asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რომან პოლანსკი: დიდება და სკანდალი
რომან პოლანსკი: დიდება და სკანდალი
რომან პოლანსკი: დიდება და სკანდალი

2010-07-07 17:38:10



ციურიხი, 2009 წლის სექტემბერი

ცნობილი რეჟისორი რომან პოლანსკი ციურიხში ჩავიდა, რათა საზეიმოდ აღენიშნა კინოში მოღვაწეობის თავისი იუბილე. საზეიმოდ განწყობილ რეჟისორს უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა: სასტუმროს ნომერში მას პოლიციელები ესტუმრნენ.

– ბატონი პოლანსკი ბრძანდებით? თქვენ დაპატიმრებული ხართ. აი, ინებეთ ორდერი.

პოლანსკი დააპატიმრეს 1977 წელს აშშ–ში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც 15 წლის სამანტა ჰეიმერის გაუპატიურებაში დასდეს ბრალი. მაშინ პოლანსკი ამერიკულ მართლმასჯულებას დაემალა და ქვეყნიდან გაიქცა. ამერიკულმა თემიდამ ის არ დაივიწყა. მრავალი წლის შემდეგ, უკვე ხანშიშესულ პოლანსკის ძველი ცოდვა გაუხსენეს.

"რომან პოლანსკი არამარტო დიდი რეჟისორი, არამედ უაღრესად სკანდალური პიროვნებაცაა, – წერდა "მონდი", – სკანდელები და დიდება მისი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრებია".

თქვენ ნიჭიერი ხართ

– გენიალური პოლონელი ებრაელი, – ასე ახასიათებდა პოლანსკის ცნობილი პოლონელი მწერალი ეჟი ედიგეი.

პოლანსკი (ნამდვილი გვარი რაიმონდ ლიბლინგი) ფრიად რთული ეპოქის შვილია. ომის დროს მისი მშობლები, თავიანთი ებრაელობის გამო, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდნენ. ომის შემდეგ, უკვე სოციალისტურ პოლონეთში პოლანსკის, თავისი ებრაელობის გამო, არაერთი პრობლემა შეხვდა. მას არ იღებდნენ კინემატოგრაფიის უმაღლეს სკოლაში, ბიჭს კი ძალიან უნდოდა, კინორეჟისორი გამხდარიყო.

– კინო ჩემი ცხოვრების ნაწილი, ჩემი მეორე "მე" გახდა, – იგონებდა შემდგომში პოლანსკი.

სოციალისტურ სინამდვილეში თითქოს ყველა თანაბარი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე ეწერა. სინამდვილეში კანონი ერთი გახლდათ, რეალური ცხოვრება – სხვა. თუმცა, არსებობდა ყველა პრობლემის გადაჭრის უებარი საშუალება – პროტექცია. პოლანსკის ამ მხრივ მხსნელად იმხანად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ ცნობილი რეჟისორი ანჟეი ვაიდა მოევლინა.

– ახლობლებმა მას ჩემი თავი წარუდგინეს. პან ანჟეი დიდი ხნის განმავლობაში მესაუბრა, – იგონებს პოლანსკი.

ვაიდას მართლაც ძალიან მოეწონა ნორჩი პოლანსკი, ამიტომ საუბრის დასასრულს მაგრად ჩამოართვა ხელი და უთხრა:

– თქვენ ნიჭიერი ხართ, შეგიძლიათ ჩემი დახმარების იმედი იქონიოთ.

ვაიდას პროტექცია დაეხმარა პოლანსკის ყველა ბარიერის დაძლევაში. ის ლოძის კინოს უმაღლესი სკოლის სტუდენტი გახდა. მალე ყველა პედაგოგი ერთსულოვნად აღნიშნავდა პოლანსკის ტალანტს:

– მას დიდი მომავალი ელის, – ამბობდნენ ისინი.

საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია პოლანსკის სადიპლომო ფილმმა "მკვლელობა". ის სულ 10 წუთს გრძელდებოდა და მისი სიუჟეტი ძალზე მარტივი გახლდათ. მავანი მამაკაცი იძულებულია ჩაიდინოს საზარელი დანაშაული – მკვლელობა. ფილმში ნაჩვენები იყო ამ კაცის განცდები, თუ როგორ ყოყმანობს, როგორ ეშინია, როგორ ამზადებს იარაღს. ბოლოს იღებს გადაწყვეტილებას, შედის ხსენებულ ოთახში, რათა თავისი განზრახვა სისრულეში მოიყვანოს.

– საოცარია! ნუთუ, ეს სადიპლომო ნამუშევარია?! ასე მგონია, ფილმი მოწიფულმა რეჟისორმა გადაიღო!

პოლონური კინოს ოსტატები გულწრფელად ულოცავდნენ ჭაბუკ პოლანსკის წარმატებას. მათ შორის ვაიდაც იყო:

– თქვენ ნიჭიერი ხართ, მაგრამ გახსოვდეთ: შრომის გარეშე ტალანტი არაფერია. აბა, გულწრფელად გისურვებთ წარმატებას.

ემიგრაცია

– მე არ ვიყავი განწყობილი სისტემასთან საომრად, ეს სისტემამ გამომიცხადა ომი, – იგონებდა შემდგომში პოლანსკი.

სოციალისტურ სინამდვილეში ნიჭიერ ხელოვანს სული ეხუთება. თუკი ეს ხელოვანი ებრაელია, მას დამატებითი პრობლემები ექმნება. პოლანსკიმ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა.

მისი პირველი ფილმები საკმაოდ კარგად გავიდა. ისინი მაყურებელმაც და კრიტიკამაც თბილად მიიღო. ყველა აღნიშნავდა, რომ კინოში ახალი ტალანტი მოვიდა. მართლაც, პოლანსკის ფილმები მძაფრი სიუჟეტებითაც გამოირჩეოდნენ და ფსიქოლოგიური სიღრმითაც. თანაც, რეჟისორი ყურადღებას ამახვილებდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა მეორე მსოფლიო ომი, ნაცისტური ტერორი და მისი მსხვერპლნი. პრობლემები მოგვიანებით დაიწყო, როდესაც პოლანსკი შეუდგა ფილმ "ნოეს კიდობანის" გადაღებას. საფუძვლად მას ეჟი პუტრამენტის ამავე სახელწოდების რომანი ედო. ფილმი ჩაფიქრებული იყო, როგორც პოლიტიკური დეტექტივი. პოლანსკი ჩვეული ენთუზიაზმით შეუდგა მასზე მუშაობას. როდესაც ფილმი მზად იყო, თავად პუტრამენტმა პირველმა გამოაცხადა პროტესტი:

– ესაა ანტიკომუნისტური პასკვილი! ოფიციალურად ვაცხადებ, ამასთან საერთო არაფერი მაქვს!

პუტრამენტი არ გამოირჩეოდა ნიჭით (დღევანდელ პოლონეთში მისი სახელი სამართლიანადაა დავიწყებული), სამაგიეროდ, კომუნისტებს დითირამბებს უმღერდა და გასული საუკუნის 60–70–იან წლებში მისი სახელიც ქუხდა. მისი პროტესტიც უფროსობასთან შეთანხმებული იყო, მავანთ არ მოეწონათ პოლანსკის ფსიქოლოგიზმი, აგრეთვე ის, რომ რეჟისორი ფრიად თავისუფლად მოეკიდა ლიტერატურულ პირველწყაროს. ფაქტობრივად, მან შექმნა სრულიად სხვა ნაწარმოები. თუკი პუტრამენტის დეტექტივი აშკარა ანტიდასავლურ ხასიათს ატარებდა, პოლანსკიმ აქცენტი ფსიქოლოგიზმზე გააკეთა. მან შექმნა არა გასართობი ფილმი პროპაგანდისტული ელფერით (როგორც ეს სურდა უფროსობას), არამედ სერიოზული ნაწარმოები, სადაც წინა პლანზე ფსიქოლოგიური ანალიზია წამოწეული. ფილმი მართლაც არ ჯდებოდა "სოციალისტური რეალიზმის" ჩარჩოებში. ამან პარტფუნქციონერები განარისხა. შედეგიც კანონზომიერი იყო: ფილმი აიკრძალა.

ასე დაიწყო პოლანსკისა და კომუნისტური სისტემის კონფლიქტი, პრესაში რეჟისორი არაერთხელ მწვავედ გააკრიტიკეს. ხელისუფლება შეეცადა პოლანსკის გვერდზე გაწევას. მას საშუალებას აღარ აძლევდნენ, გადაეღო ფილმები. პოლონეთში დარჩენა პროფესიაზე უარის თქმას ნიშნავდა.

– მეც გადავწყვიტე ემიგრაცია, – იხსენებს პოლანსკი.

მალე ის დასავლეთში გაემგზავრა.

ტრაგედია

დასავლეთში არ არსებობს ცენზურის წნეხი, მაგრამ თავისუფალი ბაზრის პირობებში თვითდამკვიდრება ძნელია, მით უმეტეს, ემიგრანტისთვის.

– კი, ბატონო, აქ შეგიძლია გადაიღო, რაც გსურს და როგორც გსურს, ყველაფრის უფლება გაქვს, მაგრამ მაყურებელსაც აქვს უფლება, ან უყუროს შენს ფილმს, ან – არა. თუ ფილმს მოგება არ ახლავს, არავის სჭირდები, – ამბობს პოლანსკი.

სოციალისტური ქვეყნებიდან გადახვეწილმა ბევრმა ხელოვანმა ვერ გაუძლო ამ მოთხოვნებს. პოლანსკი გამონაკლისი გახლდათ. მან საბაზრო პირობებშიც შეძლო თავის გატანა. მისი ფილმები არამარტო ფილოსოფიური, არამედ საინტერესოც იყო, ამიტომ მაყურებელთა ფართო აუდიტორიას იზიდავდა.

პოლანსკიზე, როგორც დიდ რეჟისორზე, ალაპარაკდნენ მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "როზმარის ბავშვი". უდიდესი წარმატება ხვდა "ჩინურ კვარტალსაც". პოლანსკის ფილმებმა არაერთი საერთაშორისო პრემია დაიმსახურეს და ტრიუმფით მოიარეს მსოფლიოს ეკრანები. პოლანსკი მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორი გახდა.

"ის არც ფელინის ჩამოუვარდება და არც ფრანსუა ტრიუფოს", – ეს სიტყვები ვუდი ალენს ეკუთვნის.

თავის დროზე პოლანსკისა და ბარბარა კვიატკოვსკაიას სიყვარულზე მთელი ლეგენდები დადიოდა. ისინი დაქორწინდნენ, თუმცა მათმა სიყვარულმა დროის გამოცდას ვერ გაუძლო. ცოლ–ქმრის ურთიერთობებში დაიწყო კრიზისი. საბოლოოდ, ეს გაყრით დამთავრდა. შემდეგ პოლანსკიმ გადაღებებზე ამერიკელი მსახიობი შერონ ტეიტი გაიცნო. მათ შორის ვნებამ იფეთქა. პოლანსკის თავდავიწყებით შეუყვარდა ტეიტი. შერონსაც ძალიან შეუყვარდა იგი. მალე ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ.

– უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, – იგონებს პოლანსკი, – იმდენად, რომ მეშინოდა, რაიმე არ მოხდეს–მეთქი. აკი, ყველაფერს საზღვარი აქვს. არ შეიძლება, ადამიანი ასეთი ბედნიერი იყოს.

კინორეჟისორებს წინათგრძნობის განსაკუთრებული უნარი აქვთ. პოლანსკიც გამონაკლისი არ გამოდგა. მისი ფეხმძიმე ცოლი ნარკომანთა ბანდის მსხვერპლი შეიქნა. ქალი მოკლეს, მასთან ერთად დაიღუპა ბავშვიც. შერონ ტეიტი მთელმა ამერიკამ დაიტირა:

– პოლიციამ მკვლელები დააპატიმრა, სასამართლომაც ისინი საკადრისად დასაჯა, მაგრამ ჩემთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეში იყო. დაიღუპა შერონი, ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანი. მასთან ერთად დაიღუპა ბავშვიც, რომელსაც შეეძლო სიცოცხლით დამტკბარიყო. მე მწუხარებისგან გონება დავკარგე, – ამბობს პოლანსკი.

აშშ–ში დარჩენა მას აღარ შეეძლო, აქ ყველაფერი საყვარელ ცოლს აგონებდა. მალე პოლანსკი ევროპაში გაემგზავრა.

სექსუალური სკანდალი

პოლანსკი ამერიკაში რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა. ტკივილი თითქოს მიყუჩდა. პოლანსკი ახალ ფილმზე მუშაობის დაწყებას აპირებდა. ამ დროს აზვირთდა სკანდალი, რომელმაც თავისი გამოძახილი მრავალი წლის შემდეგაც იქონია.

აშშ–ში პოლანსკი დააპატიმრეს. 15 წლის ფოტომოდელმა სამანტა ჰეიმერმა განაცხადა, რომ პოლანსკიმ ის შინ დაპატიჟა და შამპანურით გაუმასპინძლდა.

– შამპანურში მან რაღაც ნარკოტიკი შეურია, გამაბრუა და მაიძულა, მასთან სექსუალური კავშირი დამემყარებინა, – განაცხადა გოგონამ.

მცირეწლოვანის გაუპატიურება ამერიკაში განსაკუთრებით მკაცრად ისჯება. ასეთ დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. პოლანსკიც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. იდგა 1977 წელი.

აზვირთდა გრანდიოზული სკანდალი. სახელოვან რეჟისორს მცირეწლოვანის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი. პოლანსკის ურიცხვ თაყვანისმცემელთათვის ეს საშინელი დარტყმა იყო:

ჰოლივუდის ელიტამ თხოვნით მიმართა ამერიკულ მართლმსაჯულებას, რათა პოლანსკი თუნდაც სასამართლომდე გაეთავისუფლებინათ. თხოვნა არ შეიწყნარეს, რადგან კანონით პოლანსკის გათავისუფლება არ ეკუთვნოდა. რეჟისორის ადვოკატებმა მაინც გამოძებნეს გამოსავალი, მათ გირაოს ფასად მიაღწიეს მის გათავისუფლებას. ამის შემდეგ პოლანსკიმ ამერიკა დატოვა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხანგრძლივი პატიმრობა ელოდა.

პოლანსკის, როგორც რეჟისორის, სახელი კვლავინდებურად მთელ მსოფლიოში ქუხდა. მიუხედავად ამისა, ამერიკული მართლმსაჯულება მაინც ჯიუტად ცდილობდა მის დასჯას – კანონი ხომ ყველასთვის ერთია. პოლანსკიც შვეიცარიაში დააპატიმრეს, სადაც ჯილდოს მისაღებად ჩავიდა.

ევროპისა და ამერიკის კინოვარსკვლავებმა თხოვნით მიმართეს შვეიცარიელებს, გაეთავისუფლებინათ პოლანსკი. თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც შეეცადა გამოქომაგებოდა რეჟისორს. პოლანსკის აქტიურად იცავდა ვუდი ალენი.

– დანაშაული დიდი ხნის წინ მოხდა, თანაც ეს ერთეული შემთხვევა იყო, – თვლიდა ის.

მალე პრესაში გამოქვეყნდა ინგლისელი მსახიობის შარლოტა ლუისის ინტერვიუ. ის ამტკიცებდა, რომ პოლანსკიმ მის მიმართაც გამოიყენა ძალა და აიძულა, სქესობრივი კავშირი დემყარებინა. თავის მხრივ, უკვე შუახანს მიღწეულმა სამანტა ჰეიმერმა განაცხადა:

– მე, როგორც ქრისტიანს, მომიტევებია პოლანსკისთვის. ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ მისი დევნა.

განსხვავებულ პოზიციაზე დგას არნოლდ შვარცენეგერი:

– კანონი ყველასთვის ერთია. არაფერს ნიშნავს, რომ სამანტა ჰეიმერმა მას აპატია. პოლანსკიმ დანაშაული ჩაიდინა, თანაც, დაემალა მართლმსაჯულებას. ამის გამო კი სასჯელს იმსახურებს, როგორს? ამას სასამართლო გაარკვევს.

ეპილოგი

საბოლოო წერტილს პოლანსკის საქმეში სასამართლო დასვამს, თუმცა უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომან პოლანსკი დარჩება, როგორც დიდი რეჟისორი, რომელიც ასევე უზარმაზარ სკანდალში გაეხვა. დიდება და სკანდალი – ეს ორი კომპონენტი პოლანსკის განუყრელი თანმხლებია.

ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რომან პოლანსკი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online