როცა ამ წერილს წერდა, მას ქმარ–შვილი ჰყავდა. გრიგოლ რობაქიძეზე უიმედოდ იყო შეყვარებული. მწერალს, საფოს მსგავსად, უამრავი ქალი სცემდა თაყვანს. ქართველი მწერლებიდან არც ერთს რგებია იმდენი ლამაზმანის სიყვარული, რამდენიც ჰქონდა მას – ქართველ დენდსა და რაინდს.
რობაქიძე ქალის არსებას თავისებურად ხსნიდა. ქვეყნად არსებულ ყველა საიდუმლოს მარადქალურთან კავშირში ხედავდა. ძველი ეგვიპტის ქალღმერთ ნეითის კვარცხლბეკზე აღბეჭდილი წარწერა – "მე ვარ ის, რაც არის, რაც იყო და რაც იქნება, არავის აუხდია ჩემი საბურველი" – ჭეშმარიტებად მიაჩნდა. თვლიდა, რომ მამაკაცი ქალს რიდეს ვერასოდეს ჩამოაცლიდა, ერთს გადასწევდა და მეორე შეეჩეხებოდა. თავად კი შეძლო და "მარადქალურს" ოდნავ მაინც შემოაცალა რიდე.
განსაკუთრებულ თაყვანს ქართველ ქალებს სცემდა. მისი ცხოვრების კიდევ ერთი პარადოქსი – ორჯერ იქორწინა და მისი ორივე მეუღლე ეროვნებით არაქართველი გახლდათ... თუმცა გრიგოლ რობაქიძის პირველი დიდი სიყვარული იულია მაჭავარიანი იყო. დაქორწინებას აპირებდნენ, მაგრამ იულიას მშობლებმა მღვდლის შვილი სასიძოდ დაიწუნეს და ქალიშვილი ხარაგაულში წაიყვანეს, სახლში ჩაკეტეს, გარეთ არ უშვებდნენ. მერე კი საშინელი ტყუილი მოიგონეს. შეყვარებულ მწერალს შეუთვალეს, შენმა სატრფომ თავი მოიკლაო. ერთ–ერთ წერილში გრიგოლი თავის მეგობარ კიტა აბაშიძეს სწერს: "ჩემი ინდივიდუალური სიცოცხლე საშინლად მოშხამა ერთმა ფაქტმა: თავი მოიკლა საყვარელმა არსებამ. ამას ისიც დაერთო თავს, რომ არ ვიცი, რად მოიკლა თავი. ერთი მხრით, საშინელი მოცილება, და მეორეს მხრივ, ყრუ უცნაურობა... ვერ ავსწერ ამ ტანჯვას; არც არის საჭირო... ერთი რომანი მაქვს მოფიქრებული – და შეიძლება იქ ჩავაქსოვო იგი. ერთი წუთითაც ნუ გაიფიქრებ სანტიმენტალობას ჩემს გუნებაში: მე მას სრულიად მოკლებული ვარ... ნურც მას წარმოიდგენ, რომ საბოლოოდ გადავსწყვიტე ჩემი ბედი... არა! მე კიდევ ვიბრძოლებ: ლაჩარი არა ვარ... მხოლოდ გწერ "ყოველშემთხვევისათვის". ვინ იცის, რა დამემართება".
* * *
მწერალს დიდი სიყვარული ისევ ეწვია. მისი პირველი მეუღლე ულამაზესი ქალი ნინა დომენსკაია იყო. მათ გოგონა ალა ჰყავდათ, რომელსაც მწერალი ალლკას ეძახდა. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მათ ორი შვილი ჰყავდათ, თუმცა მეორე შვილის სახელი არსად არის ცნობილი. თურმე ნინა თავნება და ჯიუტი ქალი იყო. მისი მშობლები ბაქოში ცხოვრობდნენ. მან მშობლებთან წასვლა დააპირა. გრიგოლი უშლიდა. ნინამ მაინც თავისი გაიტანა. მწერალმა სთხოვა, ალლკა მაინც დაეტოვებინა მამასთან, მაგრამ ამაზეც უარი მიიღო. ნინა ბაქოში შვილთან ერთად გაემგზავრა. იქ იმ დროს მძიმე ეპიდემია მძვინვარებდა. ბავშვი ავად გახდა და გარდაიცვალა. ამბობენ, მწერალმა ცოლს ალლკას სიკვდილი ვერ აპატია და დაშორდაო.
გრიგოლ რობაქიძის მეორე მეუღლე სილამაზით განთქმული ელენა ფიალკინა გახლდათ. ისინი 1922 წელს შეუღლდნენ. შვილი არ ჰყავდათ და ელენეს ობოლ დისშვილს ზრდიდნენ. ერთად 35 წელი იცხოვრეს. ელენემ სიცოცხლის ბოლო 7 წელი ლოგინში მწოლიარემ გაატარა. დამბლადაცემულ მეუღლეს გრიგოლი უვლიდა.
"ადამის წყევლა თავს დამატყდა მთელი თავისი საშინელებით – სიამაყით ალბათ ბედი "გავახელე". უნდა სანოვაგე ვიყიდო, უნდა გავამზადო: საუზმე, სადილი, სამხარი, ვახშამი, ხვეტა–გვა, რეცხვა, ნაწილობრივ ყველაფერი ეს მე მაქვს დაკისრებული. კიდევ მეტი. მიხდება ფუნქციების ასრულება: სათნოების დისა, მომვლელისა, დროდადრო მასაჟისტისაც... ნივთიერი შევიწროებაც კარს მადგას", – სწერს რობაქიძე მეგობარს.
* * *

დაქვრივებულ მწერალს სიცოცხლის მიმწუხრს ისევ ეწვია დიდი სიყვარული, რომელიც სიცოცხლეს უხანგრძლივებდა და, როგორც თავად წერდა, აახალგაზრდავებდა. იგი ავსტრიელი მხატვარი, მასზე 48 წლით უმცროსი გიტა შტრახვიტცკი გახლდათ. გრიგოლი ამ დროს 80 წლის გახლდათ. ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ. პირველი წერილი ქალმა გაუგზავნა. 2 წელი ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს სწერდნენ. შეყვარებულ მწერალს გიტაც უთაგრძნობდა. ხანდაზმული მწერალი საყვარელ ქალს ჭაბუკური აღტკინებით სწერს:
"საყვარელო გიტა, 25 აპრილს ღამით ნამდვილად გეძახდი. მონატრებით შეპყრობილი შენს გულს ჩემ გულთან ახლოს ვგრძნობდი. ასე ხანდახან ვიტანჯები შენგან მოშორებული, მაგრამ შენ ამის გამო არ უნდა იტანჯო. მე სხვა ვარ, შენს გამო რას არ გადავიტან. შენ მე სიყვარული უბრალოდ კი არ მაჩუქე, არამედ შენივე თავი სიყვარულში. მე, შენმა შეყვარებულმა, ვიცი ამის ფასი, ისევე როგორც ლაშარის რაინდმა. გიტა, ჩემო წყაროსთვალო, მაგრად გეხვევი ძლიერ, ძლიერ და ვართ განუყრელად ერთად".
"ჩემს ცხოვრებაში შენ ნამდვილად საოცრება ხარ, ყველა მიზეზი მაქვს ეს ვამტკიცო. ზებუნებრივად ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ გიყვარვარ. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ დედამიწაზე ჩემი შენდამი სიყვარულისთვის ასე ცოტა დრო დამრჩა. დიდხანს, დიდხანს უნდა მყვარებოდი. ეს ნიშნავს მემსახურა შენთვის. ქვეცნობიერად მჯერა, რომ გრძნობ ჩემს კივილს... გეხვევა შენით აღტაცებული, შენით ზღაპრულად დასაჩუქრებული გრიგოლ რობაქიძე".
* * *

გიტამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მწერალთან ჟენევაში ჩასულიყო და იქ ექორწინათ.
"მალე გულში ჩაგიკრავ. ოო, როგორ მენატრები... გიტა, შენი გულწრფელობა – იცხოვრო სამუდამოდ ჩემს ახლოს, სრულიად მათრობს. წარმოსახვით გამუდმებით გულში მყავხარ ჩაკრული, სუნთქვასავით ახლოს. მკერდით მკერდზე. ჩემთვის ხარ სატრფო და მისტიური მეუღლე. ჩემი დარჩენილი დღეები შენთვისაა მიძღვნილი. შენს მკლავებში ვპოვებ მე ჩემს აღსასრულს, მაგრამ ეს არ იქნება შენთან დამშვიდობება, მეორე ცხოვრებაში შენთან დავრჩები სამუდამოდ. იყავი მხნედ. შენი გრიგოლი" – ბოლო ბარათი, რომელიც გიტას გაუგზავნა, 1962 წლის 17 ნოემბრით არის დათარიღებული. წერილში საყვარელ ქალს სწერს, მალე ერთად ვიქნებითო. მწერალს ბედმა აქაც უმტყუნა. საყვარელი ქალის მკლავებში სიკვდილს ვერ ეღირსა. გრიგოლ რობაქიძე 1962 წლის 19 ნოემბერს მარტოობაში, გიტას ლოდინში გარდაიცვალა. პოლიციამ მისი ცხედარი მხოლოდ 8 დღის შემდეგ იპოვა.
"როცა ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა, ყოველ წელს მცხეთას, ჩემი დაბადების დღეს, სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით იხსენიებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს", – წერდა სამშობლოს მოღალატედ შერაცხული მწერალი.
გრიგოლ რობაქიძე ჯერ ჟენევაში დაკრძალეს. მის კუბოს მხოლოდ რვა ემიგრანტი ქართველი მიაცილებდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს.
შალვა კარმელი – ყველაზე პატარა ნიამორი
მიიკარ გულზე ჩემი ალლკა და შალვა კარმელი!" – ეს სიტყვები გრიგოლ რობაქიძემ სომეხი კოლეგის დაკრძალვისას წარმოთქვა. ქართველი მწერლების ქურუმმა გარდაცვლილ მწერალს თავის შვილთან ერთად უდროოდ გარდაცვლილი პოეტი შალვა კარმელი შეავედრა, პოეტი, რომელსაც ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. მკვლევრები მასზე ამბობენ, კიდევ რამდენიმე წელი რომ დასცლოდა, გალაკტიონს გვერდით ამოუდგებოდაო. ტიციან ტაბიძე კი მასზე წერდა, მონაზვნის სიწმინდით გაიარა თავისი გზა პოეზიაშიო... ეს გზა კი მხოლოდ 24 წელიწადისგან შედგებოდა.
შალვა კარმელი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მისმა მშობლებმა ზედიზედ ოთხი შვილი მიაბარეს მიწას.
ცისფერყანწელებს შალვა კარმელის დაკრძალვა ბაგრატის ტაძარში სურდათ. საბოლოოდ კი მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ბოლშევიკებმა ეს ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილას რაიკომის შენობა ააშენეს. შალვა კარმელის დედამ შვილის ცხედარი საფიჩხიის სასაფლაოზე გადაასვენა.
* * *

შალვა კარმელის ნამდვილი გვარი გოგიაშვილი გახლდათ. კარმელი პალესტინაში, ქალაქ ხაობის მახლობლად მდებარე მთას ჰქვია. 1156 წელს კარმელის მთაზე იეზუიტ ბერთა ორდენი დაარსდა. კარმელიტები ფეხშიშველები დადიოდნენ, ქრისტესავით უქონელნი იყვნენ და მხოლოდ ღმერთს ემსახურებოდნენ. როგორც ამბობენ, ისინი დღესაც ცხოვრობენ კარმელის მთაზე და იმავე ტრადიციებს აგრძელებენ.
შალვა კარმელი ცისფერყანწელთა ორდენის წევრი გახლდათ. თურმე ცისფერყანწელებმა ლადო გუდიაშვილს სთხოვეს, ჩვენი ჟურნალისთვის რაიმე დაგვიხატეო. მხატვარმა ნიამორები დახატა. ჟურნალის რედაქტორს, ვალერიან გაფრინდაშვილს კი უთხრა, ნიამორებს უყვართ სივრცე და ჰაერში ნავარდი, ამიტომ ავირჩიე თქვენი ჟურნალის სიმბოლოდ, გთხოვთ, თქვენს ჟურნალს "მეოცნებე ნიამორები" დაარქვითო. ასე გახდა ჟურნალის ნათლია ლადო გუდიაშვილი. ცისფერყანწელები კი სამუდამოდ დარჩნენ მეოცნებე, სივრცეში მონავარდე პოეტებად. წლების განმავლობაში "ნიამორების" რიცხვი თანდათან შემცირდა. პირველად ცისფერყანწელებს ორდენის ყველაზე უმცროსი ძმა შალვა კარმელი გამოაკლდათ.
* * *

შალვას რითმის კავალერს უწოდებდნენ. პაოლო იაშვილი წერს: "1915 წელს შემოდგომაზე ჩემთან მოვიდა ბავშვი, რომელმაც დამიტოვა რვეული ლექსების და თითქმის ვერაფერი ვერ მითხრა. ის იყო როგორც ნიბლია. გადავიკითხე ლექსები და იმ ღამესვე წავედი ვალერიან გაფრინდაშვილთან. ბავშვურ შთაგონებაში ჩვენ დავინახეთ მომავალი ძმა ჩვენს ორდენში – შალვა კარმელი... როდესაც მთელი ქუთაისი მთელის შემადგენლობით ხევდა "ცისფერი ყანწების" პირველ რვეულს, შალვა კარმელი მას გულთან ატარებდა და ის გახდა წევრი ჩვენი ღამეების და ჩვენი მარტოობის. ის მუდამ სუსტი და გაფითრებული იყო. ჩვენ მას ვეფერებოდით, ვაიმედებდით, თუმცა გვეშინოდა... ყველაზე დიდი სიხარული ცხოვრებისა იყო მისი წიგნი ლექსების "ბაბილონი". ეს წიგნი იყო მისთვის იმედი, ამ წიგნით გრძნობდა ის სიცოცხლეს, თუმცა იცოდა, რომ მისი ფილტვები ჭკნებოდნენ და იცოდა, რას ნიშნავდა სისხლი მის ბავშვურ პირზე. შარშან აღდგომას მან ყოველთვის სიცხიანი ხელით მომიტანა სიონიდან სანთელი და აღდგომის სუფრაზე ის რძის მეტს ვერაფერს სვამდა... ყველაზე უმცროსი ძმა, ყველაზე უფრო ჩუმი და გაფითრებული – დავკარგეთ...".
შალვა კარმელმა სიცოცხლეში მხოლოდ "ბაბილონის" გამოცემა მოასწრო. დანარჩენი ლექსების ბედი ისეთივე ტრაგიკული აღმოჩნდა, როგორიც პოეტის სიცოცხლე. გამოსაცემად კიდევ ორი წიგნი ჰქონდა გამზადებული, რომლებიც მის უახლოეს მეგობართან რაჟდენ გვეტაძესთან ინახებოდა. კომუნისტებისთვის ცისფერყანწელთა იდეოლოგია მიუღებელი იყო. ამიტომ საბჭოთა რეჟიმს მისი წიგნების გამოცემაზე, ბუნებრივია, არ უფიქრია. რაჟდენ გვეტაძის გარდაცვალების შემდეგ კარმელის გამოუქვეყნებელი ლექსები სადღაც გაქრა. სავარაუდოდ, საბჭოთა იდეოლოგიის მსახურებმა, როგორც მათთვის მიუღებელი ლიტერატურა, გაანადგურეს. წლების განმავლობაში ცდილობდნენ, შალვა კარმელის შემოქმედება საზოგადოებისათვის დაემალათ. სწორედ ამიტომ ბევრისთვის დღესაც უცნობია მისი სახელი. ზოგჯერ მისი ლექსებიდან ამოღებულ ფრაზებს ისე იმეორებენ, არც იციან, რომ სტრიქონები ცისფერყანწელთა ყველაზე პატარა ძმას – შალვა კარმელს – ეკუთვნის.
უშიშარი კოლაუ – უკანასკნელი ცისფერყანწელი
ისფერყანწელთა უკანასკნელი მოჰიკანი და უფროსი ძმა კოლაუ ნადირაძე გახლდათ. მან თითქმის ერთი საუკუნე იცოცხლე. 95 წლის ასაკში გარდაიცვალა და ყველა ცისფერყანწელის ტრაგედიას მოესწრო. ალბათ უფალმა დღეგრძელობა იმიტომაც უბოძა პოეტს, რომ იმ ეპოქის, რეჟიმის მემატიანე გამხდარიყო, რომელმაც მისი უერთგულესი მეგობრები შეიწირა. კოლაუ ნადირაძე ცისფერყანწელთა შორის ყველაზე გაბედული პოეტი იყო. მაშინ, როცა კომუნისტების მსხვერპლის, პაოლო იაშვილის დაკრძალვაზე მისვლა ლავრენტი ბერიამ არათუ მეგობრებს, ნათესავებსაც კი აუკრძალა, კოლაუმ "წამებული ძმის" ცხედარი დაიტირა, უკანასკნელ გზამდე მიაცილა. კოლაუ ვერავინ და ვერაფერმა აიძულა კომუნისტებისთვის ხოტბა შეესხა. მთელი ცხოვრება კომუნისტებს სათოფეზე არ იკარებდა.
* * *

"...თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე...
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!.."
ეს ლექსი კოლაუ ნადირაძემ 1969 წელს დაწერა. მაშინ, როცა 25 თებერვალს – საქართველოს გაწითლებას – საბჭოთა რესპუბლიკაში დიდი ზარზეიმით აღნიშნავდნენ, პოეტის თვალწინ 1921 წლის ტრაგედია ედგა. დაბეჭდვა არც უფიქრია. ლექსი ლიტერატურის მუზეუმში მოხვდა. 1985 წელს კი გამოვიდა წიგნი "პოეტის ათასი სტრიქონი", სადაც რედაქტორსა და ცენზურას სწორედ ეს ლექსი "გაეპარათ". ანტისაბჭოთა ლექსის გაპარვა მაშინ შენიშნეს, როცა ტირაჟი უკვე მაღაზიებში იყიდებოდა. სასწრაფოდ მთელი ტირაჟი ამოიღეს, ხოლო "25 თებერვალი" კრებულიდან ამოხიეს. წიგნის რედაქტორსა და გამომცემლებს ეს შეცდომა ძვირად დაუჯდათ. ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
* * *

კოლაუ ნადირაძე ბავშვობაშიც შეუპოვარი, გულადი ყოფილა. ის შეძლებული ოჯახიდან იყო. მის მშობლებს მარსელში სახლი ჰქონდათ. გარკვეული ხანი საფრანგეთში ცხოვრობდა. 12 წლის იყო, როცა თავის ფრანგ მეგობართან ერთად ამერიკისკენ მიმავალ გემზე აიპარა – ინდიელთა დასაცავად მიდიოდა. პატარა კოლაუ დაინახეს და გემიდან ჩაიყვანეს. კოლაუს მამა, გალაქტიონი, ექიმი იყო. მათთან ოჯახში აკაკი წერეთელი ხშირად დადიოდა. ერთ–ერთი სტუმრობისას მგოსანმა პატარა კოლაუ მუხლებზე დაისვა და გალაქტიონს უთხრა, შენი ვაჟი ჩუმ–ჩუმად ლექსებს ხომ არ წერს, რატომღაც ეჭვი მეპარებაო. მომავალი პოეტის მამას უთქვამს, ო, არა, ბატონო აკაკი, ამას როგორ გამიბედავსო. "ცხონებულ მამაჩემ როსტომსაც ეგონა, რომ ვერ გავბედავდი, მაგრამ როგორც ხედავ, გავბედე და დავიღუპე", – უპასუხა აკაკიმ. კოლაუმ ლექსების წერა დაიწყო და მთელი ცხოვრება ეკლიან გზაზეც იარა...
* * *

მას უამრავი ქალი ეტრფოდა, სასიყვარულო ისტორია ბევრ ლამაზმანთან აკავშირებდა. პოეტი ოთხჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე თამარ საყვარელიძე გახლდათ. მასთან ორი გოგონა შეეძინა. მეორედ ფრანგ ქალზე იქორწინა. მესამე მეუღლე კი ეროვნებით რუსი გახლდათ. ყველაზე იღბლიანი მეოთხე ქორწინება აღმოჩნდა. მისი რჩეული გახლდათ მეგობრის ქალიშვილი, 17 წლის ნორა ფროილენ რეინზერ სიგატოვსკი. ამ დროს პოეტი 44 წლისიყო. კოლაუსა და ნორას ქორწინებამ 51 წელს გასტანა.
პოეტი 1990 წელს გარდაიცვალა. იგი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.
ირინე მჭედლიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პაოლო იაშვილი
კავშირი ტეგთან: პაოლო იაშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online