asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

აკაკი წერეთლის სიყვარულის ისტორია
ვისაც ბევრად უყვარს, ბევრიც ეპატიება!
აკაკი წერეთლის სიყვარულის ისტორია

2010-07-07 17:38:02



ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ აკაკი წერეთელს დღესაც ადანაშაულებენ ივანე მაჩაბლის გაუჩინარებაში. ამის ორი მიზეზი არსებობდა. პირველი, იმ ავბედით საღამოს, როცა ივანე მაჩაბელი დაიჭირეს, მაჩაბლების სახლში ღამეს ათევდა აკაკი წერეთელი და მეორე, აკაკის თავდავიწყებით უყვარდა ტასო ბაგრატიონ–მაჩაბელი. ეს ფაქტი არავისთვის იყო დამალული, ამის შესახებ თავად მაჩაბელმაც კი იცოდა. სწორედ ამ სიყვარულის შესახებ გვესაუბრება თსუ–ის პროფესორი თამარ შარაბიძე.

– ქალბატონო თამარ, სანამ აკაკის სიყვარულის ისტორიაზე ვისაუბრებდეთ, მის გარეგნულ შტრიხებსაც შევეხოთ?

– იაკობ მანსვეტაშვილი თავის მოგონენებში აკაკის ასე აღწერს: "დღესაც თვალწინ მიდგას ახოვანი, ტანოვანი, გულმკერდიანი, ხუჭუჭათმიანი აკაკი, დიდრონი თვალებითა და განუშორებელი ღიმილით. პირველ შეხედვაზე, დედაკაცი მეგონა თავგამწვლიკული, ძუძუებგადმოყრილი, რაღაც ძველი ბერძნული ქანდაკება, ვიდრე აკაკი. მისი ხორციელი და სულიერი სილამაზე სავსებით შეხამებული იყო".

– როგორც ცნობილია, მეუღლე ანგარებით შეირთო.

– როგორც თავად აღნიშნავდა, "შემთხვევას ყველაფერი შესძლებია". მას ახალგაზრდობაში გადაწყვეტილი ჰქონდა, ცოლი არ შეერთო, მით უმეტეს, უცხოელი, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. მოსკოვში ყოფნის დროს, შეხვდა ნატალია ბაზილევსკაიას. მან შეყვარებული ქალისადმი გულისხმიერება გამოიჩინა, უსიამოვნო ქორწინებიდან დაიხსნა და თავად შეირთო. ზოგის აზრით, აკაკიმ ერთობ პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა, რადგან ნატალია მდიდარი ქალი გახლდათ, აკაკი კი მის ქონებას დახარბდა. პარიზსა და პეტერბურგში ცხოვრებამ ნატალიას სიმდიდრეს ბოლო მოუღო, ხოლო დროთა განმავლობაში, უსიყვარულო ქორწინება ცოლ–ქმარს შორის მუდმივი უსიამოვნების საფუძველი გახდა. აი, რას იხსენებს პეტერბურგში გატარებული წლებიდან აკაკის შესახებ იაკობ მანსვეტაშვილი: "აკაკი ხშირად შემოივლიდა ჩვენთან საღამოობით, სალაყბოდ, ათ საათზე გვიან არ დარჩებოდა. ერთხელ, იქნებოდა ღამის 11 საათი, აკაკი მოვიდა ჩვენთან დიდად აღელვებული და გვითხრა: ღამე თქვენთან უნდა გამატარებინოთო. როდესაც შევეკითხე, რა მოგივიდა–მეთქი, ასე მომიგო: ღმერთმა რომ ამოაგდოს ჩემი ცოლი, ისეთი ჩხუბი ამიტეხა, ისეთი ამბავი დამაწია, რომ ვეღარ გავუძელ და გამოვიქეციო. გულში შემეცოდა აკაკი, მაგრამ გავიფიქრე, ახია შენზე! რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო! აკაკი სიმდიდრეს ეძებდა და არა ცხოვრების თანამგზავრს, სიმდიდრე მოიპოვა, მაგრამ ამ სიმდიდრეს ისეთი ვარამი მოჰყვა, რომ მთელი ცხოვრება გაიმწარა".

– მისი ყველაზე დიდი მწუხარება ხომ გაუზიარებელი სიყვარული იყო, რომელსაც ტასო ბაგრატიონ–მაჩაბლის მიმართ განიცდიდა?

– კი, ყველაზე დიდი ვარამი და ყველაზე დიდი ტრაგედია მისი სიყვარული იყო, რომელიც ქორწინების შემდეგ, უკვე ასაკში მყოფს ეწვია. თავის ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში "ის" აკაკი დაწვრილებით აღწერს ტასოსთან პირველ შეხვედრას: "ერთხელ, მეზობლისას მიმავალმა მგოსანმა თვალი მოჰკრა ღობის ძირას მიმჯდარ ორ ახალგაზრდა ქალს. ერთ–ერთი მათგანი, უფროსი 16–17 წლისა იქნებოდა, მაგრამ სრულიად დამწიფებული. თვალტანადს, თითქოს ვარდისთვის მოუპარავს ფეროვნება! შავი ხუჭუჭა თმა ტევრად ეყრებოდა მხრებზე, მისი დიდრონი თვალები სამოთხის სავანედ გამოიყურებოდნენ. გაიღიმებოდა – ცა გაიხსნაო, მოიწყენდა – დედამიწა შეიკრაო! წამოდგა და წავიდა სახლისკენ". აკაკიმ ეს შეხვედრა თავის ახალგაზრდა მეგობარს ივანე მაჩაბელს უამბო, თანაც დასძინა, რომ ქალს ვუყვარვარ, როგორც მოძღვარიო. პოეტს კი სხვანაირი სიყვარული სჭირდებოდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ, ვანო მაჩაბელმა აკაკის ახარა, ის ქალი გავიცანი და ცოლად მომყავსო. თვალცრემლიანმა აკაკიმ ახალგაზრდა მეგობარს მიულოცა ბედნიერება: "თქვენი ქორწინების დღე იქნება უკეთეს დღეთაგანი ჩემს სიცოცხლეშიო". აკაკი შორიდან ეტრფოდა ტასოს, მაგრამ ქალი არ პასუხობდა, ის ქმარ–შვილში ხარობდა. პოეტმა თავის სატრფოს მთელი რიგი სატრფიალო ლექსები მიუძღვნა. აკაკი ტასოსთან მეგობრობას არ წყვეტდა, დაწვრილებით ატყობინებდა თავის ამბებს, გაჭირვების დროს თანაუგრძნობდა და ამხნევებდა.

– ხომ არსებობს წერილები, სადაც ქალი აკაკის ცივად პასუხობს.

– მაგრამ აკაკი მაინც აგრძელებს მასთან მეგობრობას. ისეთ წერილს, სადაც ტასო აკაკის ბატონობით მოიხსენიებს, აკაკის ურჩევნია საერთოდ აღარ მისწეროს. აკაკის ტასოსადმი მიწერილი წერილებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთი, რომელსაც პოეტმა "სიკვდილის წინეთი აღსარება" უწოდა. "მთელი ჩემი სიცოცხლე ტანჯვა და ვაება იყო, არც ერთი დღე შემხვედრია ისეთი, რომ თავი ბედნიერად მეგრძნო. მაგრამ მე მაინც ვიცინოდი, ვებრძოდი ბედის ვარსკვლავს, სანამ ის, ოცნებით წარმოდგენილი იდეალი არ განხორციელდა ჩემში. ოცი წლის განმავლობაში მე შენ მიყვარდი არაამქვეყნიერის მიმდევრობით! ისეთი აღტაცებითა და აღფრთოვანებით, როგორც შესაძლოა მხოლოდ რჩეულთათვის. შენ იყავი ჩემი აღგზნებული პოეზიაცა და სიცოცხლეც, უშენოდ ქვეყანა ვეღარ წარმომედგინა... ამბობენ, სიკვდილის წინეთ, სულისა და ხორცის გაყრის დროს, არათუ ჭკვათა მყოფი, გიჟებიც კი გონში ჩახვდებიან ხოლმე, რომ ორივე სოფლისა, სააქაოსა და საიქიოს, ვითარება გაითვალისწინონ. ეს წერილიც ჩემი სულისა და ხორცის გაყრაა და ამიტომ მეც გამითვალისწინდა, რასაც დღემდე ვერა ვხედავდი. თურმე, ჩემს არამკითხე "მისწრაფებით" სასაცილო ვყოფილვარ, თანაგრძნობის ნაცვლად, გულგრილობა გამომიწვევია თქვენის მხრივ! მაპატიეთ! ნათქვამია: ვისაც ბევრად უყვარს, ბევრიც ეპატიებაო! მაპატიეთ დღეიდან მკვდარს და თვით მკვდრათაც მიგულეთ, რომ ჩემმა სახსენებელმაც კი ჩრდილი არ მიაყენოს თქვენს ნათელმოსილ ნეტარებას".

– აკაკის ბრალდებაზე რას გვეტყვით?

– მის წერილებში ჩანს, როგორც ცალმხრივი სიყვარულის ტრაგიზმი, ისე მეგობრის დაღუპვაში მისი მონაწილეობის უმძიმესი ბრალდებით გამოწვეული ტკივილი. მაგრამ ყველაზე დიდი სატანჯველი ტასოს მრისხანე სახე ყოფილა, რომელსაც თავის წერილში "ღამის ოთხი საათი" აღწერს: "წადი, მომშორდი! შენ, რომელსაც თხუთმეტი წელი გაგირბი, რომ მეტი წამი გაცქერო ჩემთვის!", მაგრამ აკაკი ცდილობდა, დაეფარა გულისტკივილი, რასაც ვერ ახერხებდა.

"ის აღარ ვარ, რაც ვიყავ,

მაშ რაღა ვარ? გამოცანა!

შენს გარეშე არ არსებობს

ჩემთვის არც ცა, არც ქვეყანა"

ერთ–ერთ წერილში აკაკი უკიდურესობამდეც მიდის და ტასოს აფრთხილებს, თუ არ ეღირსება მის ერთ სიტყვას (იგულისხმება თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვა), საშინელ ნაბიჯს გადადგამს. მაგრამ თანაგრძნობა მას ქალისგან არ ღირსებია. ტასო ბაგრატიონი–მაჩაბელი სიცოცხლის ბოლომდე თავისი მეუღლის ერთგული დარჩა.

ლია ოსაძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: აკაკი წერეთელი
კავშირი ტეგთან: აკაკი წერეთელი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online