asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბედნიერება მამამ წამართვა
ბედნიერება მამამ წამართვა
ბედნიერება მამამ წამართვა

2010-07-02 17:21:27



ჩვენი რესპონდენტი ოცდაექვსი წლის ქალბატონია. მან ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. პირობითად მაკას დავარქმევთ.
– შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ ტკივილზე დღემდე არავისთან მისაუბრია. განა იმიტომ, რომ მეგობრები ან ისეთი ახლობლები არ მყავს, რომლებსაც გულახდილად ვესაუბრები, უბრალოდ მრცხვენია იმის აღიარება, რაც მოხდა. როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და ყველაფერს დეტალებში ვიხსენებ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ რაც მოხდა მხოლოდ მამაჩემის ბრალია.
ყველაფერი თვრამეტი წლის წინ დაიწყო. ოცი წლის ქარაფშუტა და მშობლებისგან გათამამებული გოგო ვიყავი. მამას როგორც გარეგნულად, ხასიათებითაც ვგავდი, მასავით ამპარტავანი ვიყავი. მართალია, მამას მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემთვის ყველა კარი ადვილად იღებოდა, მაგრამ ვერც იმას დამაბრალებდა ვინმე, რომ სწავლა მეზარებოდა. ყოველთვის ამბიციური ვიყავი და მინდოდა გზა ჩემით გამეკვლია. უმაღლესშიც ჩემით ჩავაბარე. მიუხედავად იმისა, რომ მამამ რამდენჯერმე მითხრა, რად გინდა გამოცდების ჩაბარება, ზედმეტი თავის ტკივილია, რომ ჩაიჭრა, ხალხში თავი მომეჭრება. მივალ, შევაწუხებ ჩემს მეგობრებს და შენ თუ გინდა, პირდაპირ მეორე კურსზე დაგსვამენო. ეს შემოთავაზება ვიუარე. მთელი წელი ვიმეცადინე და სტუდენტიც გავხდი. მამას იმის ნაცვლად, გახარებოდა, ყველაფერი ჩემით რომ გავაკეთე, მეუბნებოდა, ტყუილად იწვალე, უმაღლესში მოხვედრა მაინც გარანტირებული გქონდაო. სწავლის დაწყების პირველ დღეს დიდი სიხარულით ველოდი. ტანსაცმელი, ჩანთა, ფეხსაცმელი, სამკაულები, თმის ვარცხნილობა, წინასწარ მქონდა შერჩეული. ისიც წარმოდგენილი მქონდა, როგორ მომაშტერდებოდა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ბიჭი აღრფთოვანებით, ხოლო გოგოები როგორ დამიწყებდნენ შურის თვალით ყურებას. როგორც მოსალოდნელი იყო, უამრავი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა. სიმართლე გითხრათ, ყურადღებას არც ერთს ვაქცევდი. არ გეგონოთ, იმის გამო ვიწუნებდი, რომ მატერიალურად შეძლებულნი არ იყვნენ, რადგან ჩემს თაყვანისმცემლებს შორის ზოგი მდიდარი ოჯახის შვილი იყო. ერთ დღესაც ჩემს ცხოვრებაში ზურა გამოჩნდა. იგი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის შვილი იყო. დედა არ ჰყავდა, სიმსივნით გარდაეცვალა. ზურა დასთან და მამასთან ერთად რუსეთში ცხოვრობდა. მამიდამისი ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, ზურასაც აქედან ვიცნობდი, თუმცა, მისთვის დიდი ყურადღება არასდროს მიმიქცევია. მაშინ იმდენად პატარა ვიყავი, სიყვარული რა იყო არც კი ვიცოდი. ზურას ვატყობდი, მოვწონდი, მაგრამ ეს პირისპირ არასდროს უთქვამს. თორმეტი წლის იყო, როცა საქართველოდან წავიდა და რვა წლის შემდეგ დაბრუნდა. ჩამოსვლის დღეს ზურას მთელმა სანათესაომ და სამეზობლომ დიდი დახვედრა მოუწყვეს. მამიდამისმა სუფრა გაშალა და ყველა მეზობელი დაპატიჟა. იქ წასვლა არც მიფიქრია. მე და ჩემი დაქალი ქეთი ეზოში ჩავდიოდით, კიბეებზე ზურა და მისი მამიდაშვილი შემხვდნენ. ზურა ძალიან შეცვლილი იყო, მაგრამ მაშინვე ვიცანი. თუმცა, ჩემი ამპარტავნობის გამო, არ შევიმჩნიე და ისიც ვუთხარი, მე ვეღარ გიცანი და შენ საიდან მიცანი–თქო. ზურამ გამიღიმა და მიპასუხა, პირველ სიყვარულს რა დამავიწყებს, ასი წელიც რომ გავიდეს, მაინც გიცნობო. მისი ასეთი ნათქვამი თავხედობად ჩავთვალე. ქეთის ხელი მოვკიდე და ეზოში ჩავედი. თავში მხოლოდ ზურას სიტყვები მიტრიალებდა. მიკვირდა, ამდენი ხნის შემდეგ, ჩემ მიმართ რომ ისევ გრძნობები გააჩნდა.
იმ დღის შემდეგ ზურა სულ ჩემს სიახლოვეს იყო. უნივერსიტეტშიც მაკითხავდა. იქ რამდენჯერმე ჩემ გამო ბიჭებთანაც იჩხუბა. უამრავ საჩუქარს მჩუქნიდა და ძალიან თბილად მექცეოდა. ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ მე ბიჭით ასე დავინტერესდი და მისი ყურადღება კი არ მაღიზიანებდა, არამედ მსიამოვნებდა. მინდოდა, მას მეც თბილად მოვქცეოდი. ერთ დღესაც ზურამ გასეირნება შემომთავაზა და სწორედ მაშინ გამომიტყდა სიყვარულში. ძალიან დაბნეული იყო, თვალებში ვერ მიყურებდა, მაგრამ სათქმელი მაინც თქვა. მითხრა, რომ მისი ბავშვობის ერთადერთი სიყვარული ვიყავი და მთელი რვა წლის განმავლობაში, რაც რუსეთში ცხოვრობდა, წუთითაც არ შეუწყვეტია ჩემზე ფიქრი. მითხრა, ოცნებად მქონდა საქართველოში ჩამოსვლა და შენი ნახვაო. ვუთხარი, რა გარანტია გქონდა, გათხოვილი რომ არ დაგხვდებოდი–თქო. თვალებში ნაღვლიანად შემომხედა და მიპასუხა, ყველაზე მეტად მაგაზე ვნერვიულობდი. თუ ახლა მეტყვი, რომ ჩემთან ყოფნა არ გინდა, სხვა გყავს ან რაღაც, თავს არ ვიცოცხლებ. მთავარია, ამდენი წლის დაგროვილი სითბო და სიყვარული გაგიზიარე და ახლა ჩემთვის ყველაფერი სულერთიაო. მისმა სიტყვებმა ამატირა. ჩემს თავზე გაოცებული ვიყავი. მანამდე ვერასდროს წარმოვიდგენდი, ბიჭის გამო თუ ვიტირებდი. სახლში რომ მივედი, მაშინვე ჩემს ოთახში შევედი და ტირილი დავიწყე. უცნაური გრძნობა დამეუფლა, სიბრალულის, შეცოდების, მაგრამ ჩემი ასეთი მოწყენის მიზეზი მხოლოდ ეს არ იყო. მსგავსი სიტყვები და უფრო მეტიც არაერთხელ მომისმენია ბიჭისგან, მაგრამ არათუ შემცოდებია, დამიცინია და ხელი მიკვრია მისთვის. ვხვდებოდი, რომ ზურა შემიყვარდა, თანაც თავდავიწყებით. მთელი ღამე არ მძინებია. მინდოდა მალე გათენებულიყო, ზურა მენახა და მეთქვა, რომ მეც მიყვარდა. მეორე დღეს მართლაც შევხვდი და გრძნობებში გამოვუტყდი. ასეთი გახარებული იგი არც მანამდე და არც ამის შემდეგ აღარ მინახავს. შემომფიცა, რომ მთელი ცხოვრება ჩემთან იქნებოდა და ბედნიერ ქალად მაქცევდა.
მალე ჩვენი სიყვარულის ამბავი ყველამ შეიტყო, მათ შორის, ჩემმა მშობლებმაც. მამა, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული იყო. უხაროდა, რომ ზურა მდიდარი და გავლენიანი მამის შვილი იყო. დედაც, როგორც ყოველთვის, იგივე აზრზე იდგა. საერთოდ, მას საკუთარი აზრი არ გააჩნდა და რასაც მამა იტყოდა, იმის სჯეროდა და სწამდა. მეც მიხაროდა, რომ ზურა მამას მოსაწონი კანდიდატურა იყო, მაგრამ ის არ მსიამოვნებდა, რომ ყურადღებას მის სიმდიდრეზე ამახვილებდა. ზურა მთელი არსებით მიყვარდა და ღატაკიც რომ ყოფილიყო, მაინც მეყვარებოდა. მშობლებმა დიდი ქორწილი გადაგვიხადეს. სპეციალურად ამ დღისათვის ზურას და, ელენე და მამამისი, ავთოც ჩამოვიდნენ. ჩემივე სურვილისამებრ, საცხოვრებლად ცალკე გადავედით. სწავლის დამთავრების შემდეგ კი, რუსეთში ვაპირებდით საცხოვრებლად წასვლას. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ბედნიერება იმდენად ხანმოკლეა, რომ უნდა მოასწრო ამით დატკბობა. ყველაფერი წამებში შეწყდა, ბედნიერება ხელში თოვლის ფიფქივით შემომადნა.
– რა მოხდა?
– ერთ საღამოს მე და ზურამ გასეირნება გადავწყვიტეთ. მე დავიჟინე, ფეხით გავისეირნოთ–თქო. ზურაც დამთანხმდა. საკმაოდ ბევრი ვიარეთ. ბოლოს ძალიან დავიღალეთ და ტაქსით გადავაწყვიტეთ სახლში დაბრუნება. გზაში დიდი ტრაგედია მოხდა. ავარიაში მოვყევით. მე გონება დავკარგე და მხოლოდ სამი დღის შემდეგ გამოვედი კომიდან. როცა გონს მოვედი, თავზე დედა და მამა მადგნენ და მითხრეს, რაც შეგვემთხვა. ეგრევე მომახალეს, რომ ზურა ძალიან მძიმედაა, ხერხემალი აქვს დაზიანებული და თუ გადარჩა, ფეხზე ვეღარასდროს გაივლისო. ამის გაგონებაზე საშინელი ისტერიკა დამემართა. ზურას ნახვა მინდოდა, მაგრამ მამამ მითხრა, შენი განძრევა არ შეიძლებაო. თურმე მომატყუა, მოტეხილობაც კი არ მქონდა, მსუბუქად დაჟეჟილი ვიყავი. როგორც შემდეგ გავიგე, მამას არ უნდოდა, ჩემი ქმარი მენახა. ზურა მამამისმა ოპერაციის გასაკეთებლად მოსკოვში წაიყვანა. იქ რამდენიმე ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. მე დედ–მამასთან სახლში გადავედი. არ ვიცოდი, ზურა როგორ იყო. ვერ ვუკავშირდებოდი. მიკვირდა, ელენეც რომ არ მირეკავდა. თურმე, ყველაფერი მამას დამსახურება იყო. დაურეკავს ზურას მამისთვის და უთქვამს, აღარ გაბედოთ ჩემს ქალიშვილთან დაკავშირება. მას არაფერში სჭირდება ინვალიდი ქმარიო. მამამ ყველაფერი ისე მოაწყო, თითქოს მე ზურასთან ცხოვრება აღარ მინდოდა. სამი თვე ისე გავიდა, ჩემს ქმარზე არაფერი ვიცოდი. მშობლები ყველაფერს მატყუებდნენ, დამაჯერეს, რომ ზურას ჩემთან ურთიერთობა არ უნდოდა. მოკლედ, მამამ ყველაფერი ისე მოაწყო, როგორც უნდოდა. არ უნდოდა ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული სიძე. ამაყი იყო და მისთვის სასირცხვილო იყო ასეთი სიძის ყოლა.
მე გაურკვევლობაში ვიყავი. დავიჯერე მამას ნათქვამი, რომ ზურას ჩემთან ყოფნა აღარ უნდოდა. თან მიკვირდა, რა დავუშავე ასეთი–თქო. ის ვერ მოვიფიქრე, რომ თავად დამერეკა და ყველაფერი გამერკვია. ახლაღა ვხვდები, რა დღეში იყო საწყალი ზურა. გარდა იმისა, რომ იცოდა ფეხზე ვეღარასდროს გაივლიდა, ალბათ ჩემს საქციელსაც განიცდიდა. მას ეგონა, რომ ასეთ მძიმე მომენტში ხელი ვკარი. მოკლედ, სამი თვის შემდეგ, ზურამ ვენები გადაიჭრა და სისხლდენისგან დაიღუპა. მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. საქართველოში ჩამოასვენეს და დედამისის გვერდით დაკრძალეს. მისი გარდაცვალება დაქალმა შემატყობინა. საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. მეც თავის მოკვლა ვცადე, მაგრამ დაქალამ არ გამიშვა. სიმართლეც სწორედ მან მითხრა. ამდენი ხანი მამაშენი გატყუებდა და ზურასაც ატყუებდაო. ეს ჩემთვის მეორე შოკი იყო. ამ ყოველივეს შემდეგ რაც გავიგე, ზურას დაკრძალვაზე წასვლა ვერ გავბედე. ვიცოდი, მისი ნათესავები მაინც არ მიმიშვებდნენ. სიმართლეც რომ მეთქვა, არავინ დამიჯერებდა. ახლა ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ჩემი უსაყვარლესი ადამიანი უკანასკნელად ვერ ვნახე, გამბედაობა არ მეყო.
– მშობლებმა რა გითხრეს?
– ამ ამბის შემდეგ, რამდენჯერმე ვცადე ზურას დასთან და მამასთან დაკავშირება, მაგრამ მათ ჩემი მოსმენა არ ისურვეს. რაც შეეხება ჩემს მშობლებს, მათი სახლიდან წამოვედი და ცალკე გადავედი. ამ ხუთი წლის განმავლობაში პატიება ბევრჯერ მთხოვეს, მაგრამ ისინი ახლოსაც არ გავიკარე. მათ ვერასოდეს ვაპატიებ იმას, რომ ცხოვრება დამინგრიეს. მე რომ ზურასთან ვყოფილიყავი, ის თავს აღარ მოიკლავდა და თან, როგორც გავიგე, რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ფეხზე დადგომას შეძლებდა. მამას ასეთი ბოროტების მიზეზი დღემდე ვერ ამიხსნია. დაფიცებული მაქვს, რომ მშობლების დასაფლავებაზეც კი არ მივალ. მართალია, ჩემი დაქალები სულ იმას მეუბნებიან, აპატიე, რაც იყო–იყოო, მე ამის გაფიქრებაც არ მინდა. საერთოდ, წავიდოდი საქართველოდან, მაგრამ ზურას საფლავს ვერ დავტოვებ. ძალიან ხშირად ავდივარ, ვტირი და პატიებას ვთხოვ, იგი ისევ ძველებურად მიყვარს. ერთადერთი რამ მადარდებს, რომ მის ახლობლებს ვერ დავაჯერე ჩემი სიმართლე.
თეონა კენჭიაშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online