asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ცხოვრება მე თვითონ დავიმახინჯე
ცხოვრება მე თვითონ დავიმახინჯე
ცხოვრება მე თვითონ დავიმახინჯე

2010-07-07 17:38:01



ქალბატონი, რომელმაც თავისი ისტორია გვიამბო, ქართლის ერთ–ერთი რაიონიდან არის. როგორც თვითონ ამბობს, საკუთარი ცხოვრება თვითონ დაიმახინჯა.
– როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?
– ცხოვრება ვიღაცის მიერ ხან კარგად, ხან კი ცუდად დადგმული სპექტაკლია. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ სცენა, რომელზეც ჩემი ცხოვრება თამაშდება რომანტიზმისა და ბედნიერი დასასრულისთვის არავის შეუქმნია. მთელი ცხოვრება ტრაგედია იყო და დღესაც ასეა. 26 წლის მანძილზე, ალბათ, 26 დღე არ ვყოფილვარ ბედნიერი, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ბედნიერების ყველა გზა საკუთარი უგუნურებით მოვიჭერი. წარმოშობით, რაიონიდან ვარ, თუმცა, დღეს იქაც ნაკლებად მელიან. მშობლებიც კი, ვფიქრობ, დიდი ხანია ცოცხლებში აღარ მიხსენიებენ. სინანულით, ძალიან ბევრ რამეს ვნანობ, მაგრამ არა მგონია, ახლა ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.
მოკლედ, როგორც გითხარით, წარმოშობით ქართლის ერთ–ერთი რაიონიდან ვარ. ჩემს ოჯახს თუ სხვაზე მეტი არ ჰქონდა, მშიერიც არ ვყოფილვართ. შვილებს ყოველთვის ზნეობრივ ცხოვრებას გვასწავლიდნენ. 17 წლის რომ გავხდი, მამამ გადაწყვიტა ქალაქში გამოვეგზავნე სასწავლებლად. საქმეს ისიც აიოლებდა, რომ ჩემი 25 წლის ძმა თბილისში მუშაობდა, თორემ არა მგონია, ქალიშვილის ქალაქში მარტო ცხოვრებას დათანხმებულიყო. კერძო კოლეჯში ჩავაბარე და სწავლის პარალელურად მუშაობის დაწყებაც მინდოდა, თუმცა, როგორც მერე აღმოჩნდა, სამსახურის შოვნა არც ისე ადვილი იყო. ჩემი ძმა ყველანაირად ცდილობდა გვერდით დამდგომოდა, მაგრამ მხოლოდ მისი იმედი როდემდე უნდა მქონოდა?! ვიცოდი, ერთი გოგო მოსწონდა და ხელმოკლეობის გამო ვერ სთხოვდა ხელს. ეს ამბავი კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა და ვიყავი თუ არ ვიყავი, ძმის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. სამსახურის თხოვნით ყველა შევაწუხე, ვისაც კი ვიცნობდი, ბოლოს კი, ჩემი კურსელის წყალობით, ვიშოვე მამამისის ოფისში, სადაც მართალია ბევრს არ მიხდიდა, მაგრამ იმდენს ვახერხებდი, რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა. ჩემი მეგობრის მამაც თბილად მექცეოდა და ყველაზე მეტად ის მახარებდა, რომ ჩემი ძმა ოჯახის რჩენისგან გათავისუფლდა. ოპერატორის თანამდებობა ზედმეტ შრომასა და ენერგიას არ ითხოვდა, ოჯახშიც ყველა კმაყოფილი იყო. ჩემი კურსელის უზომოდ მადლიერი ვიყავი და როგორც შემეძლო, პატივს ვცემდი. თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, სანამ ჩემი უფროსისგან ზედმეტი ყურადღება არ ვიგრძენი. არ ვიცი, რატომ მომეჩვენა 40 წლის კაცი ამდენად მიმზიდველად. გოგას სითბოთი კმაყოფილი ვიყავი. მისი ზარებიც მსიამოვნებდა და საჩუქრებიც. სახლში მიტანილ ყვავილებს კი, ჩემი უფროსის შვილს, ჩემს კურსელს მივაწერდი. ყველას ნორმალურად მიაჩნდა, რომ 18 წლის გოგოს თაყვანისმცემელი მყავდა.
– თქვენი ურთიერთობის შესახებ არავინ გაიგო?
– ერთი წლის შემდეგ, გოგა, ჩემი თაყვანისმცემელი კი არა, საყვარელი იყო. იმ მომენტში ეს სტატუსიც კი ღირსეულად მიმაჩნდა. სამსახურში იშვიათად ხდება ისე, რომ რამე შეუმჩნეველი დარჩეთ და არც ოჯახისთვის თქმას მოერიდნენ. ერთ დღეს კი გოგას მეუღლემ დელიკატურად გამომიცხადა, ვიცი, ჩემს ქმარს ლოგინში ჩაუგორდი, მაგრამ არ გეგონოს, ეგ მადარდებდეს, შენნაირი კიდევ ბევრი ჰყავსო. სწორედ მაშინ მოვთხოვე გოგას აეხსნა ცოლის სიტყვები, მან კი თითქოს ხუმრობად ჩათვალა და მეც რატომღაც აღარ მივაქციე იმ სიტყვებს ყურადღება. ჩავთვალე, რომ მის ცოლს მხოლოდ ეჭვიანობა და სიბრაზე ალაპარაკებდა, თანაც 40 წლის ქალზე უკეთეს ფორმაში რომ ვიყავი, დიდ უპირატესობად მიმაჩნდა და ვთვლიდი, რომ ყველა სიტყვა ქალურმა შურმა ათქმევინა. რამდენიმე თვეში, როგორც მაშინ ვთვლიდი, თავს ნამდვილი უბედურება დამატყდა – დავფეხმძიმდი. ეს ამბავი გოგასთვის, ისევე როგორც ჩემთვის, გამაოგნებელი აღმოჩნდა და ორივეს თანხმობით აბორტი გავიკეთე. ალბათ, ჩემი მშობლებისთვის ყველაფერი საიდუმლოდ დარჩებოდა, იმ საღამოს სისხლდენა რომ არ დამწყებოდა. უხარისხოდ გაკეთებული აბორტის წყალობით, ლამის სიცოცხლეს გამოვეთხოვე. მაგრამ იქნებ ჯობდა კიდეც, რომ არავის გადავერჩინე. დილით გონზე რომ მოვედი, პალატაში მხოლოდ ექიმი დამხვდა და როგორც ამიხსნა, ნათესავებს ჩემი მდგომარეობის გაგების შემდეგ, მხოლოდ ის დაუბარებიათ, ეგ ჩვენთვის დღეს მოკვდა და საერთოდ დაგვივიწყოსო. მესმის კიდეც მათი.
– გოგა არ გინახავთ?
– გოგას დავურეკე და საავადმყოფოში მომაკითხა, თუმცა ესეც მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით. იმ დღეს, როცა საავადმყოფოდან გამწერეს, გოგაც სამუდამოდ გაეწერა ჩემი ცხოვრებიდან. 1000 ლარი გადმომცა კონვერტით სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაციისთვის და უცნობივით დამემშვიდობა. სახლში, რა თქმა უნდა, არ დავბრუნებულვარ. კოლეჯში მისვლისას კი აღმოვაჩინე, რომ ჩემს კურსელს უკვე ყველასთვის ეამბნა, როგორ "ვუნგრევდი" ოჯახს. მაგრამ ვის რა დავაბრალო, ყველანი მართლები არიან, მხოლოდ მე ვარ მტყუანი. ჩემი ნებით ვიქეცი სათამაშოდ და უკვე ნაგავში გადაგდებულს არ მომეწონა, რომ ჩემით ითამაშეს. ყველა უბედურებას უშვილობის დიაგნოზი ახლავს თან.
არ ვიცი, ჩემი ცხოვრება როგორ წარიმართება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ყველა, ვისაც ვუყვარდი, ისევ ჩემი არასწორი არჩევანის გამო, დავკარგე. გატაცებაც დროებითი აღმოჩნდა და მისით აღფრთოვანებაც, სიყვარული ალბათ სულ სხვა რამეს ჰქვია, რაღაც ისეთს, რაც ჩემ თავს თავად მოვაკელი. გული ვატკინე ხალხს, რომლებსაც მთელი არსებით ვუყვარდი. იქნებ, ოდესმე მაპატიონ კიდეც, მაგრამ ვიცი, რომ ძველებურად არაფერი იქნება და დაფიქრდით, სანამ ახლობლების სიყვარულს უღირს კაცს ანაცვალებთ.
ნინო ჯანიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online