asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რამაზ ჩხიკვაძე _ ლეგენდა, რომელიც აღარ განმეორდება
კოლეგების მოგონებები
რამაზ ჩხიკვაძე _ ლეგენდა, რომელიც აღარ განმეორდება

2011-10-30 12:57:33



ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბატონმა რამაზმა თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე (1951 წელი, მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო), მოღვაწეობა რუსთაველის თეატში გააგრძელა. მას შემდეგ მშობლიურ თეატრს არ მოსცილებია. ნიჭიერმა მსახიობმა თითქმის ასამდე როლი შეასრულა კინოსა თუ თეატრში. ქართველმა ხალხმა საყვარელ მსახიობს 2006 წელს რუსთაველის თეატრის წინ, ვარსკვლავი გაუხსნა. ბატონი რამაზი 2 ოქტომბერს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს. ქალბატონი ნატაშა ჩხიკვაძე ორი თვის წინ გარდაიცვალა. ჟურნალი "გუმბათი" ბატონი რამაზის მეგობრებს და კოლეგებს დაუკავშირდა, რომლებმაც მსახიობის ცხოვრებიდან ზოგიერთი ეპიზოდი გაიხსენეს.
როდესაც მისი ბავშვობის მეგობარს გურამ საღარაძეს დავუკავშირდით და ინტერვიუს მოცემა ვთხოვეთ, ბატონმა გურამმა გვითხრა, რომ ავად იყო და ინტერვიუს მოცემა არ შეეძლო. მაშინ ინტერვიუ ტელეფონით ვთხოვეთ და მსახიობიც მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა.
გურამ საღარაძე:
- ჩვენ ერთმანეთი პიონერთა სასახლეში გავიცანით და იმ დღიდან ერთად მოვდივართ. თეატრალურ ინსტიტუტშიც ერთად ვიყავით და რუსთაველის თეატრშიც. ჩვენ ყველაფერი საერთო გვქონდა: სიხარულიც და სევდაც. თუ რამე ახალი იდგმებოდა თეატრში, ან რამე ახალს ვნახავდით კინოში, გვიხაროდა, ერთმანეთს ჩვენს აზრს ვუზიარებდით. მთელი მსოფლიო ერთად მოვიარეთ.
- რამე განსაკუთრებული თვისება თუ ჰქონდა?
- ძალიან კარგი ხასიათის ადამიანი იყო. თუ რამე არ მოეწონებოდა, უმსგავსობას შეამჩნევდა, ამაზე ბრაზდებოდა. ის იყო შესანიშნავი თამადა, შესანიშნავი მთხრობელი. საინტერესო ამბები ანეკდოტივით ჰქონდა ჩამოყალიბებული. ყველაზე მეტად მე ვყავდი ობიექტად ამოჩემებული. როცა ცხოვრებისეულ საკითხებზე იყო საუბარი, სულ ჩემ შესახებ ყვებოდა რაღაცებს, ჩემზე ხალხს სიცილით ხოცავდა. ეს ამბები ზოგი ნამდვილი იყო, ზოგიც გამოგონილი. ასე ვცხოვრობდით ბევრი ათეული წელიწადი.
- რამე მეტსახელი ხომ არ შეარქვით ერთმანეთს?
- მე არა, მაგრამ ის სულ მეტსახელებს მეძახდა.
***
მურმან ჯინორია.
- ბატონო მურმან, პირველად სად და როგორ გაიცანით ბატონი რამაზი?
- ჩვენი პირველი შეხვედრა და გაცნობა მხატვრული ფილმის "სინემა" გადაღების დროს მოხდა, ეს იყო 1976 წელი.
- ეს თქვენი პირველი ფილმი იყო?
- არა, ეს ჩემი მეორე ფილმი იყო. მაშინ მარტო სატელევიზიო დადგმებში ვიყავი, მერე გადამიღეს ფილმში "ჯვარი პატიოსანი", "სინემა" ჩემი მეორე მხატვრული ფილმი იყო.
- პირველად რომ გაიცანით ბატონი რამაზი, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- მანამდე სცენაზე ძალიან ბევრჯერ მყავდა ნანახი: "ჭინჭრაქა", "ფილოსოფიის დოქტორი", "მზიანი ღამე" და ასე შემდეგ. ფილმში "სინემა" მხოლოდ ერთ ეპიზოდში ვიყავით ერთად. ჩვენი სცენის გადაღების დროს, როდესაც რეჟისორს ესაუბრებოდა, ისეთი თვისებები გამოამჟღავნა, რომ მეგონა, ის როლის განცდას ისე არ უდგებოდა, როგორც ჩანდა, ანუ უფრო ღრმად, ვიდრე ჩანს, როცა თამაშობს. ის ღრმად გრძნობდა მსახიობის პროფესიას. აი, ეს შევამჩნიე პირველივე შეხვედრის დროს.
- როგორც პარტნიორი, როგორი იყო?
- როდესაც "მეფე ლირში" ვთამაშობდით, ის ლირის როლს თამაშობდა, მე კენტს, იქ ბევრი სცენა გვქონდა საერთო და სულ ერთად ვიყავით. ამით საშუალება მქონდა, დიდხანს ვყოფილიყავი მის გვერდით. როდესაც სცენაზე ვიყავით და რეპეტიციას გავდიოდით, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს არ მისმენდა, თითქოს ყურადღებას არ მაქცევდა, მაგრამ ყველაფერს გრძნობდა, რასაც პარტნიორი აკეთებდა. ისეთ რაღაცაში აგყვებოდა, რომ მაშინვე მიხვდებოდი, რომ მთლიანად ყურადღების არეალში იყავი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე ისეთი, რაც ახალგაზრდა მსახიობს და არც ისე ახალგაზრდა მსახიობს, ძალიან წაეხმარებოდა. ბატონი რამაზის ძირითადი თვისება იყო ის, რომ რეპეტიციის დროს და სპექტაკლის წინ ყოველთვის საზეიმო განწყობაზე აყენებდა თავის თავს. დაძაბულობა რომ მოეხსნა და თავისუფალი რომ ყოფილიყო, სახუმარო რაღაცას იტყოდა. ის ძალიან ღრმად შედიოდა თავის გმირში, მე მეფე ლირზე მაქვს საუბარი. კორდელიას სიკვდილის სცენაში, როდესაც მის თვალებში ცრემლები დავინახე, ამას სულ არ მოველოდი. ძალიან ღრმად შედიოდა როლში და ამას აკეთებდა მსუბუქად. აი, ეს იყო ყველაზე კარგი რამ, რაც მგონია, რომ მსახიობს უნდა სჭირდებოდეს. ტრაგედიას თამაშობ, კომედიას თუ დრამას, ეს უნდა იყოს სახალისო, აღმაფრენისკენ უნდა მიდიოდეს. ეს მომენტი ბატონ რამაზს ძალუმად ჰქონდა. შენი ფიზიკური სხეული და სულიერი სამყარო გალაღებული უნდა იყოს, რათა ზუსტად ითამაშო ტრაგედიაც, დრამაცა და კომედიაც.
- გრიმსაც თავად იკეთებდა?
- კი, გრიმს ყოველთვის თავად იკეთებდა. სულ მაინტერესებდა, როგორ ემზადებოდა, როგორ იკეთებდა გრიმს. სპექტაკლის წინ ტექსტის გამეორება უყვარდა. ახლა, ვფიქრობ, ამას იმიტომ აკეთებდა, მერე სცენაზე რომ გავიდოდა, თვითდაჯერებული ყოფილიყო, ტექსტი კარგად ჰქონდა მორგებული და მარტო იმაზე ეფიქრა, რა მდგომარეობა და რა განწყობა გადმოეცა. ეს მომენტი დავიჭირე და რომ მინდოდა მასთან ერთად ვყოფილიყავი საგრიმიოროში, ვეშმაკობდი. მასთან მივდიოდი და ვეუბნებოდი: ბატონო რამაზ, ხომ არ გავიაროთ ჩვენი ტექსტები? ის ხვდებოდა ჩემს ეშმაკობას, ვერაფერს გამოაპარებდი და მეუბნებოდა, რა გინდა, კაცო, რას მიყურებ? კარგი, დაიწყეო და ტექსტს ვიმეორებდით. ტექსტს ამბობდა და თან სარკეში იყურებოდა, გრიმს იკეთებდა. ვაკვირდებოდი, როგორ ნელ-ნელა გადადიოდა სხვა მდგომარეობაში. ყველა როლში (კომედიური როლი უფრო მეტი აქვს ნათამაშევი) მაინც ხასიათებს ქმნიდა, რომელიც ახლა სამსახიობო ხელოვნებაში დაიკარგა.
- თქვენთვის თუ არის ცნობილი, რომელი როლი უყვარდა ყველაზე ძალიან?
- მე მგონი, იმ დროს, როდესაც ჩვენ ერთად ვიყავით, ყველაზე ძალიან აზდაკის ("კავკასიური ცარცის წრე") როლი უყვარდა. ამ როლში კარგად გრძნობდა თავს. სულ ისეთ განწყობას ქმნიდა, რომ ზეიმი ყოფილიყო. სანამ რუსთაველის თეატრში იყო, ის, როგორც მსახიობი, ლიდერი იყო.
- ბატონ რამაზს ქედმაღლობა თუ ახასიათებდა?
- ეს მას არ ახასიათებდა. არიან მსახიობები, ხელოვანი ადამიანები, რომლებსაც თითქოს ყველაფერი აქვთ, მაგრამ უნდათ, რომ უფრო მეტი გამოჩნდნენ. ბატონ რამაზს ეს არ ჰქონდა.
- წყენის გულში ჩადება თუ იცოდა?
- რეალიზებული ადამიანი იყო და ვინც რეალიზებულია, ის წყენას ნაკლებად ჩაიდებს.
- რამდენადაც ცნობილია, ის გურმანიც იყო.
- კი, ძალიან. როდესაც თამადობდა, ხშირად ვყოფილვარ მასთან ერთად. როდესაც ის თამადა იყო, იქაც დიდი სპექტაკლი იდგმებოდა. ისე გემრიელად შეექცეოდა ყველაფერს, მკვდარი რომ ყოფილიყავი, გაგაცოცხლებდა და იმ კერძის გასინჯვა მოგინდებოდა, რასაც ის მიირთმევდა. იქაც კი დიდი ხელოვანი იყო.
- დიდი ხანია, რაც სიმსივნე ჰქონდა?
- დიახ, საკმაოდ დიდი ხანია, 6-7 წელი ავადმყოფობდა. პირველი ოპერაცია რომ გაიკეთა, პირველი 5-6 წელიწადი კარგად იყო, მაგრამ მერე მაინც ამ სენმა იმსხვერპლა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა და აქ გარდაიცვალა.
***
ჟანრი ლოლაშვილი:
- დღიდან თეატრში მისვლისა (საკუთარ თავს ვგულისხმობ), სულ ერთად ვიყავით. ცოტა ძველი ხალხი ვიტყოდით ხოლმე: საეტაპო სპექტაკლი გვაქვს. ეს ნიშნავდა უკვე აპრობირებულ სპექტაკლებს, პირველ რიგში, საქართველოში და მერე უცხოეთში წაღებულს და მოწონებულს, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. სწორედ ასეთ სპექტაკლებში მოგვიწია ერთად ყოფნა. ეს სპექტაკლები იყო: "კავკასიური ცარცის წრე", "მეფე ლირი" და სხვა. მესამე ათასწლეულის დასაწყისის ერთი ყველაზე თვალსაჩინო ადამიანი იყო. თუმცა, ადამიანი ცოდვილია, ცოტას ცოცხლობს და იმასაც რაღაცნაირად მოვლა-პატრონობა სჭირდება. ის თეატრალურ სამყაროში ჩვეულებრივზე მეტი იყო.
- მის ბუნებაში, მის ხასიათში მთავარი რა იყო?
- მთავარი ის იყო, რომ არაფრისგან შეეძლო რაღაცის კეთება, რაღაცის წარმოსახვა, ფანტასტიკურად მდიდარი პალიტრა ჰქონდა. ჩვეულებრივ რაღაცისგან არაჩვეულებრივს შექმნიდა.
- ურთიერთობაში როგორი იყო?
- ძალიან ხშირად დავდიოდით რესტორნებში. მე და რამაზს გვქონდა ასეთი კალენდარული დღეები, როდესაც ერთად ვიყავით და ნაბახუსევზეც ერთად გამოვდიოდით. ჯიბეში ხელის ჩაყოფას ვერ დაასწრებდი. გარდა ამისა, გურმანიც იყო. განსაკუთრებულ კერძებს სცემდა პატივს. ძალიან უყვარდა კარგად გაკეთებული მუჟუჟი. ლუდზე გიჟდებოდა. "კრომბახერს", "როსენის ურქვეილს" გამოარჩევდა. თეატრის დერეფანში რომ ჩავივლიდი და ის იქ იჯდა, დამიძახებდა: ურქველი, ურქველი! ეს იმას ნიშნავდა, წავსულიყავით და ლუდი დაგველია. მოგეხსენებათ, ლუდის სამშობლო ჩეხეთია და ჩეხოსლოვაკიაში რომ ჩავიდოდით, რამაზი ყოველთვის ცდილობდა, ლუდის შესახებ ყველაფერი გაერკვია. რაღაც განსაკუთრებულ რეცეპტს ეძებდა, იწერდა და ასე შემდეგ. გერმანიაში მესამე რეიხის ლუდხანაშიც ვართ ნამყოფი (მიუნხენში). მაშინ საქართველოში ლუდი კი არა, რაღაცა უბედურება იყიდებოდა და იმასაც ვერ იშოვიდა კაცი. ამიტომ ერთმანეთს ყოველდღიურ დღესასწაულებს ვუწყობდით.
- თქვენთან ერთად კიდევ ვინ იყო?
- ხან ვინ, ხან ვინ, ჩვენთან ხშირად ეროსი მანჯგალაძე იყო. ხშირად დავდიოდით სასტუმრო "თბილისში". მესამე სართულზე ავიდოდით და იქ მომუშავე პერსონალი (კაკო სხირტლაძე, ბიძინა, არარატა) თან გვყვებოდა. ამ სამიდან ერთ-ერთი შეგვხვდებოდა და ის მოგვემსახურებოდა.
- ურთიერთობაში როგორი იყო?
- ის იყო ავანგარდისტული. ყოველთის რაღაცას აწესებდა და მის ირგვლივ უნდა ყოფილიყავი. თავისი ბუნებითა და ცხოვრებით კაცი ფავორიტი იყო და ყურადღებას ითხოვდა.
- ჰობი თუ ჰქონდა?
- ერთი პერიოდი საფერფლეებს აგროვებდა, მერე თავი დაანება.
- ყველაზე ძალიან რისი შეძენა უყვარდა?
- ნატაშას გარეშე მაღაზიაში არაფერს არ იყიდდა.
- მისი მეუღლე ყოველთვის იყო თქვენთან ერთად გასტროლებზე?
- ნატაშა კი არ იყო მის ცხოვრებაში, უფრო წინ იყო, ვიდრე თავად. ძალიან ბევრ კითხვის ნიშანზე ნატაშა პასუხობდა. ნატაშა რამაზის ცხოვრებაში ძალუმად და მაგრად ერეოდა. ხშირად ჩხუბის დონემდე მისულან.
- რატომ?
- რამაზის უნდოდა, არ ჩარეულიყო, მას კი ძლიერი ქალის პოზიცია ჰქონდა. იყო უსიამოვნებები რობიკოსთან ურთიერთობაში, თეატრალური დღეების დროს, გასვლების დროს, მაგრამ ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ შექმნილიყო სპექტაკლი და წარმატებულად გაეტანათ საზღვარგარეთ. ვთვლი, რომ ნატაშამ რამაზის ცხოვრებაში ბევრად დასაფასებელი რამ გააკეთა. რამაზის არაფერი ჰქონდა საფიქრალი, გარდა კინოსა და თეატრისა, დანარჩენს ყველაფერს ნატაშა აგვარებდა. ნატაშა სულ აჟიტირებული იყო. რამაზის ცხოვრებაში მკაფიოდ ერეოდა, რამაზიც აძლევდა ამის უფლებას, რადგან გრძნობდა, რომ ეს მხოლოდ მისთვის კეთდებოდა.
- მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მეუღლე ჰყავდა, ქალები თუ უყვარდა?
- ასეთი ნიჭის კაცს ქალები როგორ არ უყვარდა. კალენდარული დღის სიცბიერე გვერდზე გახედვას სულ არ უშლიდა. მაგრამ უამრავი სინანულიც ჰქონდა.
- რამე საინტერესო ამბავს თუ მოგვიყვებით?
- ერთხელ ზღვიდან თბილისში დაბრუნებას ვაპირებდი და აეროპორტში რიგი დავინახე, ჩემს მეგობარ ქალბატონს ვკითხე, აქ რა ხდება-მეთქი. მანაც მითხრა, მწყერის კვერცხები იყიდება, დიაბეტის წამალია და მისთვის ხმარობენო. გამახსენდა, რომ სასტუმრო "თბილისის" მიმტანებს, არარატასა და კაკო სხირტლაძეს დიაბეტი ჰქონდათ. ავდექი და მათთვის ეს კვერცხები შევიძინე. ეს ადამიანები დიდ პატივს გვცემდნენ და მათ მიმართ ყურადღების გამოჩენა მინდოდა. თბილისში ტაქსი გავაჩერე და სასტუმრო "თბილისში" წავედი. არარატას ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა და განსაკუთრებით გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ მწყერის კვერცხები დიაბეტისთვის ჩამოვუტანე. სუფრის გაშლა და ქეიფი შემომთავაზა, მაგრამ სხვა დროს გადავუდე. ერთ დღესაც თეატრის ფოიეში რამაზი და ეროსი ისხდნენ, რომ დამინახეს, დამიძახეს და მითხრეს, არარატა სამი დღეა გეძებს, მისი ვალი ხომ არ გაქვსო? ჩვენ ხანდახან ნისიადაც ვქეიფობდით და ფული მერე მიგვქონდა, ოღონდ დაგვიანების გარეშე. ყველაფერს მივხვდი და კვერცხების ამბავი მოვუყევი. ბოლოს ვუთხარი, რადგან ჩამოვუტანე, ამის გამო სუფრა გაშალოს, მეუხერხულება და იმიტომ აღარ მივდივარ-მეთქი. რამაზმა მითხრა, სამივე წავიდეთო და წავედით. წინ ეროსი გავუშვით, მერე რამაზი და ბოლოს მე შევედი. ძალიან კარგი და მაგარი დრო გავატარეთ. არარატამ პირველი სადღეგრძელო ჩემი დალია. ჩვენ ურთიერთობების დღესასწაულები გვქონდა.
***
გივი ბერიკაშვილი.
- ბატონო გივი, ბატონი რამაზის შესახებ რას გაიხსენებთ?
- გასახსენებელი ძალიან ბევრია. როდესაც კინოში ფეხი შევდგი, რამაზი და ეროსი ცნობილი მსახიობები იყვნენ. ის, რომ მე კინოს შემოვრჩი, მათი დამსახურებაა. მაგათ მომცეს ამის საშუალება. რამაზიმ იცოდა ხოლმე: მიდი, ბიჭო, ნუ გეშინიაო. "ლონდრეს" შემდეგ, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, თუ რამეს ვაკეთებდი თეატრში ან კინოში, რამაზისთან მივდიოდი და ვეუბნებოდი: "უჩიწელ" რას მირჩევ? თუ მას მოეწონებოდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა.
- ბოლო დღეებში ნახეთ თქვენი "უჩიწელი"?
- ვერა. ის რომ გარდაიცვალა, მეც ავად ვიყავი (გაჟონვა დამემართა), ლოგინიდან სულ რამდენიმე ხნის ამდგარი ვიყავი. ექიმები არ მიშვებდნენ, მაგრამ მაინც წავედი. პანაშვიდზე რომ მივედი, ცუდად გავხდი... საზღვარგარეთ რომ იყო და ტელეფონით ვსაუბრობდით, ყოველთვის მეუბნებოდა, ბერიკჯან, თავს მოუარე, თავს მოუარეო. რამაზს ეს მოურჩენელი სატკივარი რომ არ შეჰყროდა, ის 90 წელს ისე დახურავდა, როგორც არაფერი.
- სიმსივნემ დიდხანს აწვალა?
- კი. რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ვერაფერმა უშველა. რამაზს რამდენჯერ უთქვამს ჩემთვის, რა დავუშავე მიქელ გაბრიელს, რატომ მტანჯავს ამდენს, სიკვდილის არ მეშინია, მალე წამიყვანოსო. ბოლოს ტელეფონით ვესაუბრე. კიდევ კარგი, სახეზე დაფარული იყო და მის სახეს ვერ შევხედე. ბიჭებმა მითხრეს, ბოლოს ინვალიდის ეტლით დადიოდა და სახეზე ყვითელი ფერი ჰქონდაო. ეს ბოლო დღეები სულ იმას ვფიქრობ, რა კარგია, ავად რომ ვიყავი და ასეთი რამაზი ვერ ვნახე. მე ის ისეთი დამამახსოვრდა, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება ვიცნობდი, ვმეგობრობდი და მიყვარდა.
- "ლონდრეს" გადაღებიდან რას გაიხსენებდით?
- რამაზი და ეროსი ჩემი პარტნიორები რომ არ ყოფილიყვნენ, მე ვერაფერს გავაკეთებდი. აბსოლუტურად გამოუცდელი ვიყავი. არაფერზე წამოდგენა არ მქონდა. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. რამაზს აივანზე ეძინა, მე და ეროსის  _ ოთახში. ახლა, ისინი რომ აღარ არიან, მკვდარი ვარ.
- მის იუმორზე რას გვეტყვით?
- ისეთი იუმორი ჰქონდა, რომ საჭმელს არ შეგაჭმევდა და ჭიქა ღვინოს არ დაგალევინებდა. როდესაც თამადა იყო, არავის ეცალა არც ჭამისთვის და არც სმისთვის, სიცილით იხოცებოდა ხალხი. ახალი წლის დღეებში ხალხს თავისთან ტოვებდა და გადაბმულად ქეიფობდა. თავისი ცხოვრების მანძილზე სულ გახსნილი იყო. თავის პროფესიაზე საშინლად შეყვარებული იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნატაშაც საოცარი ქალი გახლდათ. მას ფულის პრობლემა არასდროს ჰქონია, ნატაშაზე იყო მინდობილი. სულ იმას ვამბობ, ცოლი ვისაც კარგი შეხვდება, ის კაცი ცხოვრებაში კარგი გამოჩნდება-მეთქი. ნატაშა ყველაფერს აკეთებდა მისთვის, რომ რამაზს თავისი შემოქმედებისთვის მიეხედა. კახი კავსაძე სულ იმას ეუბნებოდა: შენ რომ ნატაშა არ შეგხვედროდა, ვერაფერიც ვერ იქნებოდიო. სულ ერთად ვიყავით, სამწუხაროდ, ნელ-ნელა ბევრი წავიდა. რამდენიმე დღის წინ, კახი კავსაძე მეუბნებოდა: რანაირად გვიდგას პირში სულიო.
-  მეტსახელად რამეს თუ გეძახდათ?
- რა თქმა უნდა, მეტსახელების ოსტატი იყო. მასთან ყველაფერი კარგი იყო - მუშაობა, მეგობრობა.
- გაბრაზება რაზე იცოდა?
- არასდროს მინახავს რამაზი გაბრაზებული.
- ეკლესიური თუ იყო?
- კი, ეკლესიური იყო. როდესაც ნუცუბიძეზე ცხოვრობდა, მასთან ახლოს ეკლესია იყო, როცა მასთან მივდიოდი, ყოველთვის მეტყოდა: ჯერ ეკლესიაში წავიდეთ და მერე დავსხდეთ და ვისაუბროთო. თუ რამე საეკლესიო დღესასწაული იყო, მასთან ვიკრიბებოდით და აღვნიშნავდით.
***
ნანული სარაჯიშვილი.
- ქალბატონი ნანული, როგორ და სად გაიცანით ბატონი რამაზი?
- ჩვენი პირველი გაცნობა "ვერის უბნის მელოდიების" გადაღებაზე მოხდა. რამაზი იყო არაჩვეულებრივი ბუნების პატრონი, თავმდაბალი. თავისი თავმდაბლობით ადამიანებს ხიბლავდა. ჩვენ "კავკასიური ცარცის წრით" მთელი მსოფლიო შემოვიარეთ და მომსწრე ვარ, თუ რა ამბავი ხდებოდა, როდესაც რამაზს სცენაზე გასულს დაინახავდნენ. არ დამავიწყდება ერთი ისტორია, როდესაც იტალიაში ვიყავით, ერთი ქალი შემოვიდა და მუხლებზე დაიჩოქა, რამაზს რაღაცას ეუბნებოდა, ის კი სიცილით კვდებოდა, ხუმრობაში ატარებდა. მერე ვიღაცას უთხრა: არ მესმის რას მეუბნება და თარჯიმანი მოიყვანეთო. თარჯიმანმა უთხრა: ეს ქალი ამბობს, მინდა ხელი მოვკიდო და დავრწმუნდე, ცოცხალი არსება არის თუ არაო. რომელ ერთზე ვისაუბრო, ის იყო წარმატებული.
- როგორც პარტნიორი, როგორი იყო?
- არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო. კინოშიც ერთად ვიყავით და თეატრშიც 40 წელი ერთად ვიმუშავეთ. ახალი მისულები რომ ვიყავით, ყველას გვეხმარებოდა. არ მახსოვს, ვინმეზე ცუდი ეთქვას, ან ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდა. განსაკუთრებით, ახალგაზრდებთან იყო ახლოს. სულ ხუმრობდა, ყველაფერს ხუმრობაში ატარებდა. ძალიან იშვიათია, მსახიობს ასეთი ვოკალური ნიჭი ჰქონდეს. რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრში უამრავი პერსონაჟი გაახმოვანა, როდესაც რუსთაველის თეატრის დირექტორი კაკო ბაქრაძე იყო, ერთ-ერთი კრების დროს, ბატონმა კაკომ უთხრა: ცოტა უხერხულია, წინა დღეს კაცი რიჩარდ III თამაშობდეს და მეორე დღეს, ტელევიზორს რომ ჩართავ, ის ადამიანი იხვს ახმოვანებდესო. რამაზმაც ხუმრობით მიუგო: ბატონო კაკო, იხვი ჩვენ თუ არ გავახმოვანეთ, თავის თავს ხომ არ გაახმოვანებსო. მთელი დარბაზი სიცილით დაიხოცა. ხომ შეიძლება, რაღაც წყენოდა, მაგრამ სიცილით დაგვხოცა ყველა. მისმა სიკვდილმა გული დაგვწყვიტა, თანაც ასეთი ავადმყოფობით. ორი წლის წინ, ოპერაცია რომ გაიკეთა, პირველად კარგად იყო სანახავად რომ დავდიოდით. მიუხედავად იმისა, რომ ასე მძიმედ იყო, ადგა, დაუკრა, ხუმრობდა. მანანა გამცემლიძემ ღვინო მიართვა, ძალიან გაუხარდა, დავლევო, მაგრამ მალე წავიდა და დაგვტოვა.
***
ჯემალ ღაღანიძე:
- სად გაიცანით რამაზ ჩხიკვაძე?
- მაშინ VIII თუ IX კლაში ვიყავი და ზაფხულში პიონერთა ბანაკში წავედი. იქ ჩემი პიონერთა ხელმძღვანელი გურამ საღარაძე იყო. თეატრალური ინსტიტუტის IV კურსის სტუდენტები იყვნენ ბანაკში პედაგოგებად და პიონერთა ხელმძღვანელებად. სეზონი რომ დამთავრდა და თბილისში ჩამოვედი, გურამმა თავიანთ სადიპლომო სპექტაკლზე "ფიგაროს ქორწინება" დამპატიჟა. სპექტაკლის შემდეგ, კულისებში შევედი და ბანაკში გაცნობილი სტუდენტები მოვინახულე. სწორედ მაშინ გავიცანი რამაზი. 1951 წელს მე ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, რუსთაველის თეატრში რომ მივედი, პირველი ჩემი სპექტაკლი, რომელიც რამაზისთან ვითამაშე, "ფილოსოფიის დოქტორი" იყო. მას შემდეგ 55 წელი სულ მისი პარტნიორი ვიყავი.
- როგორც პარტნიორს, როგორ შეაფასებდით?
- ძალიან კარგი პარტნიორი იყო. მეცოდება ის ხალხი, რომლებსაც რამაზთან ურთიერთობა არ ჰქონდათ. ცხოვრებისეულად არ იცნობდნენ, რადგან ის იყო საოცრად საინტერესო ადამიანი. რაც უნდა ცუდად ყოფილიყავი, ან ცუდ ხასიათზე, რამაზი იმ წუთში კარგ ხასიათზე მოგიყვანდა. მასთან ურთიერთობაში ხვდებოდი, რომ ცხოვრება ბედნიერებაა.
- მის გატაცებებზე რას გვეტყვით?
- მოქეიფე ადამიანი იყო, ძალიან უყვარდა ღვინო. ერთი მეგობარი მყავს დავით სურგულაძე, რომელიც ძალიან მოქეიფე კაცია და ის ხშირად ამბობდა: ახალგაზრდა სახლში ფხიზელი რომ მივიდოდი და მეუღლეს ვეტყოდი, ვიქეიფეო, ცოლი მეუბნებოდა: ალბათ, რამაზი იყო თამადა, ფხიზელი რომ მოხვედიო. მის სუფრაზე ხალხი ვერ თვრებოდა, იმდენს გვაცინებდა, რომ ვერც ჭამისთვის ვიცლიდით და ვერც სმისთვის. ამ ბოლო წლებში რამაზის ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა. თანამედროვე სტილში ხატავდა რაღაც ფიგურებს, თავისებური სტილი ჰქონდა.
- რამე საინტერესო ამბავს თუ გაიხსენებთ?
- როდესაც გოგი ქავთარაძე თეატრში მოვიდა, დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. რამაზიც დაპატიჟებული იყო, მაგრამ არ მოვიდა. მეორე დღეს თეატრში რამაზი რომ დავინახე, მივედი და ვუთხარი, რატომ არ მოხვედი, იცი, როგორი კარგი იყო ყველაფერი, სუფრას ჩიტის რძეც კი არ ეკლდა-მეთქი. უცებ გაჩერდა და მითხრა: ბიჭო, არ გამიკვირდა? გუშინ რუსთაველზე მოვდიოდი, გოგია იჯდა და ბეღურებს წველიდაო, ჩემთვის გავიფიქრე, რაში სჭირდება და ალბათ, თქვენი სუფრისთვის უნდოდაო. მე რომ ვუთხარი, ჩიტის რძეც არ აკლდა-მეთქი, ასეთი ხუმრობა იცოდა, უცებ დაარტყამდა ისეთ რაღაცას, რომ სიცილით მოკვდებოდი.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რამაზ ჩხიკვაძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online