| ქალი და მამაკაცი |

მსახიობ ონისე ონიანთან არაერთი ინტერვიუ მქონია და ყოველ ჯერზე ახალ–ახალ სახლის მისამართზე მიბარებს. თურმე მსახიობს თექვსმეტი ბინა აქვს გამოცვლილი. თეატრის მიმართ კი იშვიათ ერთგულებას იჩენს. უკვე 20 წელია ერთ სცენაზე თამაშობს, პარალელურად სხვა თეატრებშიც უმუშავია, მაგრამ მარჯანიშვილი მისთვის უცვლელი ნავსაყუდელია.
მაგრამ წელს საყვარელ თეატრში ახალი სეზონი ონისესთვის უსიამოვნოდ დაიწყო. მსახიობმა კონფლიქტს თავი ვერ აარიდა და ინტრიგის ბადეში მოხვდა. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა...
ამ ყველაფერზე ონისე ონიანი თავად გვიამბობს.
– ონისე, როგორ მიდის თქვენი პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ამ ეტაპზე?
– უკვე 20 წელია, რაც მარჯანიშვილის თეატრში ვარ. ამ ხნის განმავლობაში პარალელურად ვმუშაობდი სამეფო უბნის თეატრში, თეატრალურ სარდაფში, ერთი მსახიობის თეატრში სოფიკო ჭიაურელთან ერთად, კინომსახიობთა თეატრში. ბევრ ისეთ მსახიობთან ერთად მიწევდა სცენაზე თამაში, რომელთა სახელები ქართული კულტურის ისტორიაში ოქროს ასოებით წერია. იყო ბევრი სიხარულიც და გულისტკენაც, იმედგაცრუება, მაგრამ ცუდს კარგად მოსაგონარი დღეები ჭარბობს. ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, გუშინ რეპეტიცია გვქონდა. ახლა გოგოლის "რევიზორს" ვდგამთ. რეპეტიციის დროს კიდევ ერთხელ ვიგრძენი, ჩემი საქმე როგორ მიყვარს.
– გულისტკენასა და იმედგაცრუებაში რა იგულისხმეთ, თეატრალური ინტრიგები?
– ჩვენს სფეროში ინტრიგები მუდმივად არის, ამას მსახიობი ვერ გაექცევა. ვერავინ გაიხსენებს და ვერ იტყვის, მე ოდესმე ინტრიგები ჩამეხლართოს. ჩემ მიმართ კი ყოფილა გარკვეული ინტრიგები, მაგრამ ამას ჩემთვის გული არ უტკენია. რამდენიმე თვის წინ კი ძალიან მატკინეს გული. აქვე ვიტყვი, რომ ეს თეატრს არ ეხებოდა, მაგრამ სწორედ იქ მოიხარშა ის ცუდი "საკვები", რომელიც რამდენიმე ადამიანმა ჭამა და ჩემ წინააღმდეგ განაწყო. ეს ინტრიგა ერთმა მსახიობმა ააგორა, რომლის ვინაობასაც არ დავასახელებ. ცუდი ლაპარაკი დაიწყო ჩემზე და რამდენიმე სხვაც აიყოლია. მე რომ ძლიერი არ ვყოფილიყავი, შეიძლებოდა ლოგინად ჩავვარდნილიყავი, მაგრამ გავუძელი.
– ამ ამბის გამო თეატრის დატოვებას ხომ არ ფიქრობდით?
– თეატრიდან ვერ წამოვიდოდი, რადგან მას ბოლომდე ვერ გავახარებდი, ასეთ სასიამოვნო წუთებს ვერ ვაჩუქებდი. მე მაინც მეტი შემიძლია, ვიდრე მათ, ვინც ჩემ საწინააღმდეგოდ რაღაცას აკეთებს.
– ის მსახიობი თქვენი კონკურენტია? მამაკაცთან მოგივიდათ კონფლიქტი თუ ქალთან?
– კონფლიქტი მამაკაც მსახიობთან მომივიდა, მაგრამ მას ჩემს კონკურენტად ვერ მივიჩნევ. მას თავისი ადგილი აქვს, მე – ჩემი.
– როგორ ჩაცხრა თქვენი დაპირისპირება, ჩაერია თეატრალური დასი?
– ეს სიტუაცია კაცურად მოვაგვარე, დავილაპარაკეთ და ყველაფერი დამთავრდა. ჩვენს კონფლიქტში თეატრალური დასი არ ჩარეულა. ასეთი ფაქტები ძალიან იშვიათად ხდება. თუ ეს გამძაფრდა და უსაშველოდ გაგრძელდა, ხელოვნების კერა აღარ იქნება. თეატრი რინგს დაემსგავსება, სადაც ადამიანები გაუთავებლად იბრძვიან.
– და მაინც, რატომ მოხდა ეს გაუგებრობა, როლის გამო?
– ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ როლთან არანაირ კავშირში არ იყო. გაუგებრობა მოხდა. იმ კონკრეტულმა პიროვნებამ, ვინც ეს ამბები ჩახლართა, ჩემთან არ გაარკვია საქმე, არ დაინტერესდა, გაუგებრობა იყო თუ არა, პირდაპირ დაიწყო ჩემ წინააღმდეგ კამპანიის აგორება, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.
– სცენაზე პარტნიორობა რომ მოგიწიოთ, მასთან ერთად ითამაშებთ?
– ალბათ ერთად თამაში მოგვიწევს, მაგრამ თავს უნდა ვაჯობო და ამაზე უარი არ უნდა ვთქვა. ეს ჩემი მხრიდან არაპროფესიონალური მიდგომა იქნება. მე პატიება შემიძლია, ეკლესიაში დავდივარ, მოძღვარიც მყავს, ღვთის მოშიში ვარ, მაგრამ ამ წყენას ვერასოდეს დავივიწყებ.
– წეღან კაცურად მოგვარება რომ ახსენეთ, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე ხომ არ მივიდა?
– კი, ხელის შეხებამდეც მივიდა საქმე. ჩემს ასაკში ასეთი საქციელი ცოტა სამარცხვინოა, მაგრამ არ ვმალავ, რომ ერთმანეთს ხელით შევეხეთ. მთავარია, რომ ყველაფერი დამთავრდა. ზოგადად, კარგი არ არის, როცა მსახიობი კოლეგის ნათამაშევ როლზე ამბობს, ცუდიაო, "ფეისბუქზე" დებს სტატუსს და შურით დაბოღმილი აკრიტიკებს. თუმცა ის, რაც ახლა ვთქვი, ჩვენს დაპირისპირებასთან არანაირ კავშირში არ არის, ეს უბრალოდ მოვყევი.
– თეატრში ხშირად უტკენიათ თქვენთვის გული?
– არა, ეს იყო ერთადერთი გულისტკენა, რომელმაც კინაღამ ლოგინად ჩამაგდო.
– ამ არასასიამოვნო ამბის დროს ვინ იდგა თქვენ გვერდით?
– ჩემი ცოლი და თეატრის მეგობრები – მანანა კოზაკოვა, ზურიკო ბერიკაშვილი, ზურიკო გაგლოშვილი.
– თქვენს ოჯახურ ფრონტზე, იმედია, სიმშვიდეა. ყოველთვის სხვადასხვა მისამართზე მიბარებთ. სახლებს ასე ხშირად რატომ იცვლით?
– ძალიან დავიღალეთ, უკვე მეთექვსმეტე სახლია. აქამდე ქავთარაძეზე არასოდეს გვიცხოვრია და ხომ უნდა გვენახა, ამ უბანში როგორი სამეზობლოა. ცხოვრება ზოგს კარგად აქვს აწყობილი, ზოგს ქონება მშობლებისგან მოსდევს, ზოგს – ვიღაც აძლევს, ჩუქნის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მე უნდა მოვაგვარო. თეატრის გენერალური დირექტორი ეკა მაზმიშვილი, რეჟისორი ლევან წულაძე დამეხმარნენ, რომ სახლი მქონოდა. კრედიტით ბინა ვიყიდე, გავარემონტეთ, მოვაწყვეთ, მაგრამ მერე ვგრძნობდი, რომ ბანკთან ურთიერთობა გამიჭირდებოდა, ამიტომ სახლი გავყიდე და ბანკს ფული დავუბრუნე. ისე ვერ მოვიქცეოდი, რომ ის ადამიანები, ვინც ჩემი შუამავლები იყვნენ, უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა. ბათუმში მშენებარე კორპუსში ბინა ვიყიდე. მისი აშენება დასრულდა. ალბათ მას გავყიდი და თბილისში შევიძენ ბინას. საბოლოოდ ჩვენი სახლი აქ მაინც გვექნება.
– ასეთ ხშირ გადაბარგებებს ოჯახის წევრები როგორ ეგუებიან?
– ისე მივეჩვიეთ, რომ პრობლემა აღარ გვაქვს. ამდენი სახლის გამოცვლა არ გვინდოდა, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ხიბლი – ადგილმდებარეობას, ინტერიერს იცვლი. ჩემს ცოლს და შვილებს ეს ყველაფერი უკვე ძალიან მოსწონთ.
– ფიზიკურად ყოველთვის კარგად გამოიყურებით. როგორ ახერხებთ, იყოთ ფორმაში?
– მადლობა კომპლიმენტებისთვის, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ თავს განსაკუთრებულად ვუვლი. უბრალოდ მიყვარს, როცა კარგად გამოვიყურები და მოწესრიგებული მაქვს თმაც, სახის კანიც და სამოსიც. ამ ბოლო დროს ჩემი ძველი ნაცნობ–მეგობრებისგან ხშირად ვიღებ კომპლიმენტებს. ერთ–ერთ შეხვედრაზე ჩემმა ახლო მეგობარმა მითხრა, ამ სიბერეში რა კარგად გამოიყურებიო. ვუპასუხე, ალბათ ვკვდები და სიკვდილის წინ ერთი კარგად მოვიხედე აქეთ–მეთქი. მეუბნებიან, ასაკი მოგიხდაო. 45 წლის ვარ და ვითომ კიდევ 45 წელს ვიცხოვრებ?! არ არსებობს! თუმცა მტრების ჯინაზე 100 წლამდე უნდა ვიცოცხლო!

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული












კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 









































