| ქალი და მამაკაცი |

მსახიობ აპოლონ კუბლაშვილისთვის თავისუფალი თეატრი ალბათ ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია, რადგან აქ მუშაობს მისი მეგობარი რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი, რომლის ყველა სპექტაკლსა და ფილმში თამაშობს აპოლონი, ანუ პოლიკა, როგორც ახლობლები უწოდებენ. საყვარელი ქალიც ამავე თეატრის კედლებში იპოვა – მსახიობი მარიამ ჯოლოგუა და მათი ურთიერთობაც ბატონი ავთოს ხელდასმით წარიმართა.
– რა ეტაპები გამოიარა თქვენმა ურთიერთობამ, სანამ აქამდე მოხვიდოდით?
ავთო: ჩვენი მეგობრობა თეატრიდან დაიწყო. პოლიკა ჯერ კიდევ ერთ–ერთ სარეკლამო კლიპში შევამჩნიე. ვთქვი, რა კარგი ბიჭია–მეთქი. მახსოვს, დობომ (მსახიობი მაია დობორჯგინიძე. ავტ.) მითხრა, ეგ ბიჭი შალვა გაწერელიას სტუდენტი იყოო. მერე ვიკითხე, სადმე თუ თამაშობდა და აღმოჩნდა, რომ თავისუფალი იყო. ჩვენთან გოგი თოდაძე დგამდა სპექტაკლს. მან მითხრა, რომ ამ სპექტაკლში აპოლონის დაკავება უნდოდა. ვუთხარი, რომ მეც ძალიან მომწონდა. მას შემდეგ, მგონი, ბევრჯერ ითამაშა როგორც თავისუფალ თეატრში, ასევე გრიბოედოვის თეატრში. რუსულის კარგად ცოდნის გამო მივიღე. მგონი, მას შემდეგ ჩემს ყველა სპექტაკლშია დაკავებული. მალევე დავდგით "ოსტატი და მარგარიტა", რომელშიც პოლიკამ ოსტატის როლი ითამაშა.
– აპოლონ, თქვენ ალბათ მანამდეც იცოდით, ვინ იყო ბატონი ავთო. გიფიქრიათ მასთან მუშაობაზე?
აპოლონი: ამ თეატრში თამაში ჩემი ოცნება იყო. მეგონა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ გამიმართლა. აგერ უკვე მერვე წელია, აქ ვარ.
– მხოლოდ თანამშრომლობა არ კმარა სამეგობროდ. რამ განაპირობა თქვენი დაახლოება?
ავთო: ჩვენ, პირველ რიგში, მეგობრები ვართ. ალბათ ძალიან სწორია, როდესაც თანამშრომელთან მეგობრობ. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა, ბევრ საკითხს ერთნაირად ვუყურებთ, ერთნაირად ვფიქრობთ, მოვლენებს თითქმის ერთნაირად ვაფასებთ. სწორედ ამას ჰქვია მეგობრობა.
– თქვენი მეგობრობა საერთო საქმეზე როგორ აისახება, ამართლებს, როცა რეჟისორი სპექტაკლში სამუშაოდ მეგობარს ირჩევს?
ავთო: მე არასოდეს ვმუშაობ ისეთ ადამიანთან, ვისთანაც ახლო ურთიერთობა არ მაქვს. ჩემზე ხშირად გაიგონებთ და ეს ნამდვილად ასეა, რომ მხოლოდ ჩემიანებთან ვმუშაობ. არ შემიძლია იმ ადამიანთან ერთად ვიმუშაო, ვისთანაც პირად ურთიერთობაში თავს ცუდად ვგრძნობ. არ აქვს მნიშვნელობა, ის რამდენად ნიჭიერია. ვერასოდეს ნახავთ, მე ფილმზე მუშაობისას კასტინგი გამოვაცხადო და მსახიობი ვეძებო. არასოდეს არავის ვეძებ. ჩემს ფილმებში პირდაპირ ჩემს მსახიობებს ვაკავებ. ამას არ ვმალავ და ხმამაღლა ვამბობ: მხოლოდ იმ ხალხთან ვმუშაობ, ვინც მიყვარს.
– აპოლონი თქვენი ფავორიტია?
ავთო: ამ ეტაპზე ფავორიტი არ მყავს. ნიკო გომელაური იყო ჩემი ფავორიტი. მის მეტი არ მყოლია. რამდენიმე მსახიობზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი რჩეულები არიან. კიდეც რომ ვთქვა, ასე არ არის–მეთქი, ვინმე დამიჯერებს? აპოლონი ჩემს სპექტაკლებში მხოლოდ მთავარ როლებს არ თამაშობს, ხანდახან მეორეხარისხოვან გმირებსაც ასახიერებს.
– აპოლონ, წარმომიდგენია, თქვენთვის რამხელა პასუხისმგებლობაა, როდესაც ბატონი ავთო ასე თვალდახუჭული გენდობათ.
აპოლონი: კი, რა თქმა უნდა. პირველად ბატონი ავთოს სპექტაკლ "ძმებში" ვითამაშე. მან როლები გაგვინაწილა და გვითხრა, 12 დღეში პრემიერა გვექნებაო. მაშინ ნდობის ფაქტორი მეათეხარისხოვანი იყო. როგორც ჩანს, მერე შემისწავლა და ასე ნელ–ნელა ჩამოყალიბდა ნდობა.
ავთო: ყველაზე გენიალური მომენტი მაშინ არის, როდესაც რეპეტიციაზე მსახიობს კითხვა არ ებადება. ძალიან მაგარია, როდესაც მსახიობს შენი უსიტყვოდ ესმის და გაუთავებელი ლაპარაკი არ გჭირდება. ეს უკვე ნდობაზე მეტია, თეატრალური მაგიაა!
– სხვა მსახიობებს პრეტენზია არ უჩნდებათ, რატომ არის ასე ხშირად დაკავებული თქვენთან აპოლონი?
ავთო: ჩემი აზრით, მე ამის თქმას ვერავინ გამიბედავს. როგორც გითხარით, მხოლოდ მათთან ვმუშაობ, ვინც მიყვარს.
– რეპეტიციებზე მეგობრების მიმართ როგორი ხართ?
ავთო: ყველას მიმართ ერთნაირად მკაცრი ვარ. რეპეტიციებზე ფამილარული ურთიერთობები არ გვაქვს. მეგობრობა ფამილარობა არ არის, მათ ერთმანეთის ესმით და სჯერათ. ნიკო გომელაური ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ არც ერთ რეპეტიციაზე ჩემთვის სახელით არ მოუმართავს. საკმარისი იყო, თეატრს გავცდენილიყავით, მისთვის ავთუშა ვხდებოდი. თეატრში ბატონი ავთო ვიყავი, გარეთ – ავთუშა. ამიტომ არ შემიძლია გითხრათ, რომ რეპეტიციებზე აპოლონთან სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს და დანარჩენებთან – სხვა.
აპოლონი: როცა კარი ჩაიკეტება და რეპეტიცია დაიწყება, იქ ყველაფერი მთავრდება. ყველას მიზანია, ხარისხიანი სპექტაკლი გამოვუშვათ.
– როგორ ფიქრობთ, რა გაკლიათ დღეს მაყურებლისგან, თუნდაც ხელისუფლებისგან ხელოვანებს?
ავთო: ფული გვაკლია. თეატრს ყოველთვის აკლდა ფინანსები. ვერ ვიტყვი, რომ ამის გარდა ჩვენ რამე გვაკლია. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მაყურებლის სიყვარული გვაქვს, ჩვენი საქმე გვიყვარს და აქტიურად ვმუშაობთ.
აპოლონი: ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს თეატრს მაყურებელი არ ჰყავს. ფული იმიტომ გვჭირდება, რომ გვინდა, ჩვენი ნამუშევარი საზღვარგარეთაც გავიტანოთ. ჩვენ კი იქ წასვლის საშუალება არ გვაქვს.
ავთო: უამრავი მოწვევა გვაქვს საზღვარგარეთიდან. იმის გამო, რომ ჩვენი კერძო თეატრია, სახელმწიფო დაფინანსება არ გვაქვს. ეს ჩვენთვის ყოველთვის დიდი პრობლემაა.
– ბატონო ავთო, მართალია, რომ ძალიან ნიჭიერ მსახიობებთან მუშაობა რთულია?
ავთო: ეს სისულელეა! რაც უფრო ნიჭიერია მსახიობი, მით უფრო ადვილია მასთან მუშაობა. ის ყოველთვის ზუსტად ხვდება, რას ითხოვ მისგან და აკეთებს. მე ბევრ ნიჭიერ ადამიანთან მიმუშავია, მათ შორის, რამაზ ჩხიკვაძესთან. ვიღაცას შეიძლება ეშინია ნიჭიერი მსახიობის და დებილი უნდა, მაგრამ მე ნიჭიერი მსახიობები მინდა.
როდესაც პოლიკას რაღაც როლს ვაძლევ, ვიცი, როგორ გაართმევს თავს. პოლიკამ ზუსტად არასოდეს იცის, როდის რას შევთავაზებ. ამ შემთხვევაში მე უფრო მოგებული ვარ. ის მე მენდობა და იცის, ბოლომდე ვითვალისწინებ მის შესაძლებლობებს. საქმეში მომყვება და აკეთებს იმას, რასაც ვთხოვ.
– აპოლონ, ბატონი ავთოს სიმკაცრე რითი გამოიხატება?
აპოლონი: არ მოსწონს, როდესაც ვიღაც რეპეტიციაზე მობილიზებული არ არის. არიან რეჟისორები, რომლებიც რეპეტიციაზე ჭიქას ისვრიან ან იგინებიან. მსგავსი რამ ჩვენთან არ მომხდარა. ყველა ჩვენს საქმეს ვაკეთებთ.
ავთო: ერთხელ ზუსტად ამ თემაზე გრიბოედოვის თეატრში საუბრობდნენ. ამბობდნენ, ავთო არასოდეს ყვირისო. ერთმა მსახიობმა ქალმა მითხრა, კარგი იქნებოდა, გეყვირათ, რადგან ხანდახან ისე ჩუმად ხართ, რომ ეს ჩვენთვის შემზარავიაო.
– რა ხდება თეატრის გარეთ, იქ, სადაც სპექტაკლზე არ მუშაობთ? ალბათ ოჯახებითაც მეგობრობთ.
აპოლონი: რა თქმა უნდა, ოჯახებითაც ვმეგობრობთ. ერთმანეთის ოჯახებში ხშირად მივდივართ. დასასვენებლადაც ერთად მივდივართ ხოლმე.
ავთო: აპოლონის მეუღლე, მარიამ ჯოლოგუაც ჩვენი მსახიობია და თავისთავად ისიც ჩემი ოჯახის მეგობარია. ჩემს ცოლთანაც მეგობრობს. ძალიან კარგი, ახლო ურთიერთობა გვაქვს.
– მარიამმა და აპოლონმა ცოტა ხნის წინ შექმნეს ოჯახი. თქვენ ამჩნევდით, რომ მათ შორის გრძნობა იყო?
ავთო: ეს ურთიერთობა ჩვენი სპექტაკლის "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" რეპეტიციებიდან დაიწყო. მათ რეპეტიციებზე იმდენჯერ უთხრეს ერთმანეთს სიტყვა "მიყვარხარ", რომ ამასობაში მართლა შეუყვარდათ ერთმანეთი. რეპეტიციებზე გამოჩნდა, რომ მათ შორის ნათელი, სუფთა და კარგი გრძნობა დაიბადა. თეატრის მთელ დასს აპოლონიც ძალიან გვიყვარდა და მარიამიც. მათი დაოჯახების ამბავი გაგვიხარდა.
– რას ფიქრობთ, აპოლონი დაოჯახებამ შეცვალა?
ავთო: კი, უკეთესობისკენ შეიცვალა, უფრო მობილიზებული გახდა. ვისაც ოჯახი არ აქვს, ზარმაცობისთვის მეტი დრო რჩება. როცა ოჯახს ეკიდები, არ გაქვს დროის უაზროდ გაფლანგვის უფლება. ამას აპოლონი მიხვდა და ოჯახმა უკეთესობისკენ შეცვალა. მისი ასეთი ცვლილება ძალიან მიხარია.
– აპოლონ, თავად თუ ატყობთ საკუთარ თავს ცვლილებებს?
აპოლონი: კი, შევიცვალე. სანამ ცოლს მოვიყვანდი, უამრავი თავისუფალი დრო მქონდა და რეპეტიციების შემდეგ იქ მივდიოდი, სადაც მინდოდა. სად აღარ მივედ–მოვედებოდი. ახლა გართობას ჩემს ცოლთან ყოფნა მირჩევნია.
ავთო: თუნდაც რეპეტიციების შემდეგ თეატრში დასხდებიან და არსად წავლენ.
– გასტროლებზე რა ხდება ხოლმე, მოგვიყევით.
ავთო: რატომღაც ყველას ჰგონია, რომ გასტროლები ჩვენთვის გასეირნებაა. არადა ხშირ შემთხვევაში დიდი წვალება, შრომა და დაღლაა. მუდმივად ექსტრემალურ რეჟიმში ვართ. უამრავი ყოფითი პრობლემა იქმნება. გასტროლები მსახიობებისა და რეჟისორისთვის დიდად სასიამოვნო გასახსენებელი არ არის.
აპოლონი : სპექტაკლის თამაშის შემდეგ თუ მივცემთ თავს ცოტა დასვენების უფლებას.
– რატომ ამბობენ მსახიობები, რომ ქართველი მაყურებელი უფრო კრიტიკულია?
აპოლონი: კი, ასეა. ჩვენ როდესაც აქ ვუშვებთ პრემიერას, მერე სპექტაკლი ყოველთვის ქუთაისში მიგვაქვს. ამ ქალაქს არაჩვეულებრივი მაყურებელი ჰყავს. მათი რეაქცია ყოველთვის გვაინტერესებს. მკაცრი იმიტომ არის, რომ შენია, შენი ქვეყნისაა. შეიძლება ლიტვაში მაყურებელს "აჭამო", მაგრამ აქ ეს შეუძლებელია. როგორც კი შეგატყობს, რომ როლს ზერელედ მოეკიდე, მეორედ აღარ მოვა შენს სპექტაკლზე.
ავთო: ჩვენი სპექტაკლები ძირითადად ქართველების სატკივარზეა დადგმული. შესაბამისად ქართველი მაყურებლის რეაქცია ყოველთვის ზუსტია, რადგან ჩვენ მათ გაჭირვებაზე ვლაპარაკობთ. ყველას გვიხარია, როდესაც გასტროლებზე მივდივართ და იქ ტაშს გვიკრავენ, მაგრამ დამერწმუნეთ, ყველაზე მეტად ჩვენი მაყურებლის აზრი გვაინტერესებს. ერთხელ, იტალიაში გასტროლების დროს, "პაკლონზე" მივუტრიალდი კახი კავსაძეს და ვუთხარი, ხალხი ტაშს გვიკრავს, ცოტა გაიღიმეთ–მეთქი. იქვე მომიბრუნდა და მითხრა, ვის გავუღიმო, ერთი ადამიანი არ მეგულება დარბაზში, ვისაც ჩვენი ან შეშურდება, ან გაუხარდებაო. აბსოლუტურად მართალი იყო.
აპოლონი: მაგრამ ტაში ყოველთვის სასიამოვნოა.
– აპოლონ, ალბათ ყველა პრემიერის შემდეგ გაინტერესებთ რეჟისორის აზრი.
აპოლონი: რჩევებს და შენიშვნებს ყოველთვის მაძლევს. სულ ამბობს, აქ ტემპი მინდა, იქ ასე არ მომეწონა და სხვანაირად უნდა გააკეთოო. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. როცა არაფერს მეუბნება, მაშინაა ცუდი, თორემ რჩევას და შენიშვნას მისგან ყოველთვის ვიღებ.
– ბატონო ავთო, უმეტესად ყველაფერში გეთანხმებათ პოლიკა თუ ჯიუტობს?
ავთო: ნებისმიერ მსახიობს აქვს თავისი მოსაზრება და არც პოლიკაა გამონაკლისი. როგორც წესი, ყველაფერში მეთანხმება. იცის, რომ მე დაუმსახურებელ შენიშვნას არასოდეს მივცემ. ხანდახან გაუკვირდება ხოლმე, მაგრამ მერე მეუბნება, კარგი, ბატონო ავთო, როგორც მითხარით, ისე გავაკეთებო.
– არასოდეს უსარგებლია აპოლონს თქვენთან მეგობრობის პრივილეგიით?
ავთო: ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, მაგრამ ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია. მართალია, ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, მაგრამ თუ იმ სიწმინდეს შეეხება, რასაც თეატრი ჰქვია, იქ მეგობრობას დავამთავრებთ.
აპოლონი: ავთოს ხასიათი კარგად ვიცი. არ მაქვს უფლება, რეპეტიციაზე მთვრალი გამოვცხადდე. აზრიც არ აქვს ამ მდგომარეობაში რეპეტიციაზე მისვლას. ყოფილა შემთხვევა, როდესაც საღამოს ერთად გვიქეიფია და დილით რეპეტიცია გვქონია, მაგრამ ისეთ დღეში არასოდეს ვყოფილვართ, რომ გვეთქვას, ახლა სცენაზე ვერ ავალო. მსგავსი შემთხვევა არ მახსოვს.
ავთო: სხვანაირად თეატრში არაფერი გამოვა. ეს ზუსტად ვიცი. ჩვენთან ასეთი რაღაცეების პატიება არ შეიძლება.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას რამაზ ჩხიკვაძის სახელი მიენიჭება
მსახიობი სცენაზე გარდაიცვალა
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული












კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
გიორგი გაგლოევი: "რა მოხდა, თუ ქალი ჩემზე მაღალი იქნება?!" 

მიხეილ სააკაშვილი: "მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული"
ნუკრი ქანთარიას ნიკა რურუას რეფორმები არ მოსწონს
დუტა, დუქნის მასხარა, წადი! _ აქცია თელავის თეატრში
ავთო ვარსიმაშვილი: "ვაღიარებ, რომ ჩემი სპექტაკლები ჩავარდნილა"
მაია დობორჯგინიძე ”რუსთავი 2-ზე” ახალი სერიალისთვის ემზადება
გოგონა, რომელსაც ნიკო გომელაური გრამატიკულ შეცდომებს არ პატიობდა
რეზო ჩხიკვიშვილი დღეს იუბილარია
ჯემალ ღაღანიძე: "სცენაზე იქამდე ვითამაშებთ, სანამ თეატრი გაგვიძლებს"
რამაზ ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე ანეკდოტების საღამო მოაწყო 






































































































