asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბრონისლავ კომაროვსკი – პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ბრონისლავ კომაროვსკი – პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

2010-07-22 11:05:24



პოლონელებმა პრეზიდენტად ლიბერალი აირჩიეს – ასეთია დასავლელ ექსპერტთა კომენტარი პოლონეთში ჩატარებულ არჩევნებზე.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაძაბულად წარიმართა. აუცილებელი გახდა მეორე ტური. ბრონისლავ კომაროვსკიმ ხმათა 53,01% დააგროვა, მისმა კონკურენტმა იაროსლავ კაჩინსკიმ კი – 46,55%.
– დაძაბულობა იაროსლავ კაჩინსკის ტყუპისცალი ძმის ტრაგიკულმა სიკვდილმა განაპირობა, – ნათქვამია რადიო "თავისუფლების" კომენტარში, – ლეხ კაჩინსკის რეიტინგი ძალზე სწრაფად ეცემოდა, ამიტომ ყველაფერი წესითა და რიგით რომ წარმართულიყო, კომაროვსკი ბევრად იოლად გაიმარჯვებდა.
ლიბერალი და არისტოკრატი
ბრონისლავ კომაროვსკი დაიბადა 1952 წელს, არისტოკრატულ ოჯახში. მისი წინაპრები გრაფები იყვნენ. კომაროვსკის ახლო ნათესავი იყო არმია კრაიოვას სარდალი, გენერალი ბურ–კომაროვსკი. გამომდინარე წარმოშობიდან, კანონზომიერია, რომ პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი კომუნისტური დიქტატურის პერიოდში დისიდენტი იყო. ის მონაწილეობდა პროფგაერთიანება "სოლიდარობის" საქმიანობაში, სადაც სათავეში ედგა სოციალური კვლევების სამსახურს. სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ (1981), კომაროვსკი ერთხანს პატიმრობაშიც იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, განსვენებული პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი არაერთხელ სდებდა ბრალს არათანმიმდევრობაში:
– კომაროვსკი აქტიურად არ მონაწილეობდა "სოლიდარობის" საქმიანობაში!
თუმცა ეს მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის ბრალდებაა. კომაროვსკი მუდამ დაჯერებული ლიბერალი და ანტიკომუნისტი იყო, რის გამოც კომუნისტური ხელისუფლებისგან დევნას განიცდიდა.
– პან კაჩინსკი ცდილობს, იარლიყები მომაწებოს! მოიტანეთ თუნდაც ერთი ფაქტი, რაც ჩემს არათანმიმდევრობასა და უკანდახევაზე მიუთითებს! – განაცხადა თავის ტელეინტერვიუში კომაროვსკიმ.
პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი განათლებით ისტორიკოსია. ის წლების მანძილზე მუშაობდა ჟურნალებში, სადაც აქვეყნებდა სტატიებს ისტორიულ თემებზე, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. პოლონეთში მას იცნობენ, როგორც ლიბერალს:
– კომაროვსკის თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ პრაგმატული პოლიტიკოსი და ლიბერალი, – ნათქვამია ტელეკომპანია "ინტერის" კომენტარში, – განსვენებული კაჩინსკი უფრო რომანტიკოსი იყო, კომაროვსკისთვის კი ეს უცხოა.
პოლონელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კომაროვსკის მხარს პოლონეთის აღმოსავლეთი რეგიონები უჭერდნენ, კაჩინსკის მხარდაჭერა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჰქონდა, თუმცა ორივე პოლიტიკოსი ერთსულოვანია ერთში: პოლონეთის პროდასავლური კურსი არ უნდა შეიცვალოს.
– ამ ორ პოლიტიკოსს შორის განსხვავება ისაა, რომ კომაროვსკი ევროპრაგმატიკოსია, კაჩინსკი კი – ევროლიბერალი. რაღაც მომენტში რომანტიკოსები აუცილებელნი არიან, შემდეგ დგება მომენტი, როდესაც ისინი პრაგმატიკოსებმა უნდა ჩაანაცვლონ, – ნათქვამია ბი–ბი–სის კომენტარში.
მართლაც პოლონური ეკონომიკა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას პრაგმატული და ლიბერალური ცვლილებები სჭირდება. ბრონისლავ კომაროვსკი სწორედ ასეთი ლიდერია.
შეიცვლება თუ არა პოლონეთის საგარეო კურსი?
– ვიმედოვნებთ, რომ პოლონეთში ახალი პრეზიდენტის არჩევა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დალაგებას, – ასეთი განცხადება გააკეთა ცნობილმა რუსმა პოლიტიკოსმა მირონოვმა.
ლეხ კაჩინსკის დროს რუსეთ – პოლონეთის ურთიერთობები დაძაბული იყო. მოსკოვს არ მოსწონდა კაჩინსკის მიერ გადადგმული ბევრი ნაბიჯი.
– კრემლის გაღიზიანებას იწვევდა ის, რომ კაჩინსკიმ მხარი დაუჭირა ამერიკული სისტემა "პროს" პოლონეთის ტერიტორიაზე განლაგებას, მეგობრობდა ვიქტორ იუშჩენკოსა და სააკაშვილთან, – წერს "ფაინენშელ თაიმსი".
კაჩინსკი მართლაც თანმიმდევრულად ატარებდა ანტიიმპერიულ კურსს. ის ყურადღებას ამახვილებდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა მეორე მსოფლიო ომი და კატინის ტრაგედია, პოლონეთში კომუნისტური დიქტატურის დამყარება, რუსული დიქტატი და პოლონეთის სუვერენიტეტის შეზღუდვა, რასაც ადგილი ჰქონდა პოსტსტალინურ ეპოქაში. მოსკოვის განსაკუთრებული გააფთრება გამოიწვია იმან, რომ პრეზიდენტი კაჩინსკი აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინელთა სწრაფვას ევროკავშირში. გლებ პავლოვსკიმ ნტვ–ს ეთერიდან განაცხადა:
– პოლონეთი უკრაინელების უფასო ადვოკატად გადაიქცა!
მიუხედავად ამისა, კაჩინსკი ამ დროსაც რომანტიკოსად რჩებოდა და მეტისმეტად ამახვილებდა ყურადღებას წარსულის მოვლენებზე. ასე მაგალითად, პრეზიდენტ იუშჩენკოსთან საუბარში ის უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმით, რომ "უკრაინაში მეტისმეტად განადიდებენ სტეპან ბანდერას". როდესაც თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში იუშჩენკომ ბანდერას გმირობა მიანიჭა, კაჩინსკიმ ხმამაღლა გამოთქვა თავისი პროტესტი.
– ბანდერა ის პიროვნებაა, რომელმაც პოლონელთა სისხლი დალია, – განაცხადა მან.
ამ საქციელმა მოსკოვის მოწონება დაიმსახურა, თუმცა ამან ვერ გადაფარა კაჩინსკის ანტიიმპერიული პოლიტიკით გამოწვეული უკმაყოფილება. კრემლი გააცოფა იმან, რომ აგვისტოს ომის დროს კაჩინსკიმ საქართველოს დაუჭირა მხარი:
– პოლონეთის პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოუცხადა აგრესორ სააკაშვილს! – ასეთი იყო მაშინ რუსეთის ტელევიზიის კომენტარი.
ყველაფერმა ამან ძალზე დაძაბა მოსკოვისა და ვარშავის ურთიერთობები. რუსეთიც აშკარა იგნორირებას უკეთებდა პრეზიდენტ კაჩინსკის და ამჯობინებდა, საქმე პრემიერ ტუსკთან დაეჭირა. დღეს რუსი ექსპერტები თვლიან, რომ კომაროვსკის არჩევით აშკარა ანტირუსულ პოლიტიკასაც ბოლო მოეღება.
– კაჩინსკისგან განსხვავებით, კომაროვსკი პრაგმატიკოსია, ამიტომ მისთვის ცხადია, რომ ქართველების ან უკრაინელების მხარდაჭერით, მასაც და მის ქვეყანასაც პრობლემები შეექმნება, – ნათქვამია ნტვ–ს კომენტარში.
აღნიშნულ ვერსიას იმეორებენ პრორუსულად განწყობილი ექსპერტებიც, ასე მაგალითად, ლვოველმა პოლიტოლოგმა დროზდოვმა (მან სკანდალური პოპულარობა მოიპოვა იმით, რომ ამტკიცებდა, უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, მომავალი არ აქვსო) განაცხადა:
– საეჭვოა, რომ პოლონეთის ახალმა პრეზიდენტმა ისევე უპირობოდ დაუჭიროს მხარი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც ამას კაჩინსკი აკეთებდა. კომაროვსკი ასეთ ნაბიჯს მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებით გადადგამს.
მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო, ნათქვამია. უკრაინელების ან ქართველების მხარდაჭერა კაჩინსკის "რომანტიზმით" როდი იყო ნაკარნახევი. საქართველოზე და უკრაინაზე რუსული გავლენის აღდგენა საფრთხეს წარმოადგენს პოლონეთისთვის. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პრაგმატიკოსი კომაროვსკიც განაგრძობს წინამორბედის პოლიტიკას, რადგან ეს მისი ქვეყნის ინტერესებშია. თუმცა, კაჩინსკისაგან განსხვავებით, შესაძლოა, ნაკლები ყურადღება გაამახვილოს ახლო წარსულის მოვლენებზე და ნაკლებ მტკივნეული რეაქცია ჰქონდეს ბანდერელების გმირებად გამოცხადების თაობაზე.
– ახალი პრეზიდენტის არჩევით, უკრაინა – პოლონეთის ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება, რადგან ბრონისლავ კომაროვსკი იმავე ფასეულობებს იზიარებს, რასაც ჩვენ ან განსვენებული კაჩინსკი იზიარებდა, – თვლის უკრაინის პარლამენტის დეპუტატი და პარტია "რეგიონების" წევრი მიხაილო ჩეჩეტოვი.
გამომდინარე აქედან, საეჭვოა, რომ რაიმე კარდინალურად შეიცვალოს ქართულ – პოლონურ ურთიერთობებშიც. ბრონისლავ კომაროვსკი არათუ არ აღიარებს აფხაზეთის ან ოსეთის დამოუკიდებლობას, არამედ მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ბევრი არაფერი შეიცვლება პოლონურ – ამერიკულ ურთიერთობებშიც, რადგან პრაგმატიკოს კომაროვსკის არ შეიძლება არ ესმოდეს, თუ რას ნიშნავს ვაშინგტონის მხარდაჭერა. ამასთან, კომაროვსკი გარკვეულწილად შეარბილებს ანტირუსულ რიტორიკას. ამაზე მიუთითებს უკვე პრეზიდენტის რანგში მის მიერ გაკეთებული შემდეგი განცხადებაც:
– ჩემი აზრით, არ ღირს თუნდაც უახლეს წარსულზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება. პირადად ჩემთვის, მთავარია არა წარსული, არამედ ის, რომ დღეს მივაღწიოთ წარმატებას.
სავარაუდოდ, პრაგმატიკოსი კომაროვსკი შეეცდება, აღარ გააღიზიანოს კრემლი ისეთ თემებზე საუბრით, როგორიცაა კატინის ტრაგედია და ა.შ. ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია ნაკლებ მომგებიანს ხდის ხისტ ანტირუსულ პოლიტიკას, ამავე დროს, ცხადია ისიც, რომ რუსეთს არაფერში სჭირდება ძლიერი, პროდასავლურად განწყობილი პოლონეთი, შესაბამისად, მოსკოვი და ვარშავა ვერასდროს გახდებიან სერიოზული პარტნიორები. ამიტომაც ახალმა პრეზიდენტმა, შესაძლოა, შეცვალოს რიტორიკა, მაგრამ საგარეო პოლიტიკის არსი უცვლელი დარჩება.
ეპილოგი
იაროსლავ კაჩინსკიმ ერთ–ერთმა პირველმა მიულოცა გამარჯვება თავის კონკურენტს. მართალია, წლების განმავლობაში კომაროვსკი კაჩინსკების შეურიგებელი ოპონენტი იყო, მაგრამ არჩევნებმა გამჭირვალედ და ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. ყველაფერი გადაწყვიტა არა პოლიციის ჩარევამ ან დიდმა ფულმა, არამედ ხალხის ნებამ.
დღეს პოლონეთს ახალი ლიდერი ჰყავს, ესაა ყოფილი დისიდენტი, ინტელექტუალი და დაჯერებული ლიბერალი ბრონისლავ კომაროვსკი. პროდასავლურ კურსს პოლონელთათვის ალტერნატივა არ აქვს. როგორ გაართმევს თავს საქმეს კომაროვსკი, ამას მომავალი გვიჩვენებს.
ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online