asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გუსინსკი _ აღზევება და ტრაგედია
გუსინსკი _ აღზევება და ტრაგედია
გუსინსკი _ აღზევება და ტრაგედია

2010-06-24 15:31:31



როდესაც თხუთმეტი წლის წინ ჩემს ბიზნესს ვიწყებდი, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ დემოკრატიული პროცესები რუსეთში შეუქცევადია. ვწუხვარ, რომ შევცდი, – განუცხადა ვლადიმერ გუსინსკიმ ესპანელ ჟურნალისტებს, როდესაც რუსეთიდან გაქცეულმა ამ ქვეყანას შეაფარა თავი.



ვლადიმერ ალექსანდრეს ძე გუსინსკი მართლაც მნიშვნელოვანი ფიგურაა რუსეთის უახლეს ისტორიაში.

როგორ იქმნებოდა მედია–იმპერია

ახალგაზრდობაში გუსინსკი არაფრით გამოირჩეოდა. თავდაპირველად ის ნავთობქიმიის ინსტიტუტში სწავლობდა, საიდანაც, აკადემიური ჩამორჩენის გამო, გარიცხეს, შემდეგ იყო ჯარში სამსახური, სადაც გუსინსკის, თავისი უდისციპლინობის გამო, ხშირად ჰქონდა პრობლემები. ჯარიდან დაბრუნებულმა გუსინსკიმ თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ თავი ვერც აქ გამოიჩინა. ხშირად ჰქონდა "კუდები" და რამდენჯერმე გარიცხვის პირასაც იყო.

გუსინსკის აღზევება "პერესტროიკის" წლებში დაიწყო. 1986 წელს მან შექმნა კოოპერატივი "მეტალი", რომელიც ძვირფასი ლითონით ვაჭრობდა. შემდეგ ამას მოჰყვა კოოპერატივ "ონფეტქსის" შექმნა. ის ბიზნესმენებს და სხვა დაინტერესებულ პირებს იურიდიულ თუ ფინანსურ კონსულტაციებს უწევდა. ფირმამ მალე მოიპოვა სერიოზული დაწესებულების რეპუტაცია, ამიტომაც გუსინსკიმ გააფართოვა მისი პროფილი და მას პოლიტიკური ანალიზიც დაუმატა. ეს მართლაც მაღალკვალიფიციურად კეთდებოდა, რაზეც მიუთითებს თუნდაც ის, რომ ფირმის კლიენტებს შორის უცხოელებიც იყვნენ.

– გუსინსკიმ თავის გარშემო მართლაც პროფესიონალებს მოუყარა თავი, ამიტომაც წინასწარ განჭვრიტა გკჩპ და მიხეილ გორბაჩოვის მარცხი, – წერდა უკრაინელი მოღვაწე, ყოფილი პოლიტპატიმარი ანატოლი ლუპინოსი.

წარმატებული საქმიანობა დაეხმარა გუსინსკის გავლენიანი საერთაშორისო კონტაქტების დამყარებაში. ამის წყალობით შეიქმნა რუსულ–ამერიკული საერთო საწარმო "მოსტი", რაც გუსინსკის ფინანსური ძლიერების დასაბამი გახდა. 1990 წლიდან გუსინსკი იწყებს ჟურნალების გამოცემას და აქტიურად უჭერს მხარს ბორის ელცინს. გკჩპ–ს კრახის შემდეგ გუსინსკი შეშფოთებული იყო სსრკ–ს დაშლის პერსპექტივით. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ შენარჩუნებულიყო ერთიანი სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ სამართლებლივი სივრცე. მისი ჟურნალები მკაცრად აკრიტიკებდნენ უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ კრავჩუკს, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებაზე.

ამრიგად, ლიბერალი და დემოკრატი იმპერიის დამცველის როლში მოგვევლინა. მიუხედავად ამისა, ყველაფერი ამაო გამოდგა. მოხდა ის, რაც გარდუვალი იყო. საბჭოთა იმპერია დაინგრა.

ელცინის მმართველობის პერიოდში გუსინსკიმ განიმტკიცა თავისი ფინანსური მდგომარეობა. ეს ელცინის ოჯახთან სიახლოვემ განაპირობა. მაშინ გამოიკვეთა მისი თანამშრომლობა როგორც ბორის ბერეზოვსკისთან, ისე მოსკოვის მერ ლუჟკოვთან. გუსინსკი ინტენსიურად ყიდულობდა ჟურნალ–გაზეთებს. 1993 წელს მან შექმნა ტელეკომპანია "ნტვ", რომელმაც მთელ რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. გუსინსკი იყი პირველი რუსი მედიამაგნატი, რომელიც ჟურნალისტებს დიდ ჰონორარებს უხდიდა.

– ამან დიდად განაპირობა "ნტვ"–ს ჟურნალისტების მაღალი პროფესიული დონე, – თვლიდა ტელეწამყვანი ტატიანა მიტკოვა.

გუსინსკი გადაიქცა ფიგურად, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენდა რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მის კონტროლქვეშ მყოფმა მასმედიის საქმიანობამ დიდად განაპირობა შუმეიკოს კარიერის დასასრული. მალე გუსინსკის ინტერესები მწვავედ დაეჯახა ბერეზოვსკის, შემდეგ კი ელცინის დაცვის უფროს კორჟაკოვის ინტერესებს. ვითარება განსაკუთებით დაიძაბა ჩეჩნეთის ომის დროს. გუსინსკი მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლების პოზიციას. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებდა, რომ ამან დიდად შეუწყო ხელი ელცინის რეიტინგის დაცემას. გუსინსკი ამას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა:

– ელცინის რეიტინგის დაცემა ჯერ კიდევ 1992 წელს დაიწყო და ამის მიზეზია ქვეყანაში გამეფებული ანარქია და ინფლაცია. პარლამენტთან დაპირისპირებამ და პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრამ ელცინის მთელ პოლიტიკურ ბაგაჟს ხაზი გადაუსვა. რუსული დემოკრატიაც ნელ–ნელა თმობდა პოზიციებს. სამაგიეროდ იზრდებოდა ავტორიტარული ტენდენციები, ქსენოფობია, ანტისემიტიზმი.

ყოველივე ამის ფონზე გააქტიურდა კომპარტიის ლიდერი ზიუგანოვი. არენაზე გამოვიდა დიქტატორობის ახალი პრეტენდენტი – გენერალი ლებედი. პოლიტიკური ამბიციები გამოავლინა ელცინის დაცვის უფროსმა კორჟაკოვმაც.

– სწორედ კორჟაკოვმა გაავრცელა "დეზა", რომლის თანახმად, ბერეზოვსკიმ გუსინსკისა და კობზონის მკვლელობა შეუკვეთა, – წერს მიხეილ ლიუბიმოვი.

წინააღმდეგობა კორჟაკოვ–გუსინსკისა და გუსინსკი–ბერეზოვსკის შორის მართლაც სახეზე იყო. მიუხედავად ამისა, კომუნისტური რევანშის საფრთხემ გამოიწვია მათი გაერთიანება, თუნდაც დროებით. სწორედ გუსინსკი ჩაუდგა სათავეში ელცინის საარჩევნო შტაბს. სწორედ გუსინსკის ეკუთვნის ფორმულირება – "წადი არჩევნებზე, თორემ წააგებ", რაც შესაბამის კლიპშიც აისახა. ამან გამოიღო შედეგი. არჩევნებში ბორის ელცინმა გაიმარჯვა.

გუსინსკი და პუტინი

კომუნისტური რევანში თავიდან იქნა აცილებული. მიუხედავად ამისა, ცხადი იყო, რომ ქრონიკული ალკოჰოლიკი ელცინი ძალაუფლებას დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა. რუსი ოლიგარქები და ელცინის ოჯახი ინტენსიურად ეძებდნენ მემკვიდრეს. საბოლოოდ არჩევანი ვლადიმერ პუტინზე შეჩერდა. ბერეზოვსკი მაშინ ამას დაეთანხმა, გუსინსკი – არა. ბი–ბი–სის ჟურნალისტთან საუბარში, კითხვაზე, ენდობით თუ არა ვლადიმერ პუტინს, გუსინსკიმ მიუგო:

– არ ვენდობი, იმიტომ, რომ ჩეკისტია.

გუსინსკიმ ფსონი მოსკოვის მერ იური ლუჟკოვზე დადო. "ნტვ" და მის მიერ კონტროლირებადი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყოველმხრივ ადიდებდნენ ლუჟკოვს. მათ მოსკოვის მერის ისეთი აბსურდული ლოზუნგებიც მოსწონდათ, როგორიცაა: "სევასტოპოლი რუსული დიდების ქალაქია", ან "აფხაზეთი რუსული რივიერაა", მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი მაინც ვლადიმერ პუტინი გახდა. ნირწამხდარი ლუჟკოვი მოერიდა პრეზიდენტთან აშკარა დაპირისპირებას და მეორე პლანზე გადავიდა. გუსინსკი პუტინთან პირისპირ დარჩა, რამაც განაპირობა კიდეც მისი შემდგომი ტრაგედია.

პუტინს ძვალივით ეჩხირებოდა ყელში "ნტვ". პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ტელეკომპანიისა და მისი მფლობელის მიმართ აშკარა მუქარები წამოვიდა. შემდეგ სიტყვას საქმეც მოჰყვა. გუსინსკი დააპატიმრეს, "ნტვ" კი ხელისუფლების კონტროლქვეშ მოექცა. გუსინსკის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას განსაკუთებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დატაცებაში დასდეს ბრალი. ჩეკისტი პუტინი თანმიმდევრულად მოქმედებდა. ოლიგარქებს, მათ შორის გუსინსკისაც, ის ძალისმიერი მეთოდებით გაუსწორდა.

შესაძლოა, სხვა შემთხვევაში გუსინსკის დასაცავად დასავლეთში არც არავის ამოეღო ხმა. საეჭვო გზებით გამდიდრებული გუსინსკი ნამდვილად არ იწვევდა სიმპათიებს, მაგრამ ახლა ის თავისუფლებისა და დემოკრატიის დამცველად მოგვევლინა. ისინი, ვინც გუსინსკის სდევნიდნენ, შოვინიზმის გაძლიერებასა და ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ესწრაფვოდნენ. ამიტომაც დასავლეთში დაიწყო გუსინსკის დასაცავი კამპანია. კრემლიც იძულებული გახდა, უკან დაეხია და გუსინსკი, ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით, გაეთავისუფლებინა.

ამრიგად, გუსინსკიმ საპატიმრო დატოვა, თუმცა ცხადი იყო ისიც, რომ გათავისუფლება პუტინის მხოლოდ დროებითი უკანდახევა იყო. მართლაც, მალე ძალოვანები კვლავ მიადგნენ გუსინსკის ბინას, თუმცა მათ იმედგაცრუება ელოდათ. ოლიგარქი იქ არ იყო. როგორც ჩანდა, მან უკვე დატოვა რუსეთი. გუსინსკიზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. მალე მის კვალს ესპანეთში მიაგნეს. რუსეთის ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გუსინსკი ინტერპოლმა დააკავა. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. გუსინსკი, რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნით, ესპანეთის პოლიციამ დააპატიმრა. მოსკოვი კატეგორიულად მოითხოვდა მის რუსეთში დეპორტაციას.გუსინსკის ექსტრადაციის საკითხი სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა. მოსამართლე, რომელიც ამ საკითხს იხილავდა, ცნობილი იყო თავისი პატიოსნებითა და მოუსყიდაობით. სახელი მან პინოჩეტის პროცესის დროს გაითქვა, როდესაც მხარი დაუჭირა ჩილეს ექსდიქტატორის სამშობლოში დეპორტაციას. სამაგიეროდ, გუსინსკის გადაცემაზე უარი განაცხადა.

– მასალები, რომლებიც რუსულმა მხარემ გადმოგვცა, დეპორტირებისთვის საკმარისი არაა, – განაცხადა მან.

ეპილოგი

დამნაშავეა თუ არა გუსინსკი, რამდენად მართლზომიერი იყო პუტინის მოთხოვნა მისი გადმოცემის შესახებ – ამ თემაზე დისკუსიები უკვე მერამდენე წელია მიმდინარებს. თუმცა, ფაქტი ერთია – დემოკრატიზაციამ რუსეთში ვერ გაამართლა. შედეგად, აღზევდნენ ისეთი საეჭვო პირები, როგორებიც არიან ბერეზოვსკი, გუსინსკი და სხვები, ხოლო ლებედები, პუტინები თუ მათი მსგავსნი კი კორუფციასთან მებრძოლების როლში მოგვევლინენ.

– რუსეთის უბედურებაა, რომ ისეთები, როგორიცაა გუსინსკი, ლიბერალიზმის დამცველებად გვევლინებიან, ხოლო პუტინი და მისი მსგავსნი კი ოლიგარქებთან მებრძოლებად და რუსული დიდების აღმდგენლებად. ეს არის რუსეთის ტრაგედია, – ამბობს პოლიტოლოგი რაბოვსკი და მას არ შეიძლება, არ დავეთანხმოთ.

ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ვლადიმერ პუტინი
კავშირი ტეგთან: ვლადიმერ პუტინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online